მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა დიმიტრი როსტოველი

სხვისი კეთილდღეობა და წარმატება შურიანი ადამიანებისთვის უმძიმესი ჭრილობაა, მათთვის მათი უბედურება ისე მტანჯველი არ არის, როგორც სხვისი ბედნიერება და კეთილდღეობა. სწორედ ასეა - სხვისი ბედნიერება აუტანელია მათთვის. ღვთისმეტყველთა შორის არსებობს აზრი, რომ ჰაერში, მიწასა და ცას შორის, უამრავი უკეთური სული, უამრავი ეშმაკი იტანჯება. როდესაც სამართლიანი მსჯავრით ღმერთმა ისინი ზეციდან გამოაძევა, რატომ არ ჩაყარა სატანჯველად ლუციფერთან, ჯოჯოხეთის უფსკრულში? ან რითი იტანჯებიან ეშმაკები ჰაერში? ან ნაკლებად ხომ არ იტანჯებიან, ვიდრე გეენაში? ამას ამგვარად განგვიმარტავს ძველი დროის ცნობილი დასავლელი სწავლული: „ღვთის ძალით, ეშმაკთა გარკვეული ნაწილი იმისთვისაა ჰაერში შეკავებული, რათა ხედავდნენ და შურდეთ და ამ შურით იტანჯებოდნენ“. რას ნიშნავს სიტყვები „ხედავდნენ და შურდეთ“? იყურებიან ჰაერში მყოფი სულები ზეცაში, საიდანაც გადმოცვივდნენ და ხედავენ იქ, თავიანთ ადგილას, ანგელოზურ პატივში მყოფ წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, მოწამეებსა და მართლებს. ო, როგორ ტანჯავს და მოსვენებას არ ძლევს მათ შური, ხედავენ, შურთ და შურითვე იტანჯებიან! და როდესაც ჰაერში მყოფი სულები დედამიწას გადმოჰყურებენ, აქაც მრავალ ღვთისმოსავ ადამიანს ხედავენ, ღვთისნიერად მცხოვრებთ, მმარხველებს, ქალწულებს, უბიწო მეუღლეებს, ყველას, ვინც ღირსია ცათა სასუფევლის. ხედავენ მათ, შურთ და ამ შურით იტანჯებიან!

და როდესაც ისინი ხედავენ ოდესღაც დიდ ცოდვილებს, რომლებმაც შეჭმარიტი სინანულით დაიმკვიდრეს ცათა სასუფეველი (როგორც, მაგალითად: მეზვერემ, მეძავმა, ავაზაკმა, ღირსმა მარიამ ეგვიპტელმა და სხვებმა), ასევე დიდ ცოდვილებს, რომლებიც დაადგნენ ჭეშმარიტების გზას, რომელსაც ღმერთამდე მიჰყავს ისინი და თავს აღწევენ მათთვის გამზადებულ მარადიულ სატანჯველს, ცრემლით აქრობენ გეენიის ცეცხლს და ღირსნი ხდებიან ცათა სასუფეველის, – საფიქრებელია, რომ ამის შემხედვარე ჰაერის სულები შურით ივსებიან, ხედავენ და შურთ, და ამ შურით იტანჯებიან. და განა ამგვარი ტანჯვა უმნიშვნელოა? ჭეშმარიტად, იმდენად დიდია მათი ეს ტანჯვა, რომ არანაკლებია გეენის ცეცხლისა. წმ. წერილში ნათქვამია: შური სასტიკია როგორც ჯოჯოხეთი, მისი ფრთები ცეცხლის ალივითაა. შური არის ისეთივე მწველი და მხურვალე, როგორიც თვით ჯოჯოხთის ცეცხლი, შური ხედავს და შურს, და ამ შურით იტანჯება...

არ ვიცი, შეაქებს კი რაიმე კეთილს შური? ღვთისა და ადამინების წინაშე რომ ბრწყინავდე როგორც ოქრო – შური მაინც ცუდად მოგიხსენიებს და ჭაობში ამოგსვრის. კეთილი საქმეებით მზეც რომ იყო – დაე, ამგვარად ბრწყინავდეს შენი ნათელი – შური შეგაფასებს როგორც სიბნელეს; თვით ზეციური ანგელოზიც რომ იყო, შური ადამიანადაც არ ჩაგთვლის, ქვეყნის დასალიერში წადი – შური იქაც მოგწვდება, გაშალე ფრთები, გაფრინდი და დასახლდი ზღვის კიდეზე (ფს. 138: 9) – შური, როგორც ისრით, თავისი საგმობი სიტყვებით – რომლითაც პატივს აგყრის – მფრინავსაც ჩამოგაგდებს. უბიწოების ფარი აიფარე – თავისი გესლიანი ენით შური მაინც დაგჭრის, როგორც ხმლით; ამაოდ როდი ევედრება დავით მეფე ღმერთს: „დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს“ (ფს. 63:3-4).. წმიდაო დავით! უკეთესი ხომ არ იქნება ამგვარად თქმა: „ჩემმა მტრებმა ჩემ წინააღმდეგ გალესეს მახვილები, მოამზადეს შუბები, ისრები, იარაღი აღმართეს ნამდვილი, რათა დამკრან და მომკლან“, მაგრამ დავითი ამბობს: „გაილესეს ენა, როგორც მახვილი“ ანუ შურიანი ადამიანების ბოროტი და ალესილი ენა უფრო საშიშია, ვიდრე მტრის იარაღი. შეეძლო ამ დიდებულ და კეთილშობილ ვაჟკაცს შეგებებოდა მოწინააღმდეგის იარაღს, არ ეშინოდა მას ბრძოლაში მახვილის, შუბისა და ისრების, მაგრამ ბოროტი ენისა კი ეშინოდა, და ამიტომაც არის, რომ ღვთისაგან ითხოვს დახმარებას: „დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი – მწარე სიტყვა“ (ფს. 63: 3-4). არ მეშინია, – ამბობს დავითი, – გოლიათის, უცხოთესლი ფილისტიმელების, მაგრამ ადამიანის ბოროტმა ენამ, შურიანის ენამ, მზაკვარმა ენამ შემაშფოთა: „დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს“. მაგრამ სულით არ დაეცე, დიდებულო ადამიანო, არ შეამცირო ღვაწლი, ნუ სულმოკლეობ ბედნიერებას მოკლებული! იმ წარმოსახვითი მახვილებით – შურიანთა ენებს ვგულისხმობ – მათივე გულები განიგმირება, რათა ხედავდნენ და შურდეთ და ამ შურით იტანჯებოდნენ.

ნუ გაეჯიბრები და ნუ შეგშურდება მცოდველის, თავს ნუ დაიმშვიდებ სხვისი ცოდვებით, არამედ შეიბრალე და მოწყალე იყავ მის მიმართ. თუ შეგიძლია, ხელი გაუწოდე და წამოდგომაში დაეხამრე, ხოლო თუ არა, ილოცე მაინც მისთვის, რადგან ნუგეშისა და სიარულის, დიადისა და დიდებულის ნაცვლად მწუხარებასა და სევდას იძენს ცოდვის ჩამდენი. ვინც ცოდვას უსინჯავს გემოს, იმას, აქ იქნება თუ იქ, აუცილებლად მოუწევს მწუხარების გასინჯვაც – რადგან სხვაგვარად შეუძლებელია.

ნუ გშურს, ადამიანო, ნურავის ამქვეყნიური კეთილდღეობის, რადგან წუთისოფელში ყველაფერი ბალახივითაა და მინდვრის ყვავილივით. ნუ გშურს მდიდრისა თუ დიდებულის, რომელიც განცხრომით ცხოვრობს ამსოფლიურ ფუფუნებაში, გამოიჩინე გონიერება და მიბაძე იმას, ვინც სათნოებებითაა მდიდარი, ან რატომ უნდა გშურდეს ამქვეყნიური კეთილდღეობის, თუ ეს ყველაფერი დროებითია და წარმავალი? ნუთუ ვინმე მარადიულად მდიდარია და დიდებული? ან ვინ სარგებლობს დაუსრულებლად ამქვეყნიური კეთილდღეობითა და სიამოვნებებით? დროებითია ეს ყველაფერი.

ნუ გშურს წუთისოფლის ნივთები, ნუ გშურს ქონება, სიმდიდრე და პატივი, ნუ გშურს ნურანაირი ხორციელი სიამოვნება. ნუ გშურს გარეგნულ საცხოვრებელთა და მშვენიერ ნაგებობათა გამო, ნურც დოვლათის გამო, რადგან ეს ყველაფერი ხრწნადია და წარმავალი, დროებითია და კვამლივით მალევე გაქრება. ყველაფერი წუთისოფელში დარჩება, ყველაფერი მტვრად და ფერფლად იქცევა, რადგან ამქვეყნად არაფერია მარადიული. მხოლოდ იმათი გშურდეს გონივრულად, ვინც უფალთანაა ერთობაში და ვინც ღირსი გახდა სულიწმიდის მადლის, რამეთუ ვინც ამ მადლს მიიღებს, ის იქნება ყველა მდიდარსა და დიდებულზე მდიდარი და დიდებული.

ნუ გშურს, თუ ვინმეს პატივს მიაგებენ ან აქებენ, ან თუ შენზე მეტი დოვლათი აქვს, სიზმრისეულ ხილვაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ამას, ნუ გშურს ამსოფლიურ ხრწნად ნივთთათვის, ზეციურისა და მარადიულისაკენ მიმართე გული, რამეთუ ღვთის მადლი ის კი არაა, რომ რაიმე ჭარბად გქონდეს და წუთისოფელში პატივს გცემდნენ, არამედ ის, რომ ყოველთვის ღმერთთან იყო. დიდი შიშის დათმენა უწევთ იმათ, ვინც ზომაზე მეტად განცხრება მიწიერი კეთილდღეობით, რადგან მტკივნეულად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და ყველანაირი კეთილდღეობა ერთბაშად დაკარგონ. განა ცოტანი იყვნენ წარსულში დიდებულები, მდიდრები და ბრძენნი, მაგრამ ყველა მათგანი მიწამ დაფარა და მათი ხსოვნაც კი დაიკარგა, თითქოს არც არსებულან. „კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი, – ამბობს წინასწარმეტყველი, – ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი“ (ფს. 102: 15-16).

მერწმუნე, მცირედ შეგშურდებოდა იმათი, ვინც აცნობიერებს, რომ ღვთის ხატებას წარმოადგენს ან ] ვინც სიზმრისეულ ოცნებებში მდიდრდება. არც იმისი შეგშურდებოდა, ვინც ერთი დღით მიიღებდა რაიმე პატივს, შემდეგ კი დიდი ხნით იქნებოდა შეურაცხყოფილი, ამიტომ თუ ვინმეს ადიდებენ – დაე, ადიდონ; ვინც მდიდრდება – გამდიდრდეს, შენ კი თქვი: „რაჲთა, ვითარცა - იგი წერილ არს: რომელი - იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.“ (1 კორ. 1: 31).

ნუ გშურს იმათი, ვისაც აქებებენ და ადიდებენ ადამიანები, არამედ მათთან ერთად შეაქე კეთილი, ბოროტს კი უსიტყვოდ განეშორე. ნუ გშურს, თუ ვინმეს ანებივრებენ და მხოლოდ კარგს ამბობენ მის შესახებ, რადგან დროებითია ადამიანთაგან ქება და საკმაოდ ცვალებადი: ხან აქებენ და ხან ბოროტად მოიხსენიებენ; ერთნი ადიდებენ და სხვანი შეურაცხყოფენ; ზოგისთვის მისაღებია რაღაც და სხვისთვის – მიუღებელი; დღეს პატივშია ვიღაც, ხვალ კი უეცრად შეურაცხყოფენ. მაშასადამე, ნურავისა ნუ გშურს ნურაფერი, და შეეცადე იყო ღირსეული ღვთის წინაშე, რათა მიიღო ის, რისი ღირსიც იქნები, რადგან ღმერთი არა არის მიკერძოებული, სამართლიანად მიაგებს თითოეულს, რამეთუ მან ყოველი ადამიანი გაზომა მართალი საზომით და თითოეულს თავისი წილი პატივი მიაგო, მაგრამ განსაკუთრებით „ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი (ფს. 32.12), – ბრძანებს წინასწარმეტყველი.

რატომ გშურს სხვა ადამიანების პატივისა და ღირსების? შენ არ ძალგიძს, რომ მოიცვა ყოველივე. რატომ გშურს ამ დროებითი სამყოფელის კეთილდღეობის? ყველაფერი სწრაფად გაივლის, გვერდით ჩაივლის. წუთისოფელი ცრუა და მასში ყველაფერი შერყვნილია. დღეს პატივისცემაა, ხვალ კი – ყვედრება; დღეს დიდებაა, ხვალ კი შეურაცხყობა. ვინც ყველაზე მეტად განდიდდება და ამაღლდება პატივით, უმეტესად შერცხვება ან აქ, ან – მომავალ ცხოვრებაში.

ნუ გამოიჭამ თავს შურით, როდესაც მეტ პატივში, დიდებასა და სიმდიდრეში ხედავ სხვებს, რადგან ღმერთმა იცის როგორ განაგოს თავისი განგებულებით: მან უკეთ იცის ვის რა უბოძოს საჭიროების მიხედვით. ნუთუ ბატონს არა აქვს უფლება თავის საკვიდრებელში იმგვარად მოიქცეს, როგორც მოისურვებს – მისცეს ერთს ერთი, სხვას -– მეორე? ასე რომ, ნუ გშურს და არ მოისმენ ხმას, რომელიც განიკითხავს: აიღე შენი და წადი... თუ არ ხელმეწიფება ვქმნა ის, რაც მსურს? - სახარებისეული იგავის მიხედვით (მათე. 20:14-15). ამიტომ შეწყვიტე შური, განაგდე სიძულვილი, რათა არ დარჩე ქრისტეს კარს მიღმა, გარეთ, რამეთუ ნათქვამია, რომ შურიანი განისჯება როგორც მკვლელი.

შური არის მიზეზი ყოველგვარი ბოროტების და მტერი ყოველგვარი სიკეთის. შურის გამო კაენმა მოკლა აბელი, ესავმა დევნა იაკობი, საული დასდევდა დავითს... უამრავ ბოროტებას სჩადიან შურის გამო მსოფლიოში. შური და სიძულვილი ხშავენ ცას, აბრმავებენ გონებას, აბნელებენ სულს, ამძიმებენ სინდისს, ამწუხრებენ ღმერთს, ახარებენ ეშმაკებს. „ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის,“ – ბრძანებს მოციქული (1 იოანე 2:11). შურს არ შეუძლია სასარგებლო ამჯობინოს, ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე (იაკობ 2:11), – ბრძანებს მოციქული.

მადლიერი იყავი შენი იმ მდგომარეობით, რომელიც ღმერთმა გიბოძა. ჩაუბღაუჭე იმას, რაც ღმერთმა მოგმადლა, და ნუ გშურს მათი, ვისაც მეტი პატივი და კეთილდღეობა აქვს. რა მდგომარეობაშიც ხარ და რისთვისაც ხარ მოწოდებული, იმ მოწოდებაში დარჩი და მეტის გამო ნუ გშურს ეჭვიანობით. ვინც ღვთისა და კაცთა მიერ არის ქებული, შენც პატივი მიაგე მას, პასუხისას იყავი თავაზიანი და მშვიდი, ნუ წაართმევ რაიმეს შურის გამო იმას, ვისაც ღმერთმა მიმადლა, და ნუ გაამაყდები. რადგან, თუ ღმერთი არ მისცემს კაცს, არავის ძალუძს საკუთარ თავს შესძინოს რამე, რადგან ყოველგვარი პატივი და დიდება ღვთისაგანაა, თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი (ებრ. 5:4), – როგორც ბრძანებს მოციქული.


წინა თავი შემდეგი თავი