მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ |
წმიდა ტიხონ ზადონელი
|
შური – ეს არის წუხილი მოყვასის სიკეთისა და კეთილდღეობის გამო. შური მტანჯველი ვნებაა! სხვა ცოდვებს რაღაც მოჩვენებითი სიტკბო მაინც ახლავს, მაგრამ შურიანი სცოდავს და თან იტანჯება. შურიანი სჩადის იმას, რასაც ეშმაკიც კი არ აკეთებს: ეშმაკს მხოლოდ ადამიანის შურს და არა ეშმაკის, ადამიანს კი ადამიანის შურს. ვინც ეს სოფელი მოიძულა და ცათა სასუფეველს ეძებს, მასში შურის ვნება ფეხს ვერ იკიდებს: ან რატომ უნდა შურდეს მიწიერისა და ხრწნადის გამო იმას, ვინც მათ უარყოფს და ზეციურს ესწრაფვის? ბატონს არ შურს როცა მეწაღეს, ხარაზსა თუ სხვა მოხელეს აქებენ. რადგან თავად უმეტესად ქებულია; ასევე, ვინც მარადიულისკენ ისწრაფვის, არ შურს წარმავალი დიდების. *** შურიანი და ბოროტი ეშმაკთან ერთობაშია, რამეთუ ეშმაკი შურისა და სიძულვილის სულია. *** მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ იტრაბახებთ და ნუ იცრუებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ეს არაა ზეციური სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, ხორციელი, ეშმაკისეული, რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა (იაკ. 3: 14-16). მოიწყინა კაენმა და თავი ჩაქინდრა. რატომ? იმიტომ, რომ იხილა როგორ მოიწონა ღმერთმა მისი ძმის, აბელის შეწირული მსხვერპლი, ის კი მისივე დაუდევრობის გამო არ იქნა შეწყნარებული. ასევე, როდესაც მინდვრიდან შინ მისულმა უფროსმა ძმამ შეიტყო, რომ ლხინი იყო სახლში მისი ძმის, უძღები შვილის, გამო, რომელიც საღსალამათი დაბრუნდა მოწყალე მამასთან, გაბრაზებულმა არ მოისურვა მამის სახლში შესვლა და მისი სიხარულის გაზიარება (ლუკ. 15: 25-30). ლხინი კი საფუძვლიანი იყო: მისი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და დაბრუნდა, მაგრამ ის ამას ყურადღებას არ აქცევდა, და არ მოსწონდა, რომ ძმის გამო მამამ საუკეთესო ზვარაკი დაკლა და შვილის კეთილდღეობით ხარობდა მთელ სახლეულთან ერთად. ასე წუხს შური სიკეთის გამო და საკუთარ უბედურებად მიიჩნევს ძმის კეთილდღეობას. *** შურის სათავე სიამაყეა. ამაყს სურს ყველას აღემატებოდეს და ვერ ეგუება თუ ვინმე მისი ტოლ – სწორია, მით უმეტეს, თუ მას კეთილდღეობით აღემატება. შურიანი სხვის წარმატებას მტკივნეულად განიცდის, თავმდაბალს კი არავისი შურს, რადგან თავის თავს უღირსად მიიჩნევს, ხოლო სხვებს საკუთარ თავზე უკეთესად თვლის, ამიტომ სხვათათვის ბოძებული ნიჭებიც არ აღიზიანებს. შური მხოლოდ იმას აწუხებს, ვისაც საკუთარი თავი დიდ ვინმედ მიჩნია ამ სოფელში და რაკი თავის თავზე მეტისმეტ წარმოდგენას იქმნის, სხვებს აღარაფრად აგდებს. სწორედ ამპარტავნების გამო მოიძულა, – როგორც თვითონ აღიარა ეს საულმა, – თავმდაბალი და მშვიდი დავითი, რადგან გახარებულმა ქალებმა იგი მასზე მეტად შეაქეს: „დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია“ (1 მეფ. 18: 8). ამიტომაც დაიწყო უდანაშაულო ჭაბუკის დევნა. შურის მიზანია, რომ ის, ვისიც შურს, კეთილდღეობაში არ იხილოს, რადგან როდესაც სხვა კეთილდღეობაშია, ღიზიანდება, ხოლო როცა ამ კეთილდღეობას კარგავს და განსაცდელი ეწევა, მაშინვე მშვიდდება. შურის გამო ჩვენი პირველმშობლები უდიდესი ნეტარებიდან უდიდეს უბედურებაში ჩაცვივდნენ: სწორედ შურმა უბიძგა კაენს აღმდგარიყო ძმის წინააღმდეგ და მოეკლა იგი. შურის გამოა, რომ იოსები ტყვედ გაყიდეს ძმებმა ეგვიპტეში. შურის ბრალია ისიც, რომ იუდეველებმა უფალი და კეთილიმსყოფელი მათი, იესო ქრისტე, ჯვარს აცვეს. ამგვარად, სიამაყე შურს შობს, შური – სიძულვილს, სიძულვილი – ბოროტებას, ბოროტებას კი არასოდეს აქვს კარგი დასასრული. *** შური მტანჯველი და სასაცილო ვნებაა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ეშმაკის შხამით არის ადამიანის გული დასნეულებული. სხვა ვნებებს მოჩვენებითი სიტკბო მაინც ახლავს, შურიანი კი სცოდავს და თან იტანჯება. არ აკმაყოფილებს ამანს, იუდეველთა მტერს, ქება, რომლითაც განადიდა იგი მეფემ, არც სიმდიდრე ხიბლავს, რომლითაც განცხრებოდა, არც ის პატივი, რომ მეფესა და დედოფალთან ერთად იყო წვეული ნადიმზე. ეს ყველაფერი, – როგორც თავად აღნიშნავს, – არასაკმარისია მისთვის. რა არის ამის მიზეზი? ვინმემ ხომ არ გაწყენინა, ამან? ვინმემ ხო არ გაგქურდა? ან მეფის წინაშე ცილი ხომ არ დაგწამა ვინმემ? ჯანმრთელად ხომ ხართ შენ და შენი ოჯახის წევრები? ან მტრის წინაშე შიშის გამო ხომ არ ძრწი? არა! არაფერი მსგავსი! მაშ რა? რამ შეაცბუნა შენი გული? რა გაწუხებს ამგვარ დიდებასა და ფუფუნებაში მყოფს? რატომ ხარ თავჩაქინდრული? რამ დაგაძაბუნა და დაგანაღვლიანა? რატომ ჩამოგტირის სახე? რა არ გყოფნის შენ, მეფის პირველ მრჩეველს? – სამეფო კვერთხი და ძალაუფლება გაკლია მხოლოდ. არა, – ამბობს ამანი, – ეს ყველაფერი უსარგებლოა ჩემთვის, რადგან ვხედავ მარდოქაის კეთილდღეობაში; ეს ყველაფერი არაფერს წარმოადგენს ჩემთვის, რადგან ვხედავ იუდეველ მარდოქაის სამეფო პალატებში; არაფერი მახარებს – არც დიდება, არც პატივი და არც სიმდირე – რადგან ვხედავ, რომ მეფე სწყალობს მარდოქაის (იხ. ესთ. 5:1-14). ამგვარად, სცოდავს შურიანი და თან სასჯელს იტეხს თავზე, უკანონო საქმეებს სჩადის და თან იტანჯება. აქედანაც ჩანს, როგორი საძაგელია შური და როგორ ამასხარავებს მისით შეპყრობილს! – წუხს, რადგან მოყვასი მხიარულობს; უკმაყფილოა, რადგან ძმა კმაყოფილია თავისი მდგომარეობით! და განა სასაცილო არ არის ამგვარი ყოფა?! მხოლოდ ეშმაკის ბუნებაა ასეთი: წუხს და ვერ ეგუება იმას, რომ ქრისტიანები ცხოვნდებიან და მარადიულ დიდებას მიიღებენ იქ, საიდანაც თავად იქნა გადმოგდებული მარადიულ სატანჯველში. *** ამგვარად, ყველასათვის ცხადი იყოს თუ რამდენად დამღუპველია შურის ვნება, რადგან: 1. ესაა პირადი ცოდვა ეშმაკისა, რომელმაც შურით ჩვენი პირველმშობლები, და მათთან ერთად ჩვენც, მოგვაკვდინა. ეშმაკს უხარია ადამიანების დაღუპვა და წუხს მათი ხსნის გამო, რადგან შურისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის. 2. ეშმაკს არ შურს თავისი მსგავსი ეშმაკის, არამედ – ადამიანის, ადამიანებს კი ერთმანეთის შურთ: ძმას – ძმის, მოყვასს – თავისი მსგავსის, არადა, უნდა ეხარა მოხარულთან და ეტირა მოტირალთან, როგორც გვასწავლის მოციქული (რომ. 12: 15); და შეუძლებელია არ გვიკვირდეს იმის გამო, რომ ასე მოწამლა ეშმაკმა შხამით ჩვენი გული! სატირალიც კია ამგვარი მდგომარეობა! 3. ცუდად ამთავრებენ ისინი, ვინც შურითაა შეპყრობილი! 4. შური იმათაც მტრობს, ვისგანაც სიკეთით სარგებლობს – მას კეთილისმსურველიც სძულს და კეთილისმოქმედსაც დევნის. ვინ იყო უფრო მეტად კეთილისმყოფელი იუდეველებისთვის, ვიდრე ქრისტე – მხსნელი სოფლისა! მკვდრებს აღუდგენდა, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა, კეთროვნებს განწმინდდა და მრავალ სხვა სიკეთეს აღუსრულებდა მათ, მაგრამ შურს ეს არ აინტერესებს, არამედ მსჯელობს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს (იოან. 11: 47-48). შური არ განიხილავს, არ ცნობს უმაღლეს სიკეთეს, არამედ ჩააგონებს მოკლან კეთილისმოქმედი. აჭამე, ასვი, შემოსე, შეიფარე, დაიცავი, უზრუნველყავი, ანუგეშე შურიანი – ვერაფრით ასიამოვნებ, რადგან თუ შენ კარგად ხარ, ყველას უყვარხარ, გაქებენ, პატივს გცემენ – ეს გულს უკოდავს იმას, ვისაც ვერ კურნავს შენი სიყვარული და მზრუნველობა, და იმ დრომდე იქნება ამგვარად მოწყლული, სანამ გასაჭირში არ გიხილავს. 5. შური თავად იმასაც აუბედურებს, ვისაც შეეყრება, რადგან მარადიული ტანჯვისთვისაც წირავს მას და დროებით გასაჭირშიც აგდებს. მაგალითად, კაენი გოდებდა და იტანჯებოდა, ამანი კი იმ ხეზე ჩამოკიდებული მოკვდა, რომელიც იუდეველ მარდოქეს მოუმზადა დასაღუპად... თუმცა, შურიანისათვის, თვალით დასანახი რაიმე უბედურება რომც არ დაატყდეს თავს, ის უხილავი ტანჯვაც საკმარისია, რომლითაც შინაგანად აწამებს „თავისივე მტანჯველი“. *** ამ დამღუპველი და ბოროტი სენის – შურის საწინააღმდეგო საშუალებები შემდეგია: 1. ღვთის შეწევნით, უნდა მოვიძულოთ სიამაყე, რომლისგანაც იშვება, როგორც უკვე ვთქვით, შური. ამგვარად, თუ ბოროტი ფესვი არ იქნება, არ იქნება ბოროტი ნაყოფიც.“ შური, – ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე, – არის ამპარტავნების ასული: მოაკვდინე დედა და დაიღუპება ქალიშვილიც.“ 2. უნდა ისწავლო მოყვასის სიყვარული – ამგვარად შესუსტდება შური, რადგან „სიყვარულს არ შურს“ (1 კორ. 13: 4), – ბრძანებს მოციქული. და თუმცა გულზე იერიშს მოიტანს ეს დამყუპველი შურის ისარი, მაგრამ სიყვარულის ძალა შეეწინააღმდეგება მას და აიძულებს გულს, თუნდაც სურვილის წინააღმდეგ, მადლობდეს უფალს იმის გამო, რომ მოყვასი კეთილდღეობაში იმყოფება. ასე ყოველგვარი შინაგანი ბოროტება განიკურნება, რადგან, როგორც იტყვიან, „სოლი სოლს გააქვს“. ჩვენ უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი აღვასრულოთ სიკეთე და ვაკეთოთ არა ის, რაც გაბოროტებულ გულს სურს, არამედ რასაც ქრისტიანული რწმენა და სინდისი მოითხოვს: ცათა სასუფეველი იძულებით მიიღწევა და რომლებიც აიძულებენ თავს, მიიტაცებენ მას (მათ. 11: 12). ამგვარად, შევეწინააღმდეგოთ ბოროტებასა და შურისძიებას, დრტვინვას, ძაგებასა და სხვა ვნებებს და ვაიძულოთ ჩვენს თავს მოთმინება და სხვა სათნოებათა აღსრულება. თავიდან ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ, თანდათან, ღვთის შეწევნით, შესაძლებელი გახდება. 3. ვიფიქროთ და უეჭველად გვწამდეს, რომ წუთისოფელში დიდებული და განსაცვიფრებელი არაფერია და რომ არ არსებობს სხვა ნეტარება, გარდა მარადიულისა და ზეციერის. და თუ ამგვარად ვიფიქრებთ, შური ძალას დაკარგავს, რადგან შური მოყვასის კეთილდღეობის გამო აქვთ, ხოლო თუ ვიცით, რომ კეთილდღეობა დროებითია, ანუ ღირსებას, სიმდიდრესა და სხვა ამათ მსგავსს ჭეშმარიტ კეთილდღეობად არ მივიჩნევთ, შესაბამისად, არც მათ გამო აღგვეძვრება შური. თუ ამქვეყნიურს მოიძულებ და ზეციურს მოიძიებ, მაშინ სხვისი არც ღირსების, არც დიდების, არც ქების, არც სიმდიდრისა და არც კეთილშობილების არ შეგშურდება, რამეთუ შეუდარებლად მეტის სურვილი გაქვს. ბატონს არ შურს მეწაღის, ხარაზისა თუ ხაბაზის ან სხვა ოსტატის, რადგან ბევრად მეტს თავად ფლობს. მსგავსადვე, არ შურს დროებითისა და წარმავალის გამო იმას, ვინც მუდმივ და ჭეშმარიტად მარადიულ ნეტარებას ეძიებს. გსურს, რომ არ გამოგჭამოს და არ გავნოს ამ მტანჯველმა წყლულმა – შურმა? არარაობად შერაცხე ყველაფერი დროებითი და მაშინ ფეხს ვერ მოიკიდებს ის შენში. *** რას არ აკეთებს შური (ღვთისმოსავი სული ვერაფრით იგებს შურიანის გულს) – იქ იგონებს ნაკლს, სადაც ნაკლი არ არსებობს, ხან იმას აძაგებს და შეურაცხყოფს, რაც ქების ღირსია. გაბოროტებულ იუდეველთა შესახებ ამგვარი რამ თქვა უფალმა: მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო (მთ. 11: 18-19). ხედავ, ვერც წინამორბედმა, ამ ხორცში მყოფმა ანგელოზმა, და ვერც თვით უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლითურთ ნათელმა და ყოვლითურთ უცოდველმა, ვერ აამეს მათ, პირიქით, ორივესათვის სახელის გატეხვას ცდილობდნენ. მაშ, რა გასაკვირია მიზეზს ეძებდნენ იმათში, რომელთაც თან სდევთ ადამინური სისუსტეები? ახლაც მოქმედებს ბოროტი: რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ყველაფრის შესახებ ჭორაობს, ყველაფრის გამო ადანაშაულებს. უფრთხილდი შურსა და ბოროტებას – სულის ამ უდიდეს შხამს, რადგან როგორც ჭია ხეს, შურიც შიგნიდან ღრღნის სულს. ამიტომ როგორც კი თავს წამოყოფს გულში, მაშინვე მოაკვდინე ეს დამღუპველი მატლი, რათა არ გაძლიერდეს და არ დაღუპოს შენი სული. *** აი, როგორი დაზიანებულია ჩვენი სული ამ ძველისძველი შხამით, როგორი ბოროტი და შურიანია ეშმაკი და როგორ წამლავს იმავე შხამით ადამიანის სულს, ისე რომ, რაც უნდა უხაროდეს კაცს, სწორედ ის შურს და ის ტანჯავს. ამგვარად, მრავალ ბოროტებას ვხედავთ ამქვეყნად. *** შური უდიდესი წყლულია ადამიანის სულში. შურისგან მომდინარეობს მრისხანება, მრისხანებისგან – ბოროტება და ბოროტებას კი მკვლელობა მოჰყვება, როგორც ამას ვხედავთ კაენის შემთხვევაში. ამიტომ მანამ უნდა ვიშრომოთ და ვილოცოთ ქრისტეს მიმართ, სანამ უფალი არ განკურნავს ამ წყლულს ჩვენს სულში. უფალს სურს, რომ განგვკურნოს, მაგრამ ასევე სურს, რომ ჩვენი უძლურება გავაცხადოთ მის წინაშე და მას ვევედროთ და მას ვთხოვოთ განკურნება. ამგვარად, ვიზრუნოთ სულისათვის და დაუცხრომლად ვილოცოთ სულთა მკურნალის – ქრისტეს მიმართ, რათა მან განკურნოს ჩვენი უძლურებანი. *** რისკენ უბიძგებს შური? ბოროტებისკენ! ბოროტება კი არა მარტო ლანძღავს და შეურაცხყოფს, არამედ მკვლელობასაც სჩადის. შური საშინელი უკეთურებაა, ხოლო ბოროტება მისი ასულია! თავდაპირველად კაენს აბელისადმი სწორედ შური აღეძრა, შემდეგ გაბოროტდა მის მიმართ, ბოლოს კი ძმა მოკლა. მსგავსადვე, იაკობის შვილებსაც შეშურდათ თავიანთი ძმის – იოსების, შემდეგ ისინიც გაბოროტდნენ და ბოლოს მათაც ძმის მოკვდინებაც განიზრახეს; და მოკლავდნენ კიდეც, რომ არა ღმერთი, რომელიც იყო იოსებთან და რომელმაც დაიფარა იგი სიკვდილისაგან. თუმცა ძმების ბოროტების გამო იოსები მაინც იქნა გაყიდული მონად ეგვიპტეში... იუდეველებსაც ჯერ შეშურდათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი, შემდეგ გაბოროტდნენ და გაბოროტებულნი ცილს სწამებდნენ და ლანძღავდნენ, ბოლოს მისი მოკვლა მოისურვეს. ამგვარ დასასრულამდე მიჰყავს შურსა და ბოროტებას ადამიანები. ამიტომ უფრთხილდი შურს და ბოროტებას, როგორც სულის მომაკვდინებელ წყლულებს, და როგორც კი გულში ოდნავ გამოჩნდებიან, მაშინვე მოჰკვეთე თავი ღვთის სიტყვის მახვილითა და იესოს შეწევნით, ხოლო თუ არ მოჰკვეთ, გაძლირდებიან, დაგამარცხებენ და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებენ შენს სულს... ბოროტ და შურიან ადამიანებს არც თავიანთ კეთილისმყოფელთა მიმართ აქვთ მადლიერების გრძნობა, არც აინტერესებთ ვინ არიან ისინი, მეტიც, მათ დაღუპვას ცდილობენ, ვერ ხედავენ მათ მიერ მათთვის გაკეთებულ სიკეთეს და მხოლოდ ერთი რამ აფიქრებთ – როგორ მოიყვანონ სისრულეში თავიანთი ბოროტი განზრახვა. აი, ასე აბრმავებს შური და ბოროტება საბრალო ადამიანს. შური და ბოროტება ბოროტი სულის – ეშმაკის ნაშიერები არიან! მეტად დააავადა ამ ბოროტების მშობელმა ადამიანის გული! მრავალი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ერიდებიან გაბოროტებულნი თავიანთი კეთილისმყოფელებისადმი ბოროტების ჩადენას. ყველანაირად ეცადე დაიცვა თავი შურისა და გაბოროტებისგან, რათა არ დაიპყრონ შენი გული. ბევრი ერიდება საზრდელს და სასმელს, არ იღებენ ხორცსა და თევზს, მაგრამ შურისა და ბოროტებისგან არაფრით არ სურთ მორიდება. და რა სარგებელია იმისაგან, რომ სხეული იკრძალავს იმას, რაც არ არის აკრძალული, სული კი ნადგურდება იმით, რაც სასიკვდილო განაჩენის გამო არის აკრძალული? ყოველი ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; და იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო ცხოვრება თავის თავში“ (1 ინ. 3: 15), – ბრძანებს მოციქული. |
წინა თავი | შემდეგი თავი |