მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ღვთის დამოკიდებულება ქედმაღალთა და თავმდაბალთა მიმართ
წმიდა ნიკოლოზ სერბი



ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს

(1პეტ. 5:5)


ძმანო, ვისა და რის წინაშე შეიძლება იყოს ადამიანი ქედმაღალი? ანგელოზების წინაშე? მაგრამ ანგელოზები ხომ უკვდავნი არიან, ადამიანი კი – მოკვდავი?! ადამიანების წინაშე? მაგრამ ის ხომ მრავალ ადამიანზეა დამოკიდებული და მოკვდავია, როგორც ყველა სხვა ადამიანი?! ცხოველების წინაშე? მაგრამ როგორ იცხოვრებდა იგი, თუკი ცხოველები არ ემსახურებოდნენ?! მზისა და ვარსკვლავების წინაშე? მაგრამ მათი სინათლის გარეშე ხომ იგი მხოლოდ ორ დღეს გაძლებდა და დაიღუპებოდა?!. მცენარეების წინაშე? მაგრამ მცენარეები ხომ მისთვის ძირითად საკვებს წარმოადგენს?! დედამიწის წინაშე? მაგრამ მისი სხეული ხომ მიწისაგანაა შექმნილი?! გარდაცვლილთა წინაშე? მაგრამ მათ გარეშე ხომ ვერ მოევლინებოდა ამ ქვეყანას?!. მაშ, როგორც ჩანს, ცოცხალთა წინაშე? მაგრამ ცოცხლები იმდენი არიან, რომ იგი მათ შორის მხოლოდ ერთი ძაფია დიდ ხალიჩაზე. ღვთის წინაშე? მაგრამ რომ არ ყოფილიყო ღვთის ნება, არ იქნებოდა არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს შორის. მაშ, ვისა და რის წინაშე შეუძლია ქედმაღლობა ადამიანს, ძმანო?!

შეურაცხყოფილთა და მდაბალთ ღმერთი მადლს ანიჭებს ანუ აძლევს ყველაფერს, რაც სჭირდებათ და რასაც ითხოვენ შეურაცხყოფასა და სიმდაბლეში. მაგრამ ვინ არიან ეს შეურაცხყოფილნი და მდაბალნი? ესენი არიან ისინი, ვინც გრძნობს თავის უძლურებასა და სრულ დამოკიდებულებას შემოქმედისადმი. ისინი ისევე არიან სავსენი და დამოკიდებულნი, როგორც ზღვა. მართლაც, რომელი წყალსატევია ზღვაზე მეტად სავსე და დამოკიდებული მდინარეებსა და წვიმაზე?! ქედმაღალი დახურულ ჭაბურღილს ჰგავს, დახურულს ზეციდანაც და მიწიდანაც; იგი თვითკმარია მხოლოდ მაშინ, როცა სავსეა, მაგრამ როდესაც გადაკეტილი და მოწყვეტილი აქვს წყარო წყლისა, სწრაფად ცარიელდება.

ბრძენი სოლომონი ბრძნულად ამბობს ღვთის შესახებ: „უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იგავნ. 3:34), თუმცაღა ღვთის ანგარიშსწორება არ არის ბოროტი განზრახვა, როგორიცაა ადამიანთა ანგარიშსწორება – ღვარძლიანი და დამცინავი, არამედ შენანებაა და გულისწყრომა; ასევე, არც ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, ადამიანებისაგან განსხვავებით, რადგან მეფურია მისი მოწყალება, გამაოგნებელი თავისი სიკაშკაშით, სილამაზითა და უსაზღვროებით.

ჰოი, უფალო ღმერთო, ჩვენო შემოქმედო, დაამშვიდე ჩვენი გულები, როდესაც სიამაყით აღივსებიან ისინი და მოგვმადლე შეწევნა ჩვენი ქედმაღლობის ჟამს, რათა გავიხსენოთ ჯვარი გოლგოთაზე და შენი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც სისხლი დათხია და ტანჯვა დაითმინა ჩვენთვის. დიდება და ქება შენდა უკუნისამდე. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019