მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი-მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა ტრიმითუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა:“ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“(ტიტ,1-15).

სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი-სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო რამდენიც სურდა, შემდეგ კი ამგვარადვე დაებრუნებინა.

სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები-გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული,- კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.