მთავარი გვერდი - ლოცვანი

11. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან. 2. ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. 3. ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი; 4. რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? 5. ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა. 6. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად. 7. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. 8. გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.