მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ანდრია, კრეტელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ანდრია, კრეტელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. 7 წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერების შესწავლას. 14 წლის წმიდანმა იერუსალიმს მიაშურა და წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში მონაზვნად აღიკვეცა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის წმიდა ანდრია იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად, ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსების ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა წმიდა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695 წწ.) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ გორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი.

მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს - კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი - მთლიანად.

ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, ზოგი - 726 წელს.