მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე
წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

თავი მეორე. როგორ იცხოვრა იესო ქრისტემ დედამიწაზე და რა დაითმინა ჩვენთვის

ყოველმა ადამიანმა უნდა აღასრულოს ღვთის რჯული. ეს რჯული წარმოდგენილია ორი მცნებით: პირველი - გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით; მეორე - გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ვინც რამდენად აღასრულებს მათ, იმდენადვე მიიღებს ჯილდოს. თუმცა არც არსებულა და არც იარსებებს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ორ მცნებას აღასრულებდა ზედმიწევნითი სიზუსტით. მხოლოდ იესო ქრისტემ აღასრულა ეს ორი მცნება სრულად და ნაკლის გარეშე.

ამ თვალსაზრისით, ყველა წმიდანი – თვით უდიდესი წმიდანებიც – შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ ლამპრებს, რომლებიც გარკვეულ სინათლეს გამოსცემენ, იესო ქრისტე კი ჰგავს მზეს, რომელიც ნათობს მთელი თავისი სიკაშკაშითა და ბრწყინვალებით.

და როგორც ადამიანისთვისაა შეუძლებელი მზისთვის თვალის გასწორება და მისი აღწერა, ასევე შეუძლებელია აღწერა იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული ყველა კეთილი საქმის, სწორედ ამიტომ მოკლედ გიამბობთ მისი ცხოვრებისა და სათნოებების შესახებ და მხოლოდ იმას გაუწყებთ, რაც სახარებიდანაა ცნობილი.

არცერთ ადამიანს და არცერთ ანგელოზს არ უყვარდა ღმერთი ისე, როგორც უყვარდა და უყვარს იგი იესო ქრისტეს.

იესო ქრისტე ყოველთვის ლოცულობდა მამა ღმერთის მიმართ, და განსაკუთრებით ხშირად ლოცულობდა ღამით და განმარტოებით.

ყოველი დღესასწაულის დროს, განსაკუთრებით პასექის ჟამს, იესო ქრისტე მიდიოდა იერუსალიმის ტაძარში, რომელიც შორს იყო მისი საცხოვრებელი ადგილიდან; ყოველ შაბათს დადიოდა იქ, სადაც ხალხი იკრიბებოდა სალოცავად და სწავლების მოსასმენად.

იესო ქრისტე თავისი საქმეებით ყოველთვის განადიდებდა ღვთის სახელს და, ცხადად თუ დაფარულად, ადიდებდა ღმერთს.

იესო ქრისტეს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გულწრფელად უყვარდა თავისი დედა, პატივს მიაგებდა და ემორჩილებოდა მასსა და იოსებს, როგორც თავის მამას, ასევე სცემდა პატივს ერის წინამძღვრებსა და უხუცესებს და უხდიდა ხარკს ამქვეყნიურ მეფეს.

იესო ქრისტე მთელი მონდომებით, უდრტვინველად და უზუსტესად, დიდი გულმოდგინებითა და სიყვარულით აღასრულებდა თავის მსახურებას და იმ საქმეს, რომლისთვისაც მოვიდა დედამიწაზე.

იესო ქრისტეს ყოველი ადამიანი უყვარდა, ყველას სიკეთეს უსურვებდა და ყველას სწყალობდა, მან ადამიანთა ჭეშმარიტი ბედნიერებისა და ნეტარებისათვის საკუთარი სიცოცხლეც არ დაიშურა.

იესო ქრისტე ყოველგვარ წყენას გამოუთქმელი სიმდაბლითა და სიყვარულით ითმენდა, არ საყვედურობდა და არ მრისხანებდა თავისი მტრების გამო, რომლებიც ლანძღავდნენ, დასცინოდნენ და მოკვლას უპირებდნენ, ერთი სიტყვით შეეძლო მათი მოსპობა, მაგრამ ამის გაკეთება არ სურდა, პირიქით, სწყალობდა და ლოცულობდა მათთვის, დარდობდა და ტიროდა მათი დაღუპვის გამო.

მოკლედ რომ ვთქვათ, იესო ქრისტეს დაბადებიდან სიკვდილამდე არ ჩაუდენია არც ერთი ცოდვა - არც სიტყვით, არც საქმით, არც აზრით, არამედ აღასრულებდა ყოველგვარ სიკეთეს ყოველთვის და ყველა ადამიანისთვის.

ახლა ვნახოთ, როგორ იტანჯებოდა ჩვენთვის იესო ქრისტე აქ, დედამიწაზე.

იესო ქრისტემ, რომელიც ძე ღვთისაა და თავად ღმერთი, ხორცი შეისხა და სრული კაცი გახდა (თვინიერ ცოდვისა): ყოვლის მპყრობელმა მონის სახე მიიღო, ზეცისა და დედამიწის მეუფე სიღარიბეში იშვა, გამოქვაბულში დაიბადა და ბაგაში იწვა, იოსები კი ხის ღარიბი ხელოსანი იყო.

იესო ქრისტემ, რომელიც თავადაა რჯულის მომცემელი, თავისი შობიდან მერვე დღეს, წინადაცვეთის წესის შესრულებით, რჯულის მოთხოვნა შეასრულა, შემდგომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ტაძარში მიიყვანა და კაცობრიობის მხსნელისთვის გამოსასყიდი გადაიხადა, ჯერ კიდევ ბაგაში მყოფს მოსაკლავად ჰეროდე ეძებდა და ეგვიპტის ქვეყანაში გაერიდა.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყრმა იესო ქრისტეს არ ესმოდა თუ რა ხდებოდა მის თავს. იესო ქრისტე იყო სრული კაცი და სრული ღმერთი, ამიტომაც ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი იცოდა.

იესო ქრისტეს, ყოვლის შემქმნელს, ცა და ქყვეყანა და ანგელოზები ემორჩილება, თავად კი დედას, მისსავე ქმნილებას, ემორჩილებოდა.

იესო ქრისტესთვის, რომელიც სამყაროს მფლობელი თავადაა, არ იყო ადგილი დედამიწაზე („ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ (მათ. 8: 20)).

იესო ქრისტე - სამყაროს მეუფე –ხარკს უხდიდა მიწიერ მეფეს.

იესო ქრისტე, რომელსაც ანგელოზები და სამყაროს ყველა ქმნილება ემსახურება, თავად ემსახურებოდა ადამიანებს და ფეხს ბანდა თავის მოწაფეებს, რომლებიც ყველაზე უწიგნურ და უბირ ადამიანთაგან გამოარჩია.

იესო ქრისტე ქადაგებისას სხვადასხვა სახის მრავალ შეურაცხყოფას ისმენდა თავისი მტრებისგან: უწოდებდნენ მას ცოდვილს, მოსეს რჯულის დამრღვევს, ხელოსნის შვილს, ღვინის მსმელების, მჭამელებისა და მეზვერეების მეგობარს.

ერთხელაც მისი მტრების გულისწყრომა და მძვინვარება იქამდე მივიდა, რომ მისი მთიდან გადაგდება მოისურვეს, სხვა დროს ქვებით ჩაქოლვა სურდათ, მის უწმინდეს სწავლებას პირფერობას და სიცრუეს არქმევდნენ; როცა სნეულებს კურნავდა და მკვდრებს აღადგენდა, მტრები ამბობდნენ, რომ ამას ეშმაკის ძალით აკეთებდა და ხალხს შთააგონებდნენ, თითქოს ეშმაკი იყო მასში.

მოკლედ თუ ვიტყვით, იესო ქრისტე ყოველი მხრიდან ითმენდა გულისტკივილსა და უსიამოვნებას. ის იტანჯებოდა ადამიანებისგან და ადამიანებისთვის. იგი წუხდა იმის გამო, რომ არ უსმენდნენ და შეურაცხყოფდნენ, და რომ არ სურდათ მოქცევა თავიანთი დამღუპველი გზიდან. იესო ქრისტე იტანჯებოდა, შეიძლება ვთქვათ, ხილულად და უხილავად, რადგან ხედავდა და ითმენდა ადამიანებისგან არა მარტო ხილულ წყენასა და შეურაცხყოფას, არამედ – თავისი მტრების ფარულ მზაკვრობასა და ზრახვებსაც.

ასევე ხედავდა, რომ მათაც, რომლებსაც თითქოს უყვარდათ და გულაჩუყებულნი უსმენდნენ, არ სჯეროდათ მისი და გულგრილნი იყვნენ სულის ხსნის საკითხისადმი.

ვის მიერ უფრო მეტად იტანჯა იესო ქრისტე? იუდეველი მღვდელმთავრებისგან, მწიგნობრებისა (ანუ რჯულის მეცნიერთაგან) და მათი მთავრებისგან, რომლებმაც იცოდნენ და ელოდებოდნენ მესიას, მხსნელს, მაგრამ არ სურდათ იესო ქრისტეს მიღება და მოსმენა, უფრო მეტიც, როგორც მატყუარასა და რჯულის დამრღვევს, სიკვდილი მიუსაჯეს. და როდესაც იუდეველი ხალხი მზად იყო გაეთავისუფლებინათ იესო ქრისტე ჯვარცმისაგან, ისინი (მღვდელმთავრები და რჯულის მეცნიერნი) აქეზებნდენ ხალხს მოეთხოვათ გასათავისუფლებლად ბარაბა - ყაჩაღი და მეამბოხე, ხოლო ყველა წმიდაზე წმიდა – იესო – სიკვდილით დაესაჯათ. ღმერთო ჩემო! სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ბოროტება და შური! მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო მეტად საშინელია ის, რომ იესო ქრისტეს უღალატა თავისმა მოწაფემ, იმან, ვინც მას იცნობდა, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად, საკუთარი თვალით ხედავდა იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის მიერ აღსრულებულ სასწაულებსა და სწავლების ძალას: და თანაც, როგორ უღალატა?! – მზაკვრობითა და ამბორით! და რა ფასად? – ოცდაათ ვერცხლად!

ვისთვის იტანჯა იესო ქრისტე? ყველა ცოდვილისთვის, ადამიდან მოყოლებული სამყაროს აღსასრულამდე. იგი იტანჯა იმათთვისაც, ვინც მას ტანჯავდა, მათთვისაც, ვინც გაიმეტა იგი ასეთი ტანჯვისთვის, და იმათთვისაც, ვინც მისგან ურიცხვი სიკეთე მიიღო, მაგრამ არათუ მადლობდნენ, არამედ სძულდათ და დევნიდნენ კიდეც; იგი იტანჯა ჩვენთვისაც, ყოველდღიურად რომ შეურაცხვყოფთ ჩვენი უსამართლობით, ბოროტებითა და საშინელი გულგრილობით მისი ვნებების მიმართ, რომლებიც ჩვენი უმადურობითა და საძაგელი ცოდვებით მეორედ ვაცვამთ მას ჯვარზე.

იესო ქრისტემ ამქვეყნიერი ცხოვრების ბოლო დღეებში აღასრულა უდიდესი სასწაული, აღადგინა ლაზარე, რომელიც ოთხი დღე იმყოფებოდა საფლავში და უკვე იხრწნებოდა. დიდძალი ხალხის წინაშე ასეთი სასწაულის აღსრულებამ ბევრს უბიძგა ერწმუნათ იესო ქრისტესი და ეღიარებინათ ის ღვთისგან მოვლინებულად. მაგრამ იუდეველი მღვდელმავარნი და მწიგნობარნი – ნაცვლად იმისა, რომ თავად ერწმუნათ ქრისტესი და სხვებიც დაერწმუნებინათ, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი მესია, კაცობრიობის მხსნელი –კაიფასთან შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ როგორ მოეშორებინათ იესო, მიზეზს ეძებდნენ, რომ ბრალი დაედოთ მისთვის და საბოლოოდ, ამგვარად გადაწყვიტეს: „იესო ქრისტე, რომელიც მკვდრებს აღადგენს, სიკვდილით დაისაჯოს”.

მაგრამ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება იმისა, თუ როგორ იტანჯა ქრისტე უკანასკნელ ღამეს – საიდუმლო სერობის შემდეგ იმ დრომდე, ვიდრე ჯარისკაცებს გადასცემდნენ! მისი იმჟამინდელი შინაგანი წამება იმდენად საშინელი და დიდი იყო, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს შეეძლო მისი ატანა: მაშინ მას სისხლიანი ოფლი სდიოდა.

უფალმა თავად იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და ჯვარზე გაკრული სასტიკ წამებას, უდიდეს მწუხარებასა და საშინელ ტანჯვას განიცდიდა იმ ცოდვათა გამო, რომლებიც ადამის მოდგმამ ჩაიდინა და რომელთა ჩადენასაც განაგრძობს წუთისოფლის აღსასრულამდე.

ქრისტე მაშინვე ხედავდა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც მალე გამოჩნდებოდნენ თვალთმაქცი მოწაფეები, იუდას მსგავსნი, რომლებიც არათუ მიბაძავდნენ იუდას, არამედ უფრო მეტადაც მიეცემოდნენ ბიწიერებასა და საძაგელ ცოდვებს, რომ იქნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც უარყოფდნენ და შერყვნიდნენ მის სწავლებას ცრუსწავლებით და იმის ნაცვლად, რომ მინდობოდნენ ღვთის ყოვლადბრძნულ წინამძღოლობას, თავიანთი სიბრძნით მოინდომებდნენ სხვების ტარებას.

ერთი მხრივ, მამა ღმერთის მიმართ სიყვარული ითხოვდა, რომ განადგურებულიყო დამნაშავე და უმადური კაცობრიობა, მაგრამ, მეორე მხრივ, სიყვარული დაცემული და დასაღუპად განწირული ადამიანებისადმი, ჩააგონებდა მას ვნებულიყო მათთვის და თავისი ჯვარცმით დაეხსნა ისინი სამუდამო დაღუპვისაგან.

იესო ქრისტეს წამება იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ თავის მოწაფეებს ამგვარი რამ უთხრა: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრესიკუდილამდე“ (მათ. 26: 38).

ამის შემდეგ იესოს კრავენ, როგორც ბოროტმოქმედს და მიჰყავთ მის მტრებთან, რომლებიც ასამართლებენ და სიკვდილს უსჯიან. მოციქულები კი, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა, ტოვებენ და იფანტებიან. პილატეს კითხვაზე – რომელი გავათავისუფლოთ, ბარაბა თუ ქრისტე? – ბოროტი და შურიანი მტრები აქეზებენ უგუნურ ხალხს, რომ გამოითხოვონ ბარაბა, ხოლო იესო - მართალი და წმიდა – ჯვარს აცვან; შემდეგ გადასცემენ მას წარმართებს, რომლებიც აწამებენ, ურტყამენ, ნერწყვავენ, დასცინიან, თავზე ეკლის გვირგვინს ადგამენ, სამოსს შემოსძარცვავენ და ორ ავაზაკს შორის, სამარცხვინოდ, ჯვარს აცვამენ, როგორც დიდ ბოროტმოქმედსა და დამნაშავეს. გამძვინვარებული მტრობა და შური კი ჯვარზეც არ ინდობს: დასცინიან როგორც მატყუარას და წყურვილის მოსაკლავად ძმარსა და ნაღველს სთავაზობენ.

დაბოლოს, იესო ქრისტე აღესრულება ჯვარზე გაკვრით ანუ მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით.

არ იფიქროთ, რომ იესო ქრისტე იმიტომ იტანჯა, თითქოს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ტანჯვა. არა! იგი საკუთარი ნებით ეცვა ჯვარს და საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სხვაგვარად, ვერავინ გაბედავდა მის შეხებას, რამეთუ, თქვენ იცით, რომ როდესაც მის წასაყვანად მივიდნენ წარგზავნილები, მან ჰკითხა: ვის ეძებთ? მათ უპასუხეს: იესო ნაზარეველს. და იგი პასუხობს: მე ვარ! - და ამ ერთი სიტყვითაც კი ყველანი ძირს დაეცნენ.

აი, ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ იესო ქრისტეს ვნებების შესახებ, რომლებიც, თავისი ჩვენდამი გამოუთქმელი სიყვარულით, ჩვენ გამო დაითმინა, მაგრამ იმისთვის, რომ გავიაზროთ თუ რამდენად დიდია მისი სიყვარული ჩვენდამი, და რამდენად დიდია მისი მსხვერპლი ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ ვინ არის იესო ქრისტე.

იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყოველისშემძლე და სამყაროს შემოქმედი, ანგელოზებისა და ადამიანების დიდი მეუფე, ღმერთი ძლიერი ყოველი ქმნილების, საშინელი მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა - და სწორედ მან, იესო ქრისტემ, სათნოიჩინა ვნება ადამიანთა მოდგმისთვის!


წინა თავი შემდეგი თავი