| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა, რომის პაპთა
#წმინდათა ცხოვრება რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანტეროსი, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა - მარტვილობით აღესრულა ქრისტესათვის (236 წ.). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიანე. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიმ მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმიანე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244 წწ.). რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249 წწ.) კი წმიდა პონტის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიანეს ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიმ და მღვდელმთავარმა ფაბიანემ წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის მაგიერ მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. 4 წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251 წწ.), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბი (250 წ.), წმიდა პონტიმ კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირად ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259 წწ.) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიმ უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისათვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდობით გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილების. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაეცნენ მიწაზე. „შეიცან, ცრუმორწმუნევ, ჩემი უფლის ყოვლადძლიერება“, - მიმართა წმიდა პონტიმ კლავდიუსს, მაგრამ მან ანაბიუსის რჩევით მარტვილი ცირკში ორ დათვს მიუგდო დასაგლეჯად. მხეცები ნეტარს არ გაეკარნენ, მცველები კი ნაკუწ-ნაკუწ დაფლითეს. „ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტი აღიარებს“ – შესძახა ხალხმა. მტარვალთა ბრძანებით ჯალათებმა დიდი კოცონი დაანთეს ნეტარის დასაწვავად. ცეცხლი ჩაქრა, პონტი კი უვნებელი დარჩა. მაყურებლებმა კიდევ უფრო მქუხარედ შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!“ მაშინ იქ მყოფმა აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: „მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარი!“ წმიდა აღმსარებელს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (257 წ.). წმიდანის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე დაფლა. მოგვიანებით წმიდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს. |