მთავარი გვერდი - ლოცვანი

76. დასასრულსა, იდითუმისთვის, ფსალმუნი ასაფისი

1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. 2. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა. 3. მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი. 4. მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. 5. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ. 6. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. 7. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე. 8. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე? 9. ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? 10. და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი. 11. მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი. 12. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. 13. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? 14. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი. 15. და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. 16. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი. 17. დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. 18. ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი. 19. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. 20. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაი.