მთავარი გვერდი - ლოცვანი

ლოცვა გლახაკისაი, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაი თვისი, 101

1. უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, და ღაღადებაი ჩემი შენდა შევედინ. 2. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. 3. რამეთუ მოაკლდა ვითარცა კუამლსა დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი ვითარცა ქარქუეტი განხმეს. 4. იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. 5. ხმითა სულ-თქუმისა ჩემისაითა შეჰხმეს ხორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. 6. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და ვიქმენ მე, ვითარცა ბუი ნატამალსა. 7. უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა. 8. მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. 9. რამეთუ ნაცარი ვითარცა პური ვჰსჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი. 10. პირისაგან რისხვისა და გულის წყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. 11. და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს, და მე ვითარცა თივაი განვხემ. 12. ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. 13. შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისაი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. 14. რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ. 15. და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა - დიდებისაგან მისისა. 16. რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. 17. მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ჰყო ვედრებაი მათი. 18. დაიწერენ ესე ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა; 19. რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, 20. რაითა შეისმინოს სულ-თქუმაი შებორკილებულთაი და განჰხსნეს ნაშობნი მოკლულთანი, 21. თხრობად სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მისი - იერუსალემს, 22. შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. 23. მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთაი მითხარ მე. 24. და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა; თესლითი თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. 25. დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. 26. იგინი წარხდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. 27. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ, 28. ძენი მონათა შენთანი დაემკვიდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს.