მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი დანიელ მესვეტე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი დანიელ მესვეტე მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა. მის დედას-მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, თან აღთქმაც დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ღმერთს ყრმას შესწირავდა. კეთილმსახური დედაკაცის ლოცვა შესმენილ იქნა- მას შეეძინა ძე, რომლისთვისაც 5 წლის ასაკამდე სახელი არ დაურქმევიათ: ყმაწვილის მშობლებს სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. მათ შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის(ხს.17 დეკემბერს) სიტყვები ამოიკითხა. ასე დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს 12 წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირა დღეს შეუსრულა მათ სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს. სავანის ძმებს აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა და ფიცხალი ღვაწლი.

რამდენიმე წლის შემდეგ იღუმენმა დანიელი ანტიოქიაში გაგზავნა მონასტრის საქმეზე. ამან წმიდანი ძალიან გაახარა, რადგან სვიმეონ მესვეტის(ხს. 1 სექტემბერს) მონახულების საშუალება ეძლეოდა. წმიდა სვიმეონმა დალოცა უფლის რჩეული და წინასწარმეტყველურად უთხრა:“მხნე იყავნ, შვილო და გაძლიერდი. ფრიადი ღვაწლის დათმენა მოგიწევს ქრისტესათვის, მაგრამ თავად ქრისტე შეგეწევა ყველაფერში, განგამტკიცებს და ნუგეშინისსცემს შენს სულს“.

ამის შემდეგ დანიელი სავანეში დაბრუნდა. რამდენიმე ხანში იღუმენი გარდაიცვალა და საძმომ მის ნაცვლად ნეტარი დანიელი აირჩია, მაგრამ განმარტოების მძებნელმა წმიდანმა ეს წინადადება შორს დაიჭირა. მან მამებს სხვა, ღირსეულ მოსაგრეზე მიანიშნა, თავად კი გადაწყვიტა, იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცა. ღირსი დანიელის წინაშე სასწაულებრივი ხილვით წარდგა მოხუცი, რომელმაც ბიზანტიაში წასვლა ურჩია. წმიდანი დამორჩილდა ღვთის ნებას და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დამკვიდრდა. ნეტარ მამასთან მრავალმა იწყო სიარული ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგებების მისაღებად.

ცხრა წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა. ეს ხილვა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ 1(457-474) და ზენონიც(475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს ამცნო. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსნი შეიქმნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მოძღვარს მიცვალებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეტის ძირში მიწას არ მიაბარეს. ეს მოხდა 489-490 წლებში, ნეტარის სვეტზე ასვლიდან 33 წლის შემდეგ.