მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება ღვთის ვალის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიაგებს სამაგიეროს
(იგავ. 19:17)


ღატაკი, რომელიც ითხოვს მოწყალებას, და მდიდარი, რომელიც გასცემს მას – ორივე უფლისაგან სესხულობს, იმ პირობით, რომ ღატაკი ითხოვს უფლის სახელითა და თავმდაბლობით, ხოლო მდიდარი გასცემს უფლის სახელითა და გულმოწყალებით. ყოველმა, ვინც იღებს, უნდა იცოდეს, რომ ღვთისაგან იღებს და ყოველმა, რომელიც გასცემს, უნდა იცოდეს, რომ ღვთისას გასცემს. ამგვარი მოწყალება ორივესათვის ღირებულია. წუთისოფელში ყველანი შიშველნი ვიბადებით და შიშველნი ვტოვებთ მას. ყველანი ღატაკები ვართ უფლის წინაშე, რადგან რაც გაგვაჩნია, ყველაფერი ღვთისგან გვაქვს მიღებული; ამიტომ აჩუქე შენს ძმას-ღატაკს ისევე, როგორც ღმერთმა გაჩუქა შენ. როდესაც მოწყალებას გასცემ, შენსას კი არ იღებ – შენიანს აძლევ. გაჭირვებული ადამიანი შენს ქონებაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის, ისევე, როგორც ღვთისთვის – ადამიანის შემოქმედისთვის – არის ყოველი ადამიანი ყველანაირ ქონებაზე უზომოდ ძვირფასი. სიმდიდრე გამოსაცდელად მოგეცა: ის იმისთვის არის, რომ შენმა გულმა გამოცდა გაიაროს, რათა ღმერთმა და მთელმა ზეციურმა მხედრობამ იხილოს, თუ რამდენად აცნობიერებ საიდან გაქვს ეს სიმდიდრე და რისთვის მოგეცა ის. მადლია შენთვის, თუ იცი, რომ შენი ქონება ღვთისაგანაა და ღვთისაა! მადლია შენთვის, თუ ღარიბებს მეგობრებად და შინაურებად მიიჩნევ და იქიდან უწილადებ, რაც ღმერთმა შენ განდო! ო, რამდენად უსაზღვროა ღვთის კაცთმოყვარება! ყველაფერი, რაც გაგაჩნია, ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ თუ მის კუთვნილს იღებ და ღარიბებს აძლევ, ის თავად მიიჩნევს თავს შენს მოვალედ, იგი მოგაგებს კეთილი საქმეების სანაცვლოდ; რომელი წყალობა შეედრება ამას!

კაცთმოყვარეო უფალო, გაგვიხსენი გონება, რათა ვაცნობიერებდეთ შენი წყალობის საიდუმლოს, ცვილივით დაარბილე ჩვენი გული, რათა ენთოს ის შენ წინაშე და შენი გამოუთქმელი წყალობის ანარეკლით ანათებდეს! დიდება შენდა, უფალო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019