მთავარი გვერდი - ლოცვანი

61. დასასრულსა, იდითუმისთვის, ფსალმუნი დავითისი

1. ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი. 2. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის. 3. ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა. 4. ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. 5. გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი. 6. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო. 7. ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და დიდებაი ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ. 8. ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. 9. ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. 10. ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა. 11. ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე. 12. და შენი არს, უფალო წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.