მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მეოთხე მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა
(გამოსვლ. 20:9-10)


ეს ნიშნავს შემდეგს:

შემოქმედი ექვსი დღე ქმნიდა და მეშვიდე დღეს შრომისაგან დაისვენა. ექვსი დღე დროებითია, დაუდგრომელი და წარმავალი, მეშვიდე დღე კი – მარადიული, მშვიდი და წარუვალი. სამყაროს შექმნით უფალი ღმერთი შევიდა დროში, მაგრამ არ გასულა მარადიულობიდან, „საიდუმლოჲ ესე დიდ არს“ (ეფ. 5:32) და საჭიროებს მეტ ფიქრს, ვიდრე საუბარს, რადგან იგი მისაწვდომია არა ყველასათვის, არამედ მხოლოდ ღვთის რჩეულთათვის.

ღვთის რჩეულები, იმყოფებიან რა დროებით წუთისოფელში ხორცით, სულით მაღლდებიან სამყაროს უმაღლეს მწვერვალამდე, სადაც მარადიული მშვიდობა და ნეტარებაა.

ხოლო შენ, ძმაო, იშრომე და დაისვენე. იშრომე, რამეთუ უფალი ღმერთი შრომობდა; დაისვენე, რამეთუ უფალიც ისვენებდა. დაე, შენი შრომა იყოს შემოქმედებითი, რამეთუ შემოქმედის შვილი ხარ. ნუ დაანგრევ, არამედ აღაშენე!

იფიქრე, რომ ღმერთთან ერთად შრომობ. მაშინ შენ არა ბოროტებას, არამედ მხოლოდ სიკეთეს აღასრულებ. ყოველი საქმის დაწყების წინ დაფიქრდი თავად უფალი თუ აღასრულებდა ამ საქმეს, რადგან უმთავრესად ხომ სწორედ უფალი მოქმედებს, ჩვენ კი მხოლოდ მისი თანაშემწენი ვართ.

ღვთის ყველა ქმნილება განუწყვეტლივ შრომობს. დაე, ამან მოგცეს ძალა შენს საქმიანობაში. დილით ადრე რომ ადგები, შეხედე, მზემ უკვე ბევრი რამ მოასწრო, და არა მხოლოდ მზემ, არამედ წყალმაც, ჰაერმაც, მცენარეებმაც და ცხოველებმაც. შენი სიზარმაცე შეურაცხყოფა იქნებოდა სამყაროს წინაშე და ცოდვა – ღვთის წინაშე.

შენი გული და ფილტვები დღედაღამ შრომობენ, რატომ არ უნდა იშრომონ შენმა ხელებმა?! შენი თირკმელებიც დღედაღამ მუშაობენ, და რატომ არ უნდა იმუშაოს შენმა გონებამ?!

ვარსკვლავები განუწყვეტლივ მოძრაობენ სამყაროს სივრცეებში, უფრო სწრაფადაც, ვიდრე ცხენი – ნავარდის დროს. მაშ, შენ რატომ ეძლევი უსაქმურობასა და სიზარმაცეს?

არის ერთი იგავი სიმდიდრის შესახებ:

ერთ ქალაქში მდიდარი ვაჭარი ცხოვრობდა. მას სამი ვაჟი ჰყავდა. იგი საკმაოდ კარგი და მოხერხებული ვაჭარი იყო და დიდძალი ქონების დაგროვება შეძლო. როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რისთვის სჭირდება მას ამდენი სიმდიდრე და საზრუნავი, პასუხობდა: „განუწყვეტლივ ვშრომობ და შვილების უზრუნველყოფას ვცდილობ, რათა არ დაიტანჯონ“. ამას რომ ისმენდნენ, მისი შვილები გაზარმაცდნენ და სრულიად შეწყვიტეს შრომა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის მიერ დაგროვებული ქონების ფლანგვა დაიწყეს. მამამ საიქიოდან დაბრუნება და იმის ნახვა მოისურვა, უზრუნველად და გარჯის გარეშე როგორ ცხოვრობდნენ მისი შვილები. ღმერთმაც გამოუშვა იგი. ვაჭარი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და თავის სახლს მიუახლოვდა, მაგრამ როდესაც დააკაკუნა, კარი ვიღაც უცნობმა გაუღო. ვაჭარმა თავისი შვილების შესახებ ჰკითხა და შეიტყო, რომ მისი შვილები გადასახლებაში იმყოფებოდნენ. უსაქმურობამ ისინი ჩხუბამდე მიიყვანა, ჩხუბმა – სახლის გადაწვასა და მკვლელობამდე.

მწუხარებისაგან გაოგნებულ მამას გმინვა აღმოხდა. „მსურდა შვილებისათვის სამოთხე შემექმნა, მაგრამ ჯოჯოხეთი გავუმზადე მათ“, – ამბობდა საბრალო.

და დაიწყო უბედურმა მამამ ქალაქის ქუჩებში სიარული და ყველა მშობელს შეაგონებდა:

– ნუ იქნებით ჩემსავით უგუნურნი, შვილების მიმართ უსაზღვრო სიყვარულით თავად ვუბიძგე მათ ჯოჯოხეთისაკენ. ნურანაირ ქონებას ნუ დაუტოვებთ შვილებს, ძმებო. ასწავლეთ მათ შრომა და ეს იქნება მათი მემკვიდრეობა, ხოლო დანარჩენი სიმდიდრე სიკვდილის წინ ღატაკებს დაურიგეთ.

ჭეშმარიტად, არ არსებობს უფრო სახიფათო და დამღუპველი რამ სულისათვის, ვიდრე მემკვიდრეობით დატოვებული დიდი ქონება. დარწმუნებული იყავით, რომ შვილებისათვის დიდძალი მემკვიდრეობის დატოვებით უფრო მეტად ხარობს ეშმაკს, ვიდრე ანგელოზი, რადგან სხვა არაფერი ისე ადვილად და სწრაფად არ რყვნის ადამიანებს, როგორც დიდი მემკვიდრეობა.

ამიტომ, ძმაო, შენც იშრომე და შენს შვილებსაც ასწავლე შრომა. და როდესაც შრომობ, ნუ ელი მხოლოდ მოგებას, სარგებელსა და წარმატებას. უმჯობესია აღმოაჩინო შენს საქმიანობაში სილამაზე და სიამოვნება, რომელთაც თავად შრომა გჩუქნის.

თავისი ხელით გაკეთებული ერთი სკამის საფასურად დურგალმა შეიძლება მიიღოს ათი, ორმოცდაათი ან ასი დინარი, მაგრამ არაფერი აანაზღაურებს იმ სილამაზესა და შრომით მიღებულ სიამოვნებას, რომელსაც გრძნობს ოსტატი, როდესაც შთაგონებით თლის, აწებებს და აპრიალებს ხეს. ეს ტკბობა იმ უმაღლეს სიამოვნებას გვაგონებს, რომელსაც სამყაროს შექმნისას განიცდიდა უფალი, როდესაც შთაგონებით „თლიდა, აწებებდა და აპრიალებდა“ მას. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს შესაძლოა ჰქონდეს განსაზღვრული ფასი, რომელსაც გადაიხდი, მაგრამ მისი სილამაზე და შემოქმედის მიერ სამყაროს ქმნადობით განცდილი სიამოვნება შეუფასებელია.

იცოდე, რომ შენს შრომას აუფასურებ, თუ მისგან მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღებას ფიქრობ; იცოდე, რომ ამგვარი შრომა არ არის განკუთვნილი ადამიანისათვის, ის ვერ შესძლებს და არ მოგიტანს მოსალოდნელ სარგებელს. ხეც აღდგება და წინააღმდეგობას გაგიწევს, თუ მასზე შრომას არა სიყვარულის, არამედ მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით განიზრახავ და მიწაც შეგიძულებს, თუ მხოლოდ მოხნავ და საკუთარ სარგებელზე იფიქრებ და არა – მისი სილამაზის შესახებ, რკინა დაგწვავს, წყალი ჩაგძირავს, ქვა მოგიყოლებს, თუკი სიყვარულით არ შეხედავ მათ და ყველაფერში მხოლოდ დუკატებსა და დინარებს ხედავ.

იშრომე უანგაროდ, როგორც ბულბული გალობს უანგაროდ, და მაშინ თავად უფალი გიწინამძღვრებს ყველა საქმეში, შენ კი მას მიჰყევი, მაგრამ თუ ღმერთს გვერდს აუქცევ და მის გარეშე იჩქარებ, მაშინ შენი შრომით წყევას მოიმკი და არა – კურთხევას.

მეშვიდე დღეს კი დაისვენე.

როგორ დაისვენო? გახსოვდეს, შეიძლება დაისვენო მხოლოდ ღმერთთან და ღმერთში. ამ მზისქვეშეთში შეუძლებელია იპოვო უკეთესი დასვენება, რადგან წუთისოფელი მორევივით ბობოქრობს.

მეშვიდე დღე მთლიანად ღმერთს დაუთმე – მაშინ ნამდვილად დაისვენებ და ახალი ძალებით აღივსები.

მეშვიდე დღე მთლიანად ღმერთზე ფიქრს მიუძღვენი, ღვთის შესახებ ისაუბრე, ღვთის შესახებ იკითხე, ღვთის შესახებ ისმინე და ილოცე მის წინაშე. ამგვარად ნამდვილად დაისვენებ და ახალი ძალებითაც აღივსები.

არსებობს იგავი მეშვიდე დღეს მუშაობის შესახებ:

ერთი ადამიანი არ იცავდა მცნებას კვირა დღეს უქმობის შესახებ და შაბათს დაწყებულ საქმეებს კვირას აგრძელებდა. როდესაც მთელი სოფელი ისვენებდა, იგი მინდორში „მეშვიდე ოფლამდე“ შრომობდა და არც თავის ხარებს ასვენებდა. მომდევნო კვირის ოთხშაბათს მან ძალა დაკარგა, დაუძლურდნენ მისი ხარებიც, და როდესაც მთელი სოფელი მინდორში სამუშაოდ გავიდა, ის სახლში დარჩა, დაღლილი, პირქუში და მწუხარე.

ამიტომ, ძმებო, ნუ მიემსგავსებით ამ ადამიანს, რათა არ დაკარგოთ ძალა, ჯანმრთელობა და სული. ექვსი დღე იშრომეთ, როგორც უფლის თანამოღვაწეებმა, სიყვარულით, სიამოვნებითა და მოწიწებით, ხოლო მეშვიდე დღე სრულად დაუთმეთ უფალს. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ კვირა დღის სწორად გატარება ადამიანს ამხნევებს, აახლებს და აბედნიერებს.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019