მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი წმიდა ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ პერიოდში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ.

431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი (ხს. 9 ივნისს) თავჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც.

451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომლის გამავრცელებელი ევტიქი ჯიუტად და უღვთოდ ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ღვთაებრივმა ბუნებამ მთლიანად შთანთქა მისი კაცობრივი ბუნება.

წმიდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალეც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმიდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმიდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმიდა პატრიარქ ანატოლისა (ხს. 5 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმიდანის პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებაში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა 458 წელს.