მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პეტრე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინოპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811 წწ.) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს ბულგარელთა წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი დაიჭრა, პეტრე კი სხვა მრავალ მეომართან ერთად ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპის მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და მონაზვნად აღიკვეცა. აქ მან 34 წელი დაჰყო იოანიკე დიდის (ხს. 4 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმიდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ, ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა... უკანასკნელი რვა წელი მან კონსტანტინოპოლში გაატარა, მის მიერ დაარსებულ მონასტერში. ღირსი პეტრე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა (854 წ.) და იგი თავისავე სავანეში დაკრძალეს.