| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მართა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში VI საუკუნეში. იგი სიყმაწილიდანვე მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფვოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე, მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ხშირად ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს, ყოველ ღამეს ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა. წმიდა მართას უქმი სიტყვა არასოდეს დასცდენია ბაგეთაგან, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმიდანის შვილმა, სვიმეონმა, საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მივიდა მასთან და ევედრა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისათვის უფალი ედიდებინა. წმიდა მართამ იქვე მოაწყო სავანე და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე. ღირს მართას ანგელოზებმა აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმიდანი ღირსი შეიქმნა ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული ბრწყინვალე ადგილები მოახილვინა. ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოღვაწეობის ადგილზე დაკრძალეს. წმიდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. |