მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

ლოცვის დროს გაფანტულობის შესახებ
წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)



არ შეგვიძლია გონების მოკრება, არ შეგვიძლია ვილოცოთ ისე, როგორც საჭიროა


ხშირად მეკითხებოდნენ და დღემდე მეკითხებიან, როგორ ვისწავლოთ ლოცვა და როგორ გავთავისუფლდეთ ლოცვის დროს გონებაგაფანტულობისაგან. ამბობენ, რომ ლოცვის დროს გონებას ფანტავს ყველაფერი, მაგალითად, მზის სხივი, რომელიც ხატს ეცემა ან, თუნდაც, სამღვდელმთავრო მსახურების დიდებულება. „არ შეგვიძლია გონების მოკრება, არ შეგვიძლია ვილოცოთ ისე, როგორც საჭიროა“, – ამბობენ ისინი და მთხოვენ, რომ ვასწავლო.

და განა ეს ასე ადვილია? სრულებითაც არა! რადგან ისინი იმის სწავლებას მთხოვენ, რაც ადამიანის საქმიანობათაგან ყველაზე დიადი, დიდებული და შრომატევადია. მართლაც, რა არის ლოცვა, ნამდვილი ლოცვა? ესაა ადამიანის სულის უშუალო საუბარი ღმერთთან.

თუ ლოცვას ამგვარად გაიაზრებთ, მე გაგცემთ მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე, როგორ უნდა გათავისუფლდეთ გონებაგაფანტულობისაგან. გეტყვით, რომ თუ ლოცვა ღმერთთან ურთიერთობაა, მაშინ ღირსნი უნდა ვიყოთ ამ ურთიერთობის და უნდა შეგვეძლოს ეს ურთიერთობა, მაგრამ განა იმ ადამიანს, რომელიც წუთისოფლის ამაოებაში იმყოფება, იშვიათად ახსენდება ღმერთი და ვნებებში, ავხორცობასა და ცოდვებშია ჩაძირული, ასე ადვილად შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა?!

ღმერთთან ურთიერთობა საკმაოდ დიდ ღვაწლს ითხოვს, ყველა თქვენი გულისთქმა, აზრი და მისწრაფება მიმართული უნდა იყოს ყველაზე უმაღლესისა და უწმინდესის ანუ ღვთისაკენ. ლოცვას, ღრმა და გულწრფელ ლოცვას, მხოლოდ ისინი სწავლობენ, ვინც მუდმივად თავის აზრებსა და მისწრაფებებს ღვთისაკენ მიმართავს, ვინც მთელი ძალით ცდილობს განეშოროს ამსოფლიურ ამაოებას, გაეცალოს ყოველდღიურ საზრუნავს, ვინც ბევრ დროს უთმობს წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნაშრომების კითხვას, ვინც ხშირად და გულმოდგინედ ლოცულობს, და რაც ყველაზე მთავარია, გულმოდგინედ აღასრულებს ქრისტეს მცნებებს – ვინაიდან მხოლოდ ის უახლოვდება ქრისტეს, ვინც მის მცნებებს აღასრულებს. მას უფალი თავის მეგობარს უწოდებს. ჩემი უმთავრესი პასუხიც ეს არის: უნდა ვისწრაფოდეთ სიწმინდისაკენ, უნდა ვისწრაფოდეთ, შეძლებისამებრ, ყველა აზრი, რამდენადაც ეს ჩვენს შესაძლებლობებშია და ჩვენი სული სრულად მივმართოთ ღვთისაკენ.

ჭეშმარიტი ფილოსოფოსები, ჭეშმარიტი მეცნიერები, რომელთა აზრებიც ყოველთვის მიმართულია ყოფიერების მნიშვნელოვანი საკითხებისაკენ, რთული მეცნერული საკითხებისაკენ, ყოველთვის კონცენტრირებულნი არიან. მათი ფიქრები მუდმივად ამ საკითხებს უტრიალებს და ერთი წუთითაც არ შორდებიან მათ, მათი გონება არ დაქრის ყველგან და მათი აზრები იმ მნიშვნელოვანს უტრიალებს, რასაც თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან.

ისინი ყოველთვის ყურადღებით არიან და ჩვენ უნდა მივბაძოთ მათ, თუ როგორ ახერხებენ თავიანთი ფიქრებისა და მისწრაფებების ფილოსოფიისა და მეცნიერების საკმაოდ სიღრმისეული საკითხების ირგვლივ კონცენტრირებას; ასევე ჩვენც, თუ გვსურს ღმერთთან ურთიერთობა, უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ღმერთით და ჩვენი აზრები ყოველთვის ამაღლებულისკენ უნდა მივმართოთ. სწორედ ამისთვის მიდიოდნენ უღრან ტყეებსა და უდაბნოებში სულით ძლიერი და ღვთის მიმართ სიყვარულით აღვსილი ადამიანები, რომლებსაც სურდათ ესწავლათ და ისწავლეს კიდეც ლოცვა, ისინი ამსოფლიურზე ფიქრს ღმერთზე ფიქრს ამჯობინებდნენ და სულიერი სრულყოფილების მიღწევას ესწრაფოდნენ.

ხოლო ის ადამიანი, რომლებიც ამ გზით არ მიდიან, წუთისოფლის ამაოებაში ცხოვრობენ და წუწუნებენ: „ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ ვერ ვლოცულობ, ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ განუწყვეტლივ გონება მეფანტება“. ისინი გონებით ასკვნიან, რომ არაფერი გამოსდით, და რომ მცდელობასაც არ აქვს აზრი, რადგან ასეთია მათი ბუნება – არ შეუძლიათ თავი დააღწიონ გონების გაფანტულობასა და აზრების შემოტევას.

მრავალი იმიზეზებს ჩვენი ბუნების არასრულყოფილებას. ეს იგივეა, რომ ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის, წყალში ჩახტეს და როცა თავს ვერ შეიკავებს წყლის ზედაპირზე, ამგვარი რამ გაიფიქროს: „ჩემი სხეული წყალზე მძიმეა. რა ვქნა, ასეთია ჩემი სხეულის ბუნება – ვერ გავცურავ და რომც ვეცადო, აზრი არა აქვს ჩემს მცდელობას“. და განა ეს უგუნურობა არ არის? განა არ არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებიც მშვენივრად ცურავენ და არ იძირებიან წყალში? საქმე ისაა, რომ მათ არ სურთ ცურვის სწავლა, ამიტომ საჭირო არ არის ბუნების დადანაშაულება, როდესაც ლოცვისას გონება იფანტება. დამნაშავე ბუნება კი არა, სურვილის არქონაა, რომ ლოცვის სიტყვებს მივაქციოთ ყურადღება.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა“ (ფს. 83:6). ნეტარია კაცი, რომელსაც შეწევნა აქვს ღმერთში. რატომ აქვს შეწევნა? იმიტომ, რომ „ აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა “, იმიტომ, რომ გულში მიზნად დაისახა უფრო და უფრო ამაღლდეს ღმერთში. ასეთ ადამიანს სიკეთე ელის: იგი შეწევნას მიიღებს ღვთისაგან, მიიღებს ლოცვის ძალასაც. ვაი იმას, ვინც გულით არ მაღლდება, ვისაც არ ადარდებს, რომ მისი გული უფრო და უფრო დაბლა ეშვება და მდაბალი და ბრიყვული ვნებებით ივსება. ასეთს არ ექნება ღვთის შეწევნა, ასეთი ვერ ილოცებს.

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია ბრძანებს: „ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა?“ (იერ. 4:14). სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა ბოროტი გულისთქმა განვდევნოთ ჩვენი გულიდან, მაგრამ რამდენი ბიწიერი აზრია ჩვენს გულში და, თანაც, რა ნელა ვაძევებთ მათ ჩვენი გულიდან! და თუ ჩვენი გული სავსეა ბიწიერი აზრებით, როგორღა შევძლებთ, რომ ვილოცოთ?!

ხედავთ: ლოცვის დროს გონებაგაფანტულობა იმის შედეგია, რომ გული არ გვაქვს განუწყვეტლივ ღვთისკენ მიმართული; იმიტომ, რომ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრების მთავარ მიზნად არ დაისახეს ამაღლება ღმერთთანდა ვერ ამჩნევენ იმას, რომ არ აღიწევიან ღვთისკენ, არამედ უფრო და უფრო ღრმად ეცემიან და თავქვე ეშვებიან.

აი, ამის გამო არ გვაქვს ლოცვა.

არსებობს დიდებული ლოცვა, რომელიც მონაზვნების უმნიშვნელოვანეს და ძირითად ლოცვად მიიჩნევა და რომელსაც ისინი მეტანიების თანხლებით აღასრულებენ: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ამ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და ვინც მას ეუფლება, ვინც მას განუწყვეტლივ იმეორებს, განუწყვეტლადვე იღებს მადლს ღვთისაგან და სწავლობს ლოცვას. მაგრამ როდესაც ვურჩევ, რომ ამ ლოცვით დაიწყონ, ადამიანები კი იწყებენ, მაგრამ მალევე თავს ანებებენ და ამბობენ: „მექანიკურად ვიმეორებთ ლოცვას და მისგან ვერავითარ სარგებელს ვერ ვხედავთ“. სწრაფად სურთ მიიღონ შედეგი, მაგრამ არ ესმით, რომ ლოცვის უნარის მიღება მხოლოდ ხანგრძლივი სულიერი და ფიზიკური შრომითაა შესაძლებელი და არავის არ ეძლევა ის მაშინვე.

ზოგიერთები იმის გამოც ჩივიან, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაც უფანტავს მათ გონებას: და რას ნიშნავს მღვდელმთავრის მუდმივად შემოსვა? რა შემოსვაზეა საუბარი? წარმოდგენა არ აქვთ რას ამბობენ. რა თქმა უნდა, არავითარი შემოსვა ეს არ არის, არამედ მხოლოდ იმას ხედავენ, რომ მღვდელმთავარს არაერთხელ ხსნიან და კვლავ მოსავენ ომოფორს. რას ნიშნავს და რატომ სრულდება ეს? თუ ამის შესახებ გეცოდინებოდათ, აღარ შეგაწუხებდათ ომოფორის მოხსნა და მისი კვლავ შემოსვა. მღვდელმთავრის შესამოსელთაგან ის უმნიშვნელოვანესია. ყველა საღმრთო სამოსს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ომოფორი კი იმ დაკარგულ ცხვარს გამოხატავს, რომელიც იესო ქრისტემ უდაბნოში იპოვა და თავის მხრებზე შეისვა. ომოფორი მღვდელმთავრის მოვალეობას გამოხატავს, იმას, რომ ის, ქრისტეს მწყემსი, პოულობს და საკუთარი მხრებით ატარებს დაკარგულ ცხვრებს. მღვდელმთავარი განასახიერებს თვით უფალ იესოს და ლიტურგიისას არის მომენტები, როდესაც მისი სახით თავად უფალი იესო ქრისტე წარმოდგება ჩვენ წინაშე.

ასეა, მაგალითად, სახარების კითხვისას – თქვენ თავად უფალ იესო ქრისტეს უსმენთ. ერთგვარად, თავად უფალი დგას ჩვენ წინაშე და ამიტომაც მღვდელმთავარმა უნდა მოიხსნას თავისი სამღვდელმთავრო ღირსების უმაღლესი ნიშანი - ომოფორი. ამგვარად იგი სიმდაბლეს ავლენს ქრისტეს წინაშე.

ასევე, როდესაც დიდი შესვლა სრულდება, ფეშხუმი ნაკურთხი პურითა და ბარძიმი ღვინით სიმბოლურად გამოხატავს უფალს, რომელიც ტანჯვაზე მიდის და მღვდელმთავარმა, რომელიც აღსავლის კარში ეგებება ქრისტეს და მღვდლისა და დიაკონისაგან იღებს ფეშხუმსა და ბარძიმს, ვალდებულია მოიხსნას ომოფორი.

ასევე, როდესაც ევქარისტიის საიდუმლოს უმნიშვნელოვანესი მომენტი დგება და მღვდელმთავარი წარმოთქვამს ქრისტეს დიდებულ სიტყვებს: „მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა“ და „სუთ ამისგან ყოველთა : ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, თქუენთვის და მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26:26–28), და როდესაც მღვდელმთავარი აკურთხებს პურსა და ღვინოს და წარმოთქვამს სულიწმიდის მოწვევის ლოცვას, რომლის ძალითაც პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სიხსლად, - მაშინაც, აღასრულებს რა უდიდეს საიდუმლოს, მღვდელმთავარი სრულად უნდა იყოს შემოსილი მთელი თავისი სამღვდელმთავრო დიდებულებით, ხოლო როდესაც საიდუმლო შესრულდება, ომოფორი უნდა მოიხსნას, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე იმყოფება იქ და შესაბამისად, მღვდელმთავარმა უნდა მოიხსნას ომოფორი.

ეს არ არის რაიმეს ჩაცმა, არამედ სამღვდელმსახურო მოქმედებები თავისი ღრმა მნიშვნელობით, ამიტომ ნუ შეგაცბუნებთ მღვდელმთავრის დიდებული მსახურება, თქვენ იგი ხელს არ გიშლით, რომ ილოცოთ, პირიქით, ვინც აცნობიერებს ლიტურგიის უდიდეს მნიშვნელობას, მას ის მიჰყავს გულით ლოცვამდე.

თქვენ ხელს მხოლოდ აზრების განუწყვეტლივ მოსმენა გიშლით. თქვენ ხომ მუდმივად წუთისოფლის ამაოებაში იმყოფებით, იშვიათად და მცირედ ახდენთ კონცენტრირებას ყველეზე მნიშვნელოვანზე, დიადსა და წმინდაზე. ნახეთ, როგორი რთულია ლოცვის სწავლა – ისეთ ლოცვას, რომელსაც არ ახლავს გონებაგაფანტულობა და აზრების მოსმენა, მხოლოდ წმინდანები აღწევენ. მდაბლად გააცნობიერეთ – თქვენი ლოცვა სუსტია იმიტომ, რომ შორს ხართ წმინდანობისაგან.

გულწრფელად ილოცეთ, როგორც პატარა ბავშვებმა, ილოცეთ, როგორც შეგიძლიათ. ქრისტეს ესმის თქვენი ლოცვისა, რომელიც, როგორი სუსტიც არც უნდა იყოს იგი, ზეცად მაღლდება უფლის წინაშე და უფალიც ყველა ამ ლოცვას ისმენს.

სასოს ნუ წარიკვეთთ და გულზე ხელებს ნუ დაიკრეფთ, ნუ ელოდებით, რომ თქვენი ლოცვა სწრაფად და იოლად გამოთავისუფლდება ყოველგვარი გაფანტულობისაგან.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019