მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე
წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

თავი მესამე. როგორია ის გზა, რომელსაც მივყავართ ცათა სასუფევლისკენ

გზა ცათა სასუფევლისაკენ არის თვით იესო ქრისტე და მხოლოდ ის მიდის ამ გზაზე, ვინც მიჰყვება იესო ქრისტეს. მაგრამ როგორ ვიაროთ ამ გზაზე? - ისმინეთ რას ამბობს თავად იესო ქრისტე: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳისი და აღიღენ ჯუარი თჳისი და შემომიდეგინ მე (მათ. 16: 24). და რას ნიშნავს თავის უარყოფა,საკუთარიჯვრის აღება და იესო ქრისტეს შედგომა - ამათ შესახებ ქვევით ვისაუბრებთ.

იესო ქრისტემ თქვა: „ვისაც ნებავს შემოდგომად ჩემდა“. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არავის არ აიძულებს ან ავალდებულებს მის გაყოლას. მას არ სურს საკუთარი ნების არმქონე მოწაფეების ყოლა, რომლებსაც თავად არ აქვთ ამის სურვილი. მას სურს, რომ ადამიანი თავისი სურვილით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, სრულად მიენდოს მას; და შესაბამისად, ცათა სასუფეველში შედიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც თავად სურთ იქ შესვლა.

ქრისტიანო! შენი გადარჩენაცა და დაღუპვაც დამოკიდებულია მხოლოდ შენსავე საკუთარ ნებაზე. ღმერთმა თავისი გამოუთქმელი სიბრძნითა და სიყვარულით მოგმადლა თავისუფლება მოიმოქმედო რასაც მოისურვებ და არ სურს წაგართვას ეს ძვირფასი საბოძვარი. ასე რომ, თუ გსურს შეუდგე იესო ქრისტეს - ის გიჩვენებს გზას ცათა სასუფევლისკენ, უფრო მეტიც, მზად არის დაგეხმაროს ამ გზაზე; თუ არ გსურს იარო ამ გზაზე - შენი ნებაა, არავინ არაფერს გაიძულებდა და გაიძულებს, მაგრამ გაფრთხილდი - არ უგულებელყო იესო ქრისტეს მოწოდება და მისი ამგვარი წყალობა.

იესო ქრისტე, თავისი დიდი მოწყალებით, დიდხანს, ძალიან დიდხანს, აკაკუნებს ყოველი ადამიანის გულის კარზე, რათა გამოაღვიძოს მისი სული და სულის ხსნის სურვილი აღუძრას, მაგრამ ვაი მას, რომელსაც საბოლოოდ განეშორება და უარყოფს, როგორც დაღუპვის ძეს.

ასე რომ, იმისათვის, რომ გაჰყვე იესო ქრისტეს, საჭიროა გქონდეს სურვილი და სიმტკიცე; ხოლო იმისათვის, რომ სურვილი გქონდეს, რათა მას გაჰყვე, უნდა იცოდე როგორია ეს გზა, სად მიდის და რა არის საჭირო მასზე სვლისათვის, მაგრამ როგორ გეცოდინება ის, რაც არ გსურს იცოდე ან რის შესახებაც მხოლოდ ყურმოკვრითა და ზედაპირულად გსმენია?!

მაშ, ასე: სანამ შეუდგები (გაჰყვები) იესო ქრისტეს, უნდა გააკეთო შემდეგი:

1. ყურადღე ბით უნდა გამოიკვლიო ქრისტიანობის საფუძველი ანუ თვით წმიდა წერილის წიგნები, რომლებსაც ეფუძნება მართლმადიდებლური სარწმუნოება: უნდა გამოიძიო მათი წარმომავლობა, ვინ და როდის დაწერა ისინი, როგორ გადარჩნენ და მოაღწიეს მათ ჩვენამდე, რატომ ვუწოდებთ ამ წიგნებს ღვთივსულიერსა და წმიდას და ა.შ. მაგრამ წმიდა წიგნები უნდა გამოიძიო უბრალო გულით, ყოველგვარი წინასწარგანწყობისა და მიკერძოების გარეშე, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ზედმეტად არ უკირკიტო იმას, რაც ღვთის განგებით დაფარულია. რწმენის ამგვარი შემოწმება სულაც არ ეწინააღმდეგება სარწმუნოებას, პირიქით, თითოეულ ქრისტიანს აუცილებლად ევალება, რომ როდესაც სრული ასაკის გახდება, საფუძვლიანად შეიცნოს თავისი სარწმუნოება. იმიტომ, რომ ვინც საფუძვლიანად არ იცის თავისი სარწმუნოება, ის ცივად და გულგრილად მოქმედებს და ხშირად ვარდება ცრურწმენასა ან ურწმუნოებაში. რამდენი ქრისტიანი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მონათლულები იესო ქრისტეს სახელით, დაიღუპნენ და იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდათ და არ სურთ ყურადღებით გამოიძიონ მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლები! უნუგეშოდ იქნება საშინელ სამსჯავროზე ის, ვინც უგულებელყო ეს ვალდებულება! მაგრამ ყველას ერთნაირად როდი შეუძლია რწმენის საკითხების გამოძიება, არამედ თითოეული თავისი შესაძლებლობების, შემეცნებისა და განათლების შესაბამისად მოქმედებს. მაგალითად, მეცნიერს შეუძლია და ვალდებულიცაა ყურადღება მიაქციოს იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც სარწმუნოების წარმოშობისა და შემდგომი მოვლენების შესახებ მოწმობენ. უსწავლელმა და უბრალო ერისკაცმა კი ჰკითხოს და განისწავლოს მოძღვრებისა და ეკლესიის მასწავლებლებისაგან, იმათგან, რომელთაც პირობა აქვთ დადებული ასწავლონ სარწმუნოება და რომლებიც თავად ბავშვობიდანვე განისწავლებოდნენ და თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს სარწმუნოების შემეცნებას.

2. როდესაც შეიმეცნებ და დარწმუნდები, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება წმიდა წერილს ეფუძნება და არა გამონაგონსა და ადამიანურ სიბრძნეს, და რომ წმინდა წერილი ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, რომელიც სულიწმიდის მიერ გაცხადდა ჩვენთვის წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, ამის შემდეგ ნუღარ გამოიძიებ იმას, რაც დაფარულია ჩვენგან, ირწმუნე ეჭვისა და ადამიანური ბრძნობის გარეშე ყველაფერი ის, რასაც გვასწავლის წმიდა წერილი და ნუ მოუსმენ ადამიანურ ახსნასა და განმარტებებს იმის შესახებ, რაც მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის. და თუ ამგვარად მოიქცევი, შენი რწმენა იქნება ჭეშმარიტი და ნამდვილი და შეგერაცხება ის სიმართლედ.

3. დაბოლოს, შეეცადე გქონდეს და აღანთო შენში სურვილი მიჰყვე იმას, რასაც ასწავლის წმიდა წერილი, და თუ ამგვარი სურვილი არ გაქვს, შეევედრე თვით ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს, მას სთხოვე თბილი ლოცვით მოგმადლოს ეს სურვილი და მით უმეტეს, ნუ შეეწინააღმდეგები, როდესაც მადლი მოგიწოდებს იარო სულის ხსნის გზაზე.

ახლა კი სარწმუნოების შესახებ ყოველივე ზემოხსენებული განვმარტოთ იგავით: მაგალითად, შეიტყვე, რომ თქვენთან ახლოს არის უზარმაზარი და საოცარი ნაგებობა, რომელიც სიმაღლით ცას სწვდება, შესასვლელი არის ოდნავ გაღებული, მაგრამ მინიშნების გარეშე ყველას არ შეუძლია მისი პოვნა, შემდგომი მითითებებისთვის იქვეა უამრავი დამხმარე, რომელთაც შეუძლიათ სნეულთა და დასახიჩრებულთა დახმარება და გზაზე მათთვის საჭირო საკვების მიწოდება. შენობის ზედა ნაწილში ასასვლელად კი ძალიან ბევრი კიბეა, თითოეულისთვის თავისთვის განკუთვნილი, მაგრამ ყველა კიბე ვიწროა და სუსტად განათებული, ასე რომ მიმთითებლისა და დამხმარეების გარეშე შეუძლებელია ნაბიჯის გადადგმაც კი, განსაკუთრებით დასაწყისში. ეს ნაგებობა შექმნილია ყველაზე ბრძენი არქიტექტორის მიერ სწორედ იმისათვის, რომ ადამიანისთვის შესაძლებელი იყოს ასვლა ზეცაში, პირდაპირ სასუფეველში.

ამის გაგონებისთანავე უეჭველად მოისურვებდი ყოფილიყავი იქ, სადაც ამ ნაგებობით არის მოხვედრა შესაძლებელი. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე იქ მოსახვედრად? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიხვიდე უშუალოდ ამ ნაგებობასთან, დაწვრილებით შეისწავლო, გამოკითხო დამხმარეები ყველაფრის (ანუ როგორც ნაგებობის, ასევე მისი დანიშნულების) შესახებ, როგორ და საიდან არის შესაძლებელი შენობაში შესვლა და სხვ. დამხმარეები სიამოვნებით მიგითითებენ თუ რა არის ამისათვის საჭირო. და თუ შენ განათლებული ადამიანი ხარ, მიდი ნაგებობასთან და დაათვალიერე იგი ყოველი მხრიდან: არის კი ის ძლიერ საძირკველზე დაფუძნებული და შეუძლია მას გაუძლოს როგორც თვით ნაგებობის, ასევე მასში შემავალთა წონას? თუ დიდად განათლებული ხარ, შეისწავლე ასევე მასალა, რომლისგანაც არის იგი აგებული - გაიგე, გაარჩიე და შეისწავლე ყველაფერი, რისი გარჩევაც შესაძლებელია თვალებით, ამისთვის ასევე შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა სახის ხელსაწყოები. და შემდეგ, როდესაც დარწმუნდები, რომ შენობა მყარია და სრულიად შეესაბამება თავის დანიშნულებას, თავი დაანებე ყველა სხვა სახის შემდგომ გამოძიებას, დატოვე შესასვლელთან ყველა შენი ხელსაწყო - რადგან იქ ისინი ხელს უფრო შეგიშლიან, ვიდრე დაგეხმარებიან – და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შედგი ფეხი შენობაში, იარე შეუჩერებლად და არ შეუშინდე სირთულეებს, რადგან ნამდვილად რთულია დასაწყისში. რთულია სვლა ზეცისკენ, სამაგიეროდ, მიემართები სწორედ იქით, საითაც უნდა მიისწრაფოდეს ყოველი ადამიანი და იმისკენ, რასაც უნდა ეძებდნენ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. ნაგებობის შიგნით შენ შეხვდები თანამგზავრებს, რომლებთან ერთადაც ივლი ხელჩაკიდებული, შეხვდები ექიმებსაც – თუ დაეცემი და დაშავდები, ასევე ნახავ საჭირო საკვების მომწოდებლებსაც, იპოვი მეგზურებს, გზის მიმანიშნებლებს, დამრიგებლებს, რომლებიც ყველა საჭიროების შესახებ გაუწყებენ და მათ, ყველას, შეხვდები მანამ, სანამ არ შეგეგებება თვით სახლის მეუფე და ამ ნაგებობის შემქმნელი. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო სწრაფად და უშეცდომოდ მიაღწიო გზის ბოლოს, უფრო უკეთესია და უმეტესად სანდო, მიებარო თავად ამ ნაგებობის შემოქმედსა და მფლობელს.

მაგრამ განა უგუნურად არ მოიქცევა ის ადამიანი, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ დაათვალიეროს ნაგებობის საძირკველი და ის, რისი დანახვაც თვალისათვის შესაძლებელია, თავისი ამპარტავნებით, თავდაჯერებულობითა და სიჯიუტით, მოინდომებს დაათვალიეროს ნაგებობის ყველაზე ზედა ნაწილი, რომელიც ბუნებრივადაა დაფარული ღრუბლებით და თვალუწვდენელია ცასა და დედამიწას შორის სივრცეში?! განა უგუნურად არ მოიქცევა ის, ვინც ძალიან მაღლა რაიმეს შენიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ახლოდან შესწავლის არც საშუალება აქვს და არც შესაძლებლობა, მაინც დაიწყებს მის განხილვას და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანას მთელი შენობის შესახებ?! ან განა უგუნურება არაა ნაკლოვანებებისა და ზედმეტი დეტალების ძებნა იქ, სადაც, დიდი სიმაღლის გამო, თვით ნაგეობობაც ძლივს ჩანს. და უგუნურებაზე მეტი იქნებოდა მისი მხრიდან, თვით დანაშაულიც კი, თუკი, ყოველგვარი დათვალიერების გარეშე, პირდაპირ შევიდოდა შენობაში და მაშინვე ნაგებობის გმობას დაიწყებდა, ან სხვების დარწმუნებას იმაში, რომ შენობა არ არის მყარი ან საჭირო?! ან თუ სახლის მფლობელისა და არქიტექტორის ნაცვლად საკუთარ დარიგებებსა და წეს–კანონს შემოგვთავაზებდა?! - ყველაზე უგუნური კი, ალბათ, მაინც ის იქნებოდა, ვინც შენობის შემოგარენშივე გადაიფიქრებდა არათუ შენობაში შესვლას, მის დათვალიერებასაც კი.

მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს იყოს იქ, სადაც მიჰყავს ამ ნაგებობას, საკმარისია ირწმუნოს, რომ შენობა მყარია და დაფუძნებულია მტკიცე საძირკველზე, და რომ შექმნილია არა უბრალო მხატვრებისა თუ ოსტატების მიერ, არამედ თვით უდიდესი არქიტექტორის ხელით, რომელმაც თავისი სისხლით გაკვალა და გაწმინდა გზა და თვითონ პირველმა გაიარა მასზე. საკმარისია დარწმუნდეთ ამაში, დანარჩენი კი - თუ რატომ არის მოწყობილი ასე და არა სხვაგვარად, რატომ მდებარეობს ამ ადგილას და არა სხვაგან და ა. შ. – ეს ყველაფერი არ არის შენი საქმე. შენი საქმეა - მიენდო სახლის მეუფის ნებას და სურვილს და მისი დახმარების იმედით და გულში მის მიმართ სიყვარულით იარო მასთან და გაჰყვე მას ისე, როგორც ის მოითხოვს შენგან.

მივუსადაგოთ ეს იგავი ქრისტიანობას. ნაგებობა, რომელიც აშენებულია დედამიწაზე და აღწევს ცას, არის ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, არქიტექტორი და სახლის მეუფე არის იესო ქრისტე, დამხმარენი და გზის მიმანიშნებლები კი – ეკლესიის მოძღვრები და მასწავლებლები.

ახლა შევხედოთ იმ გზას, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ იესო ქრისტეს კვალდაკვალ.

იესო ქრისტემ თქვა: ვისაც სურს შემომიდგეს მე

  • უარყოს საკუთარი თავი
  • აიღოს თავისი ჯვარი
  • გამომყვეს მე

მაშასადამე, ქრისტიანის ანუ იესო ქრისტეს მოწაფისა და მიმდევრის უპირველესი მოვალეობაა საკუთარი თავის უარყოფა.

თავის უარყოფა ნიშნავს: მავნე ჩვევების მიტოვებას, იმ ყველაფრის გულიდან ამოგდებას, რითიც მიწას ვართ მიბმული, ვნებებისა და გულისთქმებისაგან თავშეკავებას, ბოროტი აზრების უარყოფასა და არმოსმენას, მოსალოდნელი ცოდვისგან განრიდებას; თავმოყვარეობით რაიმეს კეთებისა და სურვილისაგან თავშეკავებას და ამის საპირისპიროდ, ყველაფრის შესრულებას ღვთის სიყვარულის გამო. პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავის უარყოფა ნიშნავს მკვდარი იყო ცოდვისა და წუთისოფლისთვის და ცოცხალი იყო ღვთისთვის.

ქრისტიანისათვის, ანუ ვინც შეუდგება იესო ქრისტეს, მეორე მოვალეობა არის თავისი ჯვრის აღება.

ჯვარში იგულისხმება ტანჯვა, მწუხარება და უსიამოვნებები. ჯვარი შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი (ხილული). ჯვრის აღება ნიშნავს მოთმენას და უსიტყვოდ მიღებას იმ ყველაფრისა, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში: უსიამოვნების, მწუხარების, სევდის, სიმძიმისა და ტკივილის. და აი, ამიტომ, თუ გაწყენინებს ვინმე, დაგცინებს, შეურაცხყოფას მოგაყენებს თუ დაგამწუხრებს, ან თუ სიკეთეს გაუკეთებ და მადლობის ნაცვლად, შენ წინააღმდეგ აღდგება და მზაკვრობას დაგიწყებს, ან გსურს სიკეთის გაკეთება და არ გამოგდის, ან უბედურება შეგემთხვა, ან ავად გახდი, ან მეუღლე და შენი შვილები ავადმყოფობენ და სხვ. ან, მოღვაწეობისა და დაუღალავი შრომის მიუხედავად, მაინც გაჭირვებაში ხარ და სიღატაკე გთრგუნავს, ან, ამათ გარდა, კიდევ სხვა მრავალ უსიამოვნებას ითმენ – დაითმინე ეს ყველაფერი გულისწყრომის, დრტვინვის, წუწუნისა და ჩივილის გარეშე, ნუ განაწყენდები და ნუ გექნება ამქვეყნიური ჯილდოს მოლოდინი, არამედ მოითმინე ეს ყველაფერი სიყვარულით და შემართებით.

აიღო შენი ჯვარი ნიშნავს არა მარტო იმ ჯვრების ზიდვას, რომლებსაც სხვები გვადებენ, ან გვეგზავნება განგებით, არამედ აღებას და ტარებას პირადი ჯვრებისა, უფრო მეტიც, ნებით აღებას ჯვრებისა და მათ ნებაყოფლობით ზიდვას. ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია და ევალება დადოს და შეასრულოს სხვადასხვა აღთქმა და დაპირება, რომლებიც, თუმცაღა, დამამწუხრებელი და დამამძიმებელია ჩვენი გულების, მაგრამ შეესაბამებიან ღვთის სიტყვასა და ნებას. მაგალითად, უნდა დავდოთ და შევასრულოთ აღთქმა, რომელიც სასარგებლოა გარშემომყოფთათვის, სნეულთათვის ზრუნვა, მთხოვნელთათვის დახმარება და შეწევნა ან საქმით, ან სიტყვით, ან რჩევით, ან ლოცვით და სხვ.

როდესაც, ღვთის მოწოდებითა და განზრახვით, შენს ჯვარს ატარებ და ამ დროს ამპარტავნული აზრი დაგეუფლება, რომ ისეთი არ ხარ, როგორიც სხვები, არამედ მტკიცე, ღვთისმოსავი და თანამოძმეებსა და მეზობლებს შორის საუკეთესო - მაშინვე, რამდენადაც შესაძლებელია, ამოძირკვე ეს აზრები, რადგან მათ ყველა შენი სათნოების განადგურება შეუძლიათ.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჯვრები არის შინაგანი და გარეგანი (ხილული), თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ გარეგანი ჯვრების შესახებ ვისაუბრეთ. და ნეტარია ის, ვისაც შეუძლია ჯვრების ტარება კეთილგონიერებით, რამეთუ ღმერთი არ დაუშვებს, რომ ასეთი ადამიანი დაიღუპოს, არამედ გაუგზავნის სულიწმიდას, რომელიც განამტკიცებს და დაარიგებს და გაუძღვება ყოველ საქმეში, მაგრამ იმისათვის, რომ წმიდა გახდე და იესო ქრისტეს მიემსგავსო, მხოლოდ გარეგანი ჯვრების ტვირთვა საკმარისი არ არის, ხილული ჯვრები შინაგანი ჯვრების გარეშე უსარგებლოა ისევე, როგორც გარეგანი ლოცვაა უსარგებლო შინაგანის გარეშე. გარეგან ჯვრებს ანუ გარეგან ტკივილებს ტვირთულობენ არა მხოლოდ იესო ქრისტეს მოწაფეები, არამედ ყველანი, ანუ არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, რომელიც არ იტანჯება ან არ ითმენს რამეს ამა თუ იმ მიზეზით. მაგრამ ვისაც სურს იყოს იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე და მიმდევარი, მან უსათუოდ უნდა იტვირთოს შინაგანი ჯვრებიც.

შინაგანი ჯვრების პოვნა ნებისმიერ დროს უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე გარეგანის. საკმარისია მხოლოდ ყურადღება მიაქციო საკუთარ თავს და სინანულის გრძნობით ჩაუღრმავდე საკუთარ სულს, რომ მაშინვე აღმოაჩენ უამრავ შინაგან ჯვარს, მაგალითად, იფიქრე, როგორ გაჩნდი ამქყვეყნად და რატომ არსებობ ამ ქვეყანაზე, ცხოვრობ თუ არა ისე, როგორც უნდა ცხოვრობდე და სხვ. მიაქციე ამას სათანადო ყურადღება – და პირველივე ამგვარი მცდელობისთანავე დაინახავ, რომ შენ, როგორც ყოვლისშემძლე ღვთის ქმნილება, მხოლოდ იმისათვის არსებობ ამ ქვეყნად, რომ მთელი შენი საქმეებით, მთელი შენი ცხოვრებით და მთელი შენი არსებით ადიდო მისი ყოვლადწმიდა და დიდებული სახელი, მაგრამ შენ არათუ ადიდებ, არამედ, პირიქით, შეურაცხყოფ და არცხვენ მის სახელს შენი ურჯულო ცხოვრებით; შემდეგ გაიხსენე და დაფიქრდი, რა გელოდება სიკვდილის შემდეგ საფლავის იქით, რომელ მხარეს აღმოჩნდები იესო ქრისტეს საშინელი სამსჯავროს დროს – მარჯვნივ თუ მარცხნივ? და თუ ამგვარად ფიქრს დაიწყებ, უნებურად აფორიაქდები და შეწუხდები. ამგვარადვე დაიწყებ შინაგანი ჯვრების დანახვას. და თუ მსგავს ფიქრებს არ მოიშორებ და ამქყვენიური სიამოვნებებითა და ამაო გართობით არ ჩაახშობ მათ, თუ ყურადღებით დაიწყებ საკუთარი თავის შესწავლას, მეტ ჯვარს იპოვი. მაგალითად, უკვე მთელი თავისი საშინელი სახით წარმოგიდგება ჯოჯოხეთი, რომელიც არც გახსოვდა და არც იხსენებდი; უკვე მთელი თავისი დიდებულებით წარმოგიდგება სამოთხე, რომლის შესახებ არც ფიქრობდი და არც ის იცოდი, რომ ეს არის ადგილი მარადიული და ნამდვილი სიხარულის, რომელიც ღმერთმა გაგიმზადა და რომელსაც თავად აკლდები შენივე დაუდევრობითა და უგუნურებით.

და, მწუხარებისა და შინაგანი ტანჯვის მიუხედავად, რომელთაც ამგვარი ფიქრები მოგაყენებს, თუ მტკიცედ გადაწყვეტ მოითმინო და ნუგეშის ძებნას არ დაიწყებ წუთისოფელში, თუ გულმოდგინედ ილოცებ ღვთის წინაშე შენი სულის ხსნისათვის და ღვთის ნებას სრულად მიენდობი, მაშინ ღმერთი ნელ–ნელა დაგანახებს შენი სულის მდგომარეობას ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, რათა უფრო მეტად შეიგრძნო შიში, წუხილი, სევდა და ამგვარად, მეტად და მეტად განგწმინდოს.

ჩვენი სულის გაშიშვლებასა და მოსალოდნელი საფრთხის მთელი სიმძაფრით დანახვას (განსაკუთრებით ცოცხლად შეგრძნებას) ვერასოდეს შევძლებთ ღვთის გასნაკუთრებული მოწყალებისა და შეწევნის გარეშე, რადგან ჩვენი შინაგანი სამყარო დაფარულია თავმოყვარეობით, ვნებებით, ცხოვრისებული საზრუნავებით, ამქვეყნიერი სიამეებით. და თუ ხანდახან გვეჩვენება, რომ ვხედავთ ჩვენი სულის მდგომარეობას, ვხედავთ მხოლოდ გარედან და მხოლოდ იმდენს, რამდენის დანახვაც შეუძლია ჩვენს გონებასა და სინდისს.

ჩვენი სულის მტერმა, ეშმაკმა, იცის რამდენად მაცხონებელია შინაგანი სულიერი მდგომარეობის დანახვა, ამიტომ ყველა ღონეს მიმართავს, ყველა სახის ვერაგობასა და მზაკვრობას იყენებს, რომ ადამიანმა თავისი მდგომარეობა ისე ვერ დაინახოს, როგორც სინამდვილეშია, რათა მოქცევა და გადარჩენის შესახებ ფიქრი არ დაიწყოს, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ მისი მზაკვრობა არასაკმარისია და ადამიანი, ღვთის მადლით, საკუთარი თავის დანახვას იწყებს, ეშმაკი უფრო მზაკვრულ საშუალებას მიმართავს – ცდილობს აჩვენოს ადამიანს მისი სულის მდგომარეობა უცებ, ერთბაშად, თანაც, რაც შეიძლება საშინელი კუთხით, რათა თავზარი დასცეს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. და ღმერთს რომ ბოროტისათვის ნება დაერთო ყოველთვის გამოეყენებინა ეს უკანასკნელი საშუალება (ეჩვენებინა ჩვენი სულიერი მდგომარეობა ყველაზე საშინელი მხრიდან), ჩვენ შორის ცოტანი თუ გაუძლებდნენ ამას (რადგან ცოდვილის შინაგანი სულიერი მდგომარეობა, განსაკუთრებით მოუნანიებელი ცოდვილის, უმეტესად მძიმე და საშინელია). ჩვენ ვიცით, რომ თვით ყველაზე დიდ წმინდანებსაც და მართლებსაც, მიუხედავად მათი უდიდესი სიწმიდისა, ცრემლები არ ჰყოფნიდათ ეტირათ თავიანთი სულებისათვის.

და როცა ღმერთი ინებებს გაგიმჟღავნოს შენი სულის მდგომარეობა, ნათლად დაინახავ და ცოცხლად შეიგრძნობ, რომ, ყველა შენი სათნოების მიუხედავად, შენი გული დაბინძურებული და გარყვნილია, სული – წაბილწული, თავად კი მონა ხარ ცოდვებისა და ვნებების, რომლებიც სრულად დაგეუფლნენ და საშუალებას არ გაძლევენ მიუახლოვდე ღმერთს. დაიწყებ იმის დანახვასაც, რომ შენში არ არის არაფერი შეჭმარიტად კეთილი; და თუ გაქვს კიდეც რამდენიმე კეთილი საქმე, ისინიც ცოდვით შებღალულნი და სხვადასხვა ვნებისა და გარემოებების ნაყოფი არიან და არა – ჭეშმარიტი სიყვარულის, ამიტომ აუცილებლად დაიტანჯები: შიში, მწუხარება და დარდი შეგიპყრობს, შიში იმისა, რომ იღუპები, მწუხარება და დარდი კი დაგეუფლება იმის გამო, რომ დიდხანს და შეუპოვრად ყურს არ უგდებდი ღვთის მშვიდ ხმას, რომელიც გიხმობდა ცათა სასუფეველში, და რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უშიშრად განარისხებდი ღმერთს შენი ურჯულოებით.

ასე რომ, რაც უფრო მეტად გაგიმჟღავნებს ღმერთი შენი სულის მდგომარეობას, მით უფრო მეტად მოგემატება შინაგანი ტანჯვა.

აი, რა არის შინაგანი ჯვრები!

ადამიანებს არ აქვთ ერთნაირი სათნოებები და ერთნაირი ცოდვები, შესაბამისად, შინაგანი ჯვრებიც ყველასათვის ერთნაირი არ არის: ზოგისთვის მეტად მძიმეა, სხვათათვის – ნაკლებად, ერთისთვის მეტად ხანგრძლივია, მეორისათვის – ნაკლებად; ზოგისთვის – სხვა გზით მოდის, ზოგისთვის – სხვაგვარად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის შინაგან სულიერ მდგომარეობაზე ისევე, როგორც მისი ხანგრძლივობა და მკურნალობის მეთოდებია დამოკიდებული ავადმყოფის მდგომარეობაზე. ექიმის ბრალი არ არის თუ ძლიერი საშუალებების ხანგრძლივად გამოყენება უწევს იმისათვის, რომ სახიფათო და შორსწასულ ავადმყოფობას უმკურნალოს, რომელიც, შესაძლებელია, თავად ავადმყოფმა გაართულა. ვისაც სურს, რომ ჯანმრთელი იყოს, ის ყოველთვის თანახმა იქნება, რომ მოითმინოს.

შინაგანი ჯვრები ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ ნუგეშს ვერაფრით პოულობენ.

ეს ყველაფერი შენც შეიძლება დაგემართოს! მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდე, და როგორ სულიერ ტანჯვასაც არ უნდა განიცდიდე, სასოს ნუ წარიკვეთ და ნუ იფიქრებ, რომ ღმერთმა მიგატოვა. არა! ის ყოველთვის შენ გვერდით იქნება და უხილავად მაშინაც გაგაძლიერებს, როცა მოგეჩვენება, რომ დაღუპვის პირას იმყოფები. იგი არ დაუშვებს, რომ იმაზე მეტი განსაცდელი შეგემთხვას, ვიდრე თავად სურს, რომ დაუშვას შენზე. ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში და ნუ გეშინია, არამედ სრული მორჩილებითა და ერთგულებით მოითმინე და ილოცე მისდამი, რამეთუ ის არის ჩვენი მამა, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილები. და თუ დაუშვებს, რომ მისი ერთგული ადამიანი განსაცდელში ჩავარდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ გასაგებად და ნათლად უჩვენოს მისი სისუსტე, უძლურება და არარაობა, ასწავლოს, რომ არასოდეს ენდოს საკუთარ თავს და, რომ ღვთის შეწევნის გარეშე არავის ძალუძს სიკეთის კეთება. თუ ღმერთი ადამიანზე განსაცდელს დაუშვებს და მას ჯვრებს განუკუთვნებს, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მისი სული განკურნოს, რათა ქრისტეს მიემსგავსოს და სრულად განწმინდოს მისი გული, რომელშიც თავად სურს დაისადგუროს თავის მხოლოდშობილ ძესა და თავის წმინდა სულთან ერთად.

მწუხარების დროს, რაგინდ მძიმეც არ უნდა იყოს ის შენთვის, თუ ღმერთი არ მიგანიშნებს და არ გამოგიგზავნის თავის რჩეულს, ნუ დაიწყებ ნუგეშის ძებნას ადამიანებთან. ჩვეულებრივ, ადამიანები, სულიერ საქმეებში გამოუცდელნი, ყოველთვის ცუდი მანუგეშებლები არიან უბრალო მწუხარების დროს, მით უმეტეს, სულიერი განსაცდელებისა და მწუხარების შემთხვევაში, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. მათ შენი (სულიერად) დაზიანება უფრო შეუძლიათ, ვიდრე ნუგეშისცემა და ტანჯვის შემსუბუქება. მხოლოდ ღმერთია შენი დამხმარე, ნუგეშინისმცემელი და დამრიგებელი, მას, ერთადერთს, მიმართე და მხოლოდ მასთან ეძებე ნუგეშინისცემა და დამხარება.

ასგზის ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ღმერთი მიმადლებს, რომ ზიდოს შინაგანი ჯვრები, სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტად სულის საკურნებელი, სწორი და სანდო საშუალებები რათა გახდე იესო ქრისტეს მსგავსი, შესაბამისად, ისინი არიან ღვთის განსაკუთრებული მოწყალებისა და მისი ხილული მზრუნველობის ცხადი დასტური ადამიანის სულის ცხონების გზაზე. ნეტარია ის ადამიანი იმიტომაც, რომ უკვე იმყოფება იმგვარ მდგომარეობაში, როგორსაც ჩვენ ღვთის მადლის გარეშე არათუ ვერ მივაღწევდით, არამედ საჭიროდაც არ ჩავთვლიდით ჩვენი ცხონებისათვის.

და თუ შენს სატანჯველებს ღვთის ნების მორჩილებითა და თავდადებით დაითმენ და უფლის გარდა არსად და არასოდეს დაიწყებ ნუგეშის ძებნას, მაშინ ის, თავისი გულმოწყალებით, არ მიგატოვებს და ნუგეშის გარეშე არ დაგტოვებს, თავად შეეხება შენს გულს და გიბოძებს სულიწმიდის მადლს: და შენს ტანჯვებში, შესაძლებელია დასაწყისშივე, გულში შეიგრძნობ ენით აუხსნელ სიტკბოს, საკვირველ სიმშვიდესა და საოცარ სიხარულს, ისეთს, როგორიც არასოდეს გიგრძვნია – მაშინ შეიგრძნობ შენში ძალასა და შესაძლებლობას ილოცო ნამდვილი ლოცვით და ირწმუნო შეჭმარიტი რწმენით, მაშინ აღინთება შენი გული ღვთისა და მოყვასის წრფელი სიყვარულით. და ეს არის მადლი სულიწმიდის.

და თუ უფალი ასეთი მადლის ღირსს გაგხდის, ნუ იფიქრებ, რომ ეს ჯილდოა შენი ღვაწლისა და მწუხარების გამო, და რომ სრულყოფილებას ან სიწმინდეს მიაღწიე. ასეთი აზრები აპმარტავნებისგანაა, რომელმაც ისე ღრმად შეაღწია ჩვენს სულში და ისე მყარად შეეზარდა მას, რომ თავს იჩენს მაშინაც კი, როცა ადამიანს აქვს სასწაულმოქმედების ნიჭი.

სულიწმიდის ამგვარი შეხება და ნუგეშისცემა ჩვენ მიერ მოპოვებული ჯილდო კი არ არის, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობაა, რომელიც გვანიჭებს მადლს განვიცადოთ ის, რაც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულებს, რათა შენ, რომელმაც განიცადე, უფრო მეტი გულმოდგინებითა და მოშურნეობით განაგრძო ძებნა და მოემზადო და გაძლიერდე ახალი მწუხარებისა და განსაცდელის გადასატანად. ხოლო ის სიყვარული, რომელსაც იმ დროს იგრძნობ, ჯერ კიდევ არ არის ის სრულყოფილი მდგომარეობა, რომელსაც წმინდანები აღწევენ დედამიწაზე, არამედ – მხოლოდ მინიშნება.

იესო ქრისტეს მოწაფეთა მესამე ვალდებულებაა გაყვნენ მას. იესო ქრისტეს გაყოლა ნიშნავს მის მიბაძვას ყველა საქმესა და ქმედებაში. სწორედ ისე უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ, როგორც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იესო ქრისტე დედამიწაზე, მაგალითად:

იესო ქრისტე ყოველთვის მადლობდა და ადიდებდა ღმერთს, თავის მამას, და ყოველთვის ლოცულობდა მის მიმართ. ასევე ჩვენ, ჩვენი ცხოვრების ყოველ მდგომარეობაში და ყოველ გარემოებაში, უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, გვიყვარდეს იგი და ცხადად და ფარულად მადლობას აღვავლენდეთ მის წინაშე, ვილოცოთ მის მიმართ და ყოველთვის გვყავდეს იგი ჩვენს გულსა და გონებაში.

იესო ქრისტე პატივს სცემდა თავის ყოვლადწმინდა დედას, ასევე – იოსებსა და უფროსებს და ემორჩილებოდა მათ. მსგავსადვე, უნდა ვუსმინოთ და პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებსა და აღმზრდელებს, არ უნდა გავაღიზიანოთ და შეურაცხვყოთ ისინი ჩვენი ქმედებებით, პატივი უნდა ვცეთ უფროსებს და ხელისუფლებას.

იესო ქრისტე, სამყაროს მეუფე, ხარკს უხდიდა მიწიერ მეფეს და როგორც ცოცხალთა და მკვდართა განმსჯელს, არ სურდა მიესაკუთრებინა სამოქალაქო მოსამართლის და მომრიგებლის ძალაუფლება. მსგავსადვე, უსიტყვოდ უნდა ვიხადოთ სახელმწიფო გადასახადი და არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე იმაზე მეტი უფლება, ვიდრე გვეკუთვნის, მაგალითად, უფლება ხელისუფალთა გასამართლებისა და მათი განკითხვის.

იესო ქრისტემ თავს იდო და პირნათლად, გულმოდგინედ და სიყვარულით აღასრულა ის, რისთვისაც მოვლენილ იქნა წუთისოფელში. მსგავსადვე, ჩვენც, გულმოდგინედ და უსიტყვოდ უნდა შევასრულოთ ჩვენ–ჩვენი მოვალეობები, რომელთაც დაგვაკისრებს ღმერთი და სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, მძიმე იქნება ისინი თუ დამამდაბლებელი.

იესო ქრისტეს ყველა ადამიანი უყვარდა და ყველას სიკეთეს უკეთებდა. ასევე, ჩვენც, უნდა გვიყვარდეს თანამოძმეები და რამდენადაც შესაძლებელია, საქმით, სიტყვითა თუ ფიქრით სიკეთე ვუკეთოთ მათ.

იესო ქრისტემ ადამიანების საცხონებლად თავი გაწირა. ასევე, ჩვენ, იმისათვის, რომ ადამიანებს სიყვარული მივანიჭოთ, არ უნდა დავზოგოთ არც ძალა და არც ჯანმრთელობა; მამულისა და ხელმწიფის, როგორც ერის მამის, დასაცავად არ უნდა დავზოგოთ ჩვენი სიცოცხლე, ხოლო იესო ქრისტესთვის, როგორც ჩვენი მხსნელისა და მწყალობლისთვის, არ უნდა დავზოგოთ არც სულის სიმშვიდე, არც ჩვენი სხეული, არც ჩვენი სიცოცხლე – იმ წმიდა მოწამეების მსგავსად, რომელთაც იესო ქრისტესთვის დაითმინეს მრავალი ტანჯვა და სიკვდილი.

იესო ქრისტემ ნებაყოფლობით თავს იდო ტანჯვა და სიკვდილი. ასევე, ჩვენც, არ უნდა გავექცეთ ტანჯვასა და მწუხარებას, რომელთაც გვიგზავნის ღმერთი, არამედ სიმდაბლითა და ღვთისამდი ერთგულებით უნდა მივიღოთ და მოვითმინოთ ისინი.

იესო ქრისტე მიუტევებდა თავის მტრებს ყველაფერს, რასაც უკეთებდნენ, მეტიც, სიკეთით პასუხობდა და ლოცულობდა მათი ცხონებისათვის. ასევე, ჩვენც, უნდა მივუტევოთ ჩვენს მტრებს, სიკეთით გადავუხადოთ მათ ჩვენ მიმართ ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ, დავლოცოთ ჩვენი მაგინებლები, სრული რწმენითა და ღვთის, ყველაზე მართალი და ყოვლისმხედველი მსაჯულის, სასოებით, რომლის ნების გარეშე თმის ერთი ღერიც არ ვარდება ჩვენი თავიდან. და თუ წყენას, ბუზღუნისა და შურისძიების ნაცვლად, სიყვარულით გადაიტან, მოიქცევი როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი.

იესო ქრისტე, ცისა და ქვეყნის მეუფე, ცხოვრობდა სიღარიბეში და თავისი შრომით მოიპოვებდა ცხოვრებისთვის საჭიროს; ასევე, ჩვენც, უნდა ვიყოთ შრომისმოყვარენი და დაუზარებლად უნდა ვეძიოთ ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო საზრდელი და ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენი მდგომარეობით და არ ვისურვოთ სიმდიდრე, რამეთუ, მხსნელის სიტყვებით, უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.

იესო ქრისტე, მდაბალი და მშვიდი გულით, არასოდეს ეძებდა და ითხოვდა ქებას სხვებისაგან; ასევე, ჩვენც, არ უნდა ვიქებდეთ თავს სხვების წინაშე და არ უნდა ვეძიოთ ქება სხვებისაგან, მაგალითად, თუ სიკეთეს აკეთებ, ან მოწყალებას გაიღებ, ან სხვებზე უფრო ღვთისმოსაობით ცხოვრობ, ან სხვებზე მეტად გონიერი ხარ, ან, სულაც, უკეთესი – თანამოძმეებს შორის, ნუ იქებ თავს ამით ნურც ადამიანების, ნურც საკუთარი თავის წინაშე, რადგან ყველაფერი, რაც შენში კეთილი და საქებარია, შენი კი არ არის, ღვთის საჩუქარია – შენია მხოლოდ ცოდვები და სისუსტეები - სხვა დანარჩენი კი ღვთისაა.

გაჰყვე იესო ქრისტეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ დაემორჩილო იესო ქრისტეს სიტყვას: ამიტომ უნდა ვისმინოთ, გვწამდეს და შევასრულოთ ყველაფერი, რაც გვაუწყა იესო ქრისტემ სახარებითა და მოციქულების მიერ, და ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ არა ბრძნობით, არამედ – უბრალო გულით. ვინც ისმენს და იწყნარებს იესო ქრისტეს სიტყვას, შეიძლება ეწოდოს მისი მოწაფე, ხოლო ვინც ისმენს და აღასრულებს იესო ქრისტეს სიტყვას, და, თანაც, გულის უბრალოებითა და სრული ერთგულებით, ის ჭეშმარიტად მისი საყვარელი მოწაფეა.

აი, რას ნიშნავს თავის უარყოფა, საკუთარი ჯვრის აღება და იესო ქრისტეს გაყოლა. აი, იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფის თვისებები, აი, ჭეშამარიტი და პირდაპირი გზა ცათა სასუფეველის, და აი გზა, რომელიც გაიარა თავად იესო ქრისტემ წუთისოფელში და რომლითაც უნდა იარონ ქრისტიანებმა! არ ყოფილა, არ არის და არ იქნება სხვა გზა, გარდა ამ გზისა.

რასაკვირველია, ეს გზა არის უსწორმასწორო, ვიწრო და ეკლიანი. განსაკუთრებით ასეთად ჩანს დასაწყისში, სამაგიეროდ, მას მივყავართ ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, ღმერთთან – ყველა ნეტარების წყაროსთან. მტანჯველია ეს გზა, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯის გამო გამზადებულია უამრავი ჯილდო. მწუხარებები ამ გზაზე არ არის მარადიული, შეიძლება ითქვას, წუთობრივია, ჯილდო კი მათ სანაცვლოდ – მარადიულია და დაუსრულებელი, როგორც თვით ღმერთი. მწუხარება დღითიდღე მცირდება და უფრო ადვილდება, ჯილდო კი ყოველ საათში იზრდება და იზრდება მარადიულ მომავალ ცხოვრებაში.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამ გზის, რამეთუ დაუბრკოლებელ და მოსწორებულ გზას მივყავართ ჯოჯოხეთში, ხოლო უსწორმასწოროსა და ეკლიანს – ზეცაში.

მრავალი ადამიანი გაოცებით კითხულობს: რატომ არის გზა ცათა სასუფევლისაკენ ასეთი რთული? რატომ უნდა ატარონ ქრისტიანებმა ამდენი მძიმე ჯვარი? ამ და მსგავს კითხვებს ქრისტიანებმა ყოველთვის ამგვარად უნდა უპასუხონ - ღმერთმა ინება ამგვარად! ღმერთი ყოვლადბრძენია და კაცთმოყვარე, მან იცის რას უშვებს ჩვენს თავს და როგორ უნდა მოგვექცეს; თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს ვიყოთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები, მორჩილნი და ერთგულნი, მაშინ ჩვენი თავი, ერთმანეთი და მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, უნდა შევავედროთ. თუმცა შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ხილული და ჩვენი გონებისთვის მისაწვდომი მიზეზი, თუ რატომ არის გზა ცათა სასუფეველისკენ ასეთი რთული, და რომ ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებთ მისი გვერდის ავლას, თუ გვსურს, რომ ვცხონდეთ.

1) ცათა სასუფეველი არის უდიდესი ნეტარება, უდიდესი დიდება და პატივი და ულევი სიმდიდრე, და თუ წუთისოფელში თუნდაც მცირე სიმდიდრის მისაღებად ბევრი შრომა და ზრუნვაა საჭირო, როგორ შეიძლება შრომის გარეშე მივიღოთ გამოუთქმელი ზეციური საუნჯე?!

2) ცათა სასუფეველი არის უდიდესი ჯილდო, მაგრამ განა იძლევიან ჯილდოს მუქთად და არაფრის გამო? ამიტომ თუ მიწიერი და დროებითი ჯილდოს მისაღებად საჭიროა შრომა და მოღვაწეობა, მით უფრო მეტი შრომა არის საჭირო ზეციური და მარადიული ჯილდოს მისაღებად.

3) ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ჯვრები, რადგან თავს ვუწოდებთ და გვსურს ვიყოთ ქრისტიანები, ანუ გვსურს ვიყოთ იესო ქრისტეს მოწაფეები და მიმდევრები. და როგორიც არის მასწავლებელი, წინამძღოლი და მეთაური, ასეთივე უნდა იყოს მისი მოწაფე და მიმდევარი. იესო ქრისტე ტანჯვის გზით შევიდა თავის დიდებაში, ასევე ჩვენც, მხოლოდ ტანჯვის გზით შევძლებთ შევიდეთ იქ.

4) ყველა ადამიანი ატარებს, ეზიდება თავის ჯვარს, ყველა და თითოეული, მეტ–ნაკლებად, იტანჯება და ითმენს. ჯვრის ზიდვა არ არის მხოლოდ ქრისტიანების ხვედრი. არა! ჯვარს ატარებს ქრისტიანიც და არაქრისტიანიც, მორწმუნეც და ურწმუნოც, მაგრამ მათ შორის სხვაობა არის ის, რომ ერთს ჯვარი ეგზავნება საკურნებლად და საშუალებად ცათა სასუფეველის მემკვიდრე გახდეს, სხვებს კი – სატანჯველად და დასასჯელად. ერთისთვის დროთა განმავლობაში ჯვარი მსუბუქდება, ტკბება და საბოლოოდ, მარადიული დიდების გვირგვინად გარდაიქმნება, სხვებისთვის კი უფრო და უფრო მძიმდება, მწარდება და საბოლოოდ, მთელი სამყაროს ჯვრები გაერთიანდება ერთ დიდ ჯოჯოხეთურ ტვირთად, რომელიც დამძიმდება მათ თავებზე და რომლის ქვეშაც ისინი დაიტანჯებიან მარადიულად და უსიხარულოდ. მაგრამ რატომ არის ასეთი სხვაობა? იმიტომ, რომ ერთი ატარებს ჯვარს რწმენითა და ღვთისადმი ერთგულებით, მეორე კი – დრტვინვითა და გმობით.

ამიტომ, შენ, ქრისტიანო, არათუ არ უნდა გაურბოდე ჯვრებს და დრტვინავდე მათ გამო, არამედ, პირიქით, უნდა მადლობდე იესო ქრისტეს, რომ გიგზავნის მათ, და მადლობდე დღე და ღამე, რომ ღირსი გაგხადა შერთვოდი ჯვრის მტვირთველებს – რადგან იესო ქრისტეს რომ არ გაეწირა თავი კაცობრიობისათვის, ვერცერთი ჩვენგანი, რაც არ უნდა ეტანჯა და ეწვალა, ვერასოდეს შევიდოდა ცათა სასუფეველში, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ უნდა გვეტანჯა როგორც დამნაშავეებსა და ღვთის ნების უარმყოფელებს, და გვეტანჯა იმედისა და ნუგეშის გარეშე; ახლა კი, მართალია, ვიტანჯებით, მაგრამ ვიტანჯებით ან შეგვიძლია დავიტანჯოთ საცხონებლად, გადასარჩენად, იმედით, ნუგეშითა და ჯილდოს მისაღებად. ჰოი, ყოვლადმოწყალეო ღმერთო! როგორი დიდია შენი სიყვარული ჩვენდამი! იესო ქრისტე, როგორი აურაცხელია შენი სიკეთეები ჩვენდამი! თვით მთელ ამასოფლიურ ბოროტებას ატრიალებ ჩვენდა სასიკეთოდ, სასარგებლოდ და საცხოვნებლად.

ქრისტიანო! მადლიერება და სიყვარული იესო ქრისტეს, შენი კეთილისმყოფელის, მიმართ, გავალდებულებს გაჰყვე მას. იესო ქრისტე შენთვის ჩამოვიდა მიწაზე და განკაცდა: ნუთუ შენ რაიმე მიწიერს დაზოგავ მისთვის? იესო ქრისტემ შენთვის და შენ გამო შესვა ტანჯვით სავსე ფიალა, ნუთუ შენ არ მოისურვებ მწუხარების ერთი წვეთი იგემო?

5) იესო ქრისტემ თავისი ტანჯვითა და სიკვდილით გამოგვისყიდა და როგორც გამოსყიდულნი, მას ვეკუთვნით, შესაბამისად, ჩვენს თავს კი აღარ ვეკუთვნით, არამედ მას და ამიტომ უნდა შევასრულოთ და ვაკეთოთ ის, რასაც თავად გვიბრძანებს, თუ არ გვსურს, რომ უარყოფილნი ვიყოთ მისგან და მისი პირიდან წარვწყმდეთ. მაგრამ იესო ქრისტე მხოლოდ ერთს ითხოვს ჩვენგან – გავყვეთ მას, ვიაროთ მის კვალდაკვალ ცათა სასუფევლისკენ, ჩვენივე კეთილდღეობისათვის.

6) იესო ქრისტემ იმიტომ არ ივნო და მოკვდა, რომ მოეცა ნება გვეკეთებინა ის, რასაც მოვისურვებთ, – არა! ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი ფიქრისგანაც კი!

7) საბოლოოდ, ისიც ვთქვათ, თუ რატომ არ უნდა გადავუხვიოთ ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი ვიწრო გზიდან:

ა) იმიტომ, რომ ყოველ ადამიანში არის ცოდვა, ცოდვა კი ისეთი წყლულია, რომელიც თავისთავად, წამლის გარეშე, არ იკურნება. ზოგიერთ ადამიანში ეს წყლული ისეთი ღრმა და საშიშია, რომ მისი განკურნება მხოლოდ მოწვითა და ამოშანთვით არის შესაძლებელი, შესაბამისად, ცოდვებისგან განწმენდა ტკივილისა და სულიერი ტანჯვის გარეშე არავის შეუძლია.

ბ) ცოდვა საშინელი უწმინდურობა და საზიზღრობაა ღვთის წინაშე; და არავითარ საზიზღრობას, უწმინდურობასა და სიბილწეს არ შეუძლია დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. როცა ვინმე შინაგანი სნეულებით იტანჯება ან გაუსაძლისი სევდა აწუხებს, სადაც არ უნდა დაასახლო, თუნდაც უმშვენიერეს სასახლეში, იქაც დაიტანჯება, რადგან თავისი ავადმყოფობა და სევდა ყოველთვის და ყოველგან თან ახლავს. ასევეა მოუნანიებელი და ცოდვებით დამძიმებული ცოდვილი – სადაც არ უნდა დაასახლო, თუნდაც სამოთხეში, ის იქაც დაიტანჯება, რადგან მისი ტანჯვის მიზეზი – ცოდვა – მის გულშია, ცოდვილისათვის ყველგან ჯოჯოხეთია! და პირიქით, ვისაც გულში სიხარული აქვს, ის გაიხარებს სასახლეშიც, ქოხშიც და საპყრობილეშიც, იმიტომ რომ მისი სიხარული მის გულშია. მსგავსადვე, მართალთა გული სავსეა სულიწმიდის ნუგეშით – და სადაც არ უნდა იყოს, მისთვის ყველგან სამოთხე იქნება – რადგან ცათა სასუფეველი ჩვენშია. ნედლ, ცოცხალ ხეს, რამდენი ტოტიც არ უნდა მოჰკვეთო, ამით არ მოკვდება, პირიქით, ახალ ტოტებს ამოიყრის; იმისათვის, რომ ის სრულიად გაანადგურონ, ფესვებიანად უნდა ამოძირკვონ მიწიდან. ასევე ვერ მოსპობთ ცოდვას ადამიანის გულიდან რომელიმე ერთი მანკიერი ჩვევის ან მიდრეკილების მოკვეთით ან მიტოვებით. ამიტომ ვისაც სურს გულიდან ამოძირკვოს ცოდვა, მან უნდა ამოგლიჯოს და გაანადგუროს თვით ცოდვის ფესვი, მაგრამ ცოდვა ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის გულში და მტკიცედ არის მასთან მიზრდილი, ამიტომ მისი ამოღება, ამოგლეჯა ტკივილის გარეშე შეუძლებელია. და ღმერთს რომ არ გამოეგზავნა ჩვენთან დიდებული მკურნალი - იესო ქრისტე, მისი (ცოდვილის) ყოველი ასეთი მცდელობა ამაო იქნებოდა, რადგან ვერავითარი ძალისხმევით ვერ შეძლებდა ამოეძირკვა და გაენადგურებინა ცოდვის ფესვი.

მაშასადამე, ძმებო, თავადაც ხედავთ, რომ აუცილებლად უნდა გავყვეთ იესო ქრისტეს და არ შეიძლება გადავუხვიოთ იმ გზიდან, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ, ასევე, ხედავთ, რომ ტანჯვის გარეშე არავის შეუძლია შევიდეს ცათა სასუფეველში, რადგან უფლისთვის სათნო ყველა წმიდანმა ეს გზა გაიარა. ზოგნი ამბობენ: ჩვენ, ასეთ ცოდვილებსა და სუსტ ადამიანებს, როგორ შეგვიძლია ვიყოთ იმგვარნი, როგორებიც იყვნენ წმინდანები, და როგორ ვცხოვნდეთ? ჩვენ ერში ვცხოვრობთ და სხვადასხვა ვალდებულება გვაკისრია და ა. შ. ეჰ, ძმებო! ამგვარი აზრები არა მარტო სიცრუეა, არამედ – ჩვენი შემოქმედის შეურაცხყოფა და გმობა: ყვედრებაა, თითქოს ვერ შეგვქმნა სრულყოფილად. ეს ფუჭი და ღვთისმგმობი აზრებია და არა – იმ ყველაფრის მიზეზი. შეხედეთ წმინდანებს: ყველა მათგანი როდი იყო მეუდაბნოე, ისინი თავიდანვე უცოდველები კი არ იყვნენ, არამედ – ჩვენსავით ცოდვილნი, ისინიც იყვნენ დაკავებული მიწიერი საქმეებით, საზრუნავითა და მოვალეობებით და ბევრ მათგანს ოჯახიც ჰყავდა. მაგრამ თავიანთი საერო მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებისას არ ივიწყებდნენ ქრისტიანის ვალდებულებებს: ცხოვრობდნენ ერში, მაგრამ მიდიოდნენ ცათა სასუფეველის გზაზე და ხშირად თან სხვებიც მიჰყავდათ. ჩვენც, თუ მოვისურვებთ, შეგვეძლია, რომ ერთსა და იმავე დროს ვიყოთ კეთილმსახური მოქალაქეები, უღალატო მეუღლეები, კეთილი მამები და ერთგული და სანდო ქრისტიანები. ნამდვილი ქრისტიანობა არასდროს და არსად არ შეგვიშლის ხელს, პირიქით, ყველგან და ყოველთვის სასარგებლო იქნება. ჭეშმარიტი ქრისტიანი მხოლოდ ის არის, ვისაც სწამს იესო ქრისტესი და ყველაფერში მას ბაძავს; ქრისტიანობის სული არის სუფთა, უანგარო, სულიერი სიყვარული - სიყვარული, რომელსაც მოგვმადლებს მხოლოდ სულიწმიდა: ადამიანები ბევრ რამეს არქმევენ სიყვარულს, მაგრამ ყველაფერი ქრისტიანული სიყვარული როდია.

ასე რომ, ძმებო, თუ გსურთ იყოთ ცათა სასუფეველში, უნდა გაიაროთ ის გზა, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ დაიღუპებით! მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვინც ქრისტიანობის გზაზე მხოლოდ თავის ძალებს მიენდობა, ის ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს წინ, და თუ ჩვენი უდიდესი კეთილისმყოფელი, იესო ქრისტე არ დაგვეხმარება, ვერცერთი ადამინი ვერ შეძლებს სვლას ამ გზაზე; თვით მოციქულებსაც, ეშინოდათ გაჰყოლოდნენ იესო ქრისტეს, როდესაც ეს შეწევნა არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც იესო ქრისტესგან მიიღეს შეწევნა, სიხარულით გაჰყვნენ და ვერავითარმა სირთულეებმა და ტანჯვამ, თვით სიკვდილმაც, ვერ შეაშინა ისინი.

გაინტერესებთ, როგორ ეხმარება იესო ქრისტე იმათ, ვინც მას მიჰყვება? - ეს დახმარება არის დახმარება სულიწმიდის, რომელსაც მოგვმადლებს იესო ქრისტე, და რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის, გვიფარავს და თავისკენ მიგვიზიდავს; და ყოველს, რომელიც მოისურვებს, შეუძლია მიიღოს იგი და აღივსოს მისით. ხოლო თუ როგორ გვეხმარება სულიწმიდა და როგორ შეიძლება მივიღოთ ის, ამის შესახებ ქვევით ვისაუბრებთ.


წინა თავი შემდეგი თავი