მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა იოანე ოქროპირი

შური საშინელი ბოროტებაა და სავსეა თვალთმაქცობით, მან აავსო სამყარო უამრავი უბედურებით, სამსჯავროები – განსასჯელებებით, მისგან მომდინარეობს დიდებისა და მომხვეჭელობის ვნება, ძალაუფლებისმოყვარეობა და ამპარტავნება; მის გამო არიან გზაზე ყაჩაღები და ზღვაზე – მძარცველები; მისგან იღებს სათავეს სამყაროში მკვლელობა და ადამის მოდგმის დაყოფა. ნებისმიერი ბოროტება, რომელსაც დაინახავ, იცოდე, რომ შურიდან მომდინარეობს. იგი ეკლესიაშიც შემოიჭრა. ძველთაგანვე შურია მრავალი ბოროტების მიზეზი. მან წარმოშვა ვერცხლისმოყვარეობა. ამ სენმა შერყვნა ყველაფერი და წაბილწა სიმართლე. „ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში“ (ზირ. 20: 29). იგი თავისუფლებსაც მონებად აქცევს. ამის შესახებ ყოველდღე ვსაუბრობთ, მაგრამ უშედეგოდ; ცხოველებზე უარესნი ვართ, რადგან ვძარცვავთ ობლებს, ვართმევთ ქვრივებს, ვჩაგრავთ ღარიბებს, უბედურებას უბედურებას ვუმატებთ: „გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე“ (მიქ. 7: 2).

დროა ვიტიროთ ან, სულაც, გამუდმებით ეს სიტყვები ვიმეოროთ. ვერაფერს ვაღწევთ ლოცვით, ვერც – რჩევითა და შეგონებით; ისღა დაგვრჩენია, რომ ვიტიროთ, როგორც ქრისტემ – უფალი ტიროდა იერუსალიმის მცხოვრებთა სიბრმავის გამო, რადგან, მრავალი შეგონების მიუხედავად, არ შეისმინეს მისი.

მსგავსადვე იქცეოდნენ წინასწარმეტყველნიც და მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ახლა დროა ტირილის, გლოვისა და გოდების.

დროა ჩვენც ასე ვთქვათ: „მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ“ (იერ. 9: 17). იქნებ ამგვარად მაინც განვკურნოთ ამ სენისაგან ისინი, ვინც ავაზაკობით იშენებს ბრწყინვალე სახლებს და იტაცებს მიწებს.

დროა ვიტიროთ, და თქვენც, გაძარცვულნო და ჩაგრულნო, შემოუერთდით ჩემს გოდებას, შემატეთ თქვენს გლოვას ჩემი ცრემლები და ვიტიროთ არა ჩვენთვის, არამედ მათთვის, ვინც თქვენ დაგამწუხრათ – რომელთაც თავი დაიღუპეს. თქვენ ამ მწუხარებისთვის ცათა სასუფეველს მიიღებთ, ისინი კი ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებენ არასწორი შენაძენისთვის, ამიტომ სჯობს ვიყოთ განაწყენებულნი, ვიდრე სხვას ვაწყენინოთ. ვიტიროთ მათთვის, და ვიტიროთ არა ადამინურად, არამედ ბიბლიური გოდებით, როგორც გლოვობდნენ წინასწარმეტყველნი. ისაიასთან ერთად ვიტიროთ მწარედ და ვთქვათ: „ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჭრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენ გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე. ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან“ (ეს. 5: 8-9); ვიტიროთ წინასწარმეტყველ ნაუმთან ერთად და ვთქვათ: „ვაი მათ, რომელნი აშენებენ თავის სახლს სიმაღლეში!“, ანდა ვიგლოვოთ მათთვის იმგვარად, როგორც ქრისტე გლოვობდა თავისი დროს მცხოვრებთათვის: „ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში“ (ლუკ. 6: 24).

ამგვარად, გევედრებით, ვიგლოვოთ განუწყვეტლივ, ვიგლოვოთ გულზე მჯიღის ცემით უზრუნველ ძმათათვის. ნუ მოთქვამთ მათთვის, ვინც უკვე მოკვდა, არამედ ვიგლოვოთ მიმტაცებლის, ანგარის, ვერცხლისმოყვარისა და გაუმაძღრისთვის. რას მოგვცემს ტირილი მკვდართათვის, რომლებსაც ვერაფერს ვარგებთ? ვიტიროთ იმათთვის, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ რაიმეს შეცვლა.

მაგრამ ვისთვისაც ვტირით, შესაძლოა ისინი იცინიან. სატირალია ესეც, რადგან იცინიან იმის გამო, რისთვისაც ტირილია საჭირო. და თუ მცირედ მაინც იმოქმედებდა მათზე ჩვენი გლოვა, მათი გამოსწორების იმედით შევწყვეტდით ტირილს, მაგრამ რადგანაც უგრძნობი რჩებიან, განვაგრძოთ ტირილი და ცრემლი დავღვაროთ არა მხოლოდ მდიდართათვის, არამედ ვერცხლისმოყვარეთა და მტაცებელთათვისაც.

სიმდიდრე, თავისთავად, არაა ბოროტება, სასარგებლოდაც შეიძლება მისი გამოყენება – შესაძლებელია გაჭირვებულთა დახმარება. ბოროტებაა ანგარება, რომელიც საუკუნო სატანჯველს ამზადებს.

ასე რომ, დავიწყოთ ტირილი. იქნებ ამას მოჰყვეს გამოსწორება. და თუ შურის ცოდვაში მყოფნი არ გათავისუფლდებიან მისგან, იქნებ სხვა გადარჩეს. ღმერთმა ინებოს, ყველანი გათავისუფლდნენ შურის სენისაგან და არც ჩვენ ჩავცვივდეთ ამ ცოდვაში, რათა, იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ყველანი გავხდეთ ღირსი აღთქმული სიკეთეებისა, ამინ.

ისე არაფერი გვყოფს და გვაშორებს ერთმანეთს, როგორც შური და არაკეთილმოსურნეობა – სასტიკი სნეულება, რომელსაც სძულს ყოველგვარი პატიება და უფრო მძიმეა, ვიდრე თვით ბოროტებების ფესვი – ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარეს მაშინ მაინც უხარია, როდესაც თავად იღებს, შურიანს კი – როდესაც სხვა არ იღებს და საკუთარ წარმატებად სხვების წარუმატებლობა მიაჩნია. რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი უგუნურება? უგულებელყოფს რა პირად გასაჭირს, შურიანი იტანჯება სხვების კეთილდღეობით და ამგვარად, მიუღწეველი ხდება მისთვის ზეცა, მანამ კი ამქვეყნიური ცხოვრებაც გაუსაძლისია მისთვის. ჭეშმარიტად, ისე ჭია არ ჭამს ხეს და ჩირჩილი – შალს, როგორც შურის ცეცხლი შთანთქავს შურიანი ადამიანის ძვლებსა და ვნებს სულის სიწმინდეს. არ შესცოდავს, ვინც შურიანს ყველაზე უარეს მხეცსა და დემონს უწოდებს. მხეცები თავს გვესხმიან, როდესაც მშიერნი არიან ან გაღიზიანებულნი ჩვენ მიერ, ეს ადმიანები კი ხშირად თავიანთ კეთილისმყოფელებს ექცევიან იმგვარად, როგორც განაწყნებულნი. დემონებიც, იმის მიუხედავად, რომ შეურიგებელ მტრობაში არიან ადამიანებთან, არ ვნებენ მათ ბუნებას მიმსგავსებულთ, შურიანებს კი არც საერთო ბუნება ადარდებთ, არც თავიანთი სულის ხსნა და ვისიც შურთ, იმათზე ადრე საკუთარ სულს წირავენ დასასჯელად, მიზეზთა გარეშე აღავსებენ რა მას შფოთითა და მწუხარებით. შური ისეთი საშინელი ნაკლია, რომ მასზე უარესი არაფერი არსებობს. მრუში, მაგალითად, რაღაც სიამოვნებას მაინც იღებს და მცირე დროით სცოდავს, შურიანი კი იმაზე ადრე, ვისიც შურს, საკუთარ თავს წირავს ტანჯვისა და სასჯელისათვის, თანაც, არასდროს შორდება ამ უკეთურებას და გამუდმებითაც სცოდავს; და როგორც ღორს უხარია ტალახში გორაობა და დემონს – ჩვენი დაღუპვა, ასევე უხარია შურიანს მოყვასის უბედურება; და თუ ამ უკანასკნელს რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, მაშინღა მშვიდდება და შვებით ამოისუნთქვას, რადგან სხვისი მწუხარება საკუთარ სიხარულად მიაჩნია და სხვისი ბედნიერება – საკუთარ უბედურებად. და როგორც ზოგიერთი სახეობის ხოჭო იკვებება ნაკელით, მსგავსადვე იკვებებიან შურიანები სხვათა უბედურებებით და გვევლინებიან ადამიანთა მოდგმის საერთო მტრადა და მოძულედ. სხვებს პირუტყვიც კი ეცოდება, როცა კლავენ, ესენი კი, შურიანები, კანკალებენ, ფითრდებიან და უმეტესად ცოფდებიან, როდესაც ხედავენ, რომ სხვას ეძლევა კეთილდღეობა. რა შეიძლება იყოს ამგვარ უგუნურებაზე უარესი?! რატომ ფითრდები, რა გაკანკალებს ან რამ შეგაძრწუნა? საშინელი რამ მოხდა? ნუთუ ის, რომ შენი ძმა სახელოვანი და ცნობილია და კარგი სახელით სარგებლობს? შენ ხომ თავადაც გმართებდა გვირგვინით შემკობა, სიხარული და ღვთის დიდება იმის გამო, რომ შენსავე ნაწილს განდიდებულსა და წარმატებულს ხედავ? ნუთუ ის გაწუხებს, რომ ღვთის სახელი იდიდება? შეხედე, სადამდე მიდის ბოროტება. იტყვი – ამის გამო არ ვწუხვარ, მსურდა ჩემით განდიდებულიყოო ღმერთი. მაშ, გაიხარე, რომ შენი ძმა სახელგანთქმულია და შენ მიერ კვლავ განდიდდება უფალი. შენი მტერიც რომ ყოფილიყო, თუ ღვთის სახელი განდიდდებოდა მისით, გმართებდა, რომ დამეგობრებოდი, შენ კი მეგობარს იხდი მტრად სწორედ იმის გამო, რომ კარგი სახელით სარგებლობს და მის მიერ იდიდება ღმერთი. სხვაგვარად როგორღა უნდა გამოავლინო შენი მტრობა ქრისტეს მიმართ? ამგვარად, თუნდაც რომ სასწაულებს აღასრულებდეს, უბიწოებას იცავდეს და მარხულობდეს, ან ცივ მიწაზე წვებოდეს და მოღვაწეობით ანგელოზებს ედრებოდეს, ის, ვინც შურის ვნებითაა შეპყრობილი, უსაძაგლესია ღვთის წინაშე.

თუკი მოყვასის სიყვარული არანაირ უპირატესობას არ გვძენს, წარმართებთან შედარებით, მაშინ რაღა ვთქვათ იმის შესახებ, ვისაც მოყვასის შურს? შური მტრობაზე უარესია. მტრულად განწყობილი, როდესაც ჩხუბის მიზეზი გადაავიწყდება, წყვეტს მტრობას, შურიანი კი არასოდეს გახდება მეგობარი. ამასთანავე, პირველი აშკარად გებრძვის, მეორე – ფარულად; პირველს შეუძლია საკმარისი მიზეზი დაასახელოს მტრობისთვის, მეორეს კი სათქმელი არაფერი აქვს და მიზეზი მხოლოდ მისივე უგუნურება და ეშმაკეული მდგომარეობაა. როგორც შეურაცხმყოფელი ვნებს საკუთარ თავს, მსგავსადვე, მოყვასის მიმართ მზაკვარი იღუპავს თავს; და როგორც მოყვასის განაწყენებით თავად ჩვენ ვნაწყენდებით, ასევე, მოყვასის მიმართ სიკეთის ჩადენით სიკეთეს ვუკეთებთ საკუთარ თავს. ვისაც ცილს სწამებენ და ლანძღავენ, არა მარტო წყენას ითმენს, არამედ უდიდეს ჯილდოსაც იღებს. სასჯელის ღირსი ის კი არ არის, ვინც ითმენს, არამედ – ვინც ბოროტებას სჩადის იმის მიმართ, ვისაც არ მიუცია მისთვის ლანძღვის საფუძველი. სათნო ადამიანისთვის ისევე შეუძლებელია ისმინოს საკუთარ თავზე ყველასგან მხოლოდ დადებითი შეფასება, როგორც ყველასგან მხოლოდ უარყოფითის მოსმენაა შეუძლებელი. სახალხოდ მიყენებული შეურაცხყოფის გამო ადამიანები ხშირად ხდებიან თავხედნი და უსირცხვილონი. მრავალი ცოდვილი, სანამ თავის დაფარვა შეუძლია, ადვილად იღებს გამოსწორების გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ საზოგადოებაში სახელი შეელახება, სასოწარკვეთაში ვარდება და უტიფარი ხდება. ტკივილი მოგაყენეს? თავად რატომღა იმატებ ტკივილს? ვისაც შეურაცხყოფის გამო შურისძიება სურს, საკუთარი თავისკენ მიმართავს მახვილს. ამიტომ, თუ კეთილშობილების დაბრუნება გსურს და შეურაცხმყოფელის მიმართ შურისძიება, თქვი მის შესახებ კარგი, მაგრამ თუ ცუდს იტყვი, არ დაგიჯერებენ, როგორც ეჭვმიტანილს შურისძიებაში. მტრობას არ ძალუძს, გულისთქმებთან დაპირისპირების გამო, მსმენელში აღიბეჭდოს ნათქვამი. ასე რომ, ნუ იტყვი სხვების შესახებ ცუდს, რათა არ შეურაცხყო საკუთარი თავი, ნუ შექმნი ჭაობს ჭუჭყით და სიბინძურით, დაწენი გვირგვინი ვარდებით, იებითა და სხვა ყვავილებით, ხოჭოსავით პირიდან ნუ ამოიცოხნი ნაკელს – რადგან ასეთნი არიან ისინი, ვინც ცუდს ამბობს სხვათა შესახებ. ისინი, უპირველესად, თავად გრძნობენ თავიანთი სიმყრალის შედეგებს. ბოროტად მეტყველს ყველა თავს არიდებს, როგორც სიმყრალით აქოთებულ საძაგლობას ან ხოჭოს, რომელიც სხვისი უბედურებით იკვებება, როგორც ნაკელით; ხოლო ადამიანს, რომელიც ტკბილმოუბარია, ყველა ღვიძლ ძმად მიიჩნევს და თავის სისხლხორცად. რა დაუშავა კაენმა აბელს? თავისი ნების წინააღმდეგ, ხომ არ გაამგზავრა ძმა უფრო სწრაფად ცათა სასუფეველში, საკუთარ თავს კი უამრავი უბედურება დაატეხა? რა დაუშავა ესავმა იაკობს? განა არ ფლობდა ეს უკანასკნელი დიდძალ სიმდიდრეს და არ სარგებლობდა მრავალი სიკეთით? მან კი მამისეული სახლიც დაკარგა და ბოროტგანზრახვათა გამო დაეხეტებოდა უცხო ქვეყნებში. რა დაუშავეს ძმებმა იოსებს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლამდეც მივიდა საქმე? განა თავადვე არ მოუწიათ შიმშილის დათმენა, მრავალი განსაცდელის გადატანა, იოსები კი მთელი ეგვიპტის მმართველი გახდა?! რაც უფრო მეტად შურთ, მით მეტ სიკეთეს ანიჭებენ იმას, ვისიც შურთ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და როდესაც იხილავს, რომ იმას შეურაცხყოფ, ვინც თავად არავის შეურაცხყოფს, უმეტესად აღამაღლებს და განადიდებს ასეთს, და ამით შენ დაგსჯის. თუ უფალი არ უშვებს, რომ დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც თავის მტრებს შეურაცხყოფს, მით უფრო დასჯის იმათ, ვისაც იმისი შურს, ვინც მას არაფერს უშავებს. თუ არაფრით აღემატება მეზვერეს ის, ვისაც უყვარს თავისი მოყვარული, მაშ, რა მოწყალებას იმსახურებს ის, ვისაც სძულს უდანაშაულო? აბა, რისთვის წუხხარ, ადამიანო, შენი მოყვასის სათნოებათა გამო? თუ საწუხარია, უნდა გვაწუხებდეს ის უბედურებანი, რომელთაც თავად განვიცდით, და არა სხვათა წარმატებები. იქნებ არ იცი, რომ ეს უპატიებელი ცოდვაა? სამართლიანადაც! მრუშმა შეიძლება ხორციელი ვნება მოიმიზეზოს, ქურდმა – სიღატაკე, მკვლელმა – მრისხანება, ყველა რაღაც მიზეზს გამონახავს – თუნდაც უსუსურს – რომ თავი იმართლოს, შენ კი რას დაასახელებ? უსაზღვრო ბოროტების გარდა, ვერაფერს. თუკი გვევალება, რომ მტრებიც გვიყვარდეს, რას დავიმსახურებთ მაშინ, როდესაც მოყვარე გვძულს? თუ წარმართზე უკეთესი არ არის ის, ვისაც თავისი მოკეთე უყვარს, რა ეპატიება მას, ვისაც სძულს მის წინაშე უდანაშაულო? დემონებსაც შურთ, მაგრამ ადამიანების და არა დემონების, შენ კი, ადამიანო, ადამიანების გშურს. მაშ, როგორ მიიღებ პატიებას? ძალიან დიდი ბოროტებაა შური, იგი გაიძულებს პირადი გადარჩენა უგელებელყო. შურის გზით მიიზიდა საულმა თავისკენ ბოროტი დემონი და სულ შურდა იმისი, ვინც მის განკურნებას ცდილობდა. ასეთია შური: საულმა იცოდა, რომ დავითმა იხსნა, მაგრამ მაინც სურდა მისი დაღუპვა, რათა დიდებაში არ ენახა ის. თუ გსურთ, მოგიყვებით, რა სიკეთე იყო დავითმა საულს და რა მიაგო საულმა სანაცვლოდ.

ოდესღაც იუდეველებს მძიმე ომი შეემთხვათ, შიშითა და ძრწოლით იმალებდნენ ისინი და ვერავინ ბედავდა გამოჩენას, მთელი ქალაქი უდიდეს საფრთხეში იყო, თვალებში სიკვდილს უყურებდნენ და ყოველდღე დაღუპვას ელოდნენ, ამ დროს შეკრებილ მეომრებთან სამწყემსურიდან მივიდა დავითი და თავის თავზე აიღო ბრძოლის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები ამისკენ არ უბიძგებდნენ, პირიქით, დიდ წინააღმდეგობასაც კი წააწყდა (საკუთარი ძმა კიცხავდა, მეფე კი მისი ახალგაზრდული ასაკის გამო უკრძალავდა ბრძოლას), მაგრამ სულით აღენთო და უცხოტომელისკენ გაიქცა დავითი, ამასთანავე, უდიდესი მზრუნველობა გამოავლინა თავისი მეფის მიმართ ბრძოლის დაწყების წინ და ამხნევებდა პირქვე დამხობილს: „ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს“ (1 მეფ. 17: 32). განა უმნიშვნელოა ის, რომ საკუთარ თავს წირავს დავითი მაშინ, როცა არავინ ითხოვს ამას მისგან და მტრის შუაგულში შედის იმათ დასახმარებლად, რომელთაგანაც არ მიუღია რაიმე სიკეთე? ნუთუ არ უნდა გამოცხადებულიყო ამის შემდეგ იგი ბატონად და მთელი ერის მხსნელად, როგორც ადამიანი, რომელმაც, ღვთის მადლით, სიკვდილისგან იხსნა ყველა? რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სათნო ქმედება? დავითი კეთილად შეეწია მეფეს არა ქონების, დიდებისა თუ ძლევამოსილების გამო, არამედ მისი სიცოცხლის გადრჩენის მიზნით; დავითმა იხსნა საული სიკვდილის ბჭეთაგან, მხოლოდ მისი წყალობით დარჩა მეფე ცოცხალი და შეინარჩუნა ძალაუფლება. მაგრამ სანაცვლოდ როგორ მოექცა საული დავითს? – თუ ვინე ყურადღებას მიაქცევს დამსახურების სიდიადეს, საულს რომ თავისი სამეფო გვირგვინი დაედგა კიდეც თავზე დავითისთვის, ამითაც სრულად ვერ მიაგებდა სანაცვლოს და კვლავაც დიდ ვალში დარჩეობდა მის წინაშე – რადგან დავითმა მას სიცოცხლე და სამეფო შეუნარჩუნა, საული კი მხოლოდ სამეფოს დაუთმობდა. მაგრამ რა მიიღო დავითმა ჯილდოდ? მას შემდეგ, რაც დავითმა თავი მოჰკვეთა გოლიათს და უკან ბრუნდებოდა გამარჯვებული, ცეკვითა და სიმღერით გამოეგებნენ მას ქალწულები და ქება – დიდებას ასხამდნენ შეძახილებით: „შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!“ (1 მეფ. 18: 7). მაშინ განრისხდა საული და ამ დღის შემდეგ ეჭვით დაუწყო ყურება დავითს. მაგრამ, საკითხავია, რატომ? ერთი შეხედვით, საკვირველიც კი არის ის, რომ მეხოტბენი საულს უფრო მეტად აქებდნენ, ვიდრე დავითს. მეფე არ უნდა დარჩენილიყო უკმაყოფილო იმის გამო, რომ მისი მისამართით ითქვა „ათასები“. მაშ, რატომ არისხებს მას დავითის მიმართ ნათქვამი „ათი ათასები“? საულს რომ რამე გაეკეთებიანა ბრძოლის დროს, მცირე წვლილი მაინც რომ შეეტანა თავისი მონაწილეობით, სამართლიანი იქნებოდა თქმა: „შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!“, მაგრამ თუ იგი შეშინებული იჯდა სახლში და ყოველდღე ელოდა სიკვდილს, ხოლო დავითმა აღასრულა ყველაფერი, უგუნურება ხომ არ არის გაბრაზება იმის მხრიდან – ვისაც არაფერი გაუკეთებია ხიფათის თავიდან ასაცილებლად – რომ ის არ აქეს უფრო მეტად? აი, დავითს კი შეეძლო გამოეთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ გმირობის ჩამდენმა ქება სხვასთან გაიყო. მაგრამ ასეთია შური: მას არ შეუძლია გულგრილად უცქიროს სხვის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს სხვის ბედნიერებას და იტანჯება მოყვასის კეთილდღეობით.

დაახლოებით მსგავსი რამ შეემთხვა გერარის მეფეს, როდესაც იხილა, რომ ყოველდღიურად ემატებოდა ისააკს სიმდიდრე და შეშინებულმა ამით, აიძულა მართალი გადასახლებულიყო მისი ქვეყნიდან. თუმცაღა მოვისმინოთ წმინდა წერილის სიტყვები, რათა დავინახოთ თუ როგორ წყალობს ღმერთი თავის ერთგულ მსახურთ: „დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს“ (დაბ. 26: 12). ხედავ ღვთის გულუხვობას? ხედავ სათნოების სიუხვეს? მაგრამ შევხედოთ იმასაც, თუ როგორი შური აღეძრა მეფეს მართლის სიმდიდრის გამო: და უთხრა მეფემ ისააკს: „გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი“ (დაბ. 26: 16). და მართლაც, ისააკი მათზე ძლიერი იყო, რადგან ყველაფერში ეხმარებოდა უფალი და დაცული იყო მისი მარჯვენით. მაშ, სად აძევებ მართალს? ნუთუ არ იცი, რომ სადაც არ უნდა მივიდეს, ისე მოუწევს ყოფნა, როგორც მის მეუფეს სურს? და რომ აიძულო წავიდეს თუნდაც უდაბნოში, იმდენად ყოვლადძლიერი პატრონი ჰყავს, რომ იქაც ძალუძს მისი უმეტესად განდიდება, რადგან სწორედ რომ საღინააღმდეგოთი უფალი ხშირად აწყობს საწინააღმდეგოს. მას შეშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამითა და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წინა თავი შემდეგი თავი