მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი იოანე კასიანე რომაელი

უნდა ვიცოდეთ, რომ შურისგან განკურნება უფრო რთულია, ვიდრე სხვა ვნებებისგან, რადგან ვინც შურმა ერთხელ მოწამლა თავისი შხამით, იმისთვის, შეიძლება ითქვას, რომ კურნების საშუალება არ არსებობს. ის ისეთი სენია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი ხატოვნად ამბობს: „აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ“ (იერ. 8: 17). ასე რომ, წინასწარმეტყველი სამართლიანად ადარებს ვასილისკოს მომაკვდინებელ შხამს შურიანის ნაკბენს რომლითაც ყველაზე უწინ ყოველი უბედურების მოთავე დაავადდა. და პირველ რიგში, საკუთარი თავი დაიღუპა, შემდეგ კი ეს შხამი ადამიანზე გადმოანთხია, რომლისაც შეშურდა. ეშმაკის შურით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი მიმყოლნი მასვე ბაძავენ (სიბრძნ. 2: 24). როგორც მან, რომელიც პირველი გაიხრწნა ამ ბოროტების სენით, რადგან არ მიიღო წამალი სინანულისა და არც სხვა რამ საკურნებელი საშუალება, ასევე ისინი, რომელნიც იქენჯნებიან ამ სენით, უარყოფენ ყოველგვარ ლოცვით შემწეობას, – „მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს. რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა“ (ფს. 57: 5–6.), რადგან დანაშაულის გამო კი არა, სხვათა ბედნიერების გამო იტანჯებიან, სიმართლის გამოაშკარავების რცხვენიათ და მიზეზს ეძებენ, რომ სხვა შეურაცხყონ. და რადგან მიზეზები ყალბია, მათთვის ერთი წამალი არსებობს – ამ მომაკვდინებელი შხამის ამონთხევა, ხოლო რისი გამჟღავნებაც არ სურთ, თავიანთ გულში მალავენ. კარგად თქვა ამის შესახებ ყოვლადბრძენმა: „თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის“ (ეკლ. 10: 11). ეს ფარული თვითგვემაა, რომელსაც ბრძენნიც ვერ კურნავენ. იმდენად უკურნებელია ეს დამღუპველი სენი, რომ თუკი ეფერებიან – სასტიკდება, თუკი ემსახურებიან – იბოღმება, საჩუქრებით – ღიზიანდება, რადგან, როგორც სოლომონი ამბობს: ეჭვიანობა არაფერს ითმენს. და რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ვინმე თავმდაბლობით ან მოთმინებით, ან გულუხვობით, მით უფრო მეტად ღიზიანდება შურიანი, რომელსაც ცოდვით დაცემა და სიკვიდილი სურს იმისი, ვისიც შურს. მაგალითად, როგორც წერს წმიდა წერილი, თერთმეტი მამამთავრის შური ვერაფრით დააშოშმინა უდანაშაულო ძმის მორჩილებამ (დაბ. 37.). ძმებს შურდათ მისი, რადგან მამას უყვარდა იგი და არ შეეძლოთ ძმასთან მშვიდად საუბარი – ვერ იტანდნენ დაუზარელი და მორჩილი ძმის ალერსს და სურდათ მისი სიკვდილი. მხოლოდ მისი გაყიდვით ძლივს დაიცხრეს თავიანთი ვნება. მაშასადამე, ცხადია, რომ მრავალ მანკიერებას შორის ყველაზე დამყუპველი და რთულად განკურნებადია შური, რომელიც იმ სამკურნალო საშუალებებით, რომლებითაც სხვა ვნებები იკურნება, უფრო ძლიერდება. მაგალითად, ვინც წუხს მისთვის მიყენებული ზიანით, იკურნება მისდამი გულუხვად გაღებული სიკეთით; ვინც წუხს მისთვის მიყენებული წყენით, მშვიდდება მისდამი პატიების თხოვნით, მაგრამ რით უნდა უშველო იმას, ვინც მეტად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როდესაც გხედავს მშვიდსა და ალერსიანს, ან მრისხანებს არა ანაგრების ვნების გამო, რომელსაც დაიკმაყოფილებდა საჩუქრით, ან წყინს და სამაგიეროს გადახდის სურვილი აქვს – რომელიც მარცხდება კეთილი მოპყრობითა და მსახურებით, არამედ ღიზიანდება მხოლოდ სხვისი ბედნიერებით? ვინ მოინდომებს შურიანის დასაკმაყოფილებლად უარი თქვას საკუთარ კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე და თავს დაიტეხოს უბედურება? ასე რომ, იმისათვის, რომ ეშმაკმა მხოლოდ ამ ერთი ბოროტების გესლით არ გაანადგუროს ის, რაც ჩვენში ცოცხლობს სულიწმიდის მადლით, მუდმივად უნდა ვევედროთ შეწევნისათვის ყოვლისშემძლე ღმერთს. გველის სხვა შხამების – ხორციელი ცოდვების ანუ მანკიერებებისაგან – რომლებიც სწარფად მოქმედებენ, ადვილად თავისუფლდება ადამიანის უძლური ბუნება, მაგრამ ჭრილობა თავის კვალს მაინც ტოვებს სხეულზე. მართალია, სხეული მწარედ იტანჯება, მაგრამ თუ დახელოვნებული მლოცველი შხამსაწინააღმდეგო საშუალებას ანუ მაცხოვნებელ სიტყვებს დროულად გამოიყენებს, დაჩირქებული ჭრილობა არ მიიყვანს სულს მარადიულ სიკვდილამდე. შური, როგორც შხამი, გადმონთხეული ეშმაკის მიერ, კლავს რწმენასა და სარწმუნოებას მანამ, სანამ ჭრილობიდან სხეულში შეაღწევს; მსგავსადვე, უშუალოდ ღვთის წინააღმდეგ აღდგება მგმობარი და არა – ადამიანის, რომელსაც კეთილ მისაგებელს წარსტაცებს მხლოდ და ამგვარად, კიცხავს არა ადამიანის დანაშაულს, არამედ – ღმერთს და აძაგებს მის მართლმსაჯელებას. მაშასადამე, შური არის ის „სიმწარის ფესვი“ (ებრ 12,15), რომელიც, აღიმაღლებს რა თავს, მიზნად ისახავს უსაყვედუროს თვით ღმერთს, ადამიანთათვის მადლის მომნიჭებელს. არ უნდა შევძრწუნდეთ იმის გამო, როცა განრისხებული უფალი ვასილისკოებს მიუსევს და დაგესლავენ ღვთის შეურაცხმყოფელთ: „აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ“, – ამბობს უფალი (იერ. 8: 17). მართალია, ღვთისთვის უცხოა შური, მაგრამ სამართლიანია მისი მსჯავრი, რათა სათნოებები მიემადლოთ მორჩილთ, ამპარტავნებსა და უკეთურებს კი უარი ეთქვათ, და, ამგვარად, საღვთო შურმა დააკვეთოს და შთანთქას ისინი, რომელთაც, მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, დაიმსახურეს გადასცემოდნენ სიცრუის სულს, როგორც ამის შესახებ წერია ასევე მეორე რჯულში: „მათ მაშურეს მე არა ღმერთთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე, აწ მეცა ვაშურო მათ ნათესავსა მას ზედა შეურაცხსა და ნათესავითა მით უცები, განვკაფნე იგინი“ (მეორე რჯული 32,21). აბბა პიამონმა ამგვარი განსჯით ძლიერად აღანთო ჩვენში სურვილი, რომ ერთადცხოვრებულთა საფეხურიდან წარვმართებულიყავით შემდეგი საფეხურის – განდეგილობისაკენ, მისგან მოვისმინეთ განმარტოებული ცხოვრების საწყისთა შესახებ, სრულად კი შემდეგ თავად შევიმეცნეთ სავანეში.


წინა თავი შემდეგი თავი