მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება შურისძიებისა და შურისმგებელის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი



ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის

(იგავ. 20:22)


შურს ნუ იძიებ; ბოროტებას ბოროტებით ნუ უპასუხებ. საკმარისია ბოროტება შენი მეზობლისგან; თუ მის ბოროტებას ბოროტებითვე მიაგებ სანაცვლოს, ბოროტება გაძლიერდება სამყაროში; და თუ შენ ბოროტებით არ უპასუხებ, მას შეეძლება, რომ სინანულით დაწვას თავისი ბოროტება. ამგვარად, მოთმინებითა და მიტევებით, ბოროტებას შეამცირებ სამყაროში.

შურს ნუ იძიებ; ნუ დაუპირისპირდები ბოროტებას ბოროტებით; მიანდე უფალს. ის ხედავს და ახსოვს და თავის დროზე შენც შეიტყობ და შენი მტერიც, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ახსოვს. შენ კითხულობ: „რა ვქენი იმით, რომ ბოროტებას ბოროტებით არ გადავუხადე სამაგიერო?!“ ეს იყო ყველაზე ბრძნული მოქმედება, რაც მოცემულ ვითარებაში შეგეძლო ჩაგედინა, კერძოდ, ბრძოლის საშუალება მიეცი იმას, ვინც შენზე ბევრად ძლიერია და ძალუძს, რომ გაგამარჯვებინოს, მაგრამ თუ თავად ჩაერთვები შენს მტერთან ბრძოლაში, შეიძლება დამარცხდე კიდეც, ღმერთი კი არასოდეს მარცხდება, ამიტომ დაუთმე უფალს, რომ მან იბრძოლოს, მარადის გამარჯვებულმა და დაუმარცხებელმა, თავად კი მოთმინებით დაელოდე.

პატარებისგან ისწავლე, როგორ იქცევიან: როცა ბავშვს ვინმე მშობლის წინ თავს ესხმის, თავდამსხმელს თვითონ კი არ პასუხობს, არამედ მშობელს შეჰყურებს და ტირის. მან იცის, რომ ის დაიცავს – და როგორ შეიძლება შენ არ იცოდე ის, რაც პატარა ბავშვმაც იცის?! შენი ზეციური მშობელი გამუდმებით შენ გვერდითაა, ამიტომ: შურს ნუ იძიებ და ბოროტებას ბოროტებით ნუ უპასუხებ, მზერა მიაპყარი მშობელს (ღმერთს) და იტირე მის წინაშე. მხოლოდ ამგვარად შეძლებ დანამდვილებით, რომ ყოველთვის დაამარცხო ბოროტი ადამიანები.

ჰოი, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმაც თქვი: „ჩემი არს შურის-გება“, დაგვიცავი შენი ყოვლისშემძლებელი ხელით ბიწიერ ადამიანთა და მათ მიმართ შურისძიებისაგან. განგვსწავლე ჩვენ შენი ყოვლადწმიდა სულით, რათა შევიმეცნოთ, რომ მოთმენა მეტი მადლია, ვიდრე შურისგება. დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019