მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ღვთის მიმართ სიყვარულის საიდუმლო
ღირსი პორფირი კავსოკალივიელი


არავისი არაფერი უნდა გვემართოს, გარდა ურთიერთსიყვარულისა
(რომ. 13:8)


ერთ საოცარ რამეს გეტყვით! – განგვიცხადა ერთხელ მამა პორფირიმ. – ვინც სხვებს განიკითხავს, იმას არ უყვარს ქრისტე! როდესაც ვინმე უპატიოდ მოგვექცევა ანუ რაიმეთი გვაწყენინებს, ცილს დაგვწამებს ან შეურაცხგვყოფს, ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ის ჩვენი ძმაა, რომელიც მტრის მიერ არის შეპყრობილი, ის მტრის მსხვერპლია!

ამიტომ მის მიმართ თანაგრძნობა და ღვთის წინაშე ლოცვა გვმართებს, რათა შეგვიწყალოს ჩვენც და ისიც – და ღმერთი შეგვეწევა ორივეს, მაგრამ თუ ჩვენ მას განვურისხდებით, მტერი მისგან ჩვენზე გადმოინაცვლებს და ორივე ჩვენგანით ითამაშებს. ვინც სხვას განიკითხავს, მას არ უყვარს ქრისტე! განკითხვის მიზეზი ხომ ეგოიზმია, სწორედ მისგან იწყება განკითხვა.

მე გეტყვით ერთ პატარა მაგალითს:

დავუშვათ, ადამიანი მარტო აღმოჩნდა უდაბნოში. გარშემო არავინაა... უცებ მას შორიდან ყვირილისა და ტირილის ხმა მოესმის. მიდის მასთან ახლოს და საზარელ სურათს ხედავს: ვეფხვს ვიღაც ადამიანი შეუპყრია და ნაწილ–მაწილ ფლეთს. სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანი კი დახამრებას ითხოვს! – რადგან რამდენიმე წუთში ვეფხვი ნაწილებად დაგლეჯს საწყალს...

როგორ მოვიქცეთ, რომ დავეხმაროთ?

მივირბინოთ მასთან? მაგრამ როგორ? – ეს შეუძლებელია!

დავუძახოთ ვინმეს? მაგრამ ვის? – გარშემო არავინაა...

იქნებ ქვა ავიღოთ და თავში ვესროლოთ იმ ადამიანს, რათა მოვკლათ?!

- „არა! რა თქმა უნდა, არა!“ – წამოვიძახებთ ჩვენ. მაგრამ სწორედ ამგვარად ვიქცევით ცხოვრებაში, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ, რომ სხვა ადამიანი, რომელიც ცუდად გვექცევა, ეშმაკის ანუ ვეფხვის მიერ არის შეპყრობილი.

მხედველობიდან გვეპარება ის, რომ როდესაც ჩვენ მას სიყვარულის გარეშე ვექცევით, ეს იგივეა, ქვა ვურტყათ მის ჭრილობას. ამით მას ორმაგ ბოროტებას ვაყენებთ, „ვეფხვი“ ჩვენ გვიტევს, ჩვენ კი იმგვარადვე ვიქცევით, როგორც თავად ის, და უფრო უარესადაც... მაშ, რაში მდგომარეობს მოყვასის და, მით უმეტეს ღვთის, მიმართ სიყვარული?

აღვიქვათ სხვა ადამიანის ბოროტება როგორც ავამყოფობა, რომელიც მას ტანჯავს, იგი იტანჯება და ვერ თავისუფლდება მისგან, ამიტომ თანაგრძნობა გვმართებს ჩვენი ძმების მიმართ, მოვეპყროთ მათ თავაზიანად და უბრალოებით ვიმეოროთ გულში: „უფალო იესო ქრისტე“ – რათა მან თავისი ღვთიური მადლით განამტკიცოს ჩვენი სული, რათა არავინ განვიკითხოთ.

მაშასადამე, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სხვათა ბოროტება ავადმყოფობად მივიჩნიოთ.

ყველანი წმინდანებად მივიჩნიოთ! დიახ, დიახ! ყველანი, როგორც წმინდანები, ისე მივიღოთ... ყველა ჩვენგანში არის ძველი კაცი. მოყვასი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ჩვენი ხორცია ხორცთაგანი, ჩვენი ძმა არის, და „არავისი არაფერი უნდა გვემართოს, გარდა ურთიერთსიყვარულისა“ (იხ. რომ. 13:8). ჩვენ ვერ შევძლებთ სხვების დადანაშაულებას, „ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი“ (ეფ. 5:29).

როდესაც ვინმეს რაიმე ვნება აქვს, შევეცადოთ, რომ მის მიმართ სიყვარული და გულმოწყალება გამოვამჟღავნოთ, რათა განიკურნოს იგი და გათავისუფლდეს, მაგრამ საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი!!!

იფიქრეთ, რომ ის თქვენზე მეტად იტანჯება. როდესაც მონასტერში ვინმე რამეს აშავებს, ნუ ეტყვით, რომ ის დამნაშავეა. მოვეპყროთ მას ყურადღებით, პატივისცემითა და ლოცვით. ნუ მივაგებთ მას ბოროტს. თუ ვითმენთ ძმას, რომელსაც წინააღმდეგობა უყვარს, ეს ჩვენ მოწამეობად შეგვერაცხება, ამიტომაც ვაკეთოთ ეს სიხარულით.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019