მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფილაქტე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფილაქტე ნიკომიდიელი ხატმბრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-789) სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა კონსტანტინე მე-6(780-797), შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ(ხს.30 აგვისტოს)  უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე(784). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი(ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმიდა ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს მსოფლიო მე-7 კრება(787), რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღდგა სულიერი ცხოვრება.

წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე, წმ. თეფილაქტე პატრიარქის კურთხევით  წმიდა მიქაელთან(ხს.23 მაისს) ერთად შავი ზღვის ნაპირას მდებარე ერთ მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვებისათვის უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და  გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ. მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიქაელი-სინადის ეპისკოპოსად, წმ.თეოფილაქტე კი- ნიკომედიის ეპისკოპოსად აკურთხა.

ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღწვოდა თვისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.

როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმბრძოლი ლეონ მე-5 სომეხი(813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ(ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილიქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში(მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე 30 წლის განმავლობაში;აღესრულა დაახ. 842-845  წლებს შორის.

ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ(847), წმიდა თეოდორასა (ხს.11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის მეფობის დროს, წმ.ეპისკოპოსის, თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.