მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
6 (19) აგვისტო

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა:"და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე;17,2) . ლუკა მახარობელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: "და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაი სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე"(ლუკა 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად,რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.
როცა იესო ქრისტე მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ:"და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა და თანაზრახვიდეს"(მათე17.3) მახარებელი ლუკა იმასაც გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს:" იტყოდეს განსვლასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს".(ლუკა;9,31).განსვლაში აქ იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან, მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.
მოციქულმა პეტრემ სთხოვა მოძღვარს, სამი კარავი დაედგათ ამ წმიდა ადგილას:"უფალო,კეთილ არს ჩუენდა აქ ყოფა და თუ გნებავს,ვქმნეთ აქ სამტალავარ:ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიასა".(მათე;17,4). მახარობელი მარკოზი უმატებს:"რამეთუ არ იცოდა, რამცა მიუგო,რამეთუ იყვნეს შეშინებულ".(მარკოზი;9,6 ) იოანე ოქროპირის აზრით, პეტრეს სიტყვები, რომლითაც მან ქრისტეს მიმართა, მოწაფის სიყვარულსა და ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს, რომლის მიზეზიც ხილვა იყო. არც მოციქულების შიშია გასაკვირი:ღვთაებრივ სილამაზესა და არამიწიერ სანახაობას შეეძლო, შეეშინებინა ისინი. უცებ გამოჩნდა ნათლის ღრუბელი და ღრუბლისაგან მოისმა ხმა:"ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ"(მათე;17,5).
შიშისაგან პირქვედამხობილ მოციქულებთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "აღდექით და ნუ გეშინინ". როცა მათ თვალი გაახილეს, აღარსად იყვნენ ელია და მოსე, იესო მარტო იყო.
სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. მე-VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისთვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.