მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მეხუთე მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი


პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ

(გამოსვლ. 20:12)


ეს ნიშნავს შემდეგს:

ვიდრე შენ შეიცნობდი ღმერთს, იგი შეიცნეს შენმა მშობლებმა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პატივს მიაგებდე და მადლობდე მათ. თაყვანი ეცი და ქება შესწირე ყველას, ვინც შენამდე შეიცნო ღმერთი – უმაღლესი სიკეთე ამ ქვეყნად.

ერთი მდიდარი ინდიელი ახალგაზრდა თავის ამალასთან ერთად გინდუკუშის უღელტეხილზე გადადიოდა. მთებში მას შეხვდა მოხუცი, რომელიც თხებს მწყემსავდა. ღატაკი მოხუცი გზის პირზე გადავიდა და თაყვანი სცა მდიდარ ახალგაზრდას. ახალგაზრდა სპილოდან ჩამოხტა და მოხუცის წინ მიწაზე განერთხა. ბერიკაცი გაოგნდა, ამალის წევრებიც შეძრწუნდნენ, მან კი მიმართა მოხუცს:

– ქედს ვიხრი შენი თვალების წინაშე, რადგან მათ ჩემზე უწინ იხილეს ღვთის მიერ შექმნილი სამყარო; ქედს ვიხრი შენი ბაგეების წინაშე, რამეთუ მათ ჩემზე უწინარეს წარმოთქვეს მისი წმიდა სახელი; ქედს ვიხრი შენი გულის წინაშე, რამეთუ იგი ჩემზე ადრე ათრთოლდა სიხარულით, როცა გააცნობიერა, რომ ყველა ადამიანის მამა ამ ქვეყნად უფალია – ზეციური მეუფე.“

„თაყვანი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“, რამეთუ შენი გზა დაბადებიდან დღემდე დანამულია დედის ცრემლითა და მამის ოფლით. შენ მათ უყვარდი მაშინაც, როცა, უძლურსა და ბინძურს, სხვები ზურგს გაქცევდნენ და ეყვარები მაშინაც, როცა ყველა შეგიძულებს, ხოლო როდესაც სხვები ქვებს დაგიშენენ, დედა გესვრის უკვდავასა და ბაზილიკს – სიწმინდის სიმბოლოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შენი ნაკლი მისთვის ცნობილია, მამას მაინც უყვარხარ, სხვები კი შეგიძულებენ, თუმცაღა მათ მხოლოდ შენი კეთილი საქმეების შესახებ ეცოდინებათ.

მშობლებს ღვთისმოშიშებით უყვარხარ, რადგან იციან, რომ ღვთის მიერ ხარ ბოძებული, რომელიც მათ ანდეს აღსაზრდელად და დაცვის მიზნით. მშობლების გარდა, არავის ძალუძს ღვთაებრივი საუდუმლოება იხილოს შენში. შენდამი მათი სიყვარულის წმინდა ფესვები მარადიულობაშია.

შენდამი სინაზის გამოვლენით გასაგები ხდება შენი მშობლებისათვის უფლის სინაზის მიზეზი თავისი ყველა შვილისადმი.

როგორც დეზი აიძულებს ცხენს ჩორთით სვლას, ასევე შენი უკმეხობა მშობლებს აქეზებს მეტად იზრუნონ შენთვის.

არის ასეთი იგავი მამობრივი სიყვარულის შესახებ:

ერთი შვილი, გარყვნილი და სასტიკი, მამას მიუვარდა და დანა დაარტყა გულში. მომაკვდავმა მამამ უთხრა შვილს: „სასწრაფოდ სისხლი მოაშორე დანას, რათა არ დაგიჭირონ და სასამართლოს არ გადაგცენ.“

არის იგავი დედობრივი სიყვარულის შესახებაც:

ერთმა უზნეო შვილმა დედა კარვის წინ მიაბა, თვითონ კი კარავში უზნეო ქალებთან და თავის ხალხთან ერთად დროს ატარებდა. გამოჩნდნენ ჰაიდუკები და დაბმული ქალი რომ დაინახეს, მაშინვე მის გამო შურისძიება გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ მთელი ხმით დაიყვირა და ამით ნიშანი მისცა შვილს, რომ ხიფათი ელოდა. შვილი გადარჩა, ავაზაკებმა კი შვილის ნაცვლად დედა აჩეხეს.

კიდევ არის იგავი მამის შესახებ:

სპარსეთის ქალაქში, თეირანში, ერთ სახლში მოხუცი მამა ორი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ქალიშვილები მამის რჩევებს ყურს არ უგდებდნენ და დასცინოდნენ კიდეც მას. თავიანთი გარყვნილი ცხოვრებით გოგოებმა მამა შეურაცხყვეს და მისი პატიოსანი სახელი შეარცხვინეს. მამა მათთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა მამხილებელი სინდისივით. ერთხელაც, საღამოთი, როდესაც გოგოებს ეგონათ, რომ მამას ეძინა, გადაწყვიტეს შხამი მოემზადებინათ და დილით ჩაისთან ერთად მიერთმიათ მისთვის. მამამ ყველაფერი მოისმინა, ის მთელი ღამე მწარედ ტიროდა და ღვთის მიმართ ლოცულობდა. დილით შვილებმა ჩაი მიუტანეს და წინ დაუდგეს. მაშინ მამამ უთხრა მათ: „მე ვიცი თქვენი განზრახვის შესახებ, ამიტომ გაგშორდებით და წავალ, როგორც ეს თქვენ გსურთ, მაგრამ წავალ ისე, რომ თქვენ კი არ შესცოდოთ, არამედ – მე“. ეს თქვა, ფიალა, რომელშიც შხამი იყო, ააყირავა და სახლიდან გავიდა.

ძეო, ნუ ამაყობ შენი ცოდნით გაუნათლებელი მამის წინაშე, რამეთუ მისი სიყვარული ბევრად მეტი ღირს, ვიდრე შენი ცოდნა. იფიქრე, ის რომ არ ყოფილიყო, არც შენ იარსებებდი და არც შენი ცოდნა.

ასულო, ნუ ამაყობ შენი სილამაზით წელში მოხრილი დედის წინაშე, რამეთუ მისი გული შენს სახეზე მშვენიერია. გაიხსენე, რომ შენცა და შენი სილამაზეც მისი გამოფიტული სხეულიდან გამოვიდა.

ასულო, ისწავლე მამის პატივისცემა, რამეთუ მხოლოდ ამგვარად ისწავლი ყველა სხვა მამის პატივისცემას დედამიწაზე.

ძეო, დღედაღამ საკუთარი დედის პატივისცემა ააღორძინე შენში, რამეთუ მხოლოდ ამგვარად ისწავლი ყველა სხვა დედის პატივისცემას დედამიწაზე.

ჭეშმარიტად, შვილებო, ძალიან ცოტაა, თუ პატივს სცემთ მხოლოდ თქვენს დედასა და მამას, სხვა დედებსა და მამებს კი უგულებელყოფთ. თქვენი მშობლების პატივისცემა უნდა იქცეს თქვენთვის პატივისცემის სასწავლებლად ყველა ადამიანის – კაცისა და ქალისადმი, რომლებიც ტანჯვით შობენ, ოფლით ზრდიან და განსაცდელებში უყვართ თავიანთი შვილები. დაიმახსოვრეთ ეს და იცხოვრეთ ამ მცნებით, რათა უფალმა ღმერთმა გაკურთხოთ ამ ქვეყნად.

ჭეშმარიტად, შვილებო, ძალიან ცოტაა, თუ მხოლოდ თქვენს დედასა და მამას სცემთ პატივს და არა – მათ შრომას, მათ დროსა და მათ თანამედროვეთ.

იფიქრეთ, რომ მშობლების პატივისცემით თქვენ პატივს სცემთ მათ შრომას, მათ ეპოქასა და მათ თანამედროვეებს. ამგვარად აღმოფხვრით თქვენში წარსულის სიძულვილის ფატალურ და უგუნურ ჩვევას. მერწმუნეთ, შვილებო, რომ დღეები, რომლებიც თქვენ გაქვთ მოცემული, არაფრით არის უფრო ძვირფასი და ახლო უფალთან, ვიდრე იმათი, რომლებიც თქვენამდე ცხოვრობდნენ. თუ თქვენ ამაყობთ წარსულის წინაშე თქვენი აწმყოთი, არ დაგავიწყდეთ, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე მოედება ბალახი თქვენს საფლავებს, თქვენს ეპოქას, თქვენს სხეულსა და საქმეებს, სხვები კი მასხარად აგიგდებენ, როგორც ჩამორჩენილ წარსულს.

ნებისმიერ ეპოქაში არიან დედები და მამები, ნებისმიერი ეპოქა სავსეა ტკივილით, მსხვერპლით, სიყვარულით, იმედითა და ღვთის მიმართ რწმენით, ამიტომ ყოველი ეპოქა იმსახურებს პატივისცემას.

ბრძენი ქედს იხრის როგორც წარსული, ასევე მომავალი ეპოქების წინაშე, რადგან ბრძენმა ის იცის, რაც არ იცის უგუნურმა, კერძოდ კი ის, რომ მხოლოდ წუთია მისი ცხოვრება. შეხედეთ, შვილებო, საათს. ყური დაუგდეთ, როგორ მისდევს წუთი წუთს და მითხარით, რომელია მათგან სხვა წუთზე უფრო უკეთესი, უფრო ხანგრძლივი და უფრო მნიშვნელოვანი?!

მუხლი მოიდრიკეთ, შვილებო და ილოცეთ ჩემთან ერთად:

„უფალო, მეუფეო ზეცათაო, დიდება შენდა, რადგან მოგვიწოდე პატივი ვცეთ მამას და დედას. შეგვეწიე, ყოვლადმოწყალეო, რომ მათი პატივისცემით ვისწავლოთ შენი უძვირფასესი შვილების, დედამიწაზე ყველა ადამიანის – ყველა კაცისა და ქალის –პატივისცემა, ხოლო აქედან კი ვისწავლოთ, ყოვლადბრძენო, პატივისცემა წარსულისა და წინა თაობებისა, რომელნიც ჩვენზე უწინ ჭვრეტდნენ შენს დიდებულებას და წარმოთქვადნენ შენს წმიდა სახელს. ამინ.“


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019