მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ქრისტეს საიდუმლოებრივი შემეცნებისას და მისი განგებულების შეცნობისას, როდესაც ღვთაებრივი მადლი მოქმედებს, ქრისტიანი არ განიკითხავს არც იუდეველს, არც წარმართს, არც ურჯულოს, არამედ ყველას მიმართ უშფოთველ და უბიწო სიყვარულს განიცდის. იგი გონების სიწმინდით ჭვრეტს, რომ, ქრისტეს განკაცების დროიდან მოყოლებული, ღირსებას, ღირებულებას, ქებასა და ადამიანის ცხონებას ქრისტე წარმოადგენს და არა ადამიანის ბუნებითი სათნოებები. მას განუწყვეტლივ სურს ჯვარცმული იყოს, რადგან ესმის თავისი ღმერთის, ქრისტეს ხმა, რომელიც მიმართავს: „და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ (მთ. 10: 38–39). მწუხარებათა ფიალას იგი მაცხონებელ ფიალად მიიჩნევს, რჩეულობის მოწმობად და ღვთის წყალობად. მას არ შეუძლია სძულდეს მტრები, რადგან მისთვის მიყენებული მწუხარებები მის თვალში ღვთის განგების იარაღია; იგი პატიობს მათ და არცოდნას მათ გამამართლებელ მიზეზად მიიჩნევს, იგი ლოცავს მათ, როგორც მის მიმართ კეთილისმოქმედი ღმერთის იარაღს. „განა შემიძლია, – ამბობს ის, – მსჯავრი დავდო იმათ, ვინც ახლა ჩემ წინაშე უსამართლოდ მოქმედებს, როდესაც ქრისტემ უკვე გამოისყიდა მათი ყველა ცოდვა: წარსულიც, ამწყოცა და მომავალიც და ქრისტეში აქვთ გამართლება და ცხონება, რომელსაც მხოლოდ ქრისტეს სრული უარყოფით დაკარგავენ?!“

***

უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის მცნება: „ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა“ (მთ. 7: 3–5).

რა არის დირე? ესაა ხორციელი ბრძნობა, დირესავით სქელი, რომელიც სწორად ხედვის ყოველგვარ უნარს (შემოქმედის მიერ რომ ებოძა ჩვენს გულსა და გონებას) გაკარგვინებს. ადამიანი, რომელიც საკუთარ ხორციელ სიბრძნეს ენდობა, ვერც საკუთარ თავს და ვერც მოყვასის შინაგან მდგომარეობას სწორად ვერ აფასებს. იგი საკუთარ თავსაც და მოყვასსაც ისე განსჯის, როგორც თავად წარმოუდგენია – ზედაპირულად, გარეგნულის მიხედვით, თავისი ხორციელი სიბრძნით, არასწორად და ამიტომაც ღვთის სიტყვამ ძალზე შესაფერისად უწოდა მას „თვალთმაქცი“.

ღვთის სიტყვისა და ღვთის სულის დახმარებით, სულიერი კურნებისას ქრისტიანს ეძლევა საკუთარი შინაგანი და მოყვასის სულიერი მდგომარეობის სწორად ხედვის უნარი. ხორციელი ბრძნობით ცოდვილ მოყვასთან დირეთი მებრძოლი კი ყოველთვის აბრკოლებს მას, არცთუ იშვიათად ღუპავს კიდეც, არანაირი სარგებელი არ მოაქვს მისთვის და არც არასოდეს მოუტანს, რადგან ცოდვაზეც ვერ მოქმედებს; ამის საპირისპიროდ, სულიერი სიბრძნე განსაკუთრებით მოქმედებს მოყვასის სულიერ სნეულებაზე, სწყალობს მას, კურნავს და აცხონებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სულიერი სიბრძნის მოხვეჭისას მოყვასის ნაკლოვანებები და ცოდვები ძალზედ უმნიშვნელო ხდება, როგორც მაცხოვრის მიერ გამოსყიდულნი და სინანულით განკურნებულნი. ეს სწორედ ის ცოდვები და ნაკლოვანებებია, რომლებიც ხორციელ გონებას ძალზე დიდად და მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა. ცხადია, რომ ხორციელი სიბრძნე (რომელიც თავადაა დირე), ანიჭებდა მათ ასეთ დიდი მნიშვნელობას. ხორციელი გონება მოყვასში იმ ცოდვებსაც ხედავს, რომლებიც მას საერთოდ არ გააჩნია.

***

თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული და მოშურნე შვილი გინდა იყო, მიაღწიე ამას მოყვასის მიმართ სახარებისეული მცნებების აღასრულებით. ნუ გაკადნიერდები ამხილო იგი! ნუ გაკადნიერდები ასწავლო მას! ნუ გაკადნიერდები განიკითხო და უსაყვედურო! ამგვარ მოქმედებებს განაპირობებს არა რწმენა, არამედ უგუნური ეჭვიანობა, ქედმაღლობა და სიამაყე.


წინა თავი შემდეგი თავი