მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა თეოფანე დაყუდებული

1. შეგონება მათთვის, ვინც განკითხვასაა მიჩვეული

განკითხვა გადაჭრით უნდა შეწყვიტოთ. მოინანიეთ მოძღვრის წინაშე და ითხოვეთ ეპიტიმია... და განგეშორებათ. ამგვარად მტერი გამწუხრებთ. ვინც სხვას განიკითხავს, იმას ღვთის მადლი ტოვებს. განმკითხველი საკუთარი თავის მტრად იქცევა.

2. განკითხვა ძნელად გადასაჩვევია

განკითხვა ნამდვილად ძნელად მოსაშორებელი ჩვევაა. როდესაც თქვენს ბრალეულობას გააცნობიერებთ, განუწყვეტლივ საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და უფლის წინაშე მოინანიეთ; წესად აქციეთ, რომ შეიბრალოთ ცოდვილნი და ილოცოთ მათთვის ღვთის წინაშე; ღმერთი წყალობას მოიღებს და მიეჩვევით, რომ არ განიკითხოთ.

3. დარიგება განკითხვასა და სხვა ვნებებთან ბრძოლის შესახებ

საკუთარ თავზე საუბრისას ამბობთ, რომ მოშურნეობა გაქვთ ღმერთს აამოთ, მაგრამ განკითხვის შემთხვევები მთელ შინაგან სამყაროს ანადგურებენ. ის, რომ მოშურნეობა გაქვთ – მადლობა ღმერთს! მაგრამ განკითხვები რომ ამოხეთქავენ – სამწუხაროა! უფალს ძალიან არ უყვარს ეს. განკითხვა თვითკმაყოფილებისაგან იშვება და მისგანვე საზრდოობს. ერთიცა და მეორეც გვიჩვენებს, რომ „საკუთარი მე“ ცოცხალია და მოძლიერებული... მოახერხეთ, რომ დაასუსტოთ ის, შეეცადეთ ასე მოიქცეთ... როდესაც განკითხვით შესცოდავთ და სინდისი დაგტანჯავთ, გაიაზრეთ, როგორ მიხვედით აქამდე და შეეცადეთ, რომ შემდეგ ჯერზე მაგ გზით არ იაროთ. და თუ ისევ ამოხეთქავს ეს ცოდვა, ისევ იგივე გააკეთეთ, და ასე, გამუდმებით, საკუთარ თავს დაუწესეთ ამგვარად მოიქცეთ, რათა საქმეების გარჩევამდე არ მიხვიდეთ. საკმარისია ერთი–ორჯერ ამგვარად მოიქცეთ და თავი შეიკავოთ და დაინახავთ, რომ შემდგომში გაგიადვილდებათ. ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ჭორიკანას ეწვევით, მათთან სიახლოვისას თავადაც ჭორიკანა ხდებით. ამიტომ მათთან შეხვედრამდე მოემზადეთ, რომ მათი ბოროტი საუბრების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, ამისთვის საკუთარ თავში ღვთის შიში გააცოცხლეთ და გაიხსენეთ, რომ გამუდმებით მის წინაშე დგახართ, ვის საამებლადაც მოშურნეობთ.

4. განკითხვა საკუთარ თავზე წარმოდგენების ნაყოფია

რას შვრებით?! განიკითხეთ კიდეც და დიდი მონდომებით არიგებთ კიდეც ქალბატონს, რომელიც თქვენზე ორჯერ უფროსია? ეს რას ჰგავს?! აი, საკუთარ თავზე წარმოდგენების ნაყოფი, თქვენ კი მას საერთოდ ვერ ამჩნევთ. ქალბატონი ატირდა, თქვენ კი მედიდურობთ. მას ასაკოვნის თავმდაბლობა აქვს, თქვენ კი ახალგაზრდული თვითკმაყოფილება, რომელიც ცხადად ხედავს სხვისას, აფასებს სხვის ზნეობრიობას, საბოლოო განაჩენი გამოაქვს და მკურნალობას აწესებს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ვერც აცნობიერეთ ამგვარი ქცევა რომ არასწორია და ამის შესახებ ისე ყვებით, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ტირილი გმართებთ, თქვენ კი ტრაბახობთ. უნდა გამოასწოროთ ეს საქმე. როდესაც კვლავ შეხვდებით იმ ქალბატონს, უაცილებლად ბოდიში მოუხადეთ, რომ ცუდი რამ იფიქრეთ მის შესახებ და მისი დარიგების უფლებაც მიეცით საკუთარ თავს. შესთხოვეთ, ილოცოს თქვენთვის ღვთის წინაშე, რათა ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობისაგან განიკურნოთ. ამგვარად მოიქეცით და შემატყობინეთ. ამ ვნებისაგან განსაკურნებლად ეს სასარგებლო იქნება თქვენთვის.

5. გაკვეთილი ამოხეთქილი შინაგანი განკითხვისათვის

ღვთის შიში გაგეცალათ, მას ყურადღებაც მიჰყვა და ჩავარდით კიდეც განკითხვის ცოდვაში. მართალს ამბობთ, რომ შინაგანად უკვე სცოდეთ. სასწრაფოდ მოინანიეთ და ღმერთს პატიება სთხოვეთ. ამას სასჯელი მოსდევს, მათ შორის – შინაგანი. განკითხვა არა მხოლოდ სიტყვით აღესრულება, არამედ გულის შინაგანი მოძრაობითაც. როგორც კი ვინმეს შესახებ ფიქრისას სული კეთილად არ არის განწყობილი, უკვე განიკითხავთ. რა ვქნათ, ამოხეთქა? – მომავალში გაფრთხილდით!

6. განსჯა და განკითხვა

ჭორაობა ქალური სისუსტეა, რომელიც, რა თქმა უნდა, ქებას არ იმსახურებს, თუმცა უნდა განვასხვაოთ განსჯა განკითხვისაგან. ცოდვა მაშინ იწყება, როდესაც რაიმე ცუდი საქციელის გამო ადამიანის მიმართ გულში ზიზღი ჩნდება. განსჯა შესაძლებელია უბრალოდ, რაიმე განაჩენის გამოტანის გარეშე, და თუ გულში ამავდროულად სიბრალულიც ჩნდება ცოდვილის მიმართ, სურვილი მისი გამოსწორებისა და ლოცვა მისთვის, მაშინ ეს იქნება არა განკითხვის ცოდვა, არამედ სიყვარულის საქმით აღსრულება. განკითხვის ცოდვა უფრო მეტად გულშია და არა ენაზე. ერთი და იგივე სიტყვები ზოგჯერ შეიძლება ცოდვა იყოს და ზოგჯერ – არ იყოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გრძნობით წარმოითქმის ისინი – გრძნობა განსაზღვრავს საუბრის კილოს. თუმცა სჯობს განსჯისგანაც თავი შევიკავოთ, რათა განკითხვაში არ გადავვარდეთ; ცეცხლსა და მურს უნდა მოვერიდოთ, რათა არ დავიწვათ და გავიჭვარტლოთ, სასწრაფოდ საკუთარი თავის განკითხვასა და დამდაბლებაზე გადასვლაა საჭირო.

7. განკითხვასა და თავის ქებასთან ბრძოლის შესახებ

აი, თქვენ უკვე ბუზების დაჭერას სწავლობთ. ეს კარგია. ვგულისხმობ განკითხვას. მაგრამ მხოლოდ საუბარი ამის შესახებ არასაკმარისია, უნდა შეწუხდეთ და როგორც სამსჯავროზე, შიშით უნდა მოინანიოთ ღვთის წინაშე თქვენი ცოდვილი გულისთქმა. ასე უნდა მოიქცეთ ყოველ ჯერზე. განუწყვეტელი სინანული მთავარი საქმეა იმათთვის, ვინც ყურადღებას აქცევს საკუთარ თავს.

თავის ქება და განკითხვა – ორი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა ჩვენთვის. ცბიერი გული თავისთავად სისაძაგლეა, რომელიც გაჰყვირის: „რამეთუ არა ვარ ისეთი, ვითარცა სხუანი“ (ლუკ. 18: 11) და ამის იმდენი გამოვლინება არსებობს, რომ ვერც ჩამოთვლი. მეტი გულმოდგინებითა და ყურადღებით იშრომეთ საკუთარი თავის განსამტკიცებლად და თავად დაინახავთ თუ როგორი საუნჯეა ჩვენი გული.

თქვენ წერთ N.-ის შესახებ. მაინც რა სული აქვს მას ასეთი, რომ თავისი საუბრებით ყველასა და ყველაფერს აბნელებს?! სხვადასხვა ხარისხის ცოდვილები არსებობენ და მოქცევის მოლოდინში ღვთის მოწყალება ყველა მათგანს იფარავს. კერძო შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება. შეუძლებელია ერთი შემთხვევის მიხედვით ადამიანის ხასიათის შესახებ დასკვნის გამოტანა, ასევე შეუძლებელია ერთი ადამიანის მიხედვით ადამიანთა შესახებ ზოგადად მსჯელობა. დროა შევწყვიტოთ მისი დაჯერება და ხუმრობით გადავფაროთ. და საერთოდ, წესად იქონიეთ, რომ არ დაუჯეროთ იმათ, ვინც განიკითხავს. ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ დაიწყო ცუდად საუბარი. ბერმა ჰკითხა: „საიდან იცი ამის შესახებ?“ მან უპასუხა: „ერთმა კეთილმა ადამიანმა მიამბო“. ბერმა კი მიუგო: „არა, კეთილი არ იყო, კეთილი რომ ყოფილიყო, ცუდს არ იტყოდა სხვის შესახებ“. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ღმერთმა გვაშოროს ცოდვის ცქერა, ყურსაც არ ვენდოთ და სულიც უბიწო იქნება. განკითხვის ცოდვას როგორღა მოვექცეთ? როგორც კი სხვების შესახებ მსჯელობას მათ მიმართ ზიზღი ერთვის და არა ძმური მწუხარება და მათი ღირსების დაცვის სურვილი, ეს არის განკითხვა ანუ უდიდესი ცოდვა! ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს.


წინა თავი შემდეგი თავი