მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე
წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

შესავალი

ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ, ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი.

ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აქ, დედამიწაზე, არ არსებობდა, არ არსებობს და არასოდეს იარსებებს ჭეშმარიტად სრული ბედნიერება და კეთილდღეობა, ჩვენი სრული კეთილდღეობა და ნეტარება შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში: ღვთის გარეშე ვერასოდეს ვერავინ ვერ იპოვის ჭეშმარიტ ბედნიერებასა და სრულ კეთილდღეობას.

ამქვეყნად, ღვთის გარდა, არავის ძალუძს აღავსოს ჩვენი გული ან სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები. ვერ ჩააქრობთ ხანძარს ფიჩხით ან ზეთით, რადგან მხოლოდ წყლით შეიძლება მისი ჩაქრობა; ასევე ვერ აღავსებს ადამიანის გულს ამქვეყნიური სიკეთეები, რადგან მხოლოდ ღვთის მადლს შეუძლია მისი დაკმაყოფილება.

ყოველი ჩვენთვის სასურველი ნივთი მანამ მოგვწონს, სანამ არ ვფლობთ მას, და როდესაც დავეუფლებით, მალევე გვწყინდება. კარგი და მომხიბვლელია ჩვენთვის მხოლოდ ის, რაც ჯერ არ გვაქვს, ხოლო ის ყველაფერი, რაც გვაქვს, თუნდაც საუკეთესო – ჩვენთვის ან არ არის საკმარისი, ან – სულაც არ გვაინტერესებს.

ამის საუკეთესო მაგალითია მეფე სოლომონი, რომელიც, როგორც ცნობილია, იმდენად მდიდარი იყო, რომ თავის სასახლეში ყველა ნივთი მხოლოდ ოქროსი ჰქონდა; იმდენად ბრძენი იყო, რომ სხვა მეფეები მოდიოდნენ მის მოსასმენად; იმდენად დიდებული იყო, რომ მისი მტრები შიშით ძრწოდნენ; მას, როგორც თანამედროვეთაგან ყველაზე მეტად განათლებულსა და უძლიერესს, შეეძლო ყველა თავისი სურვილის ასრულება – რადგან არ არსებობდა რამე, რაც მას არ ჰქონდა ან ვერ შეძლებდა მის მიღებას – მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ დაკმაყოფილდა მისი გული, უამრავი გულისთქმა ტანჯავდა მას უფრო მეტად, ვიდრე უბრალო ადამიანებს, და ბოლოს, გამოსცადა რა ყველაფერი ამ ცისქვეშეთში, ამგვარი რამ თქვა: ამქვეყნიერად ყველაფრი ამაოა და არაფერს ძალუძს ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება.

ჭეშმარიტად, არცერთ ამქვეყნიურ სიკეთეს არ ძალუძს აღავსოს ჩვენი გული, რადგან დედამიწაზე ჩვენ ვართ დროებით, წუთისოფელში ჩვენ ვართ მდგმურები და მწირები, ჩვენი სახლი და სამშობლო კი არის იქ - ზეცაში, ცათა სასუფეველში, წუთისოფელში არ არსებობს საგანი, ნივთი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ჩვენს სურვილებს. თუნდაც მთელ სამყაროს რომ დაეუფლოს ადამიანი და ყველაფერი მოიხვეჭოს, რაც მასშია, ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთი წუთით თუ მიიპყრობს მის ყურადღებას, მაგრამ ვერ აღავსებს მის გულს, რადგან ადამიანის გული შეიძლება დაკმაყოფილდეს და აღივსოს მხოლოდ ღვთის სიყვარულით: სწორედ ამიტომ, ღმერთია ის ერთადერთი, ვისაც შეუძლია სრულად აღავსოს ადამიანის გული და მისი სული დაამწყურვალოს.

ასე რომ, ძმებო, თუ გსურთ ღმერთთან ყოფნა ცათა სასუფეველში – იყავით მართლმადიდებელი ქრისტიანები; თუ გსურთ კეთილდღეობა და ბედნიერება – ეძიეთ ისინი ღმერთში; და თუ გსურთ, რომ აღივსოს თქვენი გული – მიმართეთ იგი ღვთისაკენ, რომელსაც დაშორდით თქვენი ცოდვებით.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავის თავისით, იესო ქრისტეს გარეშე, არ ძალუძს დაუბრუნდეს და მიუახლოვდეს ღმერთს, რადგან ჩვენი ცოდვებია აღმართული, როგორც მაღალი კედელი და არ გვიშვებს მასთან. და თუ იესო ქრისტე, ჩვენდამი გულმოწყალების გამო, არ ჩამოვიდოდა დედამიწაზე და ადამიანურ ხორცს არ შეისხამდა და თავისი სიკვდილით არ დაანგრევდა იმ კედელს, რომელიც გვაშორებს ღმერთს, მაშინ ყველა ადამიანი დაიღუპებოდა და ვერავინ მიუახლოვდებოდა მას და ვერ იცხოვრებდა მასთან ერთად, რადგან ყოველი კაცი ცოდვილია, ცოდვით იშვება დედის მუცლითგანვე („ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“), და თვით ახალშობილშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცის და არც არაფერს აკეთებს ცხოვრებისეულს, უკვე არსებობს ცოდვის თესლი.

იესო ქრისტე არის ჩვენი გამომხსნელი, გადამრჩენელი, განმათავისუფლებელი და მადლის მომცემი. ამიერიდან ყოველ ადამიანს, ვინც მოისურვებს, ძალუძს დაუბრუნდეს ღმერთს და შევიდეს ცათა სასუფეველში.

მაგრამ გზა ცათა სასუფევლისკენ მხოლოდ ერთია – ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც განვლო დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ქრისტემ. სხვა გზა არ არსებობს, არც არასაოდეს ყოფილა და არც იქნება, რამეთუ იესო ქრისტემ თქვა: „მე ვარ გზა“ (იოან. 14: 6) და რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8: 34).

ამიტომ ყოველმა ქრისტიანმა და თვით ყოველმა ადამიანმა აუცილებელია იცოდეს როგორია ეს გზა, როგორ იპოვოს ის და როგორ იაროს მასზე. და აი, ახლა სწორედ ამ გზის შესახებ მსურს გესაუბროთ (თუმცა კარგად ვიცი, რომ თავად არ ძალმიძს ამის გაკეთება იმგვარად, როგორც საჭიროა, მაინც შევეცდები, იესო ქრისტეს იმედით, რომელსაც ხელეწიფება თვით ჭუჭყიც კი გამოიყენოს სხვათა გადასარჩენად და განსაკურნებლად).

ასე რომ, ვისაც ხელთ ჩაუვარდება ეს წიგნი და მოისურვებს მის წაკითხვას, ის იპოვის მასში სუსტ და მწირ თხრობას ცათა სასუფეველის შესახებ, მაგრამ ვინც ლოცვით გააკეთებს ამას, მას თავად უფალი შეეწევა, რადგან ყოვლისშემძლეა და ამ ჩემი სიტყვებითაც შეუძლია, რომ გაანათლოს და გაათბოს მკითხველის გული.

ჩემს თხრობას ვყოფ ოთხ ნაწილად:

1) თუ რა არის ის სიკეთეები, რომლებიც მოგვმადლა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით

2) როგორ იცხოვრა იესო ქრისტემ დედამიწაზე და როგორ ევნო ჩვენთვის

3) როგორია ის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ ცათა სასუფევლისკენ

4) როგორ გვეხმარება იესო ქრისტე ამ გზაზე სიარულში და როგორ მივიღოთ მისგან ეს შეწევნა

უფალო, იესო ქრისტე, შენ შეგღაღადებ: შეისმინე ჩემი, შენი უღირსი მონისა! გაანათლე ჩემი გონება და მომმადლე, რომ უტყუარად და მკაფიოდ შევძლო გადმოვცე შენი გზის შესახებ დიდების სასუფეველში, რომელიც შენი გულმოწყალებით მოგვმადლე ჩვენ! ამ წიგნის მკითხველთ და მსმენელთ კი მიმადლე, რომ აღივსონ შენი სიყვარულით, გაანათლე ისინი შენი შემეცნებით და განამტკიცე შენი ძალით და გაათბე ჩვენი გულები შენი წმიდა სულით - რათა სიხარულითა და გულმოდგინედ ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც გვიჩვენე ჩვენ.


შემდეგი თავი