მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე

მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე
წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტი

დასკვნა

აი, ძმებო! როგორც შემეძლო, გაჩვენეთ გზა ცათა სასუფეველისკენ და უკვე თავადაც დარწმუნდით, რომ:

1) იესო ქრისტეს რწმენის გარეშე ვერავინ დაბრუნდება ღმერთთან და ვერ შევა ცათა სასუფეველში.

2) თუნდაც ირწმუნოს იესო ქრისტესი, მისი მოწაფე ვერ დაერქმევა იმას, ვინც არ მოიქცევა და არ იცხოვრებს ისე, როგორც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავად იესო ქრისტე დედამიწაზე და, შესაბამისად, ვერ იცხოვრებს მასთან ერთად ზეცაში.

3) ვერავინ ვერ გაჰყვება იესო ქრისტეს სულიწმიდის შეწევნის გარეშე.

4) ვისაც სურს მიიღოს სულიწმიდა, მან უნდა გამოიყენოს ის საშუალებები, რომლებიც მოგვმადლა თავად უფალმა.

და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გზა ცათა სასუფევლისაკენ, რომელიც გაგვიკვალა იესო ქრისტემ, არის ერთადერთი – არ ყოფილა, არ არის და არ იქნება სხვა გზა, გარდა იმ გზისა, რომელიც გვიჩვენა იესო ქრისტემ! რა თქმა უნდა, მძიმე და რთულია ეს გზა, მაგრამ, სამაგიეროდ, ის პირდაპირ და უტყუარად მიგვიძღვის შეჭმარიტი და მარადიული ნეტარებისაკენ. რთულია გზა ცათა სასუფევლისაკენ, მაგრამ არა მარტო ამ გზაზე, არამედ მის დასაწყისშიც შეიძლება განვიცადოთ ისეთი ნუგეში და ნეტარება, როგორსაც ვერასოდეს შეხვდები მიწიერი ცხოვრების გზაზე. რთულია და მძიმე გზა ცათა სასუფეველისკენ, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მზად არის დასახმარებლად: უფალი იესო ქრისტე მზად არის დაგვეხმაროს ვიაროთ ამ გზაზე, იგი მოგვმადლებს სულიწმიდასაც და გვიგზავნის ანგელოზებსაც, რათა მათ დაგვიცვან, გამოგვიჩენს მოძღვრებს და წინამძღოლებსაც და მეტიც, თავადვეა მზად ჩაგვკიდოს ხელი და წარგვიძღვეს; რთულია გზა ცათა სასუფევლისაკენ და მძიმეა ღვაწლი, მაგრამ ვისაც არ უნახავს და არ განუცდია სიმწარე, მას არ შეუძლია იცოდეს სიტკბოს ფასი; რთულია გზა ცათა სასუფევლისკენ, მაგრამ აქ, მიწაზე, ტანჯვაში მყოფთ, განუწყვეტლივ შეგვიძლია ვილოცოთ და ლოცვაში ვიპოვოთ ნუგეში და შეწევნა, რადგან ჩვენს ლოცვას ღმერთი ყოველთვის შეისმენს, მაგრამ თუ გარდავიცვლებით როგორც არაქრისტიანები, იქ, ლოცვა რომც შეგვეძლოს, უფალი აღარ მოგვისმენს; რთულია გზა ცათა სასუფლევლისაკენ, მაგრამ მარადიული ტანჯვა უფრო მძიმეა და ბევრად აღემატება მიწიურ ტანჯვას. ამსოფლიური სატანჯველები ზღვაში წვეთია ჯოჯოხეთის ტანჯავასთან შედარებით, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. რთულია გზა ცათა სასუფევლისკენ, მაგრამ განა მარტივია გზა მიწიერი ბედნიერებისკენ? შეხედეთ როგორ შრომობენ და ღვრიან ოფლს ისინი, ვინც სიმდიდრეს აგროვებს და ეძიებს მიწიერ პატივსა და დიდებას; და ჩვენც რა ხშირად ვშრომობთ და ვზრუნავთ დიდი ხალისით ფუჭი სიამოვნებებისთვის! შედეგად – მხოლოდ დროს ვკარგავთ, ფულს ვხარჯავთ, ჩვენს ჯანმრთელობას ვანგრევთ და სულს ვიღუპავთ. ამიტომ, თუ ყურადღებით ჩავუკვირდებით ჩვენსავე თავს, აღმოვაჩენთ, რომ ცათა სასუფეველის გზაზე არ მივდივართ, არა იმიტომ, რომ მძიმეა ეს გზა, არამედ იმიტომ, რომ არ გვაქვს გულმოდგინება, განწყობა და სურვილიც კი ვიფიქროთ ამის შესახებ. ვისაც ძალიან სურს რაიმე, მრავალი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, მაინც მოძებნის მას. რა თქმა უნდა, არავინ იქნება ისეთი ჩვენ შორის, რომელსაც არ სურს ცათა სასუფეველში, მაგრამ სუსტია ეს სურვილი და ისიც მხოლოდ თანდაყოლილი, ბუნებითი სურვილია კეთილდღეობის. და მართლაც, ჩვენ შორის არიან ისინიც, რომლებიც შრომობენ ცათა სასუფეველისთვის, მაგრამ ძალზედ ცოტანი არიან, რომლებიც სრული რწმენით, ღვთისადმი მინდობითა და სწორი თვითუარყოფით იღვწიან! ან რამდენია ჩვენ შორის ისეთი, რომლებიც ფიქრობენ, რომ როგორც არ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, საკმარისია ცხოვრების ბოლოს მოინანიო და ცათა სასუფეველში იქნები...

ჰოი, რა საშინლად ცდებიან ისინი, ვინც ასე ფიქრობს! რა თქმა უნდა, ღვთის მოწყალება დიდია და უსაზღვრო, იესო ქრისტემ სამოთხეში ავაზაკიც შეიყვანა, რომელმაც უშუალოდ სიკვიდილის წინ მოინანია, მაგრამ, შეხედეთ, განა ტანჯვისა და წუხილის გარეშე შევიდა ის იქ?! არა! იგი ჯვარზე იყო გაკრული, მანამ კი იყო სამსჯავრო, გამოამწყვდიეს საპყრობილეში და შესაძლოა, აწამეს კიდეც. მართალია, იტანჯებოდა როგორც ბოროტი და დამნაშავე, მაგრამ რომელი ჩვენგანი არ არის დღეს დამნაშავე ღვთის სამართალისა და ადამიანური კანონების წინაშე? ჩვენ არ ვკლავთ ადამიანებს, როგორც ავაზაკები, მაგრამ რამდენს ვკლავთ ჩვენი სიტყვითა და ულმობლობით, გულქვაობით და დაუდევრობით. ცხადია, იგივე დიდი და გამოუთქმელი ღვთის მოწყალება შეიძლება იყოს ჩვენთანაც, თუ ჩვენც, იმ ავაზაკივით, მოვინანიებთ ჩვენს ცოდვებს. უფალს ხელეწიფება განსაწმედელად შეგვირაცხოს ტანჯვა სიკვდილის წინ, ერთგვარ მოღვაწეობად ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ვინ დაგვარწმუნებს ან ვინ დაგვიმოწმებს, რომ სიკდილის წინ ტანჯვის დათმენა აუცილებლად მოგვიწევს? ან ტანჯვაში მყოფნი მოვასწრებთ სინანულს? რამდენი ადამიანი კვდება უეცარი სიკვდილით და ყოველგვარი ტანჯვის გარეშე?! რამდენი იღუპება მონინიებისა და უკანასკნელი შენდობის გარეშე?!

ასე რომ, ძმებო, თუ არ გვსურს მარადიული სატანჯველი, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სულს, ვიზრუნოთ მომავლისათვის. ვიცით, რომ სამარის იქით გველოდება ან ცათა სასუფეველი, ან ჯოჯოხეთი, ან ერთი, ან მეორე, საშუალი არ არსებობს – ან მარადიული ნეტარება გველის, ან – მარადიული ტანჯვა. მხოლოდ ორი განსხვავებული მდგომარეობაა საიქიოში და აქაც, სააქაოშიც, ორი გზაა: ერთი გზა განიერია, სწორი, გლუვი, მსუბუქი და მრავალნი მიდიან ამ გზაზე, მეორე გზა ვიწროა, ეკლიანი და რთული. და ასგზის ბედნიერია ის, ვინც ვიწრო გზით მიდის, რამეთუ მას მივყავართ ცათა სასუფეველში, მაგრამ რა ცოტანი მიდიან ამ გზით! ძმებო, თუ ჩვენ არ გვივლია და არ ვივლით რთული გზით და მოვკვდებით სინანულისა და განწმედის გარეშე, მაშინ რა გველის, ვის შევღაღადებთ – ღმერთს? მაგრამ თუ არ გვსურს მისი მოსმენა აქ, ისიც არ მოგვისმენს იქ! აქ ის მოწყალე მამაა, მაგრამ იქ – სამართლიანი მსაჯული. და ვინ დაგვიცავს მისი სამართლიანი რისხვისაგან? ოჰ, ძმებო! საშინელია ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა! ასე რომ, იზრუნეთ სულის გადასარჩენად, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ ხელსაყრელი დრო; იღვაწეთ და იშრომეთ თქვენი ცხონებისთვის, სანამ ჯერ კიდევ დღეა, მაგრამ მოვა ღამე და არავის არაფერი შეეძლება გააკეთოს. იჩქარეთ და ხვალისათვის ნუღარ გადადებთ, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება სიარული, რომ წახვიდეთ ცათა სასუფევლისკენ – რადგან მოვა სიკვდილი და შეუძლებელი იქნება სვლა; იარეთ, როგორც შესაძლებელია, ოღონდ იარეთ და თუმცა ნელა-ნელა, მაგრამ უფრო და უფრო მიუახლოვდებით ცათა სასუფეველს, სწორედ ისე, როგორც ის ადამიანი, რომელიც, ყოველი ნაბიჯის გადადგმით უახლოვდება იმ მიზანს, რომლისკენაც მიდის.

ვისაც სურს გაჰყვეს იესო ქრისტეს, მას შეუძლია ისარგებლოს კიდევ შემდეგი რჩევებით:

1) ნუ უყურებ სხვა ცოდვილებს, როგორ ცხოვრობენ ისინი, ნუ გაიმართლებ თავს მათი მაგალითით და ნუ იტყვი, როგორც ამბობს მრავალი: რა ვქნა! მხოლოდ მე არ ვცხოვრობ ასე და მხოლოდ მე არ ვარღვევ ქრისტეს მცნებებს, თითქმის ყველა ასე ცხოვრობს... მაგრამ თუნდაც ნამდვილად იცოდე, რომ შენ ირგვლივ ყველა და ისინიც კი, ვინც სიკეთისა და ღვთისმოსაობის მაგალითი უნდა იყოს შენთვის, არაქრისტიანულად ცხოვრობს, რას გარგებს ამის ცოდნა? შენ არ გაცხონებს მათი დაღუპვა. საშინელი სამსჯავროსაგან ვერ გიხსნის ის, რომ მხოლოდ შენ არ ცხოვრობდი ამქვეყნად არასწორად. ამიტომ შენი საქმე არ არის - მიდიან თუ არა ისინი ცათა სასუფეველის გზაზე. შენ შენს თავს მიხედე და იზრუნე შენი თავისათვის და იმათთვის, რომლებიც ღმერთმა შენ მოგანდო. ამასთანავე, შეიძლება მაშინ ვხედავდეთ ადამიანს, როცა სცოდავს და ვერ ვხედავდეთ, როცა ინანიებს და ცოდვებისაგან იწმინდება, ამიტომ შეიძლება ხშირად ვცდებოდეთ შეფასებისას, როცა ვაფასებთ ვინ მიდის და ვინ არ მიდის ქრისტეს გზით.

2) როდესაც ღვთის გზაზე თავად წახვალ, მრავალმა ადამიანმა შეიძლება დაგცინოს, ყველაზე ახლობელმა და თვით ოჯახის წევრებმაც კი, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ ამას და ნუ შეშფოთდები. გაიხსენე, რომ ქრისტესაც დასცინოდნენ, მაგრამ ის არ ემტერებოდა მათ, პირიქით, დუმდა და ლოცულობდა მათთვის. ასე მოიქეცი შენც.

3) ბევრი ნასწავლი ადამიანი ფიქრობს, რომ გზა ცათა სასუფევლისკენ, რომელიც გვიჩნვენა იესო ქრისტემ, ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს და მის გარეშეც შეიძლება სასუფევლის დამკვიდრება, და რომ ეს გზა ზოგიერთისთვისაა და არა ყველასათვის. ასეთი ადამიანი თუ შეგხვდება და გაგაჩერებს, ან შენს განსწავლას შეეცდება, ნუ მოუსმენ, რადგან ანგელოზიც რომ მოვიდეს და გითხრას: სხვა გზით იარე და არა იმ გზით, რომლითაც იესო ქრისტემ იარაო, არც მას უნდა მოუსმინო. ნუ იკამათებ ასეთ მაცდუნებლებსა და მტრებთან, უმჯობესია გებრალებოდეს ისინი და ილოცო მათთვის.

4) როდესაც თავად მტკიცედ გაჰყვები იესო ქრისტეს, შეიძლება შეგხვდნენ ადამიანები, რომლებიც ღვთის სიტყვის გამო გაგლანძღავენ და დაგგმობენ, ან ცილს დაგწამებენ, დაგამცირებენ და აბუჩად აგიგდებენ, მაგრამ მოითმინე და აიტანე. გიხაროდეს და გამხიარულდი იმ დღეს, როდესაც ქრისტეს სახელის გამო შეურაცხგყოფენ, რადგან შენი სასყიდელი დიდი იქნება ზეცაში.

5) როდესაც ნამდვილად წახვალ ამ გზაზე, მაშინ თვით ეშმაკი ამხედრდება შენ წინააღმდეგ და მრავალ განსაცდელს მოგივლენს. ის ჩაგაგონებს აზრებს და ეჭვებს გაგიჩენს რწმენაში, დაგაბრკოლებს ჭეშმარიტებაში ან დაგაგმობინებს სიწმიდეებს... მაგრამ ნუ შეშინდები, რადგან, ღვთის დაშვების გარეშე, ვერაფერს დაგიშავებს, და საკმარისია ილოცო ღვთის წინაშე, რომ მყისვე გაგშორდება.

6) უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილ ქრისტიანს არ აბრკოლებს ის, რაც სამართლიანად ითვლება სასარგებლოდ, მაგალითად შრომისმოყვარეობა, რომელიც ხელს კი არ უშლის სულის ცხონებას, არამედ, პირიქით, უფრო მეტად უწყობს ხელს. ცნობილია, რომ უსაქმურობა ყველა მანკიერების დედაა; მაგალითად, რის გამო ლოთდებიან ადამინები? – უსაქმურობის! ვინ არის ქურდი და ავაზაკი? – უსაქმური! და ა.შ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვინც არაფერს აკეთებს და არაფრით არ არის დაკავებული, ის, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს, ცუდი ქრისტიანი და ცუდი მოქალაქეა, და თუ გამორჩეულად არ სცოდავს, მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული განგებულების გამო. ამიტომ იყავი შრომისმოყვარე, შეეჩვიე შრომას, იშრომე, იმუშავე და გააკეთე ყველაფერი, რაც სასარგებლო და საჭიროა შენი ოჯახისათვის და რისი ვალდებულებაც გაქვს სამშობლოსა და ხელისუფლის წინაშე. და თუ უსაქმურობა არის დედა ყოველგვარი მანკიერების, მაშინ შრომისმოყვარეობას შეიძლება ვუწოდოთ მამა ყოველგვარი სათნოების, უპირველესადიმიტომ, რომ შრომისმოყვარე ნაკლებად სცოდავს, თუნდაც იმის გამო, რომ დრო არა აქვს ცოდვის შესახებ იფიქროს(არათუ საქმით აღასრულოს): ის ან შრომობს და თავის მოვალეობებს აღასრულებს, ან თავისი ცხონებითა და ქრისტიანული ვალდებულებებითაა დაკავებული; მეორეც, იმიტომ, რომ ვინც შრომასაა მიჩვეული, უფრო ადვილად დათანხმდება იაროს ცათა სასუფევლის გზაზე, ვიდრე ის, ვინც უსაქმურობს. მაშასადამე, შრომისმოყვარეობა სასარგებლოა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ შრომისმოყვარე რომ იყო, საჭიროა ბავშვობიდანვე მიეჩვიო შრომას.

7) არის კიდევ სხვა სახის სრულყოფილება, ის ისევე სასარგებლოა, როგორც შრომისმოყვარეობა და მას, ასე ვთქვათ, უფრო ადრე უნდა მიეჩვიო, ვიდრე შრომისმოყვარეობას. ეს არის მოთმინება. მოთმინება ყველგან და ყოველთვის სასარგებლოა, მაგრამ ვისაც ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე სურს იაროს, მოთმინება არის ყველაზე აუცილებელი სრულყოფილება: მოთმინების გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელია ამ გზაზე, რადგან ყოველ ნაბიჯზე შეგვხვდება სიხისტე, უხეშობა და დაძაბულობა. ასე რომ, შეეჩვიე და ისწავლე მოთმინება ჯერ ხორციელად და შემდეგ სულიერად, და მაშინ უფრო ადვილად შეძლებ იყო საზოგადოების შრომისმოყვარე წევრი, კარგი მეგობარი და კარგი მასპინძელი, კარგი მოქალაქე და კარგი ქრისტიანი.

აი, ძმებო, ყველაფერი, რისი თქმაც შემეძლო ცათა სასუფევლისკენ მიმავალი გზის შესახებ. დავსძენ მხოლოდ იმას, რომ ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ მიდის სასუფევლის გზაზე, ყოველი შრომის, ყოველი ტკივილის, ყოველი საკუთარი თავის ძლევისა და თავშეკავების, ყოველი კეთილი საქმის და თვით კეთილი განზრახვისა თუ სურვილის სანაცვლოდ სამოცდაათჯერ შვიდგზის დაჯილდოვდება თვით ამ ცხოვრებაში, ხოლო რა ელის იმქვეყნად – სასუფეველში – ვერც გამოთქვამ და ვერც წარმოიდგენ. ამიტომ, ძმებო, ნუ შეგეშინდებათ გაჰყვეთ იესო ქრისტეს: ის ძლიერი შემწეა, გაჰყევით მას, იჩქარეთ და ნუღარ დააყოვნებთ, იარეთ, სანამ არ დახშულა თქვენთვის ცათა სასუფევლის კარი - და თქვენი ზეციერი მამა გამოგეგებებათ საკმაოდ შორს ამ გზაზე, ჩაგიკრავთ გულში, შეგმოსავთ“სამოსელი პირველით“, შეგამკობთ ბეჭდით და შეგიყვანთ თავის სასახლეში, სადაც მასთან ერთად იმყოფებიან წმიდა წინასწარმეტყველები, მოციქულები, წმინდანები, მოწამეები და მართალნი, და სადაც თქვენც იმხიარულებთ მარადიული და ჭეშმარიტი სიხარულით. მაგრამ თუ დაიხშობა თქვენთვის ცათა სასუფევლის კარი, ანუ სინანულისა და კეთილი საქმეების გარეშე მოკვდებით, რომც მოისურვოთ და ბევრს ეცადოთ, არავინ შეგიშვებთ. დააკაკუნებთ და იტყვით: „უფალო, შემოგვიშვი, ჩვენ გიცნობთ შენ, შენი სახელით მოვინათლეთ, შენი სახელი გვქვია, შენივე სახელით სასწაულებსაც აღვასრულებდით“, მაგრამ იესო ქრისტე მოგიგებთ:“არ გიცნობთ, თქვენ არ ხართ ჩემი, წადით ჩემგან... მარადიულ ცეცხლში, რომელიც განმზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის; იქ იქნება ტირილი და ღრჭენა კბილთა“ (მათ. 25: 11-12, 30, 41).


წინა თავი