მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


ღირსი ნილოს სორელი

დიადია და ძალიან რთული ჩვენი ბრძოლა მრუშობის სულთან, რადგან ამ ბრძოლაში ჩართულია მთელი ჩვენი არსება – სულიცა და სხეულიც, ამიტომ გვმართებს ვიფხიზლოთ და განუწყვეტლივ დავიცვათ ჩვენი გული მრუში გულისთქმებისაგან, განსაკუთრებით წმიდა დღესასწაულების დროს, როდესაც ზიარებისათვის ვემზადებით: ამ დროს მტერი ყველანაირად ცდილობს წაბილწოს ჩვენი სინდისი. როდესაც მრუში გულისთქმები გვაწუხებენ, გვამრთებს ღვთის შიში გავაცოცხლოთ ჩვენში, გავიხსენოთ, რომ ღვთის წინაშე არაფერი დაიმალება, გულის მცირედი მოძრაობაც კი, და რომ ღმერთი არის განმსჯელი და მომზღველი თუნდაც ყველაზე დაფარულისა და საიდუმლოსათვის. ასევე უნდა გავიხსენოთ ის პირობა, რომელიც დავდეთ ანგელოზებისა და ადამიანების თანდასწრებით, რომ დავიცავდით უბიწოებასა და სიწმინდეს.

უბიწოება და სიწმინდე არა მხოლოდ ადამიანის გარეგნულ ცხოვრებას ეხება, არამედ მისი გულის დაფარულსაც, რომელიც დაცული უნდა იყოს ბილწი გულისთქმებისგან – ეს არის ღვთის წინაშე ყველაზე ძვირფასი. ხოლო ვინც წინააღმდეგობას არ უწევს მრუშ გულისთქმებს და ამით იბილწავს თავს – ის მრუშობს საკუთარ გულში და თუ თავს არ დაიცავს, აზრებიდან გადავა საქმის შესრულებაზე. და თუ რა დიდი უბედურება მოჰყვება ამას, ჩანს იქიდან, რომ მრუშობის ცოდვის გარდა არცერთ ცოდვას არ უწოდეს წმიდა მამებმა „დაცემა“, რადგან ამ ცოდვაში ჩავარდნილი კარგავს სითამამეს და მიისწრაფვის სასოწარკვეთილებისკენ. მრუშობის ვნებასთან ბრძოლის დროს სასარგებლოა ვიფიქროთ ჩვენი საკუთარი თავის შესახებ, იმ პატივისა და წოდების შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით, რომ ჩვენ შემოსილი ვართ ანგელოზებრივი ხატებით: და როგორ შეიძლება გავკადნიერდეთ და ფეხქვეშ გავთელოთ ჩვენი სინდისი და გავანადგუროთ ჩვენში ანგელოზებრივი ხატება ბილწი მრუშობით? ვიფიქროთ სირცხვილის შესახებაც ადამიანების წინაშე, რადგან ამგვარი წარმოდგენებით შევძლებთ უკუვაგდოთ ეს ბილწი და სამარცხვინო განზრახვა. ცხადად წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ წაგვასწრო ამ ბილწ ქმედებაში: ხომ არ ვამჯობინებდით სიკვდილს, ვიდრე აღმოვჩენილიყავით იმგვარ სირცხვილში? ამ და მსგავსი საშუალებებით შევეცადოთ მოვიკვეთოთ უწმინდური გულისთქმები.

როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ყველაზე მთავარ და ძლიერ იარაღს უწმინდური სულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოადგნეს ღმერთის მიმართ ლოცვა. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვირჩევს შევებრძოლოთ სიძვის გულისთქმებს ლოცვით და ამისათვის გამოვიყენოთ დავით მეფსალმუნის სიტყვები ფსალმუნებიდან: „განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე“ (ფს 16:11), „სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე - მოუცავ მე“ (ფს. 31:7). წმიდა იოანე სინელიც, ამ თემაზე საუბრისას, სიძვის გულისთქმების წინააღმდეგ მლოცველის სიტყვებს წარმოგვიდგენს: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ“ (ფს. 69:1) და ა. შ. ასევე საჭიროა შეწევნისათვის მოვუხმოთ იმ წმინდანებს, რომლებიც ცნობილი არიან უბიწოებისა და სიწმინდის დასაცავად გაწეული ღვაწლითა და ბრძოლით. მაგალითად, დანიელ სკიტელი ურჩევდა ერთ ძმას, რომელიც მრუში გულისთქმებით იტანჯებოდა, რომ დახმარება ეთხოვა მოწამე ფომაიდასთვის, რომელიც მოკლულ იქნა უბიწოების დაცვის გამო და ამგვარად ელოცა: „ღმერთო, წმიდა მოწამე ფომაიდას ლოცვებით, შემეწიე მე!“ და ძმა, რომელმაც წამებულის საფლავთან ასე ილოცა, მეყვსეულად გათავისუფლდა მრუში გულისთქმებისაგან. როდესაც გვაქვს ამგვარი მოწმობები, ჩვენც ვილოცოთ და ვითხოვოთ შეწევნა იმათგან, ვის შესახებაც გვაუწყებს წმიდა წერილი, რომ უბიწოებასა და სიწმინდეში მოღვაწეობდნენ.

და თუ ბრძოლა ძლიერ შემოგიტევთ, აღაპყარით ხელები და მზერა ზეცისკენ და ილოცეთ, როგორც ამას გვასწავლის გრიგორი სინელი, და ღმერთი განგვაშორებს გულისთქმებს. ილოცე ისე, როგორც ლოცულობდა წმიდა ისააკი: „შენ ხარ ძლიერი და შენი არს ღვაწლი, უფალო! შეგვეწიე და გაგვამარჯვებინე ამ ბრძოლაში, უფალო“; და როგორც იოანე სინელი გვასწავლის: „შეჰღაღადე ძლიერს გადაგარჩინოს შენ, არა თვალთმაქცური სიტყვებით, არამედ მდაბლად და უბრალოდ – „შემიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ“. მაშინ შეიცნობ ყოვლადძლიერის ძალას და უხილავ მტრებს შეუმჩნევლად განიშორებ. ყოველთვის ქრისტეს სახელით შეებრძოლე მტერს, რადგან ამაზე ძლიერ იარაღს ვერ ნახავ ვერც ცაში და ვერც ქვეყანაზე.

იოანე სინელის სიტყვებით, ეშმაკი გვაკვირდება და როდესაც შენიშნავს, რომ ვერ შევძლებთ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ანუ ლოცვას შინაგანად და გარეგნულად, სწორედ ამ დროს გვიტევს. ფხიზლად იყავი და არ შეასუსტო ლოცვა, განსაკუთრებით, როდესაც უწმინდური გულისთქმები გაშფოთებენ, და როგორც უკვე გითხარით, სულიერი და ხორციელი მზერა ზეცისკენ მიმართე, როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება შენთვის და ილოცე შენი ძალების შესაბამისად. და თუ ამგვარად მოიქცევი, გამოცდილებით შეიცნობ, რომ ყოვლადძლიერი ღმერთის ძალითა და უხილავი შეწევნით უწმინდური გულისთქმები დამარცხდებიან. მაგრამ თუ იზარმაცებ, სირცხვილი გელის, როგორც მათ მიერ დამარცხებულსა და სინდისშებილწულს.

უნდა ვიცოდეთ ეშმაკის ის ხრიკებიც, – გვასწავლიან მამები, – რომ ისინი გონებაში გვისახავენ აზრებსა და მოგონებებს ქალებისა და ახალგაზრდა, პირმშვენიერი სახეების შესახებ, გვმართებს მაშინვე განვიშოროთ ისინი, თუნდაც რომ ეს სახეები იყვნენ ღვთისმოსავნი და არ აღაგზნებენ ვნებებს, მაგრამ თუ დააყოვნებ, მაცდური ბოროტი სული მოხერებულად გადააქცევს ამ აზრებს ბილწ და საძაგელ გულისთქმებად.

ხდება ისეც, რომ თავადვე ვწუხვართ მრუში გულისთქმების გამო, და ვფიქრობთ რა მათ შესახებ, საკუთარ თავს ვსაყვედურობთ იმის გამო, რომ გვსურს ის, რაც მხოლოდ პირუტყვთათვის არის ბუნებრივი, განვიცდით იმასაც, რომ ბუნების საწინააღმდეგო პირუტყვთათვისაც უცხოა... მაგრამ ამგვარი შეგრძნებებისგან განსაკუთრებით ახალმოსულებმა უნდა დაიცვან თავი, რადგან ამ თემებზე ხანგრძლივი ფიქრით, სულიერი ბრძოლის მომიზეზებით, ვნებების მსახურნი არ აღმოჩნდნენ. ამიტომ უფრო უსაფრთხოა გამოჩენისთანავე მოვიკვეთოთ ცოდვილი გულისთქმები, მათ წინააღმდეგ ბრძოლა კი ხელეწიფებათ ძლიერებს, რომელთაც გამოუმუშავდათ ჩვევა სწორად გამიჯნონ ერთმანეთისგან აზრები.

დაბოლოს, მოერიდე ქალებთან საუბარსა და მათ ცქერას, ასევე მოერიდე ცხოვრებას ახალგაზრდა, ლამაზი პირისახის მქონე ვაჟებთან და თავი შეიკავე მათი ცქერისგანაც, რადგან ეს ბოროტის მიერ გამზადებული ქსელია მონაზონთათვის, როგორც ამის შესახებ ამბობს ერთი წმიდა მამა. და თუ შესაძლებელია, – ბრძანებს ბასილი დიდი, – ნუ განმარტოვდები მათთან, თუნდაც საჭიროების გამო, რადგან აღარაფერია საჭირო და უფრო მნიშვნელოვანი შენთვის და შენი სულისთვის, რომლისთვისაც ქრისტე მოკვდა და აღდგა... და ნუ მოისურვებ ისმინო ვინმესგან ურცხვი საუბრები, რომლებიც აღაგზნებენ ვნებებს.


წინა თავი შემდეგი თავი