მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები ამპარტავნების შესახებ


წმიდა იოანე ოქროპირი

არ არსებობს ბოროტება, რომელიც ამპარტავნებას შეედრება. იგი ადამიანს დემონად აქცევს – თავხედ და ღვთისმგმობ ფიცის გამტეხად.

ამპარტავანი ადამიანი მზადაა შური იძიოს წყენის გამო. ამპარტავანს არ შეუძლია გულგრილად აიტანოს წყენა არც მასზე პატარა და არც მასზე დიდი ადამიანებისაგან; ხოლო ვისაც წყენის მშვიდად ატანა არ ძალუძს, ის ვერც უბედურების გადატანას შეძლებს.

ქედმაღალი ადამიანი მუდმივად დამწუხრებულია, მუდმივად რაღაც სწყინს, მუდმივად დრტვინავს, არაფერს შეუძლია მისი დამშვიდება.

ამპარტავნებისგან მომდინარეობს ზიზღი ღატაკებისადმი, ფულის მიმართ ვნება, ძალაუფლებისმოყვარეობა და ავხორცობა.

ღმერთს არაფერი სძაგს ისე, როგორც ამპარტავნება, ამიტომ თავიდანვე ყველაფერი იმგვარად განაგო, რომ ეს ვნება გაენადგურებინა ჩვენში. ამის გამო შევიქენით ჩვენ მოკვდავად და ვცხოვრობთ მწუხარებასა და ჭმუნვაში; ამის გამო შრომასა და უძლურებაში განილევა ჩვენი ცხოვრება და დამძიმებულნი ვართ დაუსრულებელი ჯაფით.

ჩვენ რომ მუდმივად გვხსომებოდა ჩვენი ცოდვები, მაშინ ხილულ საგანთაგან ვერაფერი აღძრავდა ჩვენში ამპარტავნებას: ვერც სიმდიდრე, ვერც ძლევამოსილება, ვერც ძალაუფლება და ვერც დიდება.

მაშ, როგორ ჩავაცხროთ ამპარტავნება? უნდა შევიცნოთ ღმერთი... და როცა ღმერთს შევიცნობთ, ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. ვინც იცის, თუ რაოდენ დაიმდაბლა თავი ძე ღვთისამ, იგი თავს არ აღიმაღლებს.

იფიქრე გეენის შესახებ, იფიქრე იმათ შესახებაც, ვინც შენზე ბევრად უკეთესია, იფიქრე იმის გამოც, თუ რაოდენ დამნაშავე ხარ ღვთის წინაშე... და შენ მალევე დაიმორჩილებ შენს გონებას და მოთოკავ მას.

მართალს ცოდვილზე მეტად უნდა ეშინოდეს ამპარტავნებისა, რადგან ცოდვილი გარემოებითაა დამდაბლებული, მართალმა კი შეიძლება თავისი კეთილი საქმეებით იამაყოს.

ამპარტავანი აუცილებლად დამცირდება, თავმდაბალი კი, პირიქით, ამაღლდება; თავმდაბლის სიდიადე ჭეშმარიტი და უტყუარი სიდიადეა და არა –სიტყვებითა და სახელით გამოთქმული... მსგავსადვე, წმინდანებს თაყვანს ვცემთ იმის გამო, რომ ყველაზე მაღლა იყვნენ და ყველას წინ მდაბლდებოდნენ, ამიტომ არიან ისინი დღესაც ძალიან მაღლა, მათი სიდიადე სიკვდილმაც ვერ განაქარვა...

განვიხილოთ, სინამდვილეში ვინ არის უფრო მაღალი: ამპარტავანი თუ თავმდაბალი, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ არაფერია თავმდაბლობაზე უდიდესი და ამპარტავნებაზე უმცირესი. ამპარტავანი, საკუთარ თავს, ჩვეულებრივ, სხვებზე მაღლა აყენებს, მას თავის თანასწორად არავინ მიაჩნია და რა პატივსაც არ უნდა ფლობდეს, მეტი სურს და მეტისკენ ისწრაფვის. ის ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღია არაფერი, ზევიდან დასცქერის ადამიანებს და მათგან პატივისცემას ელის. ამაზე დიდი უგუნურება რაღა შეიძლება იყოს? ეს რაღაც ამოუხსნელი მდგომარეობაა: ადამიანს პატივი სურს იმ ადამიანებისგან, რომელთაც არაფრად აგდებს. ხედავ, როგორ ეცემა ძირს ამაღლების მსურველი და როგორ თვალთმაქცობს?! ხოლო არავის რომ არაფრად აგდებს, თავადაც კარგად იცის, რადგან ამგვარი თვისებისაა ქედმაღლობა. მაშ, რა გსურს იმისგან, ვინც შენთვის არაფერს წარმოადგენს?! რატომ ეძებ მისგან დაფასებას?! რისთვის გყავს გარშემო ამდენი ადამინი?! აი, ასეთია დაცემული ადამიანი, რომელიც დგას კიდეც დაცემულ ადგილას!

ახლა ყურადღება მივაქციოთ ჭეშმარიტად მაღალ ადამიანს. ასეთმა იცის რას ნიშნავს ადამიანი; იცის ისიც, რომ დიადია ადამიანი, იცის ისიც, რომ თავად ყველაზე დაბლაა, ამიტომ, პატივისცემით როცა ეპყრობიან, ამას დიდად მიიჩნევს, საკუთარი თავის ერთგულია, აზრს არსდროს იცვლის, ვისაც დიდად მიიჩნევს, მათგან პატივსაც დიდად აფასებს – თუნდაც ეს პატივი არ იყოს დიდი – რადგან თავად იმ ადამიანებს მიიჩნევს დიდებად. ამის საპირისპიროდ, ამპარტავანი არარაობად მიიჩნევს იმათ, ვინც მას პატივს სცემს, თავად პატივს კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. და კიდევ: თავმდაბალს არ იპყრობს ვნებები, მას არ აშფოთებს მრისხანება, არც დიდების სიყვარული, არც შური, არც მეტოქეობა. რა შეიძლება იყოს იმ სულზე მაღალი, რომლისთვისაც უცხოა ეს ვნებები?! ამპარტავანი კი, პირიქით, ყველა ამ ვნებას შეუპყრია, თვალთმაქცობს და დახოხავს, როგორც ჭია ტალახში. შური, სიძულვილი და მრისხანება განუწყვეტლივ აფორიაქებს მის სულს. მაშასადამე, ვინ არის ჭეშმარიტად მაღალი: ის, ვინც საკუთარ ვნებებზე მბრძანებლობს თუ ის, ვინც ამ ვნებებს ემონება?! ვინც ძრწის და ეშინია ვნებების თუ ვინც მოუხელთებელია და მი

უწვდომელი მათთვის?! რომელი ჩიტი დაფრინავს უფრო მაღლა: რომელიც მონადირის ისრის ზევით ექცევა თუ რომელიც ისრის გარეშეც ხელებში უვარდება მდევნელს იმიტომ, რომ მიწაზე დაფრინავს და სიმაღლეზე ვერ ადის?! სწორედ მას ჰგავს აპარტავანი: ყველა მახეში იოლად ებმება, რადგან მიწაზე დახოხავს და დადის.

... დაბოლოს, იმისათვის, რომ უფრო მეტად დარწმუნდე ამპარტავანთა სიმდაბლეში, ამას გკითხავ: ვინ არის დამცირებული, ვისაც ღმერთი ეხმარება თუ ვისაც ღმერთი ეწინააღმდეგება? მაშ, ისმინე რას ამბობს წერილი პირველის და მეორის შესახებ: „ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრ. 5:5). ახლა სხვა რამის შესახებ გკითხავ: ვინ არის უფრო მაღალი, მსხვერპლის შემწირველი, რომელიც ღმერთს ძღვენს სწირავს, თუ ის, ვისაც კადნიერება არა აქვს ღვთის წინაშე წარდგომის?! მაგრამ შენ იტყვი, რა მსხვერპლს სწირავსო თავმდაბალი? უსმინე, რას ამბობს დავითი: „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფს. 50:19). ხედავ თავმდაბლის სიწმინდეს? ყურადღება მიაქციე ამპარტავნის უწმინდურობასაც. მის შესახებ ასე ამბობს წმიდა წერილი: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავნ. 16:5). პირველში ღმერთი მკვიდრობს: „ჩემნი არიან ყოველნი ესე, – იტყჳს უფალი, – და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (ეს. 66:2), მეორე კი ეშმაკთან ერთად იტანჯება – რადგან ამპარტავანსაც ის ელის, რაც ეშმაკს. ამიტომაც ბრძანებს პავლე მოციქული: „ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (1 ტიმ. 3:6) ანუ ამპარტავანს იმის საწინააღმდეგო ემართება, რაც თავად სურს. მაგალითად, მას სურს ქედმაღლობა, რათა პატივს სცემდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის არ უყვართ. და თუ ვინმეს დასცინიან, მტრობენ და სძულთ, თუ ვინმეს მიმართ მრისხანებენ, თავს ესხმიან და საძაგელია ღვთის წინაშე, ასეთნი, უპირველეს ყოვლისა, ამპარტავნები არიან. და რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი?! ეს ბოროტების მწვერვალია.

და რა რის თავმდაბლობაზე ძვირფასი?! რა არის იმაზე დიდი ნეტარება, რომ სათნო არიან ღვთისათვის და ადამიანებიც მეტ პატივს სცემენ: პატივს სცემენ – როგორც მამებს, უყვართ – როგორც ძმები, იღებენ – როგორც თავიანთებს. მაშ, დავმდაბლდეთ, რათა აღვმაღლდეთ. დიდ ამპარტავნებას თან სდევს დამცირება და უგუნურება. ამპარტავნების გამო იქნა დამცირებული ფარაონი. „არ ვიცნობ უფალს“ (გამოსვლ. 5:2; 14:24), – თქვა მან და ამიტომაც შეიქნა თაგვებზე, ბაყაყებსა და ბუზებზე მეტად არად ჩასაგდები, და მალევე, ამის შემდეგ, იარაღითა და ცხენებითურთ დაიხრჩო ზღვაში. აბრაამმა კი სხვაგვარად თქვა: „მე ვარ მიწა და ნაცარი“ (შეს. 18:27), ამიტომაც გაიმარჯვა მრავალრიცხოვან მტერზე; იყო ეგვიპტელებთან და დაბრუნდა მათგან გამარჯვებული, უფრო მეტად დიდებული, და მოიპოვა რა ასეთი დიდი სათნოება, სამუდამოდ დარჩა დიდი. ამიტომაც არის, რომ მას ყველგან ხოტბას ასხამენ და ადიდებენ, ხოლო ფარაონი მიწაა და ნაცარი – და თვით ამათზე უარესიც.

ჭეშმარიტად, ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავნება სძულს. სწორედ ამიტომ დასაბამშივე ყოველივე იმგვარად განაგო, რომ ეს ვნება აელაგმა ჩვენში. ამიტომაც შევიქენით მოკვდავნი, ვცხოვრობთ მწუხარებასა და ტანჯვაში; ამის გამო შრომითა და უძლურებით განილევა ჩვენი ცხოვრება და დამძიმებულნი ვართ დაუსრულებელი ჯაფით. პირველი ადამიანი ამპარტავნების გამო დაეცა ცოდვით, მან მოისურვა ღვთის თანასწორი გამხდარიყო, ამიტომ ვერც ის შეინარჩუნა, რაც ჰქონდა და ისიც დაკარგა. ამგვარია ამპარტავნების ნაყოფი! მას არა მარტო არანაირი სიკეთე არ მოაქვს, არამედ იმასაც გვაკარგვინებს, რაც გვაქვს. თავმდაბლობა კი, პირიქით, არათუ იმას არ გვართმევს, რაც გვაქვს, არამედ იმასაც კი გვძენს, რაც არ გაგვაჩნია. ასე რომ, ვისურვოთ ეს სათნოება და შევეცადოთ, რომ მოვიხვეჭოთ იგი...

***

იმის შესახებ, რომ ამპარტავნება სძულს ღმერთს, ისმინე, რას ამბობს წერილი: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“ (იაკ. 4:6). ხოლო სხვაგან ამბობს: „უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა“ (ზირ. 10:7), ასევე: „რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი?“ (ზირ. 10:9). და კიდევ, ბევრ სხვა ადგილას ამოიკითხავ, რომ ამპარტავნება საძაგელია და აუტანელი. დავით მეფსალმუნეც ამასვე ამბობს: „რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი“ (ფს. 100:5), რადგან ამპარტავნება მავნეა და დამღუპველი არა მხოლოდ მისთვის, ვინც მას ითავისებს, არამედ მისთვისაც, ვინც მას თუნდაც მცირე ხნით ეზიარება. ხარბსა და გულით გაუმაძღარ კაცს მეფსალმუნე ამპარტავანის გვერდით აყენებს, რადგან მათ მსგავსი სულიერი განწყობა აქვთ – ერთი მოყვასის წინაშე ქედმაღლობს და მეორე კი სიხარბეს გამოხატავს თავისი მოყვასის მიმართ. მაშასადამე, ძმებო, გვმართებს განვიშოროთ ამპარტავნება და მოვიპოვოთ სიმდაბლე, რათა არ მოვისმინოთ ეს სიტყვები: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“, და რათა მოვისმინოთ ეს: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“ (ლკ. 18:14). ასევე, გვმართებს განმტკიცება თავშეკავებასა და ზომიერებაში, რათა გულის სიხარბით არ განვაგდოთ ჩვენგან სიმართლე და არ მოვისმინოთ სიტყვები: „სიმრავლისათჳს უსამართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა“ (იერ. 13:22). მოვერიდოთ ისეთ საქციელს, როგორიც ამპარტავან და ხარბ ადამიანებს ახასიათებს, რათა მათთან ურთიერთობის ჩვევით არ შევითვისოთ მათი მანკიერებები.

***

ხარ შენ მართალი? ნუ დაამცირებ შენს ძმას. კეთილი საქმეებით ხარ შემკული? ნუ აძაგებ მოყვასს და თავი შეიკავე საკუთარი თავის ქებისგან. რამდენადაც ამაღლებული ხარ, იმდენადვე დაიმდაბლე თავი. ყურადღებით მოისმინე, საყვარელო, ჩემი სიტყვები: მართალს უფრო მეტად უნდა ეშინოდეს ამპარტავნების, ვიდრე ცოდვილს – ეს თქვენ გუშინაც გითხარით და დღესაც ვიმეორებ იმათთვის, ვინც გუშინ არ იყო – რადგან ცოდვილი აუცილებლობითაა დამდაბლებული, მართალმა კი შეიძლება თავისი კეთილი საქმეებით იამაყოს. როგორც ცარიელი გემის მეზღვაურებს არ ეშინიათ მძარცველების – რადგან ისინი არ ესხმიან თავს ცარიელ გემს, ხოლო ტვირთით სავსე გემის მეზღვაურებს კი ეშინიათ ყაჩაღების – რადგან ისინი, ჩვეულებრივ, იქვე ჩნდებიან, სადაც ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვებია, – ასევე ეშმაკიც თავს ესხმის არა ცოდვილს, არამედ მართალს – სადაც მრავალი სიმდიდრეა. ამპარტავნება ხშირად ჩნდება ეშმაკის ჩაგონებით, ამიტომ ფხიზლად უნდა იყოთ.

რამდენადაც ამაღლებული ხარ, იმდენადვე დაიმდაბლე თავი. როდესაც სიმაღლეზე ადიხარ, ფრთხილად უნდა იყო, რომ არ ჩამოვარდე. ამიტომაც ბრძანებს უფალი: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლკ. 17:10). რატომ ფიქრობ ამდენს საკუთარ თავზე, ადამიანო, რომელიც მიწა ხარ და მტვერი ბუნებით, აზრებითა და საქმისადმი მოწოდებით?! დღეს შენ მდიდარი ხარ, ხვალ – ღატაკი; დღეს ჯანმრთელი ხარ, ხვალ – სნეული; დღეს მხიარული ხარ, ხვალ – დამწუხრებული; დღეს პატივში ხარ, ხვალ – შეურაცხყოფილი; დღეს ახალგაზრდა ხარ, ხვალ – ხანდაზმული. და არის კი რამე ადამიანური შეუცვლელი?! თუ მდინარის წყალივით ჩაივლის ყველაფერი?! ეს წუთია გამოჩნდა და ჩრდილზე უფრო სწრაფად გაქრება მალევე. მაშ, რაღას ქედმაღლობ, ადამიანო, კვამლო, ამაოებავ? ამაოების მსგავსია ადამიანი: „კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ“ (ფს. 143:4). „განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა“ (ეს. 40:7). ამას ვამბობ არა იმისათვის, რომ ადამიანი დავამცირო, არამედ – რათა ამპარტავნება მოვთოკო. ადამიანი უდიდესი ქმნილებაა, გულმოწყალე ადამიანი კი – პატივსაცემი არსება.


წინა თავი შემდეგი თავი