| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე პოტიტე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე პოტიტე წარმართთა ოჯახში დაიბადა. ცამეტი წლისა ქრისტიანთა სწავლებას გაეცნო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა და მოინათლა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მამამისი ძალიან დამწუხრდა. ის ჯერ ალერსითა და შეგონებებით, შემდეგ კი მუქარით შეეცადა შვილის გადაბირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა; მაშინ ყმაწვილის სიმტკიცით ძლეული, თავადაც ქრისტეს შეუდგა. წმიდა პოტიტემ მრავალი ქვეყანა შემოიარა ქრისტეს სახარების ქადაგებით. ღვთის მადლით მის ქადაგებებს სასწაულები და კურნებები განამტკიცებდა. ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი კვირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით დასნეულდა. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიწვია წმიდანი და წამლობა სთხოვა. წმიდანმა უპასუხა: „თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნები“. კვირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელი იღო. ამის შემდეგ პოტიტე გარგარის მთაზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას შეხვდნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161 წწ.) მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდა მათ, იმპერატორის ეშმაკისეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინუსმა კი არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმიდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმპყრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამეს თავი მოჰკვეთეს (138-161 წწ.). |