მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდანი უვერცხლონი, კოზმა და დამიანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდანი უვერცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისაგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნიო ცხოვრებამ, საზოგადოებაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვნეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე უშიშრად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.

იმპერატორ კარუსს (282-283 წწ.), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმიდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. წმიდა კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივე გაათავისუფლეს. რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი-მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისაგან გონდაბიდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები. (ამ დღის წმიდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვავოთ მათი მოსახელე წმიდანებისაგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1  ნოემბერს).