მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ყოველთვის, როდესაც, ერთი მხრივ, გრძნობათა ნება და მეორე მხრივ, ღვთის ნება სინდისის სახით ცალ–ცალკე ცდილობენ შენი თავისუფალი ნების თავ-თავიანთკენ მიდრეკას, თუ შენ სიკეთის გულწრფელი მეძიებელი ხარ, იმისათვის, რომ ღვთის ნებამ გაიმარჯვოს შენში, გმართებს შემდეგი წესებით იმოქმედო:

ა) როგორც კი იგრძნობ უღირსი გრძნობებისა და ვნებების მოძრაობას შენში, მაშინვე შეეწინააღმდეგე და არ დაუშვა, რომ შენი ნება თუნდაც მცირედით მიიდრიკოს მათკენ – ჩაახშე და განაგდე ისინი შენგან მტკიცე ნებისყოფით.

ბ) იმისათვის, რომ ეს საქმე წარმატებით აღასრულო და კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისწრაფე, მთელი გულით მოიძულო ამგვარი მოძრაობები, როგორც შენი დაუძინებელი მტრები, რომლებიც ეძიებენ მიიტაცონ და დაღუპონ შენი სული და განურისხდი მათ.

გ) ამავდროულად არ დაგავიწყდეს დახმარება სთხოვო ჩვენს შემწეს, იესო ქრისტეს, განგამტკიცოს და გაგაძლიეროს შენს გადაწყვეტილებასა და კეთილ ნებაში, რამეთუ მის გარეშე ვერაფერში შევძლებთ წარმატების მიღწევას.

დ) გულწრფელად აღსრულებული ეს სამი შინაგანი მოქმედება ყოველ ჯერზე გაგამარჯვებინებს უკეთურ ქმედებებზე, თუმცა ეს მხოლოდ მტრების მოგერიებაა, მაგრამ თუ გსურს ისინი სრულიად დაამარცხო შენს გულში, ამისთვის რაიმე იმის საწინააღმდეგო უნდა მოიმოქმედო, რაც ამ ვნებებს აღგიძრავდა, და თუ შესაძლებელია, ამგვარად მოიქეცი ყოველთვის. ეს უკანასკნელი საბოლოოდ დაგიხსნის მტრის თავდასხმებისაგან.

განვმარტოთ ზემონათქვამი მაგალითით: დავუშვათ, ვინმემ მცირედ ან დიდად შეურაცხგყოთ რაიმეთი, რამაც შენში უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია და სამაგიეროს გადახდის სურვილი აღგიძრა. ყურადღებით იყავი და საჩქაროდ გააცნობიერე, რომ ამგვარი სურვილი სიკეთისაკენ არ გიბიძგებს, ამიტომ საომრად და თავის დასაცავად მოემზადე.

ა) სასწრაფოდ აღკვეთე შურისძიების ეს სურვილი, ნუ გაამართლებ მას და ნუ მისცემ საშუალებას უფრო მეტად შემოვიდეს შენში ანუ გაუწიე წინააღმდეგობა.

ბ) მაგრამ ისინი თავს არ განებებენ, ისევ შენ წინ დგანან და მზად არიან თავს დაგესხან. მაშინ, უმეტესად მტრულად განეწყვე მათდამი და განრისხდი კიდეც, რათა თავი გადაირჩინო და შეძლო გულწრფელად თქვა: „სიცრუე მძულს და მძაგს“ (ფს. 118:163) ან: „სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე“ (ფს. 138:22). ეს მათთვის ძლიერი დარტყმა იქნება და გაგეცლებიან, მაგრამ არ გაქრებიან.

გ) შემდეგ მოუხმე უფალს: „ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად“ (ფს. 69:2), და მანამ არ შეწყვიტო ვედრება, სანამ სრულიად არ განდევნი მტერს და სიმშვიდე არ დაისადგურებს შენს სულში.

დ) ამგვარად დამშვიდების შემდეგ, გაუკეთე ისეთი რამ შენს შეურაცხმყოფელს, რაც მისდამი შენს მშვიდობიან დამოკიდებულებასა და კეთილ განწყობას დაადასტურებს, უთხარი მეგობრული სიტყვა, დაეხმარე ან სხვა. ეს იქნება საქმით აღსრულება იმისა, რისკენაც მოგვიწოდებს დავით მეფსალმუნე: „განერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი“ (ფს. 33:15). ამგვარი მოქმედებები სათნოებების ქმნის ჩვევას შეგძენთ, რაც იმ ვნებითი მოძრაობების საწინააღმდეგო იქნება, რომლებიც სიმშვიდეს გირღვევდნენ. ეს არის ჩვევა ვნებების გულში არშემოშვებისა ან მათი მოკვდინებისა... ამისათვის, საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ შინაგანი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელს გახდის აღვკვეთოთ მრისხანების ვნების მოქმედება, კერძოდ, მიიჩნიე საკუთარი თავი ყოველგვარი შეურაცხყოფის ღირსად, შეიყვარე შეურაცხყოფა და განუწყვეტლივ მზად იყავი სიხარულით მიიღო ის, როგორც უებარი სამკურნალო საშუალება. გულიდან ვნების გაძევება და მისი ჩანაცვლება საწინააღმდეგო სათნოებით არის სწორედ მიზანი უხილავი ბრძოლისა.

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით შემოგთავაზებთ ყველა შემთხვევისთვის საზოგადო მითითებას. ჩვენს სულში გამოიყოფა სამი ნაწილი ანუ ძალა – გონებითი, გულისთქმითი და გულისწყრომითი. ამ სამი ნაწილის დაზიანებისას იბადება სამი სახის არასწორი გულისთქმა. გონებითი ნაწილისაგან ჩნდებიან აზრები: ურწმუნოება, უმადურობა ღვთის მიმართ და დრტვინვა, ღვთის დავიწყება, განუსჯელობა, ბიწიერი გულისთქმები, მგმობარი აზრები. გულისთქმითი ნაწილისაგან იბადებიან გულისთქმები: ავხორცობა, დიდებისმოყვარეობა, ანგარება, ვერცხლისმოყვარება – ყველა მათი ნაირსახეობით, რომლებიც ყოველგვარი სიამოვნების მიღებასა და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ემსახურება. გულისწყრომითი ძალიდან იბადება მრისხანება, სიძულვილი, შური, ანგარიშსწორება, ღვარძლიანობა, ბოროტის მოსურნეობა, და საერთოდ, ყოველგვარი ბოროტი გულისთქმა.

ამ ყველა გულისთქმასა და ქმედებაზე უნდა გაიმარჯვო ზემოთ ნაჩვენები გზით ანუ უნდა ეცადო გულში აღძრა მათი საწინააღმდეგო კეთილი ზრახვები და მიდრეკილებები: ურწმუნოების საპირისპიროდ – ღმერთის მიმართ შეურყეველი და მტკიცე რწმენა, დრტვინვის ნაცვლად – ყველაფრისთვის ღვთის მიმართ გულრწრფელი მადლიერება, ღვთის დავიწყების ნაცვლად – მუდმივი ფიქრი ყოვლისშემძლე ღმერთზე, განუსჯელობის ნაცვლად – კეთილისა და ბოროტის გარჩევის სურვილი, უწმინდურ გულისთქმათა ნაცვლად – ღვთის ქება და დიდება, სხვადასხვა სახის ავხორცობის ნაცვლად – ყოველგვარი თავშეკავება, მარხვა და საკუთარ სურვილებზე უარისთქმა, დიდებისმოყვარეობის ნაცვლად – თავმდაბლობის სურვილი, ვერცხლისმოყვარეობის ნაცვლად – მცირედით კმაყოფილება და ზომიერება, მრისხანების ნაცვლად – თვინიერება, სიძულვილის ნაცვლად – სიყვარული, შურის ნაცვლად – სიხარული მოყვასთან ერთად, შურისძიების ნაცვლად – მიტევება და მშვიდობისმყოფელობა, ღვარძლიანობის ნაცვლად – თანაგრძნობა, ბოროტის მოსურნეობის ნაცვლად – კეთილის მოსურნეობა. ამ ყველაფერს მოკლედ შევაჯამებ წმ. მაქსიმეს სტყვებით: განამშვენე შენი გონებითი ძალა ღვთისადმი მუდმივი ყურადღებით, ლოცვითა და ღვთიური ჭეშმარიტების ხედვით, გულისთქმითი ძალა – სრული თავის უარყოფითა და საკუთარ ნებაზე უარისთქმით, გულისწყრომითი ძალა – სიყვარულით, და მართალი სიტყვა, შენი გონების ნათელი, არასდროს დაბნელდება და უწმინდური გულისთქმები ვერ დამკვიდრდებიან შენში. და თუ დილით, საღამოთი და სხვა საათებში გამუდმებით განაახლებ შენში ზემოჩამოთვლილ კეთილ გრძნობებს და მიდრეკილებებს, უხილავი მტრები ვერ მოგიახლოვდებიან, რამეთუ ამ შემთხვევაში დაემსგავსები სარდალს, რომელიც მუდმივად ყურადღებას აქცევს თავის ლაშქარს და საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს ის, მტრებმა კი იციან, რომ ასეთზე შეტევის განხორციელება რთულია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ვნებიან გულისთქმებს და დაუპირისპირე მათ შენს გულში საპირისპირო გრძნობები და განწყობა. მხოლოდ ამ გზით შეძლებ ამოძირკვო შენში ვნებები, რათა უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფებოდე, რადგან მანამ, სანამ ვნებათა ფესვები გულშია, მუდმივად ექნებათ მათ ამონაყარი, რომლებიც დაფარავენ სათნოებებს და ხშირად სრულიად მოაშთობენ კიდეც მათ. ასეთ შემთხვევაში კვლავ არსებობს საფრთხე ისევ ჩავცვივდეთ ძველ ცოდვებში და მთელი ჩვენი ნაშრომი დავღუპოთ.

ეს ბოლო ხერხი არა ერთხელ, არამედ ხშირად უნდა გამოიყენო, მრავალგზის, განუწყვეტლივ და მუდმივად, ვიდრე სრულიად არ გაანადგურებ ვნებით მიდრეკილებებს, რომელთა წინააღმდეგაც საომრადაც გაემზადე, რადგან როგორც ცოდვა იქცა ჩვევად და ცნობილი მოქმედებების ხშირი გამეორებით ძალაუფლება მოიპოვა გულზე მასში მცხოვრები ვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე, მათი ძალის შესასუსტებლად და გასანადგურებლად გმართებს არა მხოლოდ მათი მოგერიება, არამედ მათი საპირისპირო ქმედებების განხორციელება, რომლთა საშუალებითაც გავანადგურებთ ვნებებს. ამ ხერხის ხშირი გამოყენებით განვაგდებთ ჩვენგან ვნებით ჩვევებს, ჩავკლავთ მის მოქმედებას და გავამყარებთ გულში სათნოებებსა და მათ შესაბამის ქმედებებს. არ შევუდგები ამ ყველაფრის განმარტებას, რადგან ისედაც ცხადია, რომ კეთილი ჩვევების მისაღებად საჭიროა იმაზე ბევრად უფრო მეტი კეთილი საქმის აღსრულება, ვიდრე ცუდი ჩვევის შესაძენად არის საჭირო ცუდი საქმეების აღსრულება. ამის მიზეზი ისაა, რომ ცუდი ჩვევები უფრო სწრაფად იდგამენ ფესვს, რადგან მათ დამხმარედ ჰყავს ჩვენში მცხოვრები ცოდვა და მათით ტკბობის სურვილი. შენში კეთილი ნების სისუსტისა და ვნების შემოტევის გამო ვნებების წინააღმდეგ მოქმედება რთულად გეჩვენება, მაგრამ არ მიატოვო ეს საქმე, არამედ აიძულე თავი, რომ აღასრულო ისინი, თუნდაც დასაწყისისთვის არასრულყოფილად, მაგრამ ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან შეიძინო სიმტკიცე და სიმამაცე ბრძოლაში და მიგიყვანენ გამარჯვებამდე.

დავამატებ: იდექი ფხიზლად, ყურადღებით, იბრძოლე ვაჟკაცურად, და შეებრძოლე არა მარტო დიდ ვნებებს, არამედ მათ მცირე გამოვლინებასაც, იმიტომ, რომ მცირე გზას უხსნის დიდს, განსაკუთრებით როდესაც ჩვევაში გადაიზრდებიან. გამოცდილებამ არაერთხელ გვიჩვენა, რომ თუ ვინმემ მცირე ვნებებს არ მიაქცია ყურადღება, შემდეგ ის დიდით ადვილად დაიძლია, რადგან ასეთი მტრის მოულოდნელი და ძლიერი დარტყმის მსხვერპლი ხდება, რომელიც ისეთი ძლიერია, რომ ვერ უძლებს ამ ბრძოლას და უწინდელ დაცემებზე უფრო მეტად ეცემა.

შეგახსენებ იმასაც, რომ გმართებს მოიკვეთო და მოაკვდინო ყველა ის მიდრეკილება (რომლებიც დასაშვებია, მაგრამ – არა აუცილებელი), თუკი შეამჩნევ, რომ ისინი მხოლოდ ასუსტებენ შენს კეთილ მიდრეკილებებს, გიფანტავენ ყურადღებას და ანგრევენ შენი ღვთისმოსავი ცხოვრების წესს, ასეთებია: მიმოსვლა, საღამოები, საუბრები, შეკრებები, სუფრა, ძილი და სხვა მათი მსგავსი. თუკი ამგვარად მოიქცევი, მრავალ სიკეთეს მიიღებ –ისწავლი გამარჯვებას საკუთარ თავზე, გახდები უფრო ძლიერი და გამოცდილი ვნებებთან ბრძოლაში, თავს დააღწევ ეშმაკის მიერ დაგებულ მრავალ მახეს და ამგვარად, გარწმუნებ, ღვთისათვის სათნო მრავალ საქმეს აღასრულებ.

მაშასადამე, საყვარელო, თუ ჩემს მითითებებს გაითვალისწინებ და სიხარულით შეუდგები ზემოაღნიშნულ სულიერ მოღვაწეობას, დარწმუნებული იყავი, რომ მოკლე დროში მიაღწევ წარმატებას და შეიძენ ნამდვილ სულიერებას და არა მოჩვენებითსა და გარეგნულს. მაგრამ იცოდე, რომ საკუთარი თავის განსჯა და თავის იძულება ამ დროს შეუცვლელი კანონია, რომელიც სულიერი პრინციპებით ცხოვრების დროსაც კი გამორიცხავს ყოველგვარ თვითკმაყოფილებას. ანუ თუკი თუნდაც სულიერ ცხოვრებაში მხოლოდ შენთვის სასიამოვნო საქმინაობას გამოირჩევ, მაშინ ყველაფერს გააფუჭებ, წყალში ჩაყრი მთელ შენს გარჯას – იშრომებ, მაგრამ მხოლოდ ცრუნაყოფს მიიღებ და სულიერებაშიც არ წარემატები. მოგეჩვენება, რომ გაქვს რაღაც სულიერება, მაგრამ სინამდვილეში ის არ გექნება, რამეთუ ყველაფერი, რაც ჭეშამრიტია, სულიწმიდის მადლით იშვება, ეს მადლი კი მხოლოდ იმათში მკვიდრობს, ვინც საკუთარი თავი ჯვარს აცვა და საკუთარივე ნებით დაითმინა ყოველგვარი ტანჯვა დანანების გარეშე და ამ სახით შეურთდნენ მათთვის ჯვარცმულ ჩვენს მაცხოვარს.


წინა თავი შემდეგი თავი