მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება განმეროების საჭიროების შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას
(2პეტ. 1:12)


მხვნელი მიწას ხნავს. იგი ყოველწამიერად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებას. სხვაგვარად როგორ დაამუშავებდა ყანას, თუ კვალს არ მიაყოლებდა გათენებიდან მზის ჩასვლამდე?!

მგზავრი გზაზე მიდის. ისიც ყოველწამიერად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებასა და მონდომებას. სხვაგვარად როგორ გაივლის გზას და როგორ მიაღწევს მიზანს?!

დურგალი სახელოსნოში ამუშავებს ფიცრებს. ისიც ხომ ყოველ ფიცარზე ერთსა და იმავე მოქმედებას იმეორებს, ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებს?! სხვაგვარად როგორ შეძლებს შეკვეთილი რაოდენობის ფიცრების დამზადებას?!

ძმანო, განა ყველა სასარგებლო ქმედება გამეორებას არ ითხოვს ჩვენგან?! ასე რომ, დაე, ნუ იზარმაცებს ჭეშმარიტების მქადაგებელი და ნუ იტყვის: „მე მათ უკვე ვუთხარი და აღარ გავიმეორებ!“ და ნურც ჭეშმარიტების მსმენელი იქედმაღლებს და იტყვის: „მე ეს ერთხელ უკვე მოვისმინე, მეტად არ მჭირდება ამის მოსმენა!“

ჭეშმარიტების მქადაგებელო, ნუ შეგეშინდება ერთისა და იმავეს გამეორებისა; ისევ და ისევ ასწავლე, ისევ და ისევ გააფრთხილე! განმეორების გარეშე ვერც ყანას მოხნავ, ვერც გზას გაივლი და ვერც ფიცარს დაამუშავებ; შენ კი იმისთვის არსებობ, რომ მოხნა, გაიარო, დაამუშაო.

ჭეშმარიტების მსმენელო, ნურც შენ იქედმაღლებ და იტყვი, რომ ერთხელ უკვე მოგისმენია ჭეშმარიტების შესახებ. ჭეშმარიტება სულის საკვებია. შენ პურს ჭამდი დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც, ჭამდი თვეებისა და წლების წინაც და ისევ შეჭამ, რათა ჭანმრთელი სხეული გქონდეს. ასევე კვებე შენი სულიც, კვებე ის ჭეშმარიტებით – ერთი და იმავე ჭეშამრიტებით –დღესაც, ხვალაც და თვით სიკვდილამდე, რათა ჯანმრთელი, ძლიერი და ნათელი იყოს შენი სული.

ჰოი, უფალო იესო ქრისტე, გამოგვკვებე ჩვენ შენი ჭეშმარიტებით ყოველ დღესა და ყოველ ჟამს – გამოგვკვებე თავად შენით, უფალო იესო, ტკბილო სახმილო! დიდება და ქება შენდა უკუნისამდე, ამინ!


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019