| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე იაკინთე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) კარზე მსახურობდა. ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალდედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: „მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობს“. წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპალი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპალის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმიდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს. მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე აეყვანათ წმიდა იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას სული უკვე უფლისთვის შეევედრებინა და აღსრულებულიყო. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (108 წ.). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს. ამავე დროს ეწამნენ: თეოდოტე და თეოდოტია (ხს.4 ივლისს) ასკლიპიოტოტე, გოლენდუხტი, დიომიდე და ევლამპი. |