მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დიდება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას
#წმინდათა ცხოვრება

საეკლესიო გადმოცემით ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი სამოსელი ერთ კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში.

ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474 წწ.) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. ძმებმა გაიგეს, რომ ოჯახში ინახებოდა ღვთისმშობლის სამოსელი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (471; ხს 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით ეახლნენ და ეამბორნენ მას. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმიდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და სარტყლის დადებას ვლაქერნაში.