მთავარი გვერდი - ლოცვანი

7. ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთვის ქუშისთა, ძისა იემანისთა

1. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე. 2. ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. 3. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა; 4. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 5. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს. 6. აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. 7. და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად მოიქეც. 8. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. 9. აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო. 10. შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის წრფელნი გულითა. 11. ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე. 12. არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; 13. და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა. 14. აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი. 15. ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა. 16. მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს. 17. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.