მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ |
წმიდა თეოფანე დაყუდებული
|
ნაზარეთელები გაოცებული იყვნენ ქრისტეს საუბრებით, მაგრამ შურის გამო არ ირწმუნეს მისი, როგორც ამის შესახებ ბრძანებს თავად უფალი. ჭეშმარიტებასა და სიკეთეს სძულს ყოველგვარი უკეთურება, განსაკუთრებით შური, რომლის არსიც სიცრუე და ბოროტებაა; ეს ვნება ყველაზე დაუნდობელი და საზიანოა პირველ რიგში თავად შურიანისათვის და შემდეგ იმისთვის, ვისკენაც ისაა მიმართული. შური მეტ – ნაკლებად ყველაშია, ის აღიზიანებს პატივმოყვარებას და ღრღნის გულს. შური ნაკლებად ტანჯავს ადამიანს, რომელიც თავადაც რაღაცას საქმიანობს, მაგრამ თუ დაბრკოლება ექმნება და თანაც იმის მიერ, ვისიც შურს, მაშინ ამ ვნების მოქმედებას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, მაშინ მშვიდობა შეუძლებელია: შური ითხოვს მეტოქის გზიდან ჩამოშორებას და მანამ არ დამშვიდდება, სანამ რამენიარად არ მიაღწევს დასახულ მიზანს ან არ მოკლავს მას, ვისიც შურს. ხოლო ვინც ეგოისტურ გრძნობებზე კეთილგანწყობის აზრებით იმარჯვებს, შურით არ იტანჯება. რა გზით შეიძლება დავამარცხოთ შური? უნდა შევძლოთ კეთილად განვეწყოთ განსაკუთრებით იმის მიმართ, ვისიც გვშურს და აღმოვაჩენთ, რომ შური მალევე შესუსტდება. საჭიროა რამდენჯერმე ვცადოთ ამგვარად მოქცევა და ღვთის შეწევნით, შურის ვნება სრულად გაქრება. მაგრამ თუ არ შეებრძოლები მას, თუ არ მოერევი საკუთარ თავს და არ აიძულებ სიკეთე უყო იმას, ვისიც გშურს, მაშინ შური დაგტანჯავს, გამოგფიტავს და სიცოცხლეს მოგისწრაფებს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |