| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არც თუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. გიორგი დაყუდებულის ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და სამშობლოსათვის თავდადებული მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნებაზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება-ღმერთშემოსილი. როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, წმიდა გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მოძღვრის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაი სულისა და წარმართებაი მონაზონებისაი“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოი და ტრედი უმანკოი, კაცი ზეცისაი და ანგელოზი ქუეყანისაი“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ხორცთაგან და ხორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა. სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე „ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა“, სქიმით შემოსა და „ამით სრულჰყო მონაზონობა მისი“. მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი სასოებითა და რწმენით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: „შვილო, რომელმან წმიდაი იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისგან იხსნა და ქართულ ენაი განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის უყუარს ნათესავი ჩუენი“. ღირსი წმიდა გიორგი ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად 7 წლის მანზილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და „ დიდი მდურვა მიუმცნო“ გიორგის „არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა“. გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის კურთხევისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობას მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მორვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით „ სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოითა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისი თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა. წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ. |