მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

რა უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან ჩვენს ლოცვებში
წმიდა ილია მინიატისი


და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა
(მთ. 8:13)


წარმართულ გარემოში დაბადებული ასისთავი, ღვთის შემეცნების ნათლის გარეშე აღზრდილი ცდომილებაში, რომელმაც არაფერი იცის ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ, განსაკუთრებული მოწყალებისათვის ევედრება ქრისტეს და მეყსეულად იღებს კიდეც მას. მისი ერთი საყვარელი მონა, დამბლით დავრდომილი, საშინლად იტანჯებოდა და ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა. და როგორც კი იესო კაპერნაუმში შევიდა, ის ასისთავი მივიდა ქრისტესთან და მართლაც უდიდესი სიმდაბლითა და მხურვალე რწმენით შეევედრა.
უფალო, – ეუბნება ის, – არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ღარიბულ სახლში შემოხვიდე, მაგრამ შენ მხოლოდ სიტყვით ბრძანე და მწამს, რომ მყისვე განიკურნება ჩემი მსახური:
უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი (მთ. 8:8)
წადი, – უპასუხა იესომ, და შენი სარწმუნოებისამებრ აღსრულდეს შენი სურვილი:
წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ (მთ. 8:13)
და რა მოხდა? – ის სნეული მსახური მაშინვე განიკურნა: “და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა (მთ. 8:13) . მაშ ასე, ჩემო მსმენელნო, ვიღაც ასისთავი, ვიმეორებ, სრულიად უცხო, ქრისტეს ლოცვით მიმართავს და მაშინვე იღებს იმას, რაც სურს; ჩვენ კი, ქრისტიანები, უცხონი და მოსულნი კი არა, „თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა (ეფ. 2:19) – როგორც ამბობს პავლე მოციქული – ქრისტეს ძმები, მის ეკლესიაში შობილნი და აღზრდილნი, მისი რწმენით განათლებულნი, ვევედრებით მას ამა თუ იმ წყალობისთვის და – ან ძალიან გვიან ვიღებთ მას მძიმე შრომით, ან საერთოდ არ ვიღებთ არაფერს. რას ნიშნავს ეს? ის მამაა ჩვენი და არ გვისმენს? მან გვითხრა ითხოვეთო და არ გვაძლევს? დაგვპირდა და არ ასრულებს? ო, არა, ჩვენი ბრალი უნდა იყოს ყოველივე! ჩვენ არ ვიცით რას ვითხოვთ და ამიტომ არ ვიღებთ. სწორედ ასეა! და აი, დღეს იოანე ოქროპირი გვასწავლის რა უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან, თუ გვსურს, რომ შესმენილ იქნას ჩვენი თხოვნა.

ეჭვი არავის გვეპარება, რომ ღვთის განგებულება მუდამ ფხიზლად ადევნებს თვალს ადამიანთა საჭიროებებს. როგორც ღვთისმეტყველნი აღნიშნავენ, მართალია, ეს ღვთის ყველაზე მარტივი განგებულებაა (სხვა ქმედებათა მსგავსად), თუმც ამ ქმედებაში ერთიანდება მისი სამი ღვთაებრივი თვისება: ღვთის სიბრძნე, ძალა და სიკეთე.

იგია სრული სიბრძნე, რადგან ნათლად უწყის ვის ესაჭიროება შეწევნა;
იგია სრული ძალა, რადგან უსრულყოფილესად ძალუძს შეეწიოს საჭიროებისას;
იგია სრული სიკეთე, რადგან ჭეშმარიტად სურს შეწევნა, ამიტომაც ღმერთი მოქმედებს, როგორც წინასწარმცნობი, ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი, რომელმაც უტყუარად უწყის რა ესაჭიროება მის ქმნილებებს: „იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან (მთ. 6:8); როგორც ყოვლისშემძლეს, ძალუძს, რაც საჭიროა, ყოველივე აღასრულოს: „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი (ფს. 146:5); და როგორც ყოვლადკეთილს, სურს და ისწრაფის შეგვეწიოს საჭიროებისამებრ: „შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე (ფს. 102:8).

რა უნდა ვითხოვოთ ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი ღვთისაგან, რომ მივიღოთ ის? ღვთაებრივი ოქროპირი გვპასუხობს: „ის, რაც ჩვენთვის, მთხოველთათვის, არის სასარგებლო და რაც მომცემელ ღმერთსაც შეშვენის“. ამიტომაც ამბობს იოანე დამასკელი: „ლოცვა არის ღვთისაგან იმის თხოვნა, რისი თხოვნაც საკადრისია მისთვის“. მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით რა არის ჩვენთვის სასარგებლო; ამას ამბობს პავლე მოციქულიც: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით“ (რომ. 8:26). იოანე ოქროპირის განმარტებით, ამით მოციქული გვასწავლის, რომ „სასარგებლოდ არ მივიჩნიოთ ის, რაც ადამიანებს თავიანთი განსჯით ასეთად მიაჩნიათ“. ამიტომაც პირველ ეკლესიაში ღმერთი ქრისტიანებს შორის ერთ–ერთს მიმადლებდა ლოცვის განსაკუთრებულ ნიჭს, რომლის შესახებაც კვლავ პავლე მოციქული წერს: „თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა (რომ. 8:26). ამას იოანე ოქროპირი ამგვარად განმარტავს: „რადგან ბევრი რამ არ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და უსარგებლოს ვითხოვთ, ამიტომ ლოცვის მადლი მრავალთაგან ერთ - ერთ ქრისტიანზე გადმოდიოდა, და ის ყველას ნაცვლად ითხოვდა მთელი ეკლესიისთვის სასარგებლოს; ახლა ამის სახეა დიაკვანი, რომელიც ერისთვის აღავლენს ლოცვებს“.

ჩვენ ბევრ საგანს მივიჩნევთ სასარგებლოდ, მაგრამ სინამდვილეში ისინი საზიანოა ჩვენთვის. და როდესაც ღვთისგან მათ ვითხოვთ, ან საერთოდ არ გვისმენს უფალი, ან, თუ მოგვისმენდა კიდეც, უფრო მეტი ჭირის მოთმენა მოგვიწევს შემდგომ. ჩვენ იმ სნეულებს ვგავართ, დაკარგული რომ აქვთ გემოს შეგრძნება და მაინც ისეთ კერძებს ითხოვენ, მხოლოდ გემოთი რომ არიან სასიამოვნო, ხოლო ჯანმრთელობისთვის – მავნე და სასიკვდილო.

ჩვენ არც კი ვიცით, ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ის, რასაც ღვთისგან ვითხოვთ. „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით,“არ ვიცით სასარგებლოა თუ არა ის ყველაფერი, რაც სასარგებლოდ ეჩვენება ადამიანის გონებას.

ძველები ერთ იგავს ჰყვებოდნენ: ერთი მეფე, ძალზედ ვერცხლისმოყვარე, დაუცხრომლად ევედრებოდა ღმერთს წყალობა მოეღო და ყველა ნივთი, რომელსაც შეეხებოდა, ოქროდ ქცეულიყო. ღმერთმა უპასუხა, რომ რასაც ის ითხოვდა, არ იყო სასარგებლო და თუ თხოვნას აუსრულებდა, შემდეგ მეფეს სანანებლად გაუხდებოდა საქმე, მაგრამ მეფე უფრო მხურვალედ განაგრძობდა ვედრებას. ბოლოს მიიღო, რასაც ითხოვდა. და რა დაემართა? –რასაც კი ეხებოდა – ქვას, ხეს... – ყველაფერი ოქროდ იქცეოდა. თავიდან ხარბ მეფეს მეტად ახარებდა ეს სასწაულები, მაგრამ როდესაც ტანისამოსი ოქროდ იქცა, რომელსაც შეეხო, რომ ჩაეცვა, და როდესაც საკვებიცა და სასმელიც ოქროდ შეიცვალა მის პირში, მაშინღა მიხვდა რამდენად საზიანო იყო ის, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდა. მოკლედ, იმის გამო, რომ ვეღარც საკვებს იღებდა და ვეღარც წყალს, ნელ–ნელა სრულიად გამოიფიტა და ცუდად დაასრულა სიცოცხლე. ის ფიქრობდა, რომ გამოთხოვილი წყალობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე უბედური აღმოჩნდა. ბევრმა ოქრომ ძალიან მდიდარი გახადა, მაგრამ – ძალზედ საბრალოდაც აქცია: ბევრის ჭამა სურდა და შიმშილით მოკვდა. დიახ, წყალობას ითხოვდა მეფე და არ იცოდა რას ითხოვდა ანუ არ იცოდა რა იყო მისთვის სასარგებლო.

ასე რომ, ქრისტიანებო, „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ,“– ამბობს უფალი (მთ. 7:7) . „ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცესა მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას? უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას (მთ. 7: 9-11) . ბოროტება ისაა, რომ ღმერთს პურს კი არ ვთხოვთ, არამედ ქვას, ვთხოვთ არა თევზს, არამედ გველს, ანუ ვითხოვთ არა სასარგებლოს, არამედ საზიანოს.

და საერთოდაც, რას ვითხოვთ ღვთისგან ადამიანები? ვითხოვთ დიდებას, პატივს; არ ვკმაყოფილდებით იმ მდგომარეობით, რომელშიც ღმერთი გვაყენებს; სხვა რამე გვსურს, მაგრამ მწუხარებას, უბედურებასა და განადგურებას ვიღებთ. ჩვენ, იმ ხარბი მეფის მსგავსად, დედამიწის მთელი ოქრო, მთელი მსოფლიოს სიმდიდრე გვსურს, მაგრამ ეს სიმდიდრე საშინელ სიკვდილს გვიქადის, რადგან შრომით, საზრუნავითა და დაბნეულობით ანგრევს ჩვენს ცხოვრებას და ცოდვებში გვაგდებს მევახშეობით, წყენითა და ძარცვით. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად სასარგებლოა თუ არა ჩვენთვის ის, რასაც ღვთისგან ვითხოვთ: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით.“

ქრისტიანო! გსურს ითხოვო ღვთისაგან ის, „რაც შენთვის, მთხოვნელისთვის, სასარგებლოა“? ის ითხოვე, რასაც ძველი ქრისტიანები ჭეშმარიტი „ლოცვის სულით“ითხოვდნენ, რომელიც, პავლე მოციქულის თქმით, „მეოხ არს ჩუენთვის სულთქმითა მით უსიტყუელითა" (რომ. 8:26), ანუ ითხოვე საერთო სიკეთე ყველა ქრისტიანისათვის – მშვიდობა და ეკლესიის გაძლიერება; ითხოვე ცოდვათა შენდობა და მტრებისთვის მიტევება; ითხოვე ქრისტიანული აღსასრული და სრული სინანული; ითხოვე კეთილი სიტყვისგება და სუფთა სინდისი ქრისტეს მეორე მოსვლის ჟამს. აი, ამგვარი თხოვნა სასარგებლოცაა და მისაღებიც, რადგან სულიერია, და თუ რაიმე ქვეყნიურიც გსურს, „განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს (ფს. 36:5). ჰოი, სულიწმიდის ღვთივსულიერო სიტყვებო! „განაცხადე შენი გზა უფლის წინაშე“, განუცხადე ღმერთს რა გსურს. იგი, როგორც ყოვლადბრძენი, განგანათლებს და დაგარიგებს; მიენდე მას, ღმერთზე დაამყარე შენი იმედები, და ის, როგორც ყოვლადსახიერი, შეგიწყალებს; ის, როგროც ყოვლისშემძლე, თავად აღასრულებს.

გათავისუფლდა რაიმე სასულიერო ან საერო თანამდებოდა? რაიმე გამორჩეულ ღირსებას გთავაზობს ბედი? სარფიან სამსახურს ან დიდ პატივს? ნუ შეშფოთდები, უხერხულ მდგომარებაში ნუ ჩააგდებ შენს მეგობრებს, ნუ მიმართავ შუამავლებს, ხელმძღვანელებისა და უფროსების კარდაკარ ნუ ირბენ, ნუ შეურევ ცასა და მიწას (თავგზა ნუ აგებნევა და ნუ აურ–დაურევ ყველაფერს): განაცხადე შენი გზა უფლის წინაშე. ღვთისკენ მიმართე შენი გული და თვალები, რჩევა ჰკითხე ყოვლადბრძენს და თქვი: „უფალო, შენ როგორ ხედავ, არის ეს ჩემთვის სასარგებლო?“და თუ ღმერთი, რომელიც ყველას მამაა, განსაკუთრებით კი ერთგულთათვის, გაგიცხადებს, რომ ეს სასარგებლოა, მაშინ დამშვიდდი და მას მიენდე. დაე, ნუ შეწუხდებიან მეგობრები, დაე, შეგეწინააღმდეგონ მტრები, უფალი აღასრულებს! იგი თავად იმოქმედებს საჭიროებისამებრ, თავად მოგაცილებს დაბრკოლებას, უსაფრთხოდ დაგიფარავს და წარგიძღვება იქით, საითაც ისწრაფვი. იგი დაგიცავს ადამიანთა შურისაგან, მოულოდნელი ცვლილებებისაგან, იგი განგამტკიცებს , როგორც სიონის მთას ( შდრ. "რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი, არა შეირყიონ უკუნისამდე" (ფს. 124:1) –რედ.), მხოლოდ ღვთის ნებას დაუმორჩილე შენი ნება და ყოველთვის მას მიმართე ლოცვით: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. იყავნ ნებაჲ შენი (მთ. 26:39; 6:10); მოკლედ აუწყე მას რაც გსურს, მიენდე და იგი აღასრულებს: „ განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს“ (ფს. 36:5): და თუ ასე ვითხოვთ, მივიღებთ. აი, რას გვასწავლის იოანე ოქროპირი: თუ ჩვენ ასე ვითხოვთ, მაშინვე ვიღებთ სასურველს, რადგან ვლოცულობთ იმისათვის, „რაც ჩვენთვის, მთხოვნელთათვის სასარგებლოა“; მეორე მხრივ, თხოვნისამებრ ვიღებთ მაშინ, როდესაც ღვთის საკადრისად ვლოცულობთ და ვითხოვთ იმას, რისი მოცემაც შესაფერისია მისთვის.

იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ღმერთმა შეიწყნაროს, გამოთხოვილი წყალობა უნდა იყოს არა მთხოვნელის დამსახურების შესაბამისი, არამედ – მწყალობლის ღირსების თანაზომიერი. როცა ვინმე დიდია სხეულით, დიდ ჩრდილს ჰფენს, ხოლო როცა ვინმე დიდია ღირსებით, მოწყალებაც დიდი უნდა გასცეს. ეს არის კანონი სათნოებებით მდიდარი თავისუფლებისა, რომელიც ბრძენთა მიერაა მითითებული. როგორც ღარიბ ადამიანს ამცირებს ის, ვინც მისგან ბევრს ითხოვს, მსგავსადვე, მდიდარ მეფეს შურაცხყოფს ის, ვინც მისგან მცირედს ითხოვს. „თხოვნა იმ ადამიანის შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს, რომლის მიმართაც არის იგი მიმართული“, – ბრძანებს გრიგოლ ღვთისმეტყველი (კესარიელთა მიმართ ეპისტოლეში); ერთნაირად მიუღებელია მცირეს დიდი რამ სთხოვო და დიდს – მცირე; პირველი ვერ შესრულდება, მეორე – მეწვრილმანეობაა. ალექსანდრე დიდს ერთმა მეგობარმა, სახელად პერილემ, ათი ტალანტი სთხოვა, რათა თავისი ქალიშვილებისათვის მზითევი გაემზადებინა. ალექსანდრემ მას ორმოცდაათი ტალანტი მისცა. პერილემ უთხრა, რომ ათიც საკმარისი იყო. „დიახ, – მიუგო ალექსანდრემ, – შენთვის ათიც საკმარისია, რომ მიიღო, მაგრამ ჩემთვის არ კმარა, რომ გავცე“. ერთმა მეომარმა ასევე სთხოვა ალექსანდრე დიდს მცირეოდენი თანხა, მან კი მთელი ქალაქი აჩუქა. ასეთი დიდი საჩუქრით შეძრწუნებულმა საბრალომ უთხრა: „ეს ძალიან ბევრია უბრალო მეომრისთვის“. გულუხვმა მეფემ კი უპასუხა: „სამაგიეროდ ალექსანდრესთვის არის ის ცოტა“.

ამით იმის თქმა მსურს, ქრისტიანებო, რომ ვინც რაიმეს სთხოვს ალესანდრე დიდს, სთხოვოს მისთვის შესაფერისად, რათა არ შეურაცხყოს ეს დიდებული მეფე, ხოლო თუ ვინმეს სურს ითხოვოს წყალობა ღვთისაგან, ცისა და მიწის დიადი მეუფისგან, დაე, სთხოვოს ის, რაც მას შეშვენის. თუ თქვენ ითხოვთ ღვთისაგან ჯანმრთელობას, სიმდიდრეს, ბედნიერებას, დიდებას, პატივს, ყველაფერს წარმავალსა და ამსოფლიურს – თქვენი სათხოვარი წვრილმანებია, და „არა იცით, რასა ითხოვთ“ (მთ. 20:22; მარკ.10:38); ესენი უმნიშვნელო ღირებულებებია ღვთისთვის. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ ყველაფერს უფალი ცოდვილებსაც აძლევს, მის მცნებებს რომ არღვევენ და უწმინდურებსაც, რომელებიც მის წმიდა სახელს აძაგებენ. დიადი რამ ითხოვეთ, დიდებული ღვთისთვის საკადრისი, „რომლის გაცემაც შესაფერისია გამცემისთვის“. უპირველეს ყოვლისა, ითხოვეთ ცათა სასუფეველი, დანარჩენს, რასაც თქვენთვის სასარგებლოდ მიიჩნევს, ღმერთი თავად მოგცემთ როგორც დამატებას: „გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (ლუკ. 12:31).

მაგრამ, იტყვი, თუ მე, ასეთი ცოდვილი, ვითხოვ ცათა სასუფეველს, განა მივიღებ მას? – დიახ, თუ ითხოვ თბილი სიყვარულით, ცოცხალი რმწენით, – შენ უკვე მიღებული გაქვს იგი. განა ქრისტიანი არ ხარ? – ე. ი. ცათა სასუფეველი შენი კუთვნილებაა. იმისათვის, რომ ცათა სასუფეველი მოეცა შენთვის, ძე ღვთისა ციდან დედამიწაზე ჩამოვიდა, განკაცდა, ევნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა. მან გზა გაგიხსნა სამოთხისაკენ, დაგიტოვა საეკლესიო საიდუმლოებები, რათა მათი საშუალებით მიიღო ეს შეუფასებელი საუნჯე. ცოდვილი ხარ? მაგრამ ქრისტეც ხომ ცოდვილთა სახსნელად მოვიდა?! და თუ ცოდვილი ხარ, რა გიშლის ხელს, რომ ერთ წამში გახდე მართალი? მოინანიე, აღსარება თქვი, გამოსწორდი – და უკვე მართალი ხარ! ცათა სასუფეველი შენ გეკუთვნის! მას მეძავნი, მრუშნი და ავაზაკები ითხოვდნენ და მიიღეს, და შენ ვერ ბედავ?!

ძმაო, ცათა სასუფევლის მიღებაზე ადვილი არაფერია, მაგრამ იცოდე, რომ სინანულის გარდა სხვა გზა არ არსებობს. რას ლაპარაკობ? რას აკეთებ? ფიქრობ, რომ ოდესმე მაინც უნდა მოინანიო? – მაშინ ფიქრიც რა საჭიროა სინანულზე, ცოტაც მოიცადე, უდარდელო და მოუნანიებელო, მოიცადე – და ის სიყვარული გიხსნის, რომელმაც დღემდე ყველაფერი დაგიღუპა, თვით სიცოცხლეც კი მოგისპო; მოიცადე და ის სიმდიდრე გადაგარჩენს, რომელიც ძარცვით მოიპოვე, მევახშეობით გაზარდე და რომელსაც სხვის ხელში დატოვებ სიკვდილის შემდეგ; მოიცადე და გიხსნის შენი ვაჭრობა, ხელობა, პატივი, ძმა, მეგობარი... მოიცადე, მოიცადე, და როდესაც უეცარი სიკვდილი გეწევა, რომელიც უწინდელ ცოდვაში მოგისწრებს, მაშინ იქონიე ცათა სასუფევლის მიღების იმედი! უგუნურო! ქრისტე ამბობს, რომ „ცათა სასუფეველი იიძულებისს“(ძალით იღება – იხ. მთ. 11:12); და თუ გსურს ის, თავს ძალა დაატანე – იღონე რამე, რომ დროულად მოინანიო, რომ მავნე ჩვევებს გადაეჩვიო, რომ ცოდვათა ტყვეობიდან გათავისუფლდე; თუ ძალ–ღონეს არ დაიშურებ, ცათა სასუფეველს მოიპოვებ, მაგრამ თუ დააყოვნებ – დაკარგავ მას.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019