მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - ათი მცნების განმარტება

ათი მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი

მეცხრე მცნება

არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა
(გამოსვლ. 20:16).


ეს ნიშნავს შემდეგს:

ნურც საკუთარ თავს და ნურც მოყვასს ნუ ეცრუები. როცა საკუთარი თავის შესახებ ცრუობ, იცი, რომ იტყუები, ხოლო როცა სხვის შესახებ ამბობ სიცრუეს, მაშინ ამ სხვამ იცის, რომ შენ მას ცილს სწამებ.

როდესაც თავს იქებ და სხვების წინაშე ტრაბახობ, მათ არ იციან, რომ ცრუობ, შენ კი იცი და თუ ასე განაგრძობ, დროთა განმავლობაში ისინიც შეიტყობენ, რომ ატყუებ მათ, მაგრამ თუ სიცრუის თქმას არ შეწყვეტ, ადამიანებს ეცოდინებათ, რომ იტყუები, მაგრამ თავად შენ დაიწყებ შენივე ტყუილის დაჯერებას. ამგვარად, სიცრუე ჭეშმარიტებად იქცევა შენთვის და ისევე შეეჩვევი სიცრუეს, როგორც ბრმა – სიბნელეს.

როდესაც სხვას ცილს სწამებ, იმ ადამიანმა იცის, რომ ცრუობ. იგი პირველი მოწმეა შენ წინააღმდეგ. შენც იცი, რომ სიმართლეს არ ამბობ მის შესახებ, ე. ი. შენ თავად ხარ მეორე მოწმე შენივე თავის წინააღმდეგ. მესამე მოწმეა ღმერთი. ასე რომ, როდესაც მოყვასს ცილს დასწამებ, იცოდე, რომ სამი მოწმე იქნება შენ წინააღმდეგ: ღმერთი, მოყვასი და შენივე საკუთარი თავი, და დარწმუნებული იყავი, რომ ამ სამ მოწმეთაგან ერთი მთელი სამყაროს წინაშე გამხელს და გამოგააშკარავებს.

აი, როგორ შეუძლია ღმერთს ამხილოს მოყვასის წინააღმდეგ ცრუმოწმე.

არის იგავი ცილისმწამებლის შესახებ:

ერთ სოფელში ორი მეზობელი ცხოვრობდა, ლუკა და ილია. ლუკას სძულდა ილია, რადგან მეზობელი მართალი და მშრომელი ადამიანი იყო, თავად კი – ლოთი და ზარმაცი. ერთხელაც სიძულვილით ძლეულმა ლუკამ სასამართლოს მიმართა და ილია დაასმინა, თითქოს ის უპატივცემულოდ მოიხსენიებდა მეფეს. ილია, შეძლებისამებრ, თავს იცავდა, ბოლოს ლუკასკენ მოტრიალდა და უთხრა: „ღმერთი აუცილებლად გამოაჩენს, რომ ცრუობ და ცილს მწამებ“. სასამართლომ ილია საპყრობილეში ჩასვა, ლუკა კი შინ დაბრუნდა.

სახლს მიახლოებულ ლუკას ტირილის ხმა შემოესმა. იგი საშინელმა წინათგრძნობამ მოიცვა, ძარღვებში სისხლი გაეყინა, ილიას წყევლაც გაახსენდა, შინ შესულმა კი შეიტყო, რომ მისი მოხუცებული მამა ცეცხლში ჩავარდნილიყო და სახე და თვალები სრულიად დაწვოდა. ნანახმა ლუკა დაამუნჯა: მას არც საუბარი შეეძლო და არც ტირილი, მეორე დღეს კი დილაუთენია სასამართლოში წავიდა და აღიარა, რომ ცილი დასწამა ილიას. მოსამართლემ ილია გაათავისუფლა, ლუკა კი ცრუ ბრალდების გამო დასაჯა. ამგვარად, ერთი ცოდვის გამო ლუკამ ორმაგად აგო პასუხი ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც.

აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მოყვასს გამხილოს ცილისწამების გამო.

ნიცაში ერთი ყასაბი ცხოვრობდა, სახელად ანატოლი. ვიღაც მდიდარმა და უსინდისო ვაჭარმა ანატოლი მოისყიდა და დაავალა ცრუ ჩვენება მიეცა მისი მეზობლის, ემილის, წინააღმდეგ, თითქოს მან თავად დაინახა როგორ დაასხა ემილიმ ნავთი და როგორ წაუკიდა ცეცხლი ვაჭრის სახლს. ანატოლიმ სასამართლოს წინაშე ფიცით დაამოწმა ეს ცრუჩვენება. ემილს პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მან დაიფიცა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ იმისათვის იცხოვრებდა, რათა ანატოლის ცრუმოწმეობა გამოეაშკარავებინა.

ემილი საქმის მცოდნე კაცი იყო და ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე დააგროვა ათასი ნაპოლეონდორი (ფრანგული ოქროს მონეტა). ის მზად იყო სრულად დაეხარჯა ეს თანხა, ოღონდაც როგორმე მოწმეების თანდასწრებით ეღიარებინა ანატოლის თავისი ცრუმოწმეობის შესახებ. ემილიმ ისეთი ადამიანები მოძებნა, რომლებიც ანატოლის იცნობდნენ და გეგმაც შეადგინა: მათ ვახშმად უნდა დაეპატიჟებინათ ანატოლი, კარგად დაეთროთ და შემდეგ ეთქვათ, რომ ისეთი მოწმე სჭირდებოდათ, რომელიც სასამართლოში ფიცის ქვეშ მისცემდა ცრუჩვენებას, თითქოს ვიღაც მიკიტანი სახლში ყაჩაღებს მალავდა.

გეგმამ გაამართლა. ანატოლის საქმის არსი გააცნეს, წინ ათასი ოქროს ნაპოლეონდორი დაუწყეს და ჰკითხეს, თუ შეეძლო ისეთი სანდო ადამიანის პოვნა, რომელიც სასამართლოში იმას იტყოდა, რაც მათ სურდათ. ამდენი ოქროს დანახვისთანავე ანატოლის თვალები გაუბრწყინდა და განაცხადა, რომ ამ საქმეს ხელს თვითონ მოკიდებდა. მეგობრებმა თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ეჭვი ეპარებოდათ მასში, რადგან სასამართლოში შეშინდებოდა და დაიბნეოდა. ანატოლი შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ყველაფერს შეძლებდა. მაშინ ჰკითხეს ადრე თუ ჩაედინა მსგავსი რამ და რამდენად კარგად გაართვა მას თავი. ანატოლი ვერ მიხვდა, რომ მახე იყო დაგებული მისთვის და დაუფიქრებლად აღიარა, რომ მას ფული გადაუხადეს ემილზე ცრუჩვენებისთვის, რის შემდეგაც ის ციხეში გამოკეტეს.

მეგობრებმა ყველაფერი ემილს უამბეს. მეორე დღეს ემილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ანატოლი გაასამართლეს და ციხეში გაუშვეს. ამგვარად, ღვთის გარდაუვალი სასჯელი ეწია ცილისმწამებელს, ხოლო პატიოსანი ადამიანის სახელს ღირსება დაუბრუნდა.

აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ აღიარა დანაშაული თავად ცილისმწამებელმა.

ერთ ქალაქში ორი მეგობარი ცხოვრობდა, გიორგი და ნიკოლა. ორივე დაუქორწინებელი იყო და ორივეს ერთი გოგო შეუყვარდა. ასული შვილი იყო ღარიბი ხელოსნისა, რომელსაც შვიდი გაუთხოვარი ქალიშვილი ჰყავდა, მათგან ყველაზე უფროსს ფლორა ერქვა. სწორედ ფლორა შეუყვარდათ მეგობრებს. გიორგი უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა და მშობლებისაგან ფლორას ხელი ითხოვა, ხოლო ნიკოლას კი სთხოვა, რომ მისი მეჯვარე ყოფილიყო. ნიკოლა შურმა შეიპყრო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ხელი შეეშალა მათი ქორწინებისთვის. ის ცდილობდა გადაერწმუნებინა გიორგი და უარი ეთქვა ფლორას ცოლად მოყვანაზე, რადგან, მისი სიტყვებით, გოგონა პატიოსანი არ იყო და სხვებთანაც სეირნობდა. მეგობრის სიტყვებმა გიორგის გული მოუკლა. ის ნიკოლას არწმუნებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაშინ ნიკოლამ უთხრა, რომ თავად მას ჰქონდა კავშირი ფლორასთან. გიორგიმ მეგობარს დაუჯერა, ფლორას მშობლებთან მივიდა და უარი თქვა ქორწინებაზე. მალე ამის შესახებ მთელმა ქალაქმა შეიტყო. ჩირქი მოეცხო მთელ ოჯახს. დებიც ფლორას საყვედურობდნენ, საბრალო გოგონამ აღარ იცოდა თავი როგორ ემართლებინა, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ზღვაში დაიხრჩო თავი.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, დიდი ხუთშაბათს, ნიკოლა ეკლესიაში შევიდა და მოისმინა როგორ მოუწოდებდა მოძღვარი მრევლს ზიარებისაკენ. „მაგრამ ნუ მოვლენ ბარძიმთან ქურდები, მატყუარები, ფიცის გამტეხნი და ისინი, ვინც უბიწო გოგონას პატივი შელახა, რადგან მათ ცეცხლზე მეტად დასწვავთ ქრისტეს წმინდა და უბიწო სისხლსა და ხორცთან ზიარება“, – თქვა მღვდელმა.

ეს სიტყვები რომ მოისმინა, ნიკოლა ფოთოლივით ათრთოლდა და აცახცახდა. ის წირვის დასრულებისთანავე მოძღვართან მივიდა და აღსარების მიღება სთხოვა. ნიკოლამ ყველაფერი აღიარა და მოძღვარს ჰკითხა რა მოემოქმედა, რადგან სინდისი ძალიან აწუხებდა და მშიერი ლომივით ჯიჯგნიდა მას. მოძღვარმა ურჩია, თუკი გულწრფელად რცხვენოდა ჩადენილი დანაშაულის გამო და სასჯელის ეშინოდა, თავისი საქციელის შესახებ ყველასთვის მოეთხრო გაზეთის საშუალებით.

ნიკოლას მთელი ღამე არ ეძინა, მთელ თავის ძალასა და სიმხნევეს იკრებდა, რათა საჯაროდ, ყველას წინაშე მოენანიებინა. დილას ყველაფერი დაწერა – თუ როგორ მოსცხო ჩირქი ხელოსნის პატიოსან ოჯახს, როგორ მოატყუა თავისი მეგობარი... წერილის ბოლოს კი მიაწერა: „მე სასამართლოში არ წავალ, რადგან იქ სიკვდილს არ მომისჯიან, მე კი სწორედ ეს დავიმსახურე, ამიტომ თავად გამომაქვს ჩემი თავისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი.“ მეორე დღეს ნიკოლამ თავი ჩამოიხრჩო.

„ჰოი, უფალო, სამართლიანო ღმერთო, რაოდენ უბედური არიან ადამიანები, რომლებიც არ იცავენ შენს წმინდა მცნებებს და რკინის ლაგამს არ სდებენ თავიანთ ცოდვილ გულსა და ენას! ღმერთო, შემეწიე მე, ცოდვილს, რათა არ შევცოდო ჭეშმარიტების წინააღმდეგ. იესო, ძეო ღვთისაო, განმსწავლე შენი სიმართლით და ყოველგვარი სიცრუე აღხოცე ჩემს გულში ისევე, როგორც მებაღე წვავს და ანადგურებს მუხლუხოს ბუდეებს ბაღში ხეხილზე. ამინ.“


წინა თავი შემდეგი თავი