მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ეფრემ ასური

თუ მოკრძალებული ადამიანის ხელთ საკვებს დაინახავ, ნუ განიკითხავ, რადგან არ იცი ვის შესთავაზებს მას.

თუ იცი, რომ ძმა სცოდავს, დილით მისი დანახვისას ნუ გაიფიქრებ, რომ ის ცოდვილია, რადგან მას შემდეგ, რაც დაშორდები, შეიძლება რაიმე სათნოება აღასრულოს და ცხარე ცრემლითა და სულთქმით ჰპოვოს მადლი ღვთის წინაშე.

ამიტომაც გვმართებს განკითხვისგან თავის შეკავება; ყოველი ჩვენგანი თავს უნდა იმდაბლებდეს შემდეგი სიტყვებით: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა“ (ფს. 37: 5).

ნუ მოიძაგებ ადამიანს, რათა შემოქმედი ღმერთი არ განარისხო; ნუ განსჯი უდროოდ, რათა თავად არ განგსაჯონ; ნურავის უსაყვედურებ, რადგან არ იცი თავად რა გელის.

ნეტარია, ვინც მოყვასს არ განიკითხავს, როგორც უგნური, არამედ, როგორც გონიერი და სულიერი ადამიანი, საკუთარი თვალიდან ცდილობს დირის ამოღებას.

ადამიანური ხედვის კეთილსურნელება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში თავს იდანაშაულებს და არ განიკითხავს იმას, ვინც მისი მსგავსი ცოდვით დაეცა. ერთნაირი დანაშაულის გამო საპყრობილეში მყოფ ორ მონას შორის, რა თქმა უნდა, შეუგნებელია ის, ვინც ამხანაგს საყვედურობს.

ნუ უგულებელყოფ განკითხვას, როგორც რაღაც უმნიშვნელოს, რომელსაც თითქოს შენი მოკვდინება არ შეეძლოს. იმათი მაგალითით ისწავლე, ვინც მონადირეებმა შეიპყრეს, რათა ყურადღების მიღმა არ დატოვო უმნიშვნელო რამეც კი – რადგან ჩიტიც ხშირად პატარა ბრჭყალის გამო ეხვევა ბადეში; აი, ასე, უმნიშვნელო ბრჭყალის გამო ხდება დატყვევებული და მისი ფრთების ძლევამოსილებაც იკარგება; და თუმცა ჩიტი ბადის გარეთ არის, ცხადია, რომ ის უკვე დაჭერილია. ნეტარმა მოციქულმაც ერთი და იგივე განაჩენი განაწესა მკვლელთა, ბოროტმეტყველთა, თავშეუკავებელთა და მემრუშეთათვის (იხ. 1 კორ. 6: 9-10), რადგან მათგან ვერცერთი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს და ყველას ერთნაირი ხვედრი ელის სამართლიანი სამსჯავროს დროს – ცათა სასუფევლის მიღმა დარჩენა.

ვისაც სჯერა, რომ იქნება სამსჯავრო, არავის განიკითხავს, არამედ ყველაზე მცირე და უმნიშვნელო ცოდვისგანაც იცავს თავს.

გაგონილს მაშინვე ნუ დაიჯერებ, იდექი ჭეშმარიტებაში. შეეცადე ცხადად გაერკვე საქმის არსში არა იმისათვის, რომ განიკითხო, არამედ – რათა არ განიკითხო. უმჯობესია, რომ განსჯაში იყო უკანასკნელი. და თუ განსჯისგან თავს შეიკავებ, ამით საკუთარ თავს შეეწევი.

ვინც სხვას კიცხავს, თავად არ უნდა იყოს გასაკიცხი; ვინც სხვას განიკითხავს, თავად მას არ უნდა განიკითხავდეს მისივე საქმეები.

მეტად ნუღარ განიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იზრუნეთ, რომ ძმა არ დააბრკოლოთ.


წინა თავი შემდეგი თავი