მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ბასილი დიდი

კურთხეულია ღმერთი, რომელიც ღირსეულებს უბოძებს მადლს. ეშმაკი კი მზაკვარია და ყოველგვარი ცოდვისაკენ უბიძგებს ადამიანს. და როგორც ღვთის მადლს ყოველთვის თან ახლავს უშურველობა, ასევე ეშმაკს ყოველთვის თან სდევს შური. მოვერიდოთ, ძმანო, ამ ვნებას - შურს, რათა არ გავხდეთ თანამონაწილენი მტრის საქმეების და საბოლოოდ, მასთან ერთად არ დავისაჯოთ, რადგან თუკი „ეშმაკისათვის განკუთვნილი სასჯელის ღირსი ხდება“ გაამაყებული (1 ტიმ. 3: 6), შურიანი როგორღა აიცილებს თავიდან ეშმაკისათვის გამზადებულ სასჯელს?

არ არსებობს იმაზე უფრო დამღუპველი ვნება ადამიანისათვის, ვიდრე შურია, რადგან შური ნაკლებად ვნებს გარეშეს – უპირველეს ყოვლისა, ის უდიდესი ბოროტებაა თავად იმისთვის, ვისშიც ეს ვნებაა. როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური ჭამს სულს, რომელშიც ის ცხოვრობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც იქედნეთა შესახებაა ნათქვამი, რომ იბადებიან თავიანთი გამომზრდელის მუცლის გამოჭმით, ასევე შური ჭამს სულს, რომელშიც წარმოიშობა.

შური არის წუხილი მოყვასის კეთილდღეობის გამო. ამიტომ შურიანს ყოველთვის საკმარისი მიზეზი აქვს წუხილისა და გულისტკივილისთვის. მოსავალი არის მოყვასის მინდორში? სავსეა მისი სახლი ყოველდღიური საჭიროებით? ან უხარია რამე? – ეს ყველაფერი საზრდოა შურიანის სნეულებისა და იმისათვის, რომ მის მწუხარებას მწუხარება დაერთოს; ამიტომ არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელსაც არაფერი იფარავს და ყველანი მას სტყორცნიან ისრებს. არის ვინმე ჯანმრთელი? – ეს ანადგურებს შურიანს, ლამაზია სახით – დამატებითი დარტყმაა შურიანისათვის, აღემატება ვინმე თავისი სულიერი შესაძლებლობებით? – საკუთარ თავზე გადაიტანს მთელ ყურადღებას, რათა შეჯიბრისათვის განემზადოს მთელი თავისი კეთილგონიერებითა და სიტყვის ძალით; მდიდარია ვინმე, ცნობილი თავისი გულმოწყალებითა და გლახაკთმოყვარებით და ქებული მის მიერ ნუგეშისცემულთაგან? ეს ყველაფერი გულში მიყენებული დარტყები და ჭრილობებია შურიანისთვის.

ამ დაავადებას ამძიმებს ის, რომ შურიანს არ შეუძლია გაამჟღავნოს ის. დადის მოწყენილი, დამწუხრებული და დადარდიანებული, თვალს არიდებს ყველას და იღუპება თავისი სენით, მაგრამ როდესაც ჰკითხავენ მწუხარების მიზეზს, რცხვენია მიზეზის გამჟღავნების და თავისი უბედურების გამოაშკარავების, არ შეუძლია თქვას: „მე ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მანადგურებს მეგობრის უნაკლულობა, მაწუხებს ძმის სათნოებები, არ შემიძლია ვუყურო სხვების სრულყოფილებას, მოყვასის კეთილდღეობა ჩემს უბედურებად მიმაჩნია.“ ეს უნდა ეღიარებინა შურიანს, თუკი მოისურვებდა სიმართლის თქმას, მაგრამ რადგანაც ვერ ბედავს სიმართლის აღიარებას, ღრმად ინახავს გულში სნეულებას, ის კი ღრნის მის შიგნეულობას.

ამიტომაც არ იღებს მკურნალს, ვერ ახერხებს განკურნებას, რომ გათავისუფლდეს ტანჯვისაგან, თუმცაღა საღვთო წერილი სავსეა ამგვარი სამკურნალო საშუალებებით. ამის ნაცვლად, ელოდება ერთადერთ ნუგეშს – დაინახოს დაცემა იმისა, ვის მიმართაც აქვს შური. მის სიძულვილს არა აქვს საზღვარი – სურს იხილოს უბედურება იმისი, ვისი ბედნიერებაც გახდა მისი უბედურების მიზეზი და სწადია დაინახოს საბრალოდ ის, ვინც თავის მეტოქედ მიიჩნია. მაშინღა ურიგდება და ხდება მისი მეგობარი; თუ ხედავს მგლოვიარეს, ეგებება დამწუხრებული. მოხარულთან ერთად არ ხარობს, მაგრამ მწუხარესთან ცრემლს ღვრის. და თუ დასტირის ცხოვრების შემოტრიალებას, რომლითაც ადამიანი დიდი ბედნიერებიდან აღმოჩნდა დიდ უბედურებაში, აკეთებს ამას არა კაცთმოყვარეობისა და მისდამი თანაგრძნობის გამო, არამედ უმეტესად აქებს მის უწინდელ მდგომარეობას იმისათვის, რომ უფრო მეტად მოუკლას გული და დაუმძიმოს მდგომარეობა. შვილის დაღუპვის შემთხვევაში უქებს და უდიდებს ათასნაირად, თუ როგორი მშვენიერი იყო, ნიჭიერი და სწავლისკენ მიდრეკლი, მაგრამ ბავშვი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ერთ კეთილ სიტყვასაც არ გაიმეტებდა, და თუ დაინახავს, რომ სხვები მასთან ერთად იწყებენ გარდაცვლილის ქებას, ისევ იცვლება და მიცვალებულის მიმართ აღეძვრის შური. გაკვირვებას გამოთქვამს გაკოტრების შემდეგ, სხეულის სილამაზეს, ძალასა და ჯანმრთელობას უქებს და უდიდებს უკვე დასნეულებულს და, საერთოდ, მტერია არსებულის და მეგობარია განადგურებულის.

რა შეიძლება ამ სენზე მეტად დამღუპველი იყოს? ესაა ცხოვრების წახდენა, ბუნებითი წესის შეურაცხყოფა, მტრობა იმისა, რაც ღვთის მიერაა ბოძებული, ღვთის წინააღდგომა. რამ შეაგულიანა ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად ეშმაკი – ყოველგვარი ბოროტების მიზეზი? რითი აღიჭურვა? შურით ხომ არა? სწორედ შურით გაამჟღავნა თავისი თავი ღვთისმბრძოლმა, როდესაც აუჯანყდა ღმერთს ადამიანთათვის გულუხვად ბოძებული სათნოებებისთვის და სამაგიერო გადაუხადა ადამიანს, რადგან არ შეეძლო შური ეძია ღმერთზე. იგივე მოიმოქმედა კაენმა, ეშმაკის პირველმა მოწაფემ, რომელმაც მისგან ისწავლა შურიცა და მკვლელობაც – ეს ერთმანეთთან დამოყვრებული ურჯულოებანი, რომელთაც ერთადვე ახსენებს პავლე მოციქული: „სავსე შურითა, კაცის-კლვითა“ (რომ. 1: 29). და რა მოიმოქმედა კაენმა? იხილა პატივი ღვთისაგან და აღინთო შურით, გადაწყვიტა გაენადგურებინა პატივში მყოფი, რათა შეურაცხეყო პატივის მომნიჭებელი, არ ჰქონდა ძალა ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის და გახდა ძმის მკვლელი. განვერიდოთ, ძმებო, ამ უსაზღვრო უბედურებას, ამ სენს, რომელიც ხდება მასწავლებელი ღვთისმბრძოლობის, დედა კაცთა კვლის, გადამგვარებელი ბუნებისა და დამვიწყებელი ნათესაობის.

რისთვის წუხხარ შენ, ადამიანო, რომელსაც ცუდი არაფერი განგიცდია? რატომ გსურს იმის წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც თავად ფლობს სათნოებებს და არ აკნინებს შენს სათნოებებს? თუ შენ, რომელსაც კეთილი მოგაგეს, მაინც აღშფოთებული ხარ, განა შენივე სიკეთის არ გშურს? ასეთი იყო საული, რომელმაც უმეტესი სიკეთე აქცია დავითთან დაპირისპირების მიზეზად. პირველად, სწორედ დავითის მიერ ქნარზე საამო დაკვრით გათავისუფლებულმა მძვინვარებისაგან, განიზრახა შუბით განეგმირა თავისი კეთილისმყოფელი; შემდეგ, გოლიათთან დაპირისპირებისას მთელი თავისი ჯარით გადარჩენილმა მტრისაგან და დახსნილმა სირცხვილისაგან საულმა, როცა გახარებულმა ქალწულებმა სიმღერაში დავითს მიაწერეს ათჯერ მეტად გამარჯვების მოპოვება – „საულ მოსწყვიდა ათასები, ხოლო დავით დასცა ათი ათასები!“ (1 მეფეთა 18,7) – მხოლოდ ამ სიტყვების გამო, რომელიც ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა, საკუთარი ხელით განიზრახა დავითის მოკვლა და მისი მზაკვრულად დაღუპვა, მაგრამ როცა ეს ვერ შეძლო, აიძულა დავითი გაქცეულიყო და არც ამის შემდეგ შეწყვიტა მასთან მტრობა – ბოლოს სამი ათასი რჩეული მეომრით დაეძებდა უდაბნოში, რათა მოეკლა. და რომ გეკითხათ რა იყო ამ ომის მიზეზი, საული, რა თქმა უნდა, მხოლოდ დავითის მიერ აღსრულებული სიკეთეების დასახელებას შეძლებდა, – რადგან მის მიერ დავითის დევნის დროს, როდესაც მძინარეს წაასწრო მტერმა და შეეძლოთ მისი მოკვლა, სიკვდილისაგან იხსნა ის მართალმა, მაგრამ არც ამგვარმა კეთილმა მოპყრობამ არ იმოქმედა საულის გულზე, არამედ კვლავ შეკრიბა ჯარი და განაგრძო დავითის დევნა, ვიდრე არ იქნა ის მომწყვდეული გამოქვაბულში, სადაც მისი კეთილისმყოფელი გაბრწყინდა უმეტესად, საკუთარი მზაკვრობა კი უფრო მეტად გამოააშკარავა.

შური არის მტრობის ყველაზე დაუძლეველი სახეობა. სხვა არაკეთილმოსურნეებს ათვინიერებს კეთილისმყოფელობა, შურიანსა და ბოროტი ხასიათის მქონეს კი მისთვის გაკეთებული სიკეთე კიდევ უფრო აღიზიანებს. რაც უფრო მეტად ხედავს იგი მისთვის გაკეთებულ სიკეთეს, მით უფრო მეტს ბრაზობს და წუხს. ის უფრო მეტად შეურაცხყოფილია კეთილისმყოფელის ქმედებით, ვიდრე მადლიერი მისთვის გაკეთებული სიკეთით. და რომელ მხეცზე უარესნი არ არიან შურიანები თავიანთი სასტიკი ხასიათით? ნუთუ არ აღემატებიან ისინი თავიანთი მძვინვარებით ცხოველთა შორის ყველაზე უფრო მოუთვინიერებლებსაც კი? ძაღლები, თუ მათ აჭმევენ, თვინიერდებიან, ლომები, თუ შესაბამისად ეპყრობიან, შინაურდებიან, მაგრამ შურიანები უფრო მეტად მძვინვარებენ, როდესაც მათ ეხმარებიან.

რამ აქცია კეთილშობილი იოსები მონად? ძმების შურმა ხომ არა? საკვირველია ამ სნეულებით გამოწვეული უგუნურება. სიზმრების აღსრულების შიშით შეპყრობილებმა გაყიდეს ძმა მონად, თითქოსდა მონების წინაშე არასოდეს იხრიდნენ ქედს. მაგრამ თუ სიზმრები სამართლიანია, შესაძლებელია იმგვარად მოიქცე, რომ ნაწინასწარგანგებული არ შესრულდეს? და თუ სიზმრისეული ხილვები მცდარია, მაშინ რაღა გშურთ შემცდარის? ამგვარად, ღვთის განგებულებით, ძმების სიბრძნე განქარდა. რითაც ფიქრობდნენ შეწინააღმდეგებოდნენ წინასწარგანსაზღვრული მოვლენების აღსრულებას, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმითვე გაკვალეს გზა მათ აღსასრულებლად: რომ არ ყოფილიყო გაყიდული იოსები, არ მოხვდებოდა ეგვიპტეში; თავისი უმწიკვლო ბუნების გამო, არ დასწამებდა ცილს ავხორცი ქალი; არ ჩააგდებდნენ სამპყრობილეში; არ გაიცნობდა ფარაონების მსახურებს; არ მოუწევდა სიზმრების განმარტება; არ გახდებოდა ამის გამო ეგვიპტის მმართველი და არ მოუდრეკდნენ ქედს თაყავისცემის ნიშნად ძმები, რომლებიც მოსული იყვნენ მასთან პურის უკმარისობის გამო.

მიმართე ფიქრები უდიდესი შურისკენ, რომელიც გამოავლინეს გამძვინვარებულმა იუდეველებმა ყველაზე მნიშვნელოვან დროს მაცხოვრის მიმართ! რის გამო შურდათ მისი? – სასწაულების? და რა სასწაულებია ეს? გასაჭირში მყოფთა შველა, – მშიერნი პურდებოდნენ და დამპურებლის წინააღმდეგ გამართეს ბრძოლა; მკვდრები ცოცხლდებოდნენ – და ცხოვრების მომნიჭებელი გახდა შურის საგანი; ეშმაკები განიდევნებოდნენ და მათზე ძალაუფლების მქონესთვის განიზრახეს ბოროტი; კეთროვნები იკურნებოდნენ, კოჭლებს სიარული შეეძლოთ, ყრუებს – სმენა, ბრმებს – ხედვა, და კეთილისმოქმედს კი დევნიდნენ. დასასრულ, სიკვდილი მიუსაჯეს სიცოცხლის მომნიჭებელს, შოლტით ურტყამდნენ კაცობრიობის მხსნელს, განსაჯეს სამყაროს მსაჯული. ამგვარად, ყველაფერს გადასწვდა შურის ბოროტება. ამ ერთი იარაღით სამყაროს შექმნიდან მის აღსასრულამდე ყველას მოწყლავს და დაამხობს ჩვენი სიცოცხლის გამნადგურებელი - ეშმაკი, რომელსაც უხარია ჩვენი დაღუპვა, თვითონ დაეცა შურით და ჩვენი ჩამოგდებაც თავისთან სურს იმავე ვნებით.

ბრძენი იყო ის, ვინც კრძალავდა საზრდელის მიღებას „კაცისა თანა მოშურნისა“ (იგავ. 23: 6), და სუფრასთან სიახლოვეში მოიაზრება ასევე ყოველგვარი ცხოვრებისეული ურთიერთობა. როგორც ადვილად აალებადი ნივთიერების ცეცხლისგან მოშორებით დადებას ვცდილობთ, ასევე უნდა ვცდილობდეთ თავის შორს დაჭერას შურიანისაგან, რადგან ისე არაფერი შეგვყრის შურის ვნებას, როგორც ახლო ურთიერთობა შურიანთან, როგორც ამბობს კიდეც ამის შესახებ სოლომონი: „რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა“ (ეკლ. 4: 4). სწორედ ასეა: სკვითს კი არ შურს ეგვიპტელის, არამედ – ყველას თავისი თანატომელის, და თანატომელთაგანაც იმისი კი არა, ვინც უცნობია მისთვის, არამედ ვისაც იცნობს; და ნაცნობთაგანაც – მეზობლის, თავისი მსგავსი მოხელის ან ისეთის, ვისთანაც რაიმე აქვს საერთო: ან თანატოლის, ან ნათესავის, ან ძმების. საერთოდ, როგორც ჟანგაა ხორბლის დაავადება, ასევე შურია სენი მეგობრობისა.

და თუ რაიმე შეიძლება მოსაწონი იყოს შურის – ამ ბოროტების, ის, რომ რაც უფრო მეტად მოქმედია ის ადამიანში, მით უფრო მეტად საზიანოა თავად ამ ადამიანისათვის. როდესაც ძლიერად ნატყორცნი ისრები რაიმეს მყარსა და დრეკადს ხვდებიან, უკუიქცევიან მტყორცნელთან. მსგავსადვე მოქმედებს შური: არ ვნებს რა დარტყმის ობიექტს, ძლიერად ეკვეთება თავად შურიანს. მოყვასის სისრულით დამწუხრებულთაგან ვინ შეძლო მათთვის რაიმეს დაკლება? ამგვარად, ვისაც შური მოსვენებას არ აძლევს, საკუთარ თავს აუძლურებს.

მიიჩნევენ, რომ შურით შეპყრობილებს უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე შხამიან ცხოველებს. ესენი, ცხოველები, შხამს უშვებენ ჭრილობის გზით და დაზიანებული ადგილი თანდათანობით ლპება. შურიანების შესახებ კი ზოგი ისე ფიქრობს, თითქოს ისინი ზიანს აყენებდნენ ერთი შეხედვით: რომ მათი შურიანი მზერით ჭკნება ძლიერი აღნაგობის სხეული, ახალგაზრდული ასაკის შესაფერისად ყოველმხრივ სრულყოფილი, რომ მათი კეთილქმნულობა ქრება, თითქოს შურიანის თვალები აფრქვევდეს რაღაც მავნებელსა და გამანადგურებელს. მე უარვყოფ ამგვარ ცრურწმენას, რადგან ამგვარად ფიქრი მდაბიურია და ცრუმორწმუნე ქალები ავრცელებენ, მაგრამ ვამტკიცებ, რომ როდესაც სიკეთის მოძულენი – დემონები – ხედავენ ადამიანებში დემონურ გამოვლინებებს, ყველა საშუალებას მიმართავენ გამოიყენონ ისინი თავიანთი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად; ასე რომ, შურიანის თვალებსაც ამგვარადვე იყენებენ თავიანთი სურვილების მსახურად.

ამიტომ ნუთუ არ შეძრწუნდები, რომ დამღუპველი დემონის მსახური გახდები და შემოუშვებ შენში ბოროტებას, რის გამოც მტერი შეიქნები ადამიანების, რომელთაც არაფერი დაგიშავეს? უფრო მეტიც, მტერი გახდები სახიერი და უშურველი ღმერთის? გავექცეთ ამ უკიდურეს ბოროტებას. იგია გველისმიერი შთაგონება, დემონთა მანქანება, მტერის მიერ ნათესი, ტანჯვის საწინდარი, ღვთისმოსაობის წინაღობა, გზა გეენიის და წართმევა სასუფევლის.

შურიანის ცნობა შესაძლებელია იერის მიხედვით. მათი თვალები ცივია და უსიცოცხლო, ლოყები ჩაცვენილი, წარბები ჩამოქუფრული, სული აფორიაქებულია ვნებით და არ შესწევთ უნარი სწრად განსჯის. მათ ვერ მოაწონებ ჩადენილ სიკეთეს, ვერც აზრს, რომელიც მისაღებია და მნიშვნელოვანი, ვერც სხვა რამეს, რაც ღირსია სიტყვისგებისა და ყურადღების. როგორც ძერა გადაუფრენს ველ–მინდვრებს, გვერდს უვლის კეთილსურნელოვან და საამო ადგილებს და მიისწრაფვის სიმყრალისაკენ, ან როგორც ბუზები განეშორებიან საღს და ეტანებიან სიდამპლეს, მსგავსადვე შურიანები ვერ ამჩნევენ ცხოვრების სილამაზეს, ბოძების სიდიადეს და ესწრაფვიან მხოლოდ სიმყრალეს.

და თუ მოხდა, რომ სხვას შეეშალა რამე,რაც ხშირად ემართებათ ადამიანებს, შურიანები მაშინვე გაახმაურებენ, რადგან სურთ, რომ იმათ მხოლოდ ამ შემთხვევით იცნობდნენ, ისევე, როგორც უკეთური მხატვრები მათ მიერ გამოსახულ სახეებს გამოკვეთენ მოგრეხილი ცხვირით, რაიმე ნაიარევით ან რომელიმე ნაკლით, რომელიც ბუნებითად გააჩნია ადამიანს ან/და განპირობებულია რაიმე სნეულებით. ისინი დახელოვნებული არიან შესაზისღებლად აქციონ საქებარი, შეალამაზონ საწინააღმდეგო თვალსაზრისით, ცილისწამებით შებილწონ კეთილი და წარმოაჩინონ მანკიერებასთან თანაზიარად, ამგვარად: მამაცს უწოდებენ თავხედს, უბიწოს – უგრძნობელს, სამართლიანს – სასტიკს, კეთილგონიერს - მზაკვარს. ვისაც უყვარს რაიმე გამორჩეული, მას ცილს სწამებენ, რომ საშინელი გემოვნება აქვს, გულუხვის შესახებ ამბობენ, რომ მფლაგველია, ყაირათიანს კი ძუნწად მოიხსენიებენ. და საერთოდ, ყველა სათნოებას მის საპირისპირო სახელს არქმევენ.

როგორ მოვიქცეთ? ამ ბოროტების მხოლოდ სიტვყიერი დაგმობით შემოვიფარგლოთ? მაგრამ ეს - წამლობის მხოლოდ ნაწილია. არ არის უსარგებლო სნეულს ავადმყოფობის მთელი სიმძიმე დავანახოთ, რათა შესაბამისად განეწყოს ამ ბოროტებისგან თავის დასაღწევად, მაგრამ დატოვო გაჭირვებული ისე, რომ არ ასწავლო განკურნების გზა, სხვა არაფერია, თუ არა შეატოვო ის ავადმყოფობას.

მაშ, როგორ შევძლოთ, რომ არასოდეს დავსნეულდეთ ამ სენით, და თუ მაინც შეგვეყრება, როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? პირველ რიგში, თუ ადამიანურს არაფერს განვადიდებთ და არ მივანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არც იმას, რასაც ხალხი სიმდიდრეს უწოდებს, არც წარმავალ დიდებას, არც ხორციელ ჯანმრთელობას, რადგან წარმავალ ღირებულებებს კი არ ეფუძნება ჩვენი კეთილდღეობა, არამედ მოწოდებულნი ვართ ვეზიაროთ მარადიულ და წარუვალ სიკეთეებს. ამიტომაც არ გვეკადრება გავეჯიბროთ მდიდარს თავის სიმდიდრეში, ძალაუფლების მქონეს – დიდებულებაში, ბრძენს – მჭევრმეტყველებაში, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ იარაღებია სათნოებათათვის იმათ ხელში, ვინც კარგად იყენებს მათ, მაგრამ თავისთავად არ წარმოადგენენ სათნოებებს. ამიტომ საბრალოა, ვინც ცუდად იყენებს ამ საშუალებებს, რადგან ემსგავსება კაცს, რომელმაც მახვილი აიღო ხელთ მტერზე შურის საძიებლად, მაგრამ საკუთარივე ნებით თავს იზიანებს. ხოლო თუ ვინმე სწორად განკარგავს მის ხელთ არსებულ სიკეთეებს და მხოლოდ ღვთის მიერ ბოძებულზე დადგინებულ მნედ რჩება და საკუთარი სიამოვნებისათვის არ იგროვებს საუნჯეს – სამართლიანობა მოითხოვს ასეთის ქებასა და სიყვარულს მისი ძმური სიყვარულისა და გულღია ხასიათის გამო. და კიდევ: ვინც კეთილგონიერებით გამოირჩევა, მას ღმერთი აჯილდოებს სიბრძნისმეტყველებით, რომელიც განმარტავს წმიდა სიტყვებს; ნუ გშურს ასეთის, ნუ ისურვებ, რომ ოდესმე გაჩუმდეს წმიდა სიტყვების გადმომცემი, თუ, სულიწმიდის მადლით, მას თან ახლავს მსმენელის ქებაცა და მოწონებაც. შენია ეს სიკეთე, ძმის ხელით გეგზავნება სწავლების მადლი და, თუ გსურს, მიიღე. ამასთანავე, არავინ ხერგავს წყაროს სათავესთან მისასვლელს, არავინ კრძალავს მანათობელი მზის სხივებთან ზიარებას, უშურველად, თავადვე სურთ დატკბნენ მათით. მაშ, რატომ არ ისმენ სიხარულით, როდესაც სულიერი სიტყვა უხვად იფრქვევა ეკლესიაში და ღვთისმოსავი გული სულიწმიდის მადლის ნაკადს უშურველად გადმოღვრის, რატომ არ იღებ მადლიერებით, არამედ, პირიქით, მსმენელთა აღტაცებით ღიზიანდები და გსურს არ არსებობდეს არც ის, ვინც სარგებელს იღებს და არც ის, ვისაც აქებენ? როგორ ვიმართლებთ თავს ამის გამო გულთამხილავი უფლის წინაშე? ცხადია, მიწიერი სიკეთეები მისაღებია, როგორც თავისთავად მშვენიერი, მაგრამ თუ ვინმე აღემატება სხვას სიმდიდრით, განთქმულია შეძლებით და სხეულის სიმრთელით, ერთი სიტყვით, სარგებლობს ყველა სიკეთით – ასეთიც უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ, როგორც ადამიანს, რომელიც ფლობს ცხოვრებისათვის საჭირო საზოგადო სიკეთეებს, თუ, რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ იყენებს მათ ანუ გულუხვია გაცემისას და მატერიალურად შეეწევა გაჭირვებულებს, საკუთარი ხელით ემსახურება უძლურებს და რაც აბადია, არანაკლებად მიიჩნევს სხვების კუთვნილებად, ვიდრე თავისად. ხოლო ვინც ამგვარი შეგნებით არ იღებს მისთვის ბოძებულ სიკეთეებს, უფრო მეტად უნდა გვებრალებოდეს, ვიდრე გვშურდეს მისი, რადგან მეტი მიზეზი აქვს იყოს სხვებზე უარესი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიღუპო თავი დიდი შესაძლებლობებითა და ქონებით. თუ სიმდიდრეს უსამართლობისათვის იყენებს - საცოდავია მდიდარი, მაგრამ თუ მისით სიკეთეს ემსახურება - მაშინ არ უნდა გვშურდეს მისი, რადგან ამ სიმდიდრით სარგებელს ნახულობს ყველა, და მხოლოდ განსაკუთრებით მზაკვარს შეიძლება შურდეს, კეთილდღების მიუხედავად. ამიტომაც, ადამიანურად თუ არ განსჯი და მზერას მიაპყრობ შეჭმარიტად მშვენიერსა და აღმატებულს, ამსოფლიურსა და წარმავალს აღარაფერს მიიჩნევ პატივის მიგებისა და ვინმესთან მეტოქების ღირსად. ხოლო ისეთს, ვინც მიწიურით, როგორც რაღაც განსაკუთრებულით, არ არის დატყვევებული, ვერასოდეს მიეკარება შური.

მაგრამ თუ უსათუოდ გსურს დიდება, გსურს, რომ იყო სხვებზე მეტად წარჩინებული და სახელიანი და ვერ ეგუები იყო მეორე (ესეც არის ხოლმე შურის მიზეზი), მაშინ მიმართე შენი პატივმოყვარეობა სათნოებათა მოსახვეჭად. ნუ ისურვებ გამდიდრებას ყველანაირი ხერხით და ძებნას ნუ დაუწყებ ქებას რაიმე მიწიერით, რადგან ეს არ ხდება შენი ნებით, არამედ იყავი სამართლიანი, უმწიკვლო, შეუპოვარი, კეთილგონიერი, ღვთისმოსაობისთვის ჭირის მომთმენი. ამგვარად, თავსაც გადაირჩენ და სახელსაც მოიხვეჭ კეთილი საქმეებით, ვინაიდან კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენზეა დამოკიდებული და დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დიდძალი ქონების, სხეულის სილამაზისა და მაღალი მდგომარეობის მოპოვება კი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამიტომაც, თუკი სათნოებათა აღსრულება უმაღლესი და უპირატესი სიკეთეა, და ყველანი ვთანხმდებით, რომ – უმთავრესი, შესაბამისად, უნდა ვისწრაფოთ მისკენ – სათნოებისკენ, რომელიც ვერ დაემკვიდრება სულში, თუ ის არ იქნება თავისუფალი ვნებებისა და განსაკუთრებით შურისაგან.

ხედავ, რა დიდი ბოროტებაა თვალთმაქცობა? ის შურის ნაყოფია, იმიტომ რომ ადამიანთა ორპირობას სწორედ შური განაპირობებს – ისინი სულის სიღრმეში სიძულვილს მალავენ, გარეგნულად კი სიყვარულს ავლენენ, თვალთმაქცობენ, და როგორც წყალქვეშ დაფარული კლდეები, მოულოდნელად აყენებენ ზიანს სიფრთხილეს მოკლებულებს.

ამიტომ, თუკი შურისაგან წყალივით მოჩქეფს ჩვენთვის სიკვდილი, გვართმევს სიკეთეებს, ღმერთთან გვაუცხოებს და ყველა ცხოვრებისებულ სიკეთეს ერთბაშად გვაცლის და გვამხობს, დავუჯეროთ მოციქულს, რომელიც ამბობს: „ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი“ (გალ. 5: 26), არამედ „კეთილნი და ლმობიერნი ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფ. 4: 32), რომლისა არს დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


წინა თავი შემდეგი თავი