მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე
წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

თავი მეოთხე. როგორ გვეხმარება იესო ქრისტე, რომ ვიაროთ ცათა სასუფევლის გზაზე და როგორ შეიძლება მივიღოთ ეს დახმარება

სულიწმიდა ღმერთი, წმიდა სამების მესამე პირი (ჰიპოსტასი), ისევე ყოვლადძლიერია, როგორც მამა და ძე. იგი ცხოველყოფს, აცოცხლებს და ძალას აძლევს ქმნილებებს. ის უბოძებს ცოცხალ არსებებს სიცოცხლეს, ადამიანებს – გონებას და ქრისტიანებს – უმაღლეს სულიერ ცხოვრებას, ანუ სულიწმიდა შთააგონებს ადამიანს და ეხმარება მას ცათა სასუფეველისკენ სვლაში. სულიწმიდა არა დამსახურების მიხედვით, არამედ საჩუქრად და ღვთის მოწყალებით ეგზავნება ადამიანს საცხონებლად. და სულიწმიდა ასე შეგვეწევა:

1) სულიწმიდა, დაემკვიდრება რა ადამიანში, ანიჭებს მას რწმენას და სინათლეს. მის გარეშე არავის შეუძლია ჰქონდეს ჭეშმარიტი და ცოცხალი რწმენა. სულიწმიდისეული განბრძნობის გარეშე, თვით ღვთის საქმეებში განსწავლულიცა და ბრძენიც, სრულიად ბრმაა, მაშინ, როდესაც, სულიწმიდას ძალუძს ყველაზე უბირ და უსწავლელ, უბრალო ადამიანს გაუცხადოს და ნათლად დაანახოს ღვთის საქმეები და მიმადლოს ნათელი, რომ შეიგრძნოს ცათა სასუფევლის სიტკბო. ადამიანი, რომელშიც სულიწმიდაა, შინაგანად გრძნობს არაჩვეულებრივ სინათლეს, აქამდე მისთვის უცნობს.

2) სულიწმიდა, დაემკვიდრება რა ადამიანში, ბადებს მის გულში ჭეშმარიტ სიყვარულს. ჭეშმარიტი სიყვარული გულში არის წმიდა მხურვალება ან სითბო, რომელიც ათბობს მას. ის არის ფესვი, რომელიც აღმოაცენებს მასში ყველა კეთილ საქმეს. ადამიანისთვის, რომელშიც ცოცხლობს ჭეშმარიტი სიყვარული, არაფერია საშინელი და შეუძლებელი; მისთვის არცერთი მცნება და კანონი არ არის რთული, პირიქით, ყველაფერი ძალიან მარტივად შესრულებადია.

რწმენა და სიყვარული, რომელთაც სულიწმიდა ადამიანს მიმადლებს, ისეთი უდიდესი და უძლიერესი საშუალებებია, რომ ვისაც ის აქვს, შეუძლია ადვილად, სიხარულითა და ნუგეშით იაროს იმ გზაზე, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ.

3) სულიწმიდა აძლევს ადამიანს ძალას შეეწინააღმდეგოს ამსოფლიურ საცდურებს, ისე რომ, ადამიანი შეიძლება სარგებლობდეს კიდეც მიწიერი სიკეთეებით, მაგრამ სარგებლობს როგორც დროებითი სტუმარი და არაფერს დაემონება გულით. ადამიანი კი, რომელშიც არ არის სულიწმიდა, ყოველგვარი განათლებისა და კეთილგონიერების მიუხედავად, თითქმის ყოველთვის წუთისოფლის მონაა და მისი თაყვანისმცემელი.

4) სულიწმიდა აძლევს ადამიანს სიბრძნეს. ესგანსაკუთრებით შეგვიძლია დავინახოთ მოციქულების მაგალითით, რომლებიც სულიწმიდის მიღებამდე უბრალო ადამიანები იყვნენ და განუსწავლულნი, მაგრამ შემდეგ ვის შეეძლო შეწინააღმდეგებოდა მათ სიბრძნესა და სიტვყის ძალას?! სულიწმიდა იძლევა სიბრძნეს ყოველი საქმისას და მოქმედებისას: მაგალითად, ადამიანი, რომელშიც დავანებულია სულიწმიდა, ყოველთვის გამოძებნის საშუალებასა და დროს თავისი სულის გადასარჩენად; ამსოფლიური ხმაურისა და ყოველგვარი საქმიანობის მიუხედავად, მას შეუძლია ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს მაშინ, როცა ეს ადამიანს, ჩვეულებრივ, თვით ღვთის ტაძარშიც შეუძლებლად ეჩვენება.

5) სულიწმიდა იძლევა შეჭმარიტ სიხარულს, მხიარულებასა და ურყევ მშვიდობას. ადამიანს, რომელშიც არ არის სულიწმიდა, არასოდეს არ შეუძლია გაიხაროს ჭეშმარიტი სიხარულით და არ შეუძლია იქონიოს სულიერი, ტკბილი მშვიდობა. მართალია, ხანდახან უხარია და მხიარულობს კიდეც, მაგრამ როგორია ეს სიხარული? წუთიერი და არაწრფელი, მხიარულება – უსაგნო, ცარიელი და ღარიბი, რომლის შემდეგაც მოწყენილობა უფრო მეტად იპყრობს მას. მართალია, ასეთი ადამიანი ხანდახან მშვიდია, მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის სულიერი სიმშვიდე, არამედ ზმანება და სულის თვლემა. და ვაი მას, ვინც დაიზარებს და არ ისურვებს ასეთი ძილიდან გამოღვიძებას!

6) სულიწმიდა იძლევა ჭეშმარიტ თავმდაბლობას. ადამიანს, თუნდაც ყველაზე გონიერს, რომელიც არ ფლობს სულიწმიდის მადლს, არ შეუძლია შეიცნოს თავისი თავი სათანადოდ, რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, იგი ღვთის დახმარების გარეშე ვერ ხედავს თავისი სულის შინაგან მდგომარეობას: თუ ის სიკეთეს უკეთებს სხვებს და პატიოსნად იქცევა, ფიქრობს, რომ მართალია და სხვებთან შედარებით, სრულყოფილი, ამიტომ აღარაფერს საჭიროებს... ეჰ, რა ხშირად იღუპებიან ადამიანები თავიანთ თავზე მცდარი წარმოდგენებით, თავიანთ სიმართლესა და პატიოსნებაში დარწმუნებულნი! – და თავიანთი სიმართლის მოიმედენი, საერთოდ არ ფიქრობენ ქრისტიანული სულისა და სულიწმიდის შესახებ, არადა, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სულიწმიდის დახმარება! და რადგან სულიწმიდა ეძლევა მხოლოდ იმას, ვინც ეძებს და ითხოვს, ხოლო ასეთი ადამიანები არათუ არ ითხოვენ და არ ეძებენ მას, არამედ საჭიროდაც არ მიაჩნიათ, ის მათ არც ეძლევათ და შესაბამისად, გზააბნეულნი რჩებიან და იღუპებიან. მაგრამ როდესაც სულიწმიდა დაისადგურებს ადამიანის გულში, აჩვენებს მას მის შინაგან სიგლახაკესა და სისუსტეს, მისი სულისა და გულის გახრწნილებასა და ღვთისაგან დაშორებულობას, და ყველა მისი სიკეთისა და სიმართლის გვერდით აჩვენებს მის ცოდვებსაც, სულის ხსნის საკითხში მის სიზარმაცესა და დაუდევრობას, აჩვენებს მის ანგარებას თითქოსდა უანგაროდ გაკეთებულ კეთილ საქმეებში, აჩვენებს მის უხეშ თავმოყვარეობას იქ, სადაც ვერც იფიქრებდა. ერთი სიტყვით, სულიწმიდა ყველაფერს თავისი ნამდვილი სახით აჩვენებს. და მაშინ ადამიანი იწყებს დამდაბლებას ნამდვილი თავმდაბლობით, საკუთარი თავისა და ძალებისადმი უნდობლობას, კარგავს იმედს მის მიერ გაკეთებული სიკეთეების, მიიჩნევს თავის თავს ყველაზე უარესად ადამიანთა შორის. და ამგვარად, მდაბლდება რა იესო ქრისტეს წინაშე, რომელიც ერთია წმინდა სადიდებლად ღმრთისა მამისა, იწყებს ჭეშმარიტ სინანულს და გადაწყვეტს, რომ აღარ შესცოდოს და უფრო ყურადღებით იცხოვროს. და თუ მართლაც აქვს რაიმე სათნოებები, ნათლად ხედავს, რომ აკეთებდა და აკეთებს ღვთის შეწევნით და ამიტომ იწყებს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე მინდობას.

7) სულიწმიდა ასწავლის ჭეშმარიტ ლოცვას. არავის, სანამ არ მიიღებს სულიწმიდას, არ შეუძლია ილოცოს ისეთი ლოცვით, რომელიც ჭეშმარიტად სათნოა ღვთისათვის, რადგან თუ ვინმე, ვისთანაც არ არის დავანებული სულიწმიდა, დაიწყებს ლოცვას, მრავალი მიმართულებით გაეფანტება გონება, ერთი საგნიდან მეორეზე გადაერთვება და ვერაფრით შეინარჩუნებს ყურადღებას ერთზე. ამასთანავე, არც საკუთარ თავს იცნობს სათანადოდ და არც თავისი საჭიროების შესახებ იცის რამე, არც ის, თუ რა ითხოვოს ან როგორ ითხოვოს ღვთისგან - მან ისიც კი არ იცის ვინ არის ღმერთი. მაგრამ ადამიანი, რომელშიც დაივანა სულიწმიდამ, იცნობს ღმერთს, ხედავს მას და იცის, რომ ის არის მისი მამა, იცის როგორ მიეახლოს მას, როგორ ითხოვოს და რა ითხოვოს მისგან. მისი აზრები ლოცვაში მწყობრია, სუფთაა და მიმართულია მხოლო ღვთისკენ. და, ჭეშმარიტად, ასეთს თავისი ლოცვით ხელეწიფება ყველაფერი - თუნდაც, მთების გადაადგილება.

აი, მოკლედ იმის შესახებ, თუ რას აძლევს საჩუქრად სულიწმიდა იმას, ვისთანაც დაივანებს! და თქვენ ხედავთ, რომ სულიწმიდის შეწევნისა და თანამოქმედების გარეშე შეუძლებელია არათუ ცათა სასუფეველში შესვლა, არამედ ერთი ნაბიჯის გადადგმაც ამ გზაზე. სწორედ ამიტომაა საჭირო სულიწმიდის მოძიება და მოხვეჭა და მისი დამკვიდრება ჩვენში ისევე, როგორც ჰქონდათ იგი წმიდა მოციქულებს. მაგრამ როგორ შეიძლება მისი მიღება და მოხვეჭა – ქვემოთ განვიხილოთ.

იესო ქრისტე ბრძანებს, რომ სულიწმიდა ქრის, სადაც ნებავს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და საით მიდის. ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია გვესმოდეს, ვგრძნობდეთ ან განვიცდიდეთ ჩვენში სულიწმიდის არსებობას ან მის შეხებას ჩვენს გულთან, მაგრამ შეუძლებელია განვსაზღვროთ დრო და ვითარება, როდის ინებებს მოსვლას.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ წმიდა მოციქულები სულიწმიდას იესო ქრისტესაგან იღებდნენ, და იღებდნენ არაერთხელ, იმ დროს, რომელიც მათთვის არ იყო წინასწარ გაცხადებული, არც მათ მიერ განსაზღვრული და დანიშნული, არამედ მაშინ, როდესაც ინებებდა იესო ქრისტე. მხოლოდ სულიწმიდის ბრწყინვალე გარდამოსვლის შესახებ იყო მათთვის ცნობილი, რაც აღესრულა კიდეც განსაზღვრულ დროსა და ადგილას, და მაშინაც მათ მიიღეს იგი არა რაიმე განსაკუთრებული დამსახურებების გამო, არამედ საჩუქრად, რწმენითა და იმედით. ერთსულოვანი ლოცვა კი, რომელშიც იმყოფებოდნენ უფლის აღდგომიდან სულიწმიდის გარდამოსვლამდე, იყო არა იმდენად საშუალება სულიწმიდის მისაღებად, არამედ უფრო მათი მომზადება ამისათვის. შესაბამისად, არავის შეუძლია თქვას დარწმუნებით, რომ მიიღებს სულიწმიდას გარკვეულ დროსა და გარკვეული საშუალებით. სულიწმიდის მადლი არის ღვთის საჩუქარი. საჩუქრები კი გაიცემა მოულოდნელად და იმ დროს, რა დროსაც სურს საჩუქრის გამცემს, და მისცემს იმას, ვისთვისაც თავად სურს. ამიტომ ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს მიიღოს სულიწმიდა ამა თუ იმ სახით და ამა თუ იმ დროს, ხოლო ისინი, ვინც სულიწმიდის მისაღებად თავად იგონებს რაღაც გზებსა და საშუალებებს, არათუ არ მიიღებენ მას, არამედ დიდ ცოდვას იდებენ თავზე.

მაგრამ ვიდრე საუბარს დავიწყებთ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ სულიწმიდა, უნდა ვთქვათ, რომ სულიწმიდის მიღებას შეძლებს მხოლოდ შეჭმარიტი მორწმუნე ანუ ერთი წმიდა კათოლიკე მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელი, აღმსარებელი სწორად, ყოველგვარი შემატებისა და დაკლების ან ცვლილების გარეშე, ისე, როგორც გადმოგვცეს წმიდა მოციქულებმა და განმარტეს და დაამტკიცეს წმინდა მამებმა მსოფლიო კრებებზე. ყოველი ეჭვი და ბრძნობა რწმენის შესახებ არის ურჩობა, დაუმორჩილებლობა; და დაუმოროჩილებელი და ურჩი ვერ იქნება სულიწმიდის ტაძარი ან სამკვიდრებელი. სულიწმიდის მისაღებად ცხადი და უტყუარი საშუალებები, წმიდა წერილის სწავლებითა და უდიდეს წმინდანთა გამოცდილებით, არის შემდეგი:

1) გულის სიწმიდე და უმანკოება

2) თავმდაბლობა

3) ღვთის ხმის სმენა

5) ყოველდღიური თავის უარყოფა

6) წმიდა წერილის კითხვა და მოსმენა

7) საეკლესიო საიდუმლოები, განსაკუთრებით ზიარება

ყოველი ერთგული სული აღივსება სულიწმიდით, თუ ის განწმედილია ცოდვებისაგან, და არ არის გადავსებული მიუწვდომელი თავმოყვარეობითა და ამპარტავნებით, რამეთუ სულიწმიდა ყოველთვის გარემოგვიცავს და სურს ჩვენი აღვსება, მაგრამ ჩვენი ბოროტი საქმეები აღმართულია, როგორც ქვის მყარი გალავანი, არ უშვებენ მას ჩვენამდე და უფრო და უფრო გვაშორებენ მას. ნებისმიერ ცოდვას შეუძლია ჩვენი დაშორება სულიწმიდისაგან, განსაკუთრებით საძაგელი ხორციელი სიბილწე და სულიერი სიამაყეა. სულიწმიდა, როგორც ყოვლად სიწმიდე, შეუძლებელია იმყოფებოდეს ადამიანში, რომელიც ცოდვებით წაბილწულია. მართლაც, როგორ შეუძლია მას დაივანოს ჩვენს გულში, რომელიც აღსავსეა და გადავსებული სხვადასხვა საზრუნავით, სურვილებითა და ვნებებით?!

ამიტომ:

1) თუ გვსურს, რომ სულიწმიდა, რომელსაც ნათლობის დროს ვიღებთ, არ განგვეშოროს ან დაგვიბრუნდეს, წმიდა უნდა ვიყოთ გულით და უნდა დავიცვათ სხეული სიბილწისაგან, რადგან ჩვენი გული და ჩვენი სხეული ტაძარი უნდა იყოს სულიწმიდის, და თუ ვინმე არის წმიდა გულით და წაუბილწავი სხეულით, სულიწმიდა დაემკვიდრება მასში და მოიცავს მის გულს და სხეულს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არ მიენდობა თავის კეთილ საქმეებს და არ დაიწყებს თავის ქებას და არ მიიჩნევს თავის თავს, რომ ღირსია მიიღოს სულიწმიდის ნიჭი როგორც დამსახურებული ჯილდო.

მაგრამ თუ, საუბედუროდ, წაიბილწე გული და გაიხრწენი სხეული, შეეცადე განიწმინდო სინანულით – შეწყვიტე ცოდვის ჩადენა და შემუსვრილი გულით მოინანიე, რომ დღემდე შეურაცხყოფდი ღმერთს, შენს ყოვლადმოსიყვარულე მამას, შეინანე და დაიწყე ცხოვრება მეტი წინდახედულებით: მაშინ შენც შესძლებ მიიღო სულიწმიდა.

2) სულიწმიდის მისაღებად ყველაზე უტყუარი საშუალებაა სიმდაბლე. რომც იყო პატიოსანი, კეთილი, სამართლიანი, მოწყალე და რომ ასრულებდე კიდეც ღვთის ყველა მცნებას, უღირს მონად მიიჩნიე თავი ყოველთვის, იარაღად ღვთის ხელში, რომლის საშუალებითაც ღმერთი მოქმედებს. ამასთანავე, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს კეთილ საქმეებს და თვით ყველაზე დიდ სათნოებებს, განა ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომ ქრისტიანულ სათნოებად შევრაცხოთ? ჩვენ ხომ ხშირად გავცემთ მოწყალებას ან ვეხმარებით გაჭირვებულ ძმებს პატივმოყვარეობითა და თავმომწონეობით, როგორც ფარისეველები ან ანგარებით – როგორც მევახშეები, იმ განზრახვით, რომ იმ ერთი თეთრით, რომელიც გავიღეთ და მივეცით გლახაკს, მივიღოთ ღვთისგან ასობით და ათასობით?! რა თქმა უნდა, კეთილი საქმე ყოველთვის დარჩება კეთილ საქმედ, ამიტომ განაგრძე აღასრულო და გაამრავლო კეთილი საქმეები. ყოველი კეთილი საქმე შეიძლება შევადაროთ ოქროს, ოქრო კი, თუნდაც გაუწმენდავი, მაინც ფასობს: საკმარისია ოსტატის ხელში მოხვდეს და ის შეიძენს თავის ნამდვილ ფასს. მსგავსადვე, შენი კეთილი საქმეებიც შეიძენენ თავიანთ ფასს, თუ სრული ნდობით გადასცემ მათ დიდებული ხელოვნის ნებას, ანუ უფალს, და მიენდობი მას. ამიტომ განაგრძე იყო პატიოსანი, კეთილი, სამართლიანი, მოწყალე და მცნებების ერთგული დამცველი. და თუ გსურს, რომ შენს კეთილ საქმეებს ჰქონდეს ჭეშმარიტი ფასი, ნუ იტრაბახებ მათით და ნუ მიიჩნევ მათ ბაჯაღლო ოქროდ, რომელსაც ზეციური საუნჯის ფასი აქვს. შენ არ ხარ ოსტატი, შენ არ შეგიძლია შეფასება, ოქროს ჭეშმარიტ ფასს სძენს ხელოვნება, ხოლო სათნოებებს – სიყვარული, მაგრამ სიყვარული ქრისტიანული, წრფელი, უანგარო, სიყვარული, რომელსაც იძლევა მხოლოდ სულიწმიდა. ყველაფერი, რაც გაკეთებულია არა ქრისტიანული სიყვარულით, არამედ უსიყვარულოდ ანუ სულიწმიდის გარეშე, არ არის შეჭმარიტი სათნოება. სწორედ ამიტომ, ადამიანი, რომელშიც არ არის სულიწმიდა, ყველა თავისი სათნოების მიუხედავად, უქონელია და ღარიბი.

სიმდაბლეა ისიც, რომ თავს დამტყდარი ჭირი, მწუხარება და უბედურება უდრტვინველად მოითმინო და ჩათვალო ისინი შენი ცოდვების საზღაურად და სასჯელად, ნუ იტყვი: „უბედური ვარო!“ არამედ თქვი – „ჩემი ცოდვების გამო მეტი მეკუთვნოდა!“ და ითხოვე ღვთისგან, რომ განსაცდელი კი არ მოგაცილოს, არამედ ძალა მოგცეს მის გადასატანად.

3) სულიწმიდის მიღება შეიძლება ღვთის გულმოდგინე მოსმენით. ღვთის ხმა, რომელიც ისმის ნათლად, გარკვევით და გასაგებად, ისმინება ყველგან და ყველაფერში, ამისთვის ღმერთი, როგორც კაცთმოყვარე მამა, შენი დაბადებიდანვე ყოველდღიურად გესაუბრება და გიხმობს თავისკენ, გაფრთხილებს, გარიგებს, გასწავლის და შეგაგონებს. მაგალითად: უბედური ხარ ან გაწყენინა ვინმემ, გარდაგეცვალა ვინმე ან თავად ხარ ავად, ან დამწუხრებული ხარ და მიზეზს ვერ ხედავ (რაც ყველას ხშირად მოსდის) – ამ ყველაფერში შენ შეგიძლია ისმინო ღვთის ხმა, რომელიც მოგიწოდებს, რომ გამოფხიზლდე, და იმის ნაცვლად, რომ ადამიანებისგან ეძებდე დახმარებასა და ნუგეშს – სინანულით მობრუნდი ღვთისკენ და მხოლოდ მასთან ეძებე შეწევნა და ნუგეში; ან, დავუშვათ, რომ ბედნიერად ცხოვრობ, ან ცხოვრობ შეძლებულად და სიუხვეში, ყველა შენი საქმე და გარემოებები საუკეთესო მდგომარეობაშია, და შენ ვერ ხედავ წუხილისა და სევდის მიზეზს, მეტიც, არცთუ იშვიათად გიხარია და ხანდახან სულიერ სიხარულსაც განიცდი, ეს ყველაფერი ღვთის ხმა არის, რომელიც გესიტყვება, რომ მთელი შენი გულით გიყვარდეს ღმერთი, რომელიც ამგვარად გწყალობს და რომ მადლობდე მას მთელი შენი ძალით, და სარგებლობ რა ამ სოფლის ყველა სიკეთით, არ დაივიწყო, რომ გაახარო იესო ქრისტეს უმცროსი ძმები – გლახაკები, არ დაივიწყო, ასევე, ნამდვილი ზეციური სიხარული და სიკეთეები და ვინ არის წყარო ყოველგვარი სათნოებისა და სახარულის. ან ვინ არის ისეთი, ვისაც არ დალაპარაკებია ან არ ელაპარაკება უფალი მის თავს გადამხდარი სხვადასხვა თავგადასავლით?! – ჩვენ გვესმის, და გვესმის ნათლად და მკაფიოდ, მაგრამ მცირედნი თუ იგებენ და მოქმედებენ ღვთის ხმის მიხედვით. ჩვენ, ჩვეულებრივ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს წუხილსა და სევდაში ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ვეძებთ თავდავიწყებას ამაო ფაციფუცსა და გართობაში; და იმის ნაცვლად, რომ ღვთის ამგვარი ჩვენთან მყოფობა მივიღოთ როგორც საკურნებელი რამ და სარგებელი შევძინოთ ჩვენს სულს, ვცდილობთ როგორმე თავი დავაღწიოთ მათგან და ვდრტვინავთ და წყობიდანაც გამოვდივართ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ ღმერთში ვეძიოთ ნუგეში, რომელიც არის წყარო ყველა ნუგეშისა, ვეძებთ მას წუთისოფელსა და ამქვეყნიურ სიამოვნებებში. ხოლო როდესაც კეთილდღეობასა და ბედნიერებაში ვართ, იმის ნაცვლად, რომ მეტად და მეტად გვიყვარდეს ღმერთი, კეთილისმყოფელი ჩვენი, ვივიწყებთ მას. და იმის ნაცვლად, რომ სათნოებები, რომელთაც მოგვმადლებს ღმერთი, გამოვიყენოთ ყველასთვის სასარგებლოდ და გაჭირვებაში მყოფი ძმების დასახმარებლად, ვიყენებთ მათ ჩვენი ახირებებისა და უსარგებლო სურვილების დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც კანონსაწინააღმდეგო და საშიშია წაუყრუო და არ ისმინო მიწიერი მეფის ხმა, იმდენად უმეტესი დანაშაული და ცოდვაა ყურადღება არ მიაქციო და არ ისმინო ზეციური მეუფის! ასეთი დაუდევრობითა და უყურადღებობით შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ, მრავალგზის და განუწყვეტელი ხმობისა და მოწოდების შემდეგ, ღმერთმა განგვიშოროს, როგორც ჯიუტი ბავშვები და მიგვიშვას, რომ ვაკეთოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ: ამის გამო კი, შესაძლებელია, გონება იმდენად დაგვიბნელდეს, რომ ყველაზე საშინელი და საძაგელი ცოდვებიც ადამიანის ბუნების გარდაუვალ სისუსტეებად მოგვეჩვენოს. ამიტომ რამდენადაც სასარგებლოა და საცხოვნებელი ღვთის ხმისადმი ყურადღება, იმდენად დამღუპველი და საშინელია მისი არმოსმენა და მისთვის ზურგის შექცევა.

4) სულიწმიდის მიღება შეიძლება ლოცვით. ეს არის ყველაზე მარტივი და სანდო საშუალება, რომელიც ყველას და ყოველთვის შეუძლია გამოიყენოს. ცნობილია, რომ ლოცვა არის გარეგანი და შინაგანი: ვინც ლოცულობს და ასრულებს მეტანიებს სახლში ან ეკლესიაში – ლოცულობს გარეგნულად. და ვინც სულითა და გულით მიმართავს ღმერთს და ცდილობს განუწყვეტლივ ახსოვდეს გონებით, ლოცულობს შინაგანად. ამათგან რომელია უკეთესი, ქმედითი და სათნო ღვთისათვის - ყოველმა თქვენგანმა იცის. ისიც იცით, რომ ღვთისადმი ლოცვა შეიძლება ყველგან და ყოველთვის, ყოველ ადგილას და მაშინაც, როდესაც ცოდვა გვძლევს. შეიძლება ილოცო საქმის დროს, საქმის გარეშეც, დღესასწაულებზეც და უქმე დღეებშიც, დამდგარმა, დამჯდარმა და დაწოლილმა – თქვენ ეს იცით! მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ, მართალია, შინაგანი ლოცვა ყველაზე ძლიერი საშუალებაა ღვთის მადლის მისაღებად, მაგრამ გარეგანი ლოცვა არ უნდა მივატოვოთ, განსაკუთრებით – საზოგადო ლოცვები. ბევრი ამბობს: რატომ უნდა ვიარო ეკლესიაში? შემიძლია სახლშიც ვილოცო. ასე მეტად შესცოდავ, ვიდრე ილოცებ. მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რა აიძულებს ადამიანებს ასე იფიქრონ - სამართლიანობა თუ კეთილგონიერება? სულაც არა! - მათ სიზარმაცე და სიამაყე აიძულებთ ასე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ხანდახან ისეც ხდება, რომ ეკლესიაში მყოფიც შესცოდავ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიაში მიხვედი, არამედ იმიტომ, რომ მიხვედი სხვა სულით, არა ისეთით, როგორიც საჭირო იყო, და დგახარ ეკლესიაში არა იმიტომ, რომ ილოცო, არამედ სხვა რამისათვის. შეხედეთ იმათ, ვინც არ დადის ეკლესიაში ზემოთქმული მიზებით: და განა ლოცულობენ სახლში? სულაც არა, თუ ზოგიერთი ლოცულობს კიდეც, უმეტესად – ფარისეველივით, რადგან მთელი მათი ლოცვა შეიძლება გამოიხატოს იმავე სიტყვებით, რომლითაც ლოცულობდა ფარისეველი: „ღმერთო, მადლობა, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ცოდვილები და უსამართლოები“. მაშ, ასე: იარე საზოგადო ლოცვებზეც და ილოცე სახლშიც, წმიდა ხატების წინ, და ნუ მიაქცევ ყურადღებას ზოგიერთი ჭკვიანის ბრძნობას.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანს, რომელშიც არ არის სულიწმიდა, არ შეუძლია ილოცოს ნამდვილი ლოცვით. ეს სრული ჭეშმარიტებაა. საჭიროა ბევრს ეცადო და იშრომო იმისათვის, რომ ილოცო წმიდა ლოცვით; უცებ და ერთბაშად შეუძლებელია იქამდე მისვლა, რომ გული და აზრები ღვთისაკენ მიმართო, რადგან არა მარტო ჩვენ გვემართება ეს, უბრალო ადამიანებს, არამედ მრავალს იმათგანაც, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვას მიუძღვნა. ამგვარად, გსურს, რომ აზრები ღვთისაკენ მიმართო, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა საქმისკენ იფანტებიან; გსურს გონებით იყო ღმერთთან – შენთან კი სულ სხვა აზრები მოდის, ხანდახან – საშინელიც.

ჭეშმარიტ ლოცვას შეუძლია გული საამოდ დაგიმშვიდოს, ისე რომ, მრავალი წმიდა მამა დღე და ღამ განუწყვეტლივ ლოცულობდა, და ამ სიტკბოთი აღფრთოვანებულნი ვერ ამჩნევდნენ დროსა და ლოცვის ხანგრძლივობას. მათთვის ლოცვა შრომა კი არ იყო, არამედ სიამოვნება. მაგრამ ადვილი არ არის ასეთი მდგომარეობის მიღწევა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბავშვობიდან თავისუფალ გასაქანს აძლევდა თავის ვნებებს და ახშობდა სინდისის ხმას. თუმცა ამქყვეყნად რა ან რომელი მეცნიერება და ხელოვნება, ან ნუგეშისცემა გვეძლევა მარტივად, სწრაფად და შრომის გარეშე? ამიტომაც ილოცე, ილოცე, იმის მიუხედავად, რომ ლოცვით ვერ იღებ რაიმე ნუგეშს ან სიამოვნებას, – ილოცე ბეჯითად და შეძლებისდაგვარად გულმოდგინედ, მიაჩვიე შენი თავი ლოცვას და საუბარს ღმერთთან; შეეცადე თავი მოუყარო გაფანტულ ფიქრებს და შეაკავო ისინი, და იგრძნობ, რომ ნელ–ნელა უფრო გაგიადვილდება, ხანდახან ტკბილ ნუგეშსაც იგრძნობ. თუ გულმოდგინე იქნები, სულიწმიდა, რომელიც დაინახავს შენს მონდომებას და გულწრფელ მცდელობას, მალევე დაგანახებს და შემდეგ, შემოვა რა შენში, გასწავლის ჭეშმარიტ ლოცვას.

ყველაზე იოლია ლოცვა რაიმე უბედურების ან მწუხარებისას, ამიტომ ხელიდან ნუ გაუშვებ ამგვარ შემთხვევას და გამოიყენე ის, გადმოღვარე შენი მწუხარება ღვთის წინაშე ლოცვით.

იესო ქრისტე მოგვიწოდებს ვილოცოთ გამუდმებით.

ბევრი იკითხავს: ერში მცხოვრებმა როგორ უნდა ილოცოს განუწყვეტლივ? თუ მხოლოდ ლოცვით დავკავდებით, როგორღა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და როდისღა გავაკეთოთ ჩვენი საქმეები? უწყვეტ გარეგან ლოცვას – ანუ გამუდმებით სალოცავად დგომას – ცხადია, ვერ შევძლებთ, რადგან უნდა შევასრულოთ სხვა ვალდებულებებიც და უნდა ვიშრომოთ კიდეც. მაგრამ ვინც თავის შინაგან სიღატაკეს განიცდის, ის განუწყვეტლივ ილოცებს თავისი საქმიანობის დროსაც; ვისაც გულით სურს ცათა სასუფევლის დამკვიდრება, შემთხვევასაც გამოძებნის და დროსაც, რომ ილოცოს შინაგანად და გარეგნულად: ის ყველაზე მძიმე და უწყვეტი სამუშაოს პირობებშიც გამონახავს დროს, რომ მიმართოს და თაყვანი სცეს ღმერთს. ლოცვისთვის დროს მხოლოდ ის ვერ პოულობს, ვისაც არ სურს ლოცვა.

ასევე ნათქვამია, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს, ანუ ცოდვილები არ მიიღებენ ღვთისაგან იმას, რასაც ითხოვენ. მართლაც, ასეა! მაგრამ რომელ ცოდვილებს არ მოუსმენს ღმერთი? ისეთებს, რომლებიც ლოცულობენ ღვთის წინაშე, მაგრამ არ ფიქრობენ თავიანთ მოქცევაზე; არც იმათ უსმენს, რომლებიც სთხოვენ ღმერთს, რომ მიუტევოს მათ მათი ცოდვები, თვითონ კი სხვების პატიება არ სურთ. რა თქმა უნდა, ღმერთი ასეთების ლოცვას არ შეისმენს და არ შეასრულებს მათ ვედრებას. ამიტომ, როდესაც ლოცვით ითხოვ, რომ შენი ცოდვები გეპატიოს, თავადაც აპატიე სხვებს და მიუტევე შეცოდებები, თუ გსურს, რომ მოწყალე იყოს შენ მიმართ ღმერთი, თავადაც მოწყალე იყავი სხვების მიმართ და მაშინ შეგიწყალებს და შეისმენს შენს ლოცვას უფალი.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლოცვა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, კარგია როდესაც შეგიძლია ილოცო და ადიდო ღმერთი ფსალმუნებითა და სულიერი გალობით, მაგრამ თუ უსწავლელი ხარ, საკმარისია იცოდე მნიშვნელოვანი ლოცვები, განსაკუთრებით კი უფლის ლოცვა („მამაო ჩვენო“), რადგან ამ ლოცვაში, რომელიც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვცა, გადმოცემულია ჩვენი ყველა საჭიროება. მაგრამ როდესაც გარემოებები არ გაძლევს საშუალებას, რომ დიდხანს ილოცო, თქვი უბრალო ლოცვა, როგორიცაა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ან „ღმერთო, შემეწიე მე!“ ან „ღმერთო, განმწინდე მე ცოდვებისაგან!“ ან „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

5) ერთმა წმიდა მამამ ამგვარი რამ თქვა: თუ გსურს, რომ შენი ლოცვა ღმერთამდე აფრინდეს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და მოწყალება.

სანამ იმის შესახებ ვისაუბრებთ თუ რა არის მარხვა, განვიხილოთ თუ რატომაა ის დადგენილი. მარხვის მიზანი და დანიშნულებაა თავშეკავებით მოთოკოს და შეამზადოს სხეული, რათა მეტად დაემორჩილოს სულს, რადგან მაძღარი და მსუქანი სხეული მოსვენებისა და ნებივრობისაკენ ისწრაფვის, სიზარმაცისაკენაა მიდრეკილი და ხელს უშლის ღვთის შესახებ ფიქრს; ის, ასე ვთქვათ, ბოჭავს და ავიწროვებს სულს და ამ დროს ის ემსგავსება თავნება, განებივრებულ და ჭირვეულ ცოლს, რომელიც ქმარზე მბრძანებლობს.

მაშ, ასე, რა არის მარხვა? მარხვა სხვადასხვაგვარია. ადამიანისთვის, რომელიც ფუფუნებაშია აღზრდილი, მარხვა სხვა რამ არის და იმისთვის, ვინც უბრალო და უხეშ გარემოშია აღზრდილი – სხვა, რადგან ერთისთვის არაფერია უხეში საკვების გამოყენება და ჯანმრთელად ყოფნა, რამდენიმე დღე საკვების გარეშე დარჩენაც არაფერს ნიშნავს, სხვისთვის კი მკვეთრი ცვლილება კვებისას შეიძლება მეტად საგრძნობი იყოს და ზიანის მომტანიც. ამიტომ, საზოგადოდ, მარხვა – ეს არის თავშეკავება და კვების მიღებისას მკაცრი ზომიერება. შესაბამისად, ზომიერად გამოიყენე საკვები, შეეცადე, რომ მოთოკო სხეულის სურვილები და საერთოდ არ შეასრულო მისი ახირება, რომელიც უსარგებლოა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ცხოვრების გასაგრძელებლად, - მაშინ შენი მარხვა იქნება ჭეშმარიტი.

მაგრამ სხეულით მარხვისას აუცილებელია სულიერადაც იმარხულო ანუ თავი შეიკავო ბოროტმეტყველებისაგან, არ თქვა ცუდი და არასაჭირო, მოთოკო სურვილები და გაანადგურო ვნებები; მაგალითად: დღეს გონებაში მოსულ უხამს და უსარგებლო აზრებს არ დაემორჩილო; ხვალ, თუ გარემოებები გიბიძგებენ განურისხდე ვინმეს, დაიმორჩილე თავი და ნუ მიუშვებ თავის ნებაზე შენს გულსა და ენას; ზეგ, თუ სურვილი გაგიჩნდება გასართობად წახვიდე, გასნაკუთრებით იქ, სადაც შეიძლება დაინახო და გაიგო უხამსობა, არ წახვიდე – და ა. შ. ამგვარად განაგრძე სძლიო საკუთარ თავს. ამის შემდეგ დაიწყე შენი აზრების შეკავება და მოწესრიგება, რომ არ იხეტიალონ იქ, სადაც არაფერი ესაქმებათ, რადგან აზრებით ბევრი ბოროტება ხდება. უნდა ითქვას, რომ არაფერია იმაზე რთული, აზრები შეაკავო და მოაწესრიგო; და უნდა ითქვას, რომ აზრების უცებ მოწესრიგება და განწმენდა ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია უცებ მოთოკვა და დაურვება ისეთი ცხენისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად იყო გაჭრილი ველად და არ იცოდა რა იყო ლაგამი; მსგავსადვე – ერთბაშად აზრების მოწესრიგება შეუძლებელია იმისთვის, ვინც მთელი ცხოვრება თავისუფალ გასაქანს აძლევდა მათ. და თანაც, როდესაც ცხოვრობ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, დაკავებული ხარ მხოლოდ მიწიერი საზრუნავით და ნაკლებად ფიქრობ ქრისტინის ვალდებულებებზე, გეჩვენება, რომ შენი აზრები წესრიგშია და სუფთაა, მაგრამ დაიწყებ თუ არა ფიქრს შენი ცხონების შესახებ, ისინიც მაშინვე დაიწყებენ ფორიაქს, სწორედ ისე, როგორც დამდგარი ჭაობის წყალი, რომელიც, ჩვეულებრივ, სანამ ხელს არ ახლებენ, გამჭირვალე და სუფთაც კი ჩანს, მაგრამ რაც უფრო მეტად მოინდომებენ ჭაობის გაწმენდას, მით უფრო იმღვრევა. ასევეა აზრები, საბოლოოდ, თვით ეშმაკი ცდილობს მათ აფორიაქებას. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, შეეწინააღმდეგე შენს აზრებს, შეებრძოლე მათ, გაძლიერდი და გამხნევდი, ნურასოდეს ჩავარდები სასოწარკვეთილებაში და ნუ იფიქრებ, რომ შეუძლებელია შეაჩერო და განწმინდო შენი აზრები, ეცადე, რამდენადაც ეს შენს შესაძლებლობებშია, სთხოვო დახმარება ღმერთს, და სულიწმიდა, რომელიც დაინახავს შენს გულწრფელ სურვილს, დამკვიდრდება შენში და დაგეხმარება.

რა არის მოწყალება? ჩვეულებრივ, მოწყალებას ვუწოდებთ გლახაკთა შეწევნას. თუმცა მოწყალებად უნდა მივიჩნიოთ ყველა კეთილი საქმე, როგორებიცაა: მშიერის დაპურება, მწყურვალის დარწყულება, შიშველის შემოსვა, ავადმყოფისა და სამპყრობილეში მყოფის მონახულება და მათი დახმარება, უსახლკაროთა დაბინავება, ობლის შეფარება და ა. შ. მაგრამ იმისთვის, რომ შენი მოწყალება სასარგებლო იყოს, ეს ყველაფერი ტრაბახის გარეშე უნდა გააკეთო, სურვილი არ უნდა გქონდეს კეთილი საქმეების გამო შეგაქონ და ღარიბებმა მადლობა გადაგიხადონ. ისე მოიქეცი, როგორც იესო ქრისტე გვასწავლის, რომ შენმა მარცხენამ არ იცოდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა, და მაშინ, ზეციერი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს ხილულად.

6) სულიწმიდის მიღება შესაძლებელია წმიდა წერილის – ღვთის შეჭმარიტი სიტყვის – სმენითა და კითხვით. წმიდა წერილი ის განძია, რომლისგანაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს სინათლეც და სიცოცხლეც: სინათლე – რომელსაც შეუძლია გაანათლოს და განაბრძნოს ადამიანი, და სიცოცხლე – რომელსაც შეუძლია გააცოცხლოს, ანუგეშოს და დაატკბოს ის. წმიდა წერილი არის ღვთის უდიდესი სათნოება გამოვლენილი ადამიანისადმი, რომლის გამოყენება შეუძლია ყველას, ვინც ამას ისურვებს. წმიდა წერილი არის ღვთის უდიდესი და უმშვენიერესი სიბრძნე, რომლის გაგება და შეცნობა შეუძლია ყველაზე უბრალო და განუსწავლელ ადამიანსაც, სწორედ ამიტომ, ბევრი უბრალო ადამიანი, რომელთაც წაიკითხეს ან მოისმინეს წმიდა წერილი, ღვთისმოსავი გახდა და მიიღო სულიწმიდა; თუმცა იყვნენ ისეთებიც, განსწავლულები, რომლებიც კითხულობდნენ წმიდა წერილს, მაგრამ გზა აებნათ და დაიღუპნენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ერთნი უბრალო გულით კითხულობდნენ, გონების ტრიალისა და ბრძნობის გარეშე, და ეძებნდენ არა ცოდნას, არამედ მადლს, ძალასა და სულს, სხვები კი, პირიქით, მიიჩნევდნენ რა თავიანთ თავს ბრძნებად და ყოვლისმცოდნეებად, მასში ეძებდნენ არა ღვთის სიტყვის ძალასა და სულს, არამედ ამქვეყნიურ სიბრძნეს, და იმის ნაცვლად, რომ სიმდაბლით მიეღოთ რისი გაცხადებაც ღმერთს სურდა მათთვის, არამედ ცდილობდნენ თავად გაეგოთ და განეჭვრიტათ დაფარული. ამის გამო ურწმუნოებასა თუ მწვალებლობაში ჩაცვივდა მრავალი, რადგან უფრო ადვილია მთელი ზღვა ჩაეტიოს ფიალაში, ვიდრე ადამიანის გონებამ დაიტიოს ღვთაებრივი სიბრძნის მთელი სისრულე.

ამიტომ, როდესაც წმიდა წერილს უსმენ ან კითხულობ, გვერდით გადადე ყოველგვარი ცრუბრძნობა, დაემორჩილე სიტყვასა და იმის ნებას, ვინც წმიდა წერილის მეშვეობით გესაუბრება და ევედრე იესო ქრისტეს, რომ თავად მან გაგიცხადოს და გაგინათოს გონება და მოგმადლოს სურვილი, რომ იკითხო წმიდა წერილი და აღასრულო ის, რაც მასში წერია.

დედამიწაზე ბევრი წიგნია სასარგებლოდ და სულის გადასარჩენად მიჩნეული, თუმცა მხოლოდ ისინი უნდა მივიჩნიოთ ასეთად, რომლებიც დაფუძნებული არიან წმიდა წერილზე და რომლებიც ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას; შესაბამისად, ასეთი წიგნების კითხვა შეიძლება და საჭიროცაა, მაგრამ მათი შერჩევისას უნდა გავფრთხილდეთ, რათა სულის ხსნისათვის საჭირო წიგნის ნაცვლად ხელთ ისეთი არ შეგვრჩეს, რომელსაც თქვენი სულის დაღუპვა შეუძლია.

იესო ქრისტემ ბრძანა: „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ჩემშია და მე – მასში, [და] აქვს ცხოვრება საუკუნო და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“ (ინ. 6: 54, 56) ე.ი. ვინც ღირსეულად მიეახლება წმიდა ზიარებას, ის საუდუმლოდ უერთდება იესო ქრისტეს – ანუ ვინც შეჭმარიტი სინანულით, სუფთა სულით, ღვთის შიშითა და რწმენით მიიღებს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ის, ამავდროულად, მიიღებს სულიწმიდას, რომელიც ამ ადამიანში განამზადებს ადგილს თვით იესო ქრისტეს და მამა ღმერთის მისაღებად და, შესაბამისად, ის გახდება ცოცხალი ღვთის ტაძარი და სამკვიდრებელი. მაგრამ ვინც უღირსად ეზიარება იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ანუ უწმინდური სულით და გულით, რომელიც სავსეა გულისწყრომით, შურისძიებით და სიძულვილით, არათუ არ მიიღებს სულიწმიდას, არამედ ემსგავსება იუდა მოღალატეს და მეორედ აცვამს ჯვარს იესო ქრისტეს.

პირველი საუკუნეების ქრისტიანები, გრძნობდნენ რა წმიდა საიდუმლოების დიდ მნიშვნელობას და სულიერ სარგებელს, ყოველ კვირა დღეს და ყოველი დღესასწაულის დროს ეზიარებოდნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს; ამიტომაც ჰქონდათ, როგორც „მოციქულთა საქმე“ გვაუწყებს, ერთი გული და ერთი სული; მაგრამ, ღმერთო ჩემო! რა დიდი სხვაობაა მათსა და ჩვენ შორის! რამდენი ჩვენგანია ისეთი, რომელიც წლებია, არ ზიარებულა! და რამდენია, რომელიც სულაც არ ფიქრობს ამის შესახებ!

ღვთის გულისათვის, იქონიეთ სურვილი მიიღოთ წმიდა ზიარება, და, უკიდურეს შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ მაინც, ყოველი თქვენგანი აუცილებლად ეზიაროს. ქრისტეს სისხლი და ხორცი, ჭეშმარიტად, მრავალი სენისა და უძლურების მკურნალია, და განა არის რომელიმე ჩვენგანი სრულიად ჯანმრთელი? ან ვის არ სურს განიკურნოს და მიიღოს შვება? სისხლი და ხორცი ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი, საგზალია ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე. და განა შეიძლება შორ და რთულ გზაზე წასვლა საგზლის გარეშე? იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ხილული სიწმიდეა, ბოძებული და დატოვებული ჩვენთვის თვით იესო ქრისტეს მიერ ჩვენს განსაწმედელად. და ვინ არ მოისურვებს იყოს ასეთი სიწმიდის თანამონაწილე და განიწმიდოს? მაშ, ნუ დაიზარებთ მიეახლოთ ცხოვრების, უკვდავების, სიყვარულისა და სიწმიდის ბარძიმს, მაგრამ მიეახლეთ ღვთის შიშითა და რწმენით. ხოლო ვისაც არ სურს და არ ადარდებს, მას არ უყვარს იესო ქრისტე, ასეთი ვერ მიიღებს სულიწმიდას და, შესაბამისად, ვერ შევა ცათა სასუფეველში.

აი, ყველა ის გზა და საშუალება, რომლითაც შეგვიძლია მივიღოთ სულიწმიდა: გულის სიწმინდე და უბიწო ცხოვრება, თავმდაბლობა, ღვთის მორჩილება, ლოცვა, საკუთარი თავის უარყოფა, წმიდა წერილისკითხვა და მოსმენა, და ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარება. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი სულიწმიდის მიღების საშუალებაა, მაგრამ უკეთესია და უფრო საიმედო ყველას ერთად გამოყენება: მაშინ, ჭეშმარიტად, შესაძლებელია მიიღოთ სულიწმიდა და გახდეთ წმიდა.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ რომელიმე თქვენგანი ღირსი გახდება მიიღოს სულიწმიდა, მაგრამ როგორღაც ისევ შესცოდავს და ცოდვით დაეცემა, და ამის გამო განეშორება სულიწმიდა, ასეთი ნუ წარიკვეთს სასოს და ნუ იფიქრებს, რომ ყველაფერი დაკარგა, არამედ უმეტესი გულმოდგინებით შეჰღაღადოს ღმერთს სინანულითა და ლოცვით, და სულიწმიდა კვლავ დაბრუნდება მასთან.


წინა თავი შემდეგი თავი