მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე ბარბარე
#წმინდათა ცხოვრება

დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ეწამა ქრისტესათვის. მამამისი, დიდებული და მდიდარი წარმართი დიოსკორე ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი- ბარბარე დარჩა. დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ხედავდა რა ბარბარეს საოცარ მშვენიერებას, მან გადაწყვიტა, ნეტარი გარეშე თვალისგან ფარულად აღეზარდა: მაღალი კოშკი ააგო, ასული შიგ გამოკეტა და წარმართი აღმზრდელების გარდა  მასთან არავის უშვებდა.გოდოლში გამომწყვდეული წმიდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა: დღისით აყრილი ტყეებით დაფარულ მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, მინდვრის ყვავილებით ნაირფრად მოჩითულ ხალიჩას გასცქეროდა, ღამით- მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილ თვალუწვდენელ ცას. მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. აღმზრდელები მას ასწავლიდნენ, ყველაფერი იმ კერპებმა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებითო, თავად კი თანდათან იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. ქალწული თანდათან ივსებოდა ღვთის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა.

ამასობაში ქალაქში გავრცელდა ხმა ბარბარეს მშვენიერების შესახებ და მრავალმა ჭაბუკმა იწყო მისი ხელის ძიება. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისწორი, რაზეც წმიდანმა მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა, მამაო, რამეთუ არა სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე?“ მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხსოვრებამ გადაუსხვაფერაო ხასიათი, მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და ახლობლების არჩევის სრული თავისუფლება მისცა.

ცოტა ხანში დიოსკორეს რაღაც საქმეების გამო შორს გამგზავრება მოუხდა. ამ დროს წმიდა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო და მათგან სამების თაყვანისცემული ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. ღვთის განგებით, იმავე ხანებში ჩავიდა ილიოპოლიში ალექსანდრიელო ხუცესი, რომელმაც მონათლა წმიდა ქალწული. ბარბარემ ქალწულობის აღთქმა დადო და გადაწყვიტა, სიცოცხლე ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა.

ერთხელ წმიდანი ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა-მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა. როცა შინ დაბრუნებულმა დიოსკორემ უკმაყოფილება გამოთქვა მშენებლობის გეგმის დარღვევის გამო, ასულმა მას ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და უთხრა: „ ...მე მნებავს მოქცევაი შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა; ესე სამნი არიან მამაი, ძეი და სული წმიდაი“. ამ სიტყვებმა დიოსკორე ისე გააფთრა, რომ მახვილი იშიშვლა ქალიშვილის გასაგმირად, მაგრამ ბარბარემ გაქცევა მოასწრო. გამძვინვარებული მამა გამოუდგა ასულს, მათ გზა გადაუღობა სალმა კლდემ, რომლის ნაპრალმაც ისე შეიფარა წმიდანი, რომ მზერადაბინდულმა დიოსკორემ ვერაფერი შენიშნა. ნაპრალიდან გზა მაღლა ადიოდა. მამამ დიდხანს ეძება ბარბარე, ბოლოს მწყემსების დახმარებით მიაგნო გამოქვაბულში თავშეფარებულს და სახლში გამოკეტა. შემდეგ უსჯულომ ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვებით სცადა მისი გადაბირება-ურჩია, მოენანიებინა ღმერთების განდგომა და მორჩილების ნიშნად მათთვის მსხვერპლი შეეწირა. პასუხად უფლის რჩეულმა მიუგო: „არა გაცნობიესა, ჰოი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ აქვს და არა იტყუან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“. მაშინ განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, შოლტით ეგვემათ წმიდანი. ბოლოს კი, ნაწამები საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი ნათლით გაბრწყინდა, მოწამის წინაშე თავად მაცხოვარი წარდგა და წყლულებისგან განკურნა. მეორე დღეს მარტიანემ სრულიად განკურნებული ბარბარე რომ იხილა, გაოცდა, მაგრამ მომხდარი სასწაული კერპებს მიაწერა და ქალწულს ურჩია, ეხლა მაინც შეეწირა მსხვერპლი მათთვის. წმიდანმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჯვარცმული მაცხოვარი. მაშინ ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმაც ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალ სიკვდილით დაისაჯნენ. ბარბარეს წამების საცქერლად შემოკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა წმიდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად ქრისტესთვის თავის დადების სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც ისიც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს. წმიდანებს დიდხანს ტანჯავდნენ: კავებით უგლეჯდნენ სხეულს, მკერდი დაუსერეს, ტანსაცმელშემოძარცულებს დაატარებდნენ ქუჩებში, სცემდნენ, დასცინოდნენ... უფლის ანგელოზმა კი ქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაფარა. ბოლოს წმიდანებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ბარბარე თავად დიოსკორემ გაიყვანა სიკვდილით დასასჯელად. წმიდანმა მამას სთხოვა, უკანასკნელად გაეწია მისთვის ანგარიში და ლოცვის საშუალება მიეცა. ქრისტეს ტარიგმა ლოცვა რომ დაასრულა, ზეციდან გაისმა: „ მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესე რა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროასი ამისსა მიგცე შენ“. ამის შემდეგ სულით განმხიარულებულმა ქალწულებმა მშვიდად მოუდრიკეს ქედი მახვილს(დაახ. 306,4 დეკემბერი). წმიდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავე წამს ზეციდან გარდამომხდარი საშინელი ელვა დაატყდა თავს და ერთიანად დაწვა, ფერფლი კი ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ასევე დაქისაჯა მარტიანეც: სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც კი არ დარჩენილა.

ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლში გადაასვენა,პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. მე-6 საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც მე-12 საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული.