მთავარი გვერდი - ლოცვანი

25. ფსალმუნი დავითისი

1. მისაჯე მე უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე. 2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. 3. რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. 4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. 5. მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არ დავჯდე. 6. დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო: 7. სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი. 8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი. 9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა; 10. რომელთა ხელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯუენაი მათი აღივსო ქრთამითა. 11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. 12. ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.