მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერგი რადონეჟელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერგი რადონეჟელი დაიბადა 1314 წლის 3 მაისს, როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მთელმა ერმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი.

წმიდანი 7 წლისა იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა: შეწუხებული ყრმა ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ მამამ ბართლომემ ცხენების საძებრად გაგზავნა მინდორში. გზად უცნობმა ბერმა სეფისკვერის ნაჭერი გაუწოდა: „გამომართვი შვილო და მიიღე ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისაყოფად გეძლევა“. და ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა.

დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმიდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როცა უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა (ხს. 18 იანვარსა და 28 სექტემბერს) ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქიმა შეიმოსეს და მალე უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ. ამის შემდგომ ბართლომემ დაუტევა ეს სოფელი და დაქვრივებულ და შემდგომ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან მონაზონ სტეფანესთან ერთად რადონეჟისგან ათი ვერსის დაშორებით მდინარე კონჩურასთან დამკვიდრდა. ძმებმა ტყე გაკაფეს, საკუთარი ხელებით მოაწყვეს სენაკები და ააგეს მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელზე ეკურთხა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმიდა სერგის სახელგანთქმულ ლავრას. სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღვთის განცხადების სავანეს მიაშურა, მარტო დარჩენილი ბართლომე კი 1337 წლის 7 ოქტომბერს აღიკვეცა სერგის სახელით.

წმიდანის სენაკის წინ ხშირად დაძრწოდნენ გარეული მხეცები, მაგრამ ნეტარს არაფერს ვნებდნენ. ერთხელ ღირსმა სერგიმ დამშეულ დათვს პური აჭამა, რის შემდეგაც მხეცი ხშირად აკითხავდა ხოლმე. ორი წელი დაჰყო წმიდა მამამ სრულიად მარტოდმარტო, შემდგომ კი, თანდათან მის ირგვლივ მონაზვნური ცხოვრების მსურველებიც შეიკრიბნენ. ერთხელ, როცა ლოცვად დამდგარი ნეტარი, უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: „სერგი!“ გაკვირვებულმა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდმო ხმამ განაგრძო: „სერგი! ამ ფრინველებით გაგიმრავლდება სულიერი შვილები და ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი“.

1354 წელს, ხანგრძლივი ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმიდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა ათანასემ მღვდელმონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენად დაადგინა. ახოვანი მოსაგრე ბრძნულად განაგებდა მონასტერს; იგი ყველაზე მეტს მუშაობდა, მაგრამ იმასაც ახერხებდა, რომ ყველას შესწეოდა გასაჭირის ჟამს. წმიდანის მოწაფის, ეპიფანეს სიტყვებით, ღირსმა სერგიმ „ყველაფერში პირველიც იყო და უკანასკნელიც, მას ვერავინ შეედრებოდა“. ახალდაარსებულ მონასტერს მატერიალურად ძალიან უჭირდა: ღვთისმსახურება არყის კვარის შუქზე აღესრულებოდა, ძმები ხის ბარძიმიდან ეზიარებოდნენ, ხდებოდა, რომ მთელი საძმო პურის ნატეხის გარეშე რჩებოდა და შიმშილობის მძიმე ჟამი დგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ღვთისადმი სასოება რომ დაენერგა სულიერ შვილებში, ნეტარი სერგი მკაცრად უკრძალავდა მათ სავანიდან გასვლას მონასტრისათვის მოწყალების ჩამოსათხოვად. სავანის ბერებს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდათ: ყველაფერს, საჭიროებისამებრ, საძმოს საერთო ქონებიდან იღებდნენ და სამონასტრო სამუშაოებშიც თანაბრად მონაწილეობდნენ.

ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელ რუსეთში გაითქვა სახელი. წმიდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აშენება. სავანის სახსრები იზრდებოდა, მაგრამ წმიდა სერგი და მისი ძმები კვლავ ძველებურ სიღატაკეში ცხოვრობდნენ.  მდიდარ შემოწირულობებს იღუმენი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. შიმშილობების ჟამს წმიდანი აღებდა სავანის ბეღლებს და უხვად ურიგებდა ხორბალს დამშეულებს... ნეტარ ალექსის, მოსკოველ მიტროპოლიტს სურდა, სიკვდილის წინ მღვდელმთავრის ტახტი ღირსი სერგისთვის გადაებარებინა, მაგრამ წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა.

წმიდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა განჭვრეტისა და სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა. წინასწარმცნობელმა მამამ ურდოსთან ბრძოლის წინ კურთხა კეთილმსახური მთავარი დიმიტრი დონელი (ხს. 19 მაისს) მთელი რუსული მხედრობით და თათრებზე გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

სიკვდილის წინ წმიდა მამა ღირსი შეიქმნა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადებისა. ზეციურ ნათლით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული, წმიდა მოციქულების, პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით წარმოუდგა ნეტარს თავის სენაკში და მისი დაარსებული სავანის აყვავება აღუთქვა. წმიდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით მიჰვედრა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს.

1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები.