მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ |
ღირსი ბერი პაისი ათონელი
|
შური - ერთერთი მთავარი ვნებაა – გერონდა, მე ერთი დის მშურს. – მე ვიცი, რომელი დისაც გშურს... და კიდევ, გავიგე რომ მასაც შურს შენი. გისურვებთ, რომ ორივეს გშურდეთ მოშურნე ილიასი, რათა მან განაგდოს თქვენგან შური და მოგცეთ ორივეს ღვთიური მოშურნეობა. ამინ. – გერონდა, როდესაც მშურს, ვცდილობ ყველაფერს ლოგიკურად შევხედო. – და ხომ არ ჯობია, რომ თავიდავნე შევეცადოთ არ გვშურდეს? შური სასაცილოა. საჭიროა, რომ ადამიანმა ოდნავ თავი შეიწუხოს, რათა შური დაძლიოს. საჭირო არ არის დიდი გმირობის ჩადენა, რადგან შური – სულიერი ვნებაა. ფხიზლად იყავი და არასოდეს მისცე თავს უფლება, რომ შურმა დაგძლიოს, რადგან ის ერთ – ერთი უმთავრესი ვნებაა. იცი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს შურმა ადამიანი? არაკეთილმოსურნეობასა და ცილისწამებადმე. ცილისწამება კი არაკეთილმოსურნეობაზე მეტი ბოროტებაა. – და რისგან შედგება შური? – რა არ არის მასში! ამპარტავნება, ეგოიზმი, თავისმოყვარეობა... მასში არ არის სიყვარული და რა თქმა უნდა, არ არის თავმდაბლობა. – ე. ი. ვისაც შურს, შეუძლებელია მასში სიყვარული იყოს? – რა თქმა უნდა, შეუძლებელია! შეუძლებელია, რომ ერთ ადამიანში თანაარსებობდეს შური და სიყვარული. და თუნდაც რომ ჰქონდეს მცირედი სიყვარული, ის არ არის წმინდა, რადგან ამ სიყვარულში არის მისი „მე“. შური აფუჭებს და უსარგებლოდ აქცევს სიყვარულსა და სიკეთეს, ისევე როგორც მკვდარი თაგვი გამოუსადეგარს ხდის ქოთანში ზეთს, რომელშიც ჩავარდება. – გერონდა, ვფიქრობ, იმიტომ მშურს, რომ საკუთარ თავში სისრულეს არ ვგრძნობ. – როგორ შეიძლება იგრძნო სისრულე, როდესაც გსურს, რომ ყველაფერი შენ გეკუთვნოდეს? – და თუ ის მსურს, რაც ჩემს დას აქვს? – თუ უფალმა ბრძანა: „არ ინდომო... შენი თვისტომის ქონებიდან არაფერი...“ (გამ. 20: 17), როგორ შეიძლება, რომ გვსურდეს ის, რაც სხვას ეკუთვნის? როგორ, უმთავრესი მცნებებიც არ დავიცვათ? მაშინ ხომ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. „ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება“ (იაკ. 1: 14), – ბრძანებს იაკობ მოციქული, უფლის ხორციელი ძმა. ეს გულისთქმები დატანჯავენ სულებს ჯოჯოხეთში. და თუ ღმერთი სამოთხეში წაგვიყვანდა, მაგრამ თავისუფალნი არ ვიქნებოდით შურისაგან, ვერც იქ მოვიპოვებდით სიმშვიდეს, რადგან ისეთივე უგუნური სურვლიები გვექნება იქაც. ეჭვიანობა წამლავს ქალის ძლიერ სიყვარულს – გერონდა, რატომ არის, რომ ეჭვიანობის ვნება ქალებისათვის უფრო მეტადაა დამახასიეთებელი, ვიდრე მამაკაცებისთვის? – ქალში ბუნებრივად მეტად არის სიყვარული და სიკეთე, და ეშმაკი ძლიერად ესხმის თავს, ბოროტი თესავს მასში შხამიან ეჭვიანობას და წამლავს მის სიყვარულს. და როდესაც მისი სიყვარული მოიწამლება და ბოროტებად გარდაიქმნება, მაშინ ფუტკრისგან ქალი გადაიქცევა შხამიან კრაზანად და მაკაკაცსაც აღემატება სისასტიკით. და თუ მამაკაცისთვის საკმარისია ვერ ხედავდეს არასასურველ სახეს, ქალისათვის, რომელიც უფრო ემოციურია (რადგან ასეთად შექმნა ღმერთმა), ეს არასაკმარისია, მას სურს რომ იგი მოკვდეს, ქალის გაბოროტებამ, როდესაც მასში შედის ეჭვიანობა და სიჯიუტე, შეიძლება დემონურ ხარისხამდე მიაღწიოს. ქალს უნდა ეშინოდეს ეჭვიანობის. იგი ვალდებულია განდევნოს საკუთარი „მე“ თავისი სიყვარულიდან, რათა მისი ძლიერი სიყვარული უმწიკვლო იყოს. – როგორ შეიძლება ამის მიღწევა? – თუ დასძლევ წვრილმანებს და განავითარებ სულიერ სიმამაცეს, სულიერ კეთილშობილებასა და თავგანწიერვას. კეთილშობილება – ეს ეჭვიანობის საწინააღმდეგო საშუალებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, მცირედნი არიან კეთილშობილნი. შური გვასუსტებს - გერონდა, მუ საერთოდ არ გამაჩნია გაბედულება. - გშურს და ამიტომაც არ გაქვს გაბედულება. როდესაც ადამიანს შურს, იგი ღელავს, საკვებს ვერ იღებს, დარდისგან ილევა და გაბედულებას კარგავს, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი უდიდესი მოღვაწეა. - მე თავს ვგრძნობ სულიერად ძალიან ღარიბად და სუსტად. – შენ ბევრი ძალა გაქვს, მაგრამ მას სულელური შურისთვის ხარჯავ და, იმის მიუხედავად, რომ გაქვს თანდაყოლილი კეთილშობილება, იტანჯები, როგორც უკანასკნელი ღატაკი. შენ ძალიან წარმატებული იქნებოდი სულიერ ცხოვრებაში, ერთსა და იმავე ადგილს რომ არ ტკეპნიდე შურით. გაფრთხილდი, რადგან შური დაშრეტს შენს სულიერ და ფიზიკურ ძალებს, რომლებიც ღვთისთვის შეგეძლო შეგეწირა. მაგრამ თუ შურს განიშორებ, შენს ლოცვას ძალა ექნება. შურის გამო ადამიანი სულიერ ძალებს კარგავს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს მოციქულებმა ბოროტი სულის განდევნა ეშმაკეული ყრმისგან (იხ. მათ. 17: 16; მკ. 9: 18; ლუკ. 9: 40), იმის მიუხედავად, რომ ქრისტესგან მიიღეს ეშმაკების განდევნის ძალაუფლება და უკვე დევნიდნენ კიდეც მათ ადამიანებიდან? იმიტომ, რომ პეტრესი, იაკობისა და იოანესი შურდათ, რადგან მხოლოდ ისინი წაიყვანა ქრისტემ მთაზე და მხოლოდ მათ წინაშე იცვალა ფერი (იხ. მათ. 17: 1; მკ. 19: 2; ლუკ. 9: 28). ქრისტეს შეეძლო ყველა მოწაფე თან წაეყვანა, მაგრამ ყველას არ შეეძლო დაეტია ეს საიდომლო, ამიტომაც მხოლოდ ისინი წაიყვანა, რომელთაც ამის დატევა შეძლეს. შეიძლება ვთქვათ, რომ მას არ უყვარდა სხვა მოწაფეები ან იოანე უყვარდა სხვებზე მეტად? არა, მაგრამ თავად იოანეს უყვარდა ქრისტე სხვა მოწაფეებზე მეტად და ამიტომაც უფრო მეტად გრძნობდა ქრისტეს სიყვარულს. მას მეტის დატევა შეეძლო, მისი „დამტენი ელემენტი“ უფრო დიდი იყო. ხედავთ, როგორ დააშორა შურმა ღვთის მადლს მოციქულები, ამიტომაც მათ ვერ შეძლეს ეშმაკეული ყრმის განკურნება. სწორედ ამიტომ ბრძანა უფალმა:: „ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ?“ (მათ. 17: 17). ვინც მარხავს საკუთარ ნიჭს, მას სხვების ნიჭის შურს – გერონდა, როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც შურს, დაეხმაროს საკუთარ თავს დაძლიოს ეს ვნება? – თუ ის შეიცნობს იმ ნიჭებს, რომლებიც მიმადლა მას ღმერთმა, და განავითარებს მათ საკუთარ თავში, მას აღარ შეშურდება სხვისი და იცხოვრებს, როგორც სამოთხეში. ბევრი ვერ ხედავს საკუთარ ნიჭებს და ხედავენ მხოლოდ სხვის ნიჭს, და მათ შური იპყრობს. საკუთარ თავს დაჩაგრულად მიიჩნევენ, თავმოყვარეობაშელახულად, იტანჯებიან და საკუთარ ცხოვრებას ტანჯვად აქცევენ. „რატომ აქვს მას ის ნიჭი და მე არ მაქვს?“ – ამბობენ ისინი. შენ გაქვს სხვა ნიჭი და სხვებს – სხვა ნიჭი. გახსოვთ კაენი და აბელი? კაენი არ ცდილობდა დაენახა საკუთარი ნიჭები და აბელის ნიჭებს შესცქეროდა. ასე გამოზარდა მან საკუთარ თავში ძმის მიმართ არაკეთილმოსურნეობა, შემდეგ ღვთის წინააღმდეგ აღდგა და საბოლოოდ, მკვლელობამდე მივიდა (იხ. შესაქმ. 4: 3-8), თუმცა, შესაძლებელია, რომ მას მეტი ნიჭი ჰქონდა, ვიდრე აბელს. – და როგორ შეუძლია ადამიანს, რომელიც ხედავს სხვის ნიჭს, რომ უხაროდეს და არ შურდეს მისი? – თუ ის არ დაფლავს საკუთარ ტალანტებს, არამედ განავითარებს, მაშინ იგი გაიხარებს სხვისი ტალანტითაც. მე უკვე რამდენიმე წელია ვაკვირდები ერთ დას, მას აქვს ხმა და მოწიწება, მაგრამ არ გალობს კლიროსზე. და რადგან იგი საკუთარ ტალანტს მარხავს და არ მღერის, შფოთავს, როცა ესმის როგორ გალობს სხვა და, რომელსაც არცთუ ისე კარგი ხმა აქვს. იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ ღმერთმა მას უკეთესი ხმა მისცა, თუმცა რაც აქვს, არ ავითარებს. ამიტომ ყველამ უნდა გამოიძიოს – იქნებ მასშიც არის ის ნიჭი, რომლის გამოც სხვისი შურს და თავად არ ავითარებს მას? ან, იქნებ, ღმერთმა მას სხვა ტალანტი უბოძა, რადგან ღმერთმა არავინ დატოვა ნიჭის გარეშე, ყველა ადამიანს უბოძა რაღაც, რითაც დაემარება მას სულიერ ზრდაში. როგორც ერთი ადამიანი არ ჰგავს მეორეს, ასევე ერთის ტალანტი არ ჰგავს მეორისას. ნუთუ არ მიგიქცევიათ ყურადღება ველური ბარდისთვის, რომელიც იზრდება თქვენს ღობესთან? მას ერთი ფესვი აქვს, თითოეულ ყლორტს კი – განსხვავებული და ერთიმეორეზე ლამაზი ფერი, მაგრამ მათ არ შურთ ერთმანეთის... თითოეული თავისი ფერით ხარობს. და ჩიტები! ყოველ მათგანს თავისი სილამაზე აქვს, თავისი ჟღურტული. დაე, თითოეულმა თავისი ნიჭი იპოვოს, რომელიც მას ღმერთმა უბოძა, რათა მათით განადიდოს სახიერი უფალი, არა ამპარტავნულად და ფარისევლურად, არამედ თავმდაბლურად, იმის აღიარებით, რომ უგულებელყო თავისი ნიჭი და რომ მომავალში განავითარებს მას. – მე კი მშურს ზოგიერთი დის, რომლებსაც აქვთ ის ნიჭები, რომლებიც მე არ მაქვს. – ღმერთმა ამდენი ნიჭი მოგცა, შენ კი სხვისი ნიჭის გშურს? შენ მე მახსენებ ერთი კონდიტერის ქალიშვილს, რომელიც კონიცაში ცხოვრობდა. მამა ყოველდღე აძლევდა მას ნამცხვრის პატარა ნაჭერს, რადგან მოზრდილისგან ცუდად გახდებოდა. ის კი სკოლაში შესცქეროდა ბავშვებს, რომლებიც სიმინდის ორცხობილას მიირთმევდნენ და მათი შურდა: „ისინი დიდ ნაჭრებს მიირთმევენ, მე კი მამა პატარა ნაჭერს მაძლევს!“ მას შურდა სიმინდის კვერის, რომელსაც სხვები მიირთმევდნენ, თავად კი მთელი საკონდიტრო ჰქონდა ნამცხვრებით სავსე. მის მსგავსად, შენც არ აფასებ იმ დიდ ნიჭებს, რომლებიც ღმერთმა გიბოძა, შესქცერი სხვების ნიჭს და იმათი გშურს. ნუ ვიქნებით უმადურნი, ღმერთმა, სახიერმა უფალმა, ყველა ქმნილებას სხვადასხვა ნიჭი უბოძა, მან იცის, რა სჭირდება თითოეულ ჩვენგანს, რათა საკუთარ თავს არაფერი ვავნოთ. ჩვენ ხშირად ვიქცევით ბავშვებივით, ვწუწუნებთ, რომ მამამ ერთი ან ორი დრაქმა არ მოგვცა ჩვენი და – ძმებივით, არადა, მან ბევრად მეტი – ასი დრაქმა გადმოგვცა, ჩვენ კი არაფრად ვაგდებთ, რადგან გვგონია, რომ ასი დრაქმა უბრალო ქაღალდია, – ის ერთი ან ორი დრაქმა მოგვწონს, რომლებიც სხვებს მისცა, ამიტომაც ვტირით და კეთილ მამის მიმართ ვნაწყენდებით. კარგი შური - გერონდა, მე ერთი დის მშურს, იმიტომ რომ მას აქვს მორჩილება, უბრალოება, მოწიწება. - მე ვილოცებ, რომ ის მოკვდეს. გინდა, რომ მოკვდეს? - არა, გერონდა! მე მშურს სხვისი სათნოებების, მაგრამ ფიქრადაც არ მომდის, რომ მას რაიმე ცუდი დაემართოს. მე ის კი არ მინდა, რომ მას არ ჰქონდეს სათნოება, მსურს, რომ ჩემშიც იყოს რაიმე კარგი. - ამ შემთხვევაში, გავყოთ, რომ ორივეს გქონდეთ ნახევარ - ნახევარი! ნუ ღელავ. შენი შური – კარგი შურია. გშურს „უმეტეს ნიჭთა მიმართ“ (1 კორ. 12: 31)... - ე. ი. კარგი შურიც არის? – დიახ, როდესაც ვინმეს შურს სხვისი სათნოებების და თან ხარობს მის გამო, მაშინ ეს კარგი შურია. მაგრამ თუ ადამიანი ცუდად ხდება, თუ დარდობს, როდესაც ხედავს სხვის წარმატებებს, ან ფარულად უხარია, თუ სხვას ექმნება პრობლემები, მაშინ ეს შური ცუდია. დავუშვათ, შენი დის იმიტომ გშურს, რომ მას კარგი ხმა აქვს და კარგად მღერის. თუ შეიტყობ, რომ მას ხმა ჩაეხლიჩა და ვეღარ მღერის, შენ კი გაგიხარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს შურში ბოროტება და შხამი არის, მაგრამ თუ შეწუხდები – შენს შურში არ არის ბოროტება, უბრალოდ, თავადაც გსურდა, რომ კარგად იმღერო. – და როგორ უნდა მოვიხვეჭო კარგი შური? – მოდით, დაგარქმევ კეთილმოშურნეს!.. შეეცადე განწმინდო და გააბრწყინო შენი შური, რათა ის კარგი შური გახდეს. გიხაროდეს დის გამო, რომელიც სულიერად წინ მიდის და შეეცადე, რომ მას მიბაძო. ამგვარად, სულიერად წარემატები და შენშიც შემოვა ღვთის მადლი, რომელიც ზეციურ სიხარულს ანიჭებს ადამიანს ამავე ცხოვრებაში. – გერონდა, შესაძლებელია, რომ ადამიანში კარგი შური ცუდ შურად გადაიქცეს? – თუ ადამიანი საკუთარ თავზე არ მუშაობს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. სიფხიზლე არის საჭირო. – გერონდა, ყოველთვის ვერ ვიგებ რას ვგრძნობ როდესაც დის წარმატებებს ვხედავ. როგორია ეს შური, კარგი თუ ცუდი? – საკუთარ თავს ჰკითხე: „დას რომ სასწაული აღესრულებინა, რას განვიცდიდი მაშინ?“ ან „ის რომ განსაცდელში ჩავარდეს და დაეცეს ადამიანთა თვალში, გამიხარდებოდა თუ გული მეტკინებოდა?“ ამ კითხვაზე პასუხით გაიგებ კარგი შური გაქვს თუ ცუდი. აბა, მითხარი, თუ შეიტყობ, რომ და, რომლისაც შენ გშურს, გაზარმაცდა და საერთოდ აღარ ასრულებს თავის მონაზვნურ მოვალეობებს, აღარ ლოცულობს თავად, არამედ მაგნიტოფონს რთავს და უსმენს: „უფალო იესო ქრისტე...“, შენ გული გეტკინებოდა? – დიახ, გული მეტკინებოდა, მაგრამ თუ გავიგებდი, რომ იგი უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ვფიქრობ, რომ არ გამიხარდებოდა. – იცოდე, თუ თავად ძლივს დადიხარ, უნდა გიხაროდეს და არ უნდა დამწუხრდე იმათ გამო, ვინც სწრაფად დარბის; თუ გინდა სულიერ წარმატებას მიაღწიო, უნდა გახარებდეს დებისა და ძმების წარმატებები და ევედრე ღმერთს, რომ ისინი მომავალშიც ასეთივე წარმატებულნი იყვნენ, შენთვის კი ილოცე, რომ შენს საზომს მიაღწიო. როდესაც მორჩილი ვიყავი ერთ მონასტერში, იქ კიდევ ერთი მორჩილი იყო, ჩემივე ასაკის, მან დიდ სულიერ საზომს მიაღწია, სახე უბრწყინავდა. იგი ყველაფერში მაგალითი იყო, დიდი მოღვაწე და მოშურნე. ასევე – ძალიან მოკრძალებული. უფროსი მონაზვნები, როდესაც ის ჩაივლიდა, პატივისცემის ნიშნად ფეხზე დგებოდნენ, და მე უფრო მეტ სარგებელს ვიღებდი ამ მორჩილისგან, ვიდრე ყველა წიგნიდან ერთად, რომლებიც მანამდე წამეკითხა, რადგან ის მორჩილი ჩემთვის ცოცხალი მაგალითი იყო. ერთხელ მე გული მტკიოდა, ამ დროს შემთხვევით ჩემს კელიაში ის ძმა შემოვიდა, და მე მას ვთხოვე ელოცა ჩემთვის. გასულიც არ იყო, რომ ტკივილმა გამიარა. სხვა დროს, მონასტერში ეშმაკეული მოვიდა და მამებს სთხოვა, რომ განეკურნათ იგი. იღუმენმა იმ მორჩილს უთხრა: „ილოცე, რომ ეშმაკი განიდევნოს ამ საცოდავისაგან“. მორჩილმა მიუგო: „თქვენი ლოცვებით, იესო ქრისტემ განდევნოს ეშმაკი“, და გაეცალა თუ არა შეპყრობილს, ეშმაკი იმ ადამინისაგან გავიდა. აი, როგორი კადნიერება გააჩნდა მას ღვთის წინაშე! აი, როგორ სულიერ საზომს მიაღწია! მე ვლოცულობდი, რომ იგი იმავე წმინდანის საზომამდე მისულიყო, რომლის სახელსაც ატარებდა, ჩემთვის კი იმას ვლოცულობდი, რომ მის საზომს მივწვდომოდი. ასევე მოიქეცი შენც და ხილულად დაინახავ ღვთის ძალას. როდესაც ადამიანი ისწავლის სხვისი წარმატებებით სიხარულს, ქრისტე მასაც მისცემს სხვების ყველა წარმატებას, რათა გაიხაროს იმგვარად, როგორც უხარია ყველას, და მაშინ მისი წარმატებები და სიხარული იქნება უდიდესი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |